გრიბოედოვის თეატრისა და ფინელების კოპროდუქცია - გზაპრესი

გრიბოედოვის თეატრისა და ფინელების კოპროდუქცია

7 ოქტომბერს გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სეზონი სპექტაკლით - "გაყინული სურათები" გახსნა.

9 ოქტომბერს კი დასი "გაყინული სურათებით" საგასტროლოდ ფინეთში გაემგზავრა, სადაც სპექტაკლი ჰელსინკის 3 თეატრში იქნა წარმოდგენილი (11 ოქტომბერს - კანელტალოს კულტურის ცენტრში, 13 ოქტომბერს - სტოას კულტურის ცენტრში და 15 ოქტომბერს - მალმიტალოს კულტურის ცენტრში). გასტროლები თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

"გაყინული სურათები" გრიბოედოვის თეატრის კოპროდუქციაა ფინურ თეატრალურ კომპანიასთან შადსონგსცომპლეხ.ფი. სპექტაკლის რეჟისორია იარი იუტინენი, პიესის ავტორი - კრისტიან სმედსი. სპექტაკლში მონაწილეობენ შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გრიბოედოვის თეატრის სამიზნე ჯგუფის სტუდენტები: ქრისტინე ბერუაშვილი, ხატია ბერუაშვილი, მიხეილ გავაშელი, დავით კოტოვი, დემეტრე ნაყოფია, ვლადიმერ ნოვოსარდოვი, სოფი ჩალაშვილი და გვანცა შარვაძე (ავთანდილ ვარსიმაშვილის სახელოსნო).

"გაყინული სურათები" - უბრალო, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული ამბებისგან შემდგარი სპექტაკლია, რომელშიც სასოწარკვეთა, სულიერი განცდები, ადამიანთა გულგრილობა წინა პლანზეა წამოწეული. აქ ნახავთ ერთობ ნაცნობ სურათებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე, მრავალშვილიან მარტოხელა დედის ყოფასა და გოგონაზე, რომელმაც 17 წლის ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა და დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მშობლიურ სახლს მაინც ტოვებს, პირველივე შემხვედრს მიჰყვება ცოლად და ლოთი ქმრის ხელში ძალადობის მსხვერპლი ხდება. დედის "წინასწარმეტყველება" მართლდება. 5 წლის შემდეგ ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი ვაჟითა და ჩემოდნით ხელში მშობელს კარზე მიადგება. დედამ იცოდა, რომ ეს მოხდებოდა, სხვაგვარად ვერ წარმოედგინა, ქალიშვილზე ნაწყენია, გაბრაზებული, მაგრამ შვილსა და შვილიშვილს ხელს ვერ ჰკრავს და მათ იფარებს. მოკლედ, "გაყინული სურათები" ამბავია სიყვარულზე, რომელიც ყველაფერზე ძლიერია...

აქვე გეტყვით, რომ წელს მსახიობ გურანდა გაბუნიას სასცენო მოღვაწეობიდან 60 წელი სრულდება და სწორედ ამ თარიღს მიეძღვნება გრიბოედოვის თეატრში 14-15 ოქტომბრისთვის დაგეგმილი სპექტაკლი "ალუბლის ბაღი".

ანა კალანდაძე