რა ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეთ მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს - გზაპრესი

რა ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეთ მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს

- შეიძლება თუ არა, ნათესაური კავშირი ვუწოდოთ მშობლებისა და შვილების ურთიერთობას? რა ვალდებულებები აქვთ მშობლებსა და შვილებს ერთმანეთის მიმართ? აქვს თუ არა განსხვავებული ვალდებულებები შვილების მიმართ დედას და მამას?

მამა მაკარი:

- ეს ურთიერთობა იმდენად ბუნებრივია, არც შეიძლება ნათესაური კავშირი ვუწოდოთ. აქცენტის გაკეთებაც კი არ არის საჭირო. რაც შეეხება ვალდებულებებს: როდესაც უფალი ვალდებულებებს აწესებს, გვიწესებს შვილებს და არა - მშობლებს. რატომ? მშობელი ბუნებით არის მიჯაჭვული თავის შვილზე, ბუნებით ზრუნავს მასზე, ამის გამოა, რომ უფალი ვალდებულებებს ცალკე მშობლებს არ უწესებს, შვილებს კი უწესებს, რადგან შვილები უფრო განეშორებიან მშობლებს, უფრო მეტად დაუტევებენ ხოლმე მშობლებზე ზრუნვას. შვილებზე ზრუნვა ბუნებრივად არსებობს სხვა სულიერ არსებებშიც - თავიანთ შვილებზე ცხოველებიც კი ზრუნავენ, მაგრამ პირიქით - ცხოველების შთამომავლები მშობლებზე რომ ზრუნავდნენ, არ ხდება...

ბავშვის აღზრდაში დედასაც და მამასაც ერთნაირი ვალდებულებები აქვთ, ერთნაირად არიან მოვალენი, რომ აღზარდონ შვილი ღვთის მადიდებელი. ამქვეყნად ნებისმიერი ადამიანი მოვლენილია ღვთისგან, ნებისმიერი ადამიანის დაბადება ღვთის შემოქმედების ნაყოფია და არა - მშობლების ურთიერთობის შედეგი. ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება: საქართველოში არსებობდა ძიძის ტრადიცია - როდესაც შეძლებულ ოჯახებში, თავადებში, აზნაურებში ბავშვი იბადებოდა, მას ძიძას აუყვანდნენ და შვიდი წელი ძიძასთან იზრდებოდა. უფალიც სწორედ ასე გვაძლევს ჩვენ შვილებს, რათა ისევ უფალს აღვუზარდოთ. წარმოვიდგინოთ, ძიძას რომ არ დაებრუნებინა შვილი თავადისთვის იმ მიზეზით, თითქოს მისი შვილი იყო. როდესაც ვთვლით, რომ შვილები ჩვენი საკუთრებაა, უფალს ვართმევთ მათ. როგორც ვთქვით, ყველა ადამიანი ღვთის შვილია, რომელიც უფალმა აღსაზრდელად მოგვაბარა; ჩვენ ამ დროს ვართ ძიძები და გვევალება, უფალს ისინი მის მადიდებლებად აღვუზარდოთ - ეს არის მშობლების უმთავრესი მოვალეობა. რაც შეეხება სხვა მოვალეობებს - შვილების ფიზიკურად აღზრდა იქნება ეს, საზრდელზე, მათ შემოსვასა თუ კეთილდღეობაზე ზრუნვა, - ეს ამის შემდეგ უნდა აკეთონ მშობლებმა.

- ცხადია, შვილებს მშობლებმა უნდა მისცენ სწორი მიმართულებაც, რათა ნამდვილ პიროვნებად ჩამოყალიბდნენ...

- თუ ადამიანი სულიერად ზრდის თავის შვილებს, ჩააგონებს, რომ იყვნენ ღვთისმოსავნი, ღვთის მცნებებით მცხოვრებნი, რა თქმა უნდა, ამგვარი აღზრდით შვილი მიწიერად კიდევ უფრო მეტად სრულყოფილია.

- რატომ არის, რომ დედის მიმართ განუსაზღვრელი სიყვარული აქვს შვილს?

- ეს უკვე მიწიერი გრძნობაა, რაც ინსტინქტურად დევს ყველა ადამიანში. რაც შეეხება სულიერ სიყვარულს მშობლების მიმართ და შვილებისას - მშობლების მიმართ, ეს აბსოლუტურად სხვა, უკვე გააზრებული გრძნობაა, აზრობრივად ვიცით, რატომ გვიყვარს, რატომ უნდა ვიზრუნოთ მასზე...

- რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების წინაშე მორჩილება, მათი სიტყვისამებრ გადაწყვეტილების მიღება?

- საერთოდ, როდესაც ადამიანი მორჩილებით ცხოვრობს, ითვალისწინებს სხვა ადამიანების რჩევებს, ეს არის სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მშობლების რჩევებზე გვაქვს საუბარი, და უნდა ვიცოდეთ, რომ მათი პირით ყოველთვის ღმერთი გვაუწყებს ჭეშმარიტებას, ამიტომ მათი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ. თუ უფალს მივენდობით, მორჩილებას აღვასრულებთ მშობლების მიმართ, მათი პირით უფალი ყოველთვის ჭეშმარიტებას გვაუწყებს, თუ ურჩნი ვიქნებით მშობლების მიმართ, ურჩნი ვართ არა მათი, არამედ ღვთის წინაშე. უფალმა მშობლები ხომ იმისთვის მოგვცა, რომ მათ მიგვიყვანონ უფალთან. შეიძლება, წმინდანთა ცხოვრებიდანაც მოვიყვანოთ საწინააღმდეგო მაგალითები: წმინდა ბარბარე საკუთარმა მამამ აწამა, მაგრამ არც ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, და კიდევ - თუ მშობელი შვილს ღვთის მცნებების საწინააღმდეგო საქმეების ჩადენისკენ მოუწოდებს, ადამიანი თავადვე უნდა განეშოროს მშობელს. თუკი მშობელი ჩვენგან მოითხოვს ღვთის მცნებების საწინააღმდეგო ქმედებას, რასაკვირველია, ღვთის მცნებების აღსრულება უნდა ავირჩიოთ. რაც შეეხება მიწიერ საკითხებში რჩევებს, ყოველთვის მშობლის რჩევა უნდა მივიღოთ. შესაძლოა, იმ დროს ვიფიქროთ, რომ მშობელი ცდება, მაგრამ გადის წლები და ვხვდებით, რომ არ ცდებოდა, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ყოველთვის აღვასრულოთ მშობლების რჩევა.

- ზოგჯერ მშობლები ზედმეტად მკაცრად ექცევიან თავიანთ შვილებს. რამდენად გამართლებულია შვილის აღზრდისას ასეთი მეთოდების გამოყენება?

- მშობელი შვილს ყოველთვის სიყვარულით უნდა მოექცეს. საერთოდ, ადამიანები ყოველთვის სიყვარულით უნდა ექცეოდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით - მშობელი შვილს. ჩვენში რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, რომ შვილი მკაცრად, მტრულად უნდა აღზარდო. არამც და არამც. ეს არ არის აღზრდის სწორი მეთოდი, უფალს ეს მცნება ჩვენთვის არასოდეს მოუცია. შვილი სიყვარულით უნდა აღვზარდოთ. შეიძლება დავაკვირდეთ ასეთ რამეს: ერთი და იმავე საქციელისთვის ერთნაირად სჯის მშობელი შვილს? ასე არასოდეს ხდება. მაშ, როგორ ემსახურება ბავშვის აღზრდას დასჯა? არ ემსახურება, უბრალოდ, ამ დროს მშობელი თავის მრისხანებას იკმაყოფილებს და შემდეგ ამას ამართლებს იმით, რომ ბავშვის აღსაზრდელად გააკეთა. წმინდა წერილის თანახმად, იაკობ მოციქული გვეუბნება: `მრისხანებამან კაცისამან სიმართლე ღვთისა ვერა ქმნეს~, - და როგორ შეიძლება, ღვთივსათნოდ და ბავშვის აღზრდისათვის გამოვიყენოთ ჩვენი მრისხანება?! როდესაც ვმრისხანებთ, იქ ღვთის სიმართლე არ არსებობს. ბიბლიაში წერია: კვერთხით უნდა დამწყსო შვილიო. აქ კვერთხით ცემა არ იგულისხმება. მწყემსის კვერთხს თუ დავუკვირდებით, მას მოხრილი თავი აქვს და როდესაც ცხვრის ფარა სწორ გზას ასცდება, მწყემსი კავს მოსდებს და სწორ გზაზე დააბრუნებს, კი არ სცემს, არამედ სწორ გზაზე აბრუნებს. სწორედ ამ გაგებით უნდა აღვიქვათ ეს ბიბლიური სიტყვები: როდესაც პირმშო ჭეშმარიტების გზას ასცდება, უნდა მოვაბრუნოთ, ისევე, როგორც მწყემსი აბრუნებს გზასაცდენლ ფარას კაუჭიანი ჯოხით, არა დასჯით, - არამედ სიყვარულით.

- თუ დავუკვირდებით, ჩვენს დროში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა - შვილების მიმართ მშობლების გულგრილი დამოკიდებულებაა...

- სწორედ გულგრილობა იწვევს დასჯას. როდესაც ბავშვი რაიმეს აფუჭებს და ამას მშობელი ერთხანს გულგრილად უყურებს, შემდეგ პირდაპირ გადადის დასჯაზე. გულგრილობა სიყვარულის უქონლობის გამოხატულებაა, ისევე, როგორც დასჯაც, შემდეგ - სიყვარულის უქონლობის გამოხატულება. სიყვარული გულისხმობს, რომ ადამიანმა ყოველწამიერად უნდა იზრუნოს შვილზე, ყოველწამიერად ასწავლოს, რა უნდა გააკეთოს, როგორ არ უნდა მოიქცეს, რა არის კარგი და რა ცუდი... სწორედ ეს რომ გვეზარება და გულგრილნი ვართ, იქამდე მიდის, რომ უკვე ფიზიკურ დასჯაზე გადავდივართ ხოლმე.

- დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა - ემიგრაციაში წასული მშობლები არიან...

- სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობა თვლის, რომ მათი უმთავრესი მოვალეობაა, ბავშვი უზრუნველყოს მატერიალური კეთილდღეობით, დაუკმაყოფილოს მატერიალური საჭიროება, ამიტომაც მიდიან ხშირად უცხოეთში და ტოვებენ შვილებს. როგორც ვთქვით, მშობლების უმთავრესი მოვალეობა შვილის სულიერად აღზრდა, სულიერი საზრდოს მიცემაა, რასაც შორს წასული მშობელი ვერ შეძლებს. ჯობს, მატერიალურად უფრო ნაკლებად იყოს დაკმაყოფილებული ბავშვი, და მის სულიერ და ფსიქოლოგიურ აღზრდას მივანიჭოთ უპირატესობა. სამწუხაროდ, ადამიანები უფრო სეკულარულები გახდნენ, უფალს დაშორდნენ და ამიტომაცაა, რომ წინა პლანზე მიწიერებამ გადმოინაცვლა.

- და რა შეიძლება გააკეთოს შვილმა მშობლების ამაგის დასაფასებლად?

- ყველაზე მეტად გამოხატოს იმით, რომ აღზარდოს კარგი შვილები: იმ ამაგის გადახდას, რასაც მშობელი შვილზე ხარჯავს, ვერასოდეს შეძლებს, ამიტომ, რაც მშობლებისგან მიიღო, თავის შვილზე უნდა გადაიტანოს.

შორენა მერკვილაძე