ბანქოს სახლი (ნაწილიXVIII) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXVIII)

მზერა კი პრემიერ-მინისტრის ცარიელ სავარძელზე მიეყინა, რადგან მისი ნამოქმედარის მასშტაბებსა და მისსავე ძლევამოსილებასაც ყველაზე შთამბეჭდავად სწორედ ეს სიცარიელე ადასტურებდა. მთავარმა შოლტმა ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ თავისას მიაღწია - ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი დაამხო, თანაც ისე ოსტატურად, რომ მასზე ეჭვს მარტო მაგიდის გარშემო მსხდარი კაცუნები კი არა, თავად დამხობილიც კი ვერასდროს მიიტანდა. ასე რომ, გამოთავისუფლებული სავარძლის დაკავების ღირსიც, მისი ღრმა რწმენით, მხოლოდ თვითონ - ამდენ ქონდრისკაცსა და ჭიანჭველას შორის ერთადერთი სრულფასოვანი ადამიანი - იყო...

ჰენრი კოლინრიჯმა ბუკინგემის სასახლემდე მისვლა კი არა, საკუთარი ოფისიდან გასვლაც კი ვერ მოასწრო, რომ ქუჩის ორივე მხარეს სატელევიზიო კამერებისა და მიკროფონების ტყე აღიმართა. გაცოფებული კოლინრიჯი მანქანაში ისე ჩაჯდა, რომ ცნობისმოყვარეობისგან საგრძნობლად კისერდაგრძელებული ჟურნალისტებისთვის ზედაც არ შეუხედავს. მაგრამ ადგილიდან დაძვრისთანავე, პრემიერ-მინისტრის მანქანას ფოტო და ტელეკორესპონდენტებით სავსე მანქანაც ისე სწრაფად აედევნა, რომ კინაღამ მისი საპოლიციო ესკორტის უკანა მანქანას შეეჯახა. მთელი ამ სიგიჟის პირდაპირ ეთერში მაყურებელმა ბენჟამინ ლენდესმა კი, რომელიც მოსალოდნელი სანახაობის თაობაზე ურჰარტმა ჯერ კიდევ ორი საათით ადრე გააფრთხილა, ერთი ჩაიქირქილა და თავს მეორე ბოთლი ძვირფასი შამპანურით დატკბობის უფლება მისცა.

- დამიჯერე, ჯონი, ეს ყველაფერი კოლინრიჯის წინააღმდეგ საგანგებოდ შემუშავებული ერთიანი გეგმა თუ სულაც შეთქმულებაა, რომელშიც ჩვენმა გაზეთმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო. - რედაქტორის მოადგილის დარწმუნებას ჯიუტად ცდილობდა მატი.

- საიდან მოიტანე? - არაფრით ნებდებოდა მას კრაევსკი. - კოლინრიჯს წასვლა აქციებთან დაკავშირებულმა მისი ძმის მაქინაციებმა აიძულა. არ მითხრა ახლა, ესეც ერთიანი გეგმის ნაწილი იყოო?

- არა, მაგრამ ჩარლზ კოლინრიჯს პარტიულ კონფერენციაზე სრულიად შემთხვევით შევხვდი და რამდენიმე საათი ერთადაც ვსვით და ათას რამეზე ვილაპარაკეთ. უნდა გითხრა, რომ სრულიად უეშმაკო ლოთის შთაბეჭდილება დატოვა, რომელსაც აქციებით სასპეკულაციოდ საჭირო ათეულათასობით კი არა, რამდენიმე ასეული გირვანქაც კი არ უნდა მოეძევებოდეს. ასეც რომ არ იყოს, ნუთუ მართლა გჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი თავის ძმას აქციების ბაზართან დაკავშირებული ინფორმაციებით მოამარაგებდა?

- არ მჯერა, მაგრამ ისიც ძალზე ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ ყველაფრის უკან უმაღლესი წრეების საიდუმლო შეთქმულება იმალებოდეს, რომელშიც გავლენიანი პარტიული მოღვაწეები, ჩვენი გაზეთის გამომცემელი და ღმერთმა უწყის, კიდევ ვინ აღარ უნდა იყოს ჩართული.

- ერთი სიტყვით, ჩარლზ კოლინრიჯთან კიდევ ერთხელ დალაპარაკების გარეშე ბევრს ვერაფერს გავარკვევთ, მაგრამ ამ ბოლო ხანებში საერთოდ არსად გამოჩენილა და როგორ მივაგნო?

- ცოტას თუ მადროვებ, მე გაპოვნინებ.

- როგორ?

- ხომ გითხარი, ცოტა უნდა მადროვო-მეთქი...

მდიდრული და ზედმიწევნით ძვირად ღირებული რესტორნის ყველაზე შორეულ და მყუდრო კუთხეში განმარტოებული ლენდლესი და ურჰარტი ერთმანეთს ვაჭრული ღიმილით გადაეხვივნენ.

- საინტერესო დრო დადგა, ფრენკი, ძალიან საინტერესო... - სუფრასთან დაჯდომისთანავე დაიწყო მაგნატმა.

- იცი, რომ საინტერესო დროში ცხოვრება ჩინეთში წყევლად ითვლება? - თვალები ეშმაკურად მოწკურა მთავარმა შოლტმა.

- არა, - ახარხარდა ლენდლესი. - მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა კოლინრიჯიც ზუსტად ასე ფიქრობს. - თუმცაღა, მისი ფიქრები მხოლოდ მის ცოლსღა თუ აინტერესებს. ჩვენ კი ისევ საქვეყნო საქმეებს უნდა მივხედოთ.

- ჩვენ?

- აბა, რა! მე და შენ!.. უნდა გითხრა, ფრენკი, რომ ამ საღამოს აქ მხოლოდ ერთადერთი კითხვის დასასმელად მოგიწვიე. პირდაპირ უნდა მითხრა, პარტიის ლიდერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებ თუ არა?

- ჯერ ამის თქმა გამიჭირდება. - მაგნატის დაჟინებულ მზერას ძლივს გაუძლო მთავარმა შოლტმა. - ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა და უნდა მოვიცადო, სანამ ყველაფერი არ დალაგდება.

- ო"ქეი, ფრენკი, მაშინ საკითხს ასე დავსვამ: გინდა პარტიის ლიდერობა?

- ლიდერობა? - წამით ჩაფიქრდა ურჰარტი. - ძალიან.

- მაშინ ამ საქმეში მეც ძალიან გამოგადგები.

- და ამით ძალიანაც დამავალებ.

- ასე რაღა! - ხელები საქმიანად მოფშვნიტა ლენდლესმა. - ყველაფერი თავიდანვე გარკვეული სჯობს. ახლა უკვე იმის თქმაც თამამად შემიძლია, ხვალ, გაზეთ `ტელეგრაფში~, ჩვენი პოლიტიკური კორესპონდენტის, მატი სტორინის ანალიტიკურ სტატიაში რას წაიკითხავ. სხვათა შორის, ძალიან მოხდენილი გრძელფეხება და ცისფერთვალება გოგონაა. თუმცაღა, იქნებ, უკვე შენც საკმაოდ ახლოს იცნობ, ჰა, ფრენკი?

- მხოლოდ სამსახურებრივად. - მაგნატის უშნო ხუმრობას არ აჰყვა მთავარი შოლტი. - ყველაფერთან ერთად, სტორინი ჭკუისკოლოფიც არის და, ამიტომაც, ძალიან მაინტერესებს, შექმნილ სიტუაციას როგორ შეაფასებს.

- ახლავე გეტყვი, როგორც შეაფასებს. იტყვის, რომ კოლინრიჯის გადადგომა ისე სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ საზოგადოებრივი აზრის თავის სასარგებლოდ მომზადების დრო არც ერთ მის პოტენციურ მემკვიდრეს არ ჰქონდა და, ამიტომაც, ლიდერობისთვის ღია ბრძოლისას ყველაფერი შეიძლება მოხდესო.

- მართალიც იქნება, - შენიშნა ურჰარტმა, - და ეს საკმაოდ მაწუხებს. არჩევნების პროცედურამ შესაძლოა, სამ კვირაზე ნაკლები გასტანოს. და თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ საუკეთესო შედეგებს მხოლოდ განსაკუთრებულად თვალში საცემი გაქნილები თუ მიაღწევენ.

- მაინც რომელი თვალში საცემი გაქნილები გყავს მხედველობაში? - დაინტერესდა მაგნატი.

- თუნდაც იგივე მაიკლ სამუელი.

- ჰო-ო... ახალგაზრდა, ეფექტური, პრინციპული ჭკუისკოლოფი... მას და მისნაირებს, როგორც წესი, მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე საიმისოდ, რომ ჩემნაირებს მოეწონონ და მეტისმეტად მცირე პრაქტიკული გამოცდილება საიმისოდ, რომ თამამი და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ.

- ჰო, მაგრამ ასეთ შეჯიბრებაში ხომ ყველაფერი დინების მიმართულებაზეა დამოკიდებული: თუ ის შენსას ემთხვევა, ხომ კარგი, თუ არადა სხვებზე ასგზის უკეთესი მოცურავეც რომ იყო, მაინც ჩაიძირები.

- დინებები, ჩემო ფრენკი, მიმართულებასაც იცვლიან და ზოგჯერ ერთი შეხედვით ნაპირთან მსუბუქად და სწრაფად მისულ მოცურავეს ისევ უკან, ღია ზღვაში მოისვრიან ხოლმე. ამ დილით `ტელეგრაფის~ რედაქციაში სანდო ადამიანების პატარა ჯგუფი შევკრიბე, რომლებსაც მმართველი პარტიიდან არჩეული პარლამენტარების შემოვლა და იმის გარკვევა დავავალე, თუ ვისთვის აპირებენ ხმის მიცემას. ამ გამოკითხვის შედეგები `ტელეგრაფის~ შემდეგ ნომერში გამოქვეყნდება, თუმცაღა ახლავე შემიძლია გითხრა, რომ დანარჩენებზე ოდნავ წინ მისტერ სამუელი იქნება.

- ანუ შედეგებს გააყალბებ?

- აბა, რა!

- მაგრამ სამუელის სასარგებლოდ რატომღა?

- იმიტომ, ჩემო ფრენკი, რომ დანარჩენები მხოლოდ მას ამოიღებენ მიზანში და თავიდანვე დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მოუწევს.

- თუ მართლა ასე მოხდა, ძალიანაც კარგი, მაგრამ ამ ცოტა არ იყოს უცნაურად ჩახლართულ გეგმაში ჯერჯერობით საკუთარ თავს რომ საერთოდ ვერ ვხედავ?

- იმიტომ ვერ ხედავ, რომ საკუთარი პიროვნებისადმი ყურადღების მისაპყრობად განსაკუთრებული გეგმის შემუშავება მოგიწევს. შენმა კანდიდატურამ მარტო კოლეგა-პარლამენტარები კი არ უნდა დააინტერესოს, მეტოქეებისგანაც მომგებიანად უნდა გამოირჩეს.

- და ეს როგორ უნდა მოვახერხო?

- ძალიან მარტივად! ტიპური კომპრომისული კანდიდატურა უნდა გახდე. და სანამ დანარჩენი ნაძირალები ბრბოს თვალწინ ერთმანეთს ტყვიებს დაუშენენ და დანებს მოუღერებენ, შენ ამ ბრბოში მშვიდად გაივლი, რადგან მის თვალში ყველა დანარჩენზე ნაკლებად საძულველი გამოჩნდები. თანაც, ჩემი ზურგიც გექნება და, თან, როგორი ზურგი!

- კიდევ რა უნდა გავაკეთო?

- მოქცევის დაწყების დრო აბსოლუტურად ზუსტად უნდა გამოთვალო... ისე, კარგი იქნებოდა, თუნდაც ერთი თვით მეტი დრო გვქონოდა, რომ შენს მეტოქეებს მარტო დაღლა კი არა, ყველასთვის თავის მობეზრებაც მოესწროთ.

- არჩევნებისთვის მომზადების პროცედურის გაწელვა მაინცდამაინც დიდად როდი გამიჭირდება.

- მართლა? ამას როგორ მოახერხებ?

გაგრძელება შემდეგ ნომერში