რამ შეაწუხა ბესო კალანდაძე - გზაპრესი

რამ შეაწუხა ბესო კალანდაძე

- ამ ეტაპზე, მუსიკალური მიმართულებით ახალს არაფერს ვაკეთებ, რადგან სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, თუმცა საკონცერტო მოღვაწეობაზე უარი არ მითქვამს და პერიოდულად, მე და ჩემი კოლეგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში კონცერტებს ვატარებთ. ახლაც, მე, სოფო ბედიასა და ტატო გოდერძიშვილს ერთობლივი ტურნე გვაქვს კახეთში. მოსკოვში ქართველი მეგობრები მყავს და ზაფხულში რომ ჩამოვლენ, გასვლით, საქველმოქმედო კონცერტებს ერთადაც ვგეგმავთ.

საბჭოური გასტროლები

- სანამ ანსამბლ "75"-ში მიმიწვევდნენ, ოთხი წლის განმავლობაში "რეროს" სოლისტი ვიყავი, ბატონ გივი გაჩეჩილაძესთან მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ, შორეული აღმოსავლეთით დაწყებული, ჩრდილოეთის მხარეების ჩათვლით. "75"-ში საკმაოდ დიდხანს ვიყავი და ზემოჩამოთვლილის გარდა, ევროპის ქვეყნებსაც ვსტუმრობდით - გერმანია, ავსტრია, იტალია და ა.შ. გარდა ამისა, შემდგომ წლებშიც ვმოგზაურობდი და იმდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება. სხვათა შორის, შტატებში არ ვარ ნამყოფი და სიმართლე გითხრათ, დიდი სურვილიც არ მაქვს, რადგან იქ ჩემთვის საინტერესოს ვერაფერს ვნახავ. მართალია, აშშ მაღალგანვითარებული ქვეყანაა, მაგრამ ახალია და მე სიძველეები უფრო მიზიდავს, ისტორია მიყვარს; ჩემთვის მეტად საინტერესოა. ტაილანდში, ინდოეთში, ჩინეთში, ძველი კულტურის მქონე ქვეყნებში წავიდოდი. ცათამბჯენები აღარავის უკვირს, ყველაზე მაღალი შენობა ახლა ემირატებშია და ამის სანახავად, ოკეანის გადაკვეთა აღარცაა საჭირო.

პასუხისმგებლიანი იაპონელები და გერმანელები

- იაპონიაში მშენებლობის დიდი კულტურაა და საოცარ რამეებს ნახავ. იცით, რა მომწონს იაპონელების? რითაც მათ წარმატებას მიაღწიეს და რაც ქართველებს გვაკლია - ურთიერთპატივისცემა! აქ მხოლოდ დეკლარაციის, ჭიქის, სადღეგრძელოს დონეზე გამოიხატება, რეალურად კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ფარისევლობაშია გადაზრდილი. მე უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ამის დანახვა ნამდვილად შემიძლია, ილუზიებში არ ვარ. იაპონელებს ნამდვილად უყვართ თავიანთი კულტურა, რასაც ამბობენ, იმას ასრულებენ კიდეც, ასევე არიან გერმანელები და მათ დიდ პატივს ვცემ თუნდაც იმისთვის, რომ ის დანაშაული აღიარეს, რაც მათმა ნაცისტებმა ჩაიდინეს და არა - გერმანელმა ერმა. გაითავისეს და ამის გახსენება დღემდე არ სიამოვნებთ.

არაველური დასავლეთი და კულტურით განსხვავებული ადამიანები

GzaPress- საინტერესო ძეგლი ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ ჩემთვის საბერძნეთი და იტალიაა გამორჩეული. მთელი მსოფლიო ფაქტობრივად, ბერძნულ ტერმინოლოგიას იყენებს, მედიცინას რომ თავი დავანებოთ, სიტყვები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვხვდება. ინგლისში ერთხელ ვიყავი, დიდი ხნის წინ და ძალიან საინტერესოა. შოტლანდია მომწონს თავისი კულტურით. სხვათა შორის, ხასიათით რაღაცით გვგვანან, თუმცა უფრო გაწონასწორებულები არიან. ქართულ სუფრაზე შოტლანდიელებთან ერთად მიქეიფია კიდეც და მშვენივრადაც აგვყოლიან - ღვინო ყანწითაც დაულევიათ. ვაჟკაცური ხალხია. ადამიანები, თავიანთი ბუნებით, თითქმის ყველგან ერთნაირები არიან. უბრალოდ, აღზრდითა და კულტურით განსხვავდებიან. საქართველო რომ ავიღოთ, ქცევის ნორმები, აზროვნება, სიტყვათა წყობა ყველა კუთხეში განსხვავებულია. მაგალითად, მეგრელი და კახელი როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან... ისრაელში არაერთხელ ვარ ნამყოფი - უფლის სამშობლო, უძველესი კულტურის მქონე. ევროპაში თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, სადაც ნამყოფი არ ვარ. სამხრეთ აზიაშიც ბევრგან ვიყავი.

ვია "75"-ის ოქროს ხანა და პირველი დისკოთეკა საქართველოში

- გამორჩეულად მახსენდება 1978-79 წლები. 1978 წლის დეკემბერში, ანსამბლმა "75"-მა თბილისის სპორტის სასახლეში კონცერტი ახალი პროგრამით ჩაატარა, რომელსაც "დისკოთეკა" ერქვა. ეს ბატონი რობერტის ნოვატორული ნაბიჯი იყო და ახალგაზრდებმაც მხარი ავუბით. მაშინდელ საბჭოთა კავშირში მსგავსი კონცერტები არ ტარდებოდა, ვინ გაბედავდა, რომ კონცერტის დროს ხალხს ეცეკვა? წარმოიდგინეთ, სპორტის სასახლე მთლიანად სავსე იყო მაყურებლით. სულ 3-4 კონცერტის ჩატარება მოვასწარით და მერე, თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო, კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა აგვიკრძალეს. ეტყობა შეეშინდათ, ყოველ საღამოს ამდენი ხალხი ერთად რომ იკრიბებოდა. მათ ხომ მუდამ შეთქმულებები და რევოლუციები ელანდებოდათ... ხმა გაავრცელეს, ვითომდა ჩხუბი მოხდა, სინამდვილეში კი არაფერიც არ ყოფილა, გარწმუნებთ! ჩხუბისთვის ვის ეცალა? ახალგაზრდები მოდიოდნენ და მთელ ენერგიას ცეკვაში, მუსიკის მოსმენასა და გართობაში ხარჯავდნენ. ჯაზ-როკი იყო აქტუალური მიმდინარეობა, რომელსაც ჩვენ მივდევდით, მაშინ ინგლისურ ენაზე სიმღერაც იშვიათი იყო, ქართულად, რუსულად ან საბჭოთა კავშირის ქვეყნების ენაზე უნდა გემღერა... მოკლედ, იქ ჩვენი კონცერტები შეწყვიტეს და ფილარმონიაში გადაგვიტანეს. მართალია, ჩვეულებრივად გამოვდიოდით, დარბაზი კვლავაც გადავსებული იყო, მაგრამ ცეკვის საშუალება, იქ, რა თქმა უნდა, ვეღარ იქნებოდა.

მუსიკოსებით აღფრთოვანებული კაუნასელი და ვილნიუსელი ფანები

- 1979 წლის თებერვალში, ამ პროგრამით ბალტიისპირეთის ქვეყნებში წავედით. არასოდეს დამავიწყდება კაუნასში რომ ჩავედით, პირველ დღეს, იქაური სპორტის სასახლის ნახევარი იყო სავსე, მერე კი, ხმა რომ გავარდა, როგორი პროგრამაც იყო, უნდა გენახათ, რა ხდებოდა?! თავიდან სამი კონცერტი იყო დაგეგმილი და 5-6 კიდევ დაემატა. წესრიგის დასაცავად, დამატებით, ცხენოსანი პოლიცია და ე.წ. "დრუჟინიკები" გამოიძახეს ძაღლებით, კორიდორს გვიკეთებდნენ, რომ იმდენ ხალხში გაგვეღწია. სპორტის სასახლეს სხვა ღონისძიებები ჰქონდა დაგეგმილი, თორემ ერთი კვირა კი არა, ალბათ კიდევ დიდხანს დავრჩებოდით, თანაც უკვე ვილნიუსი გველოდა. სხვათა შორის, ჩვენი კაუნასელი გულშემატკივრები, ვილნიუსში წამოგვყვნენ (იცინის). ვილნიუსში ბოლო კონცერტი რომ ჩავატარეთ, კაუნასელმა და ვილნიუსელმა ფანებმა, ჩვენი ბასგიტარისტი, ამჟამად ქვაშვეთის ტაძრის მოძღვარი - მამა მიქაელი, მიხეილ ფოფხაძე, ხელში აიყვანეს და ისე გამოიყვანეს. უძლიერესი როკმენი იყო, ინგლისურს ძალიან კარგად ფლობდა, დასავლეთ-ევროპული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. სამწუხაროდ, მაშინ ვიდეოები და კამერიანი მობილური ტელეფონები არ არსებობდა, თორემ აუცილებლად გადავიღებდით. აბა, კინოკამერებით და შტატივებით ვინ დაიწყებდა კონცერტებზე სირბილს?

კოლექტიური ტურნეები და კუდში მადევარი რუსული "კგბ"

- ერთობლივი ტურნეები უცხოელებთან ერთადაც გვქონდა ხოლმე. ერთხელ, კონცერტები ათი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ჩავატარეთ, სოლისტები იყვნენ, "75" კი აკომპანიმენტს ვუკეთებდით და ჩვენი პროგრამაც გვქონდა. მათი გვარებიც კარგად მახსოვს, პოპულარული ხალხი იყო. სამწუხაროდ, ესეც არავის გადაუღია.

- ტურნეების დროს, ალბათ კარგ დროსაც ატარებდით, ხომ?

- ჩემზე დიდი პასუხისმგებლობა იყო - არანჟირებებს ვაკეთებდი და სხვები რომ დროს ატარებდნენ, მე ნომერში ვიჯექი და ვმუშაობდი, მაინცდამაინც ბევრი დრო არ მრჩებოდა, თუმცა, როცა საშუალება მქონდა, რა თქმა უნდა, მათთან ერთად მეც ვერთობოდი. ერთხელ, ერევანში გვქონდა კონცერტი. მაშინ უცხოელებთან ურთიერთობა აკრძალული იყო, ყველგან "კგბ" დაგვდევდა და ერთ შეხვედრაზე თუ თვალს დახუჭავდნენ, მეორეზე დაგიბარებდნენ და თითს დაგიქნევდნენ. ევროპელებსა და ამერიკელებზე გართულება ჰქონდათ, სულ შეთქმულებები ელანდებოდათ.

- თქვენ თუ დაუბარებიხართ?

- არა. რადგან მაინც გვიცნობდნენ ვინ ვიყავით, შესწავლილი ვყავდით, რომ ქურდები, მოძველბიჭო ელემენტები და ნარკომანები არ ვიყავით, ანსამბლში ყველა წესიერი, მოქეიფე ბიჭი იყო, კარგი მუსიკოსები. ჩვენთან ერთად, ერევანში "მოსკონცერტის" წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც კონცერტები მიჰყავდათ. ერთი ბულგარელი მომღერალი იყო - ანი ვურბანოვა, მასთან ერთად ახალი სიმღერა უნდა გაგვეკეთებინა და მე მის ნომერში უნდა მივსულიყავი, რომ გვემუშავა. ამ დროს, ადმინისტრატორი გამოვარდა და დამეტაკა - სად მიდიხარო?! ქალია, თან უცხოელი და მის ნომერში რა გინდაო?! რა თქმა უნდა, საკადრისი პასუხი გავეცი და ტონს რომ ავუწიე, ხმაურზე რუსებიც გამოვიდნენ და კონფერანსიემ იმ ადმინისტრატორს ისეთი დღე აყარა, ხმა აღარ ამოუღია, სამსახურიდან გაგათავისუფლებო, დაემუქრა და შეუსრულებდა კიდეც, საბჭოთა კავშირი იყო. როგორც მივხვდი, ისიც "თანამშრომლობდა" და თავისი ძალა დაანახვა...

პოპულარობის ხიბლი და უარყოფითი მხარეები

GzaPress- პოპულარობასაც გააჩნია, ყველაფერს თავისი ზომა-წონა უნდა ჰქონდეს. ძალიან პოპულარულები ვიყავით და სიმართლე გითხრათ, რაც უზომოა, შემაწუხებელიცაა. ერთი პერიოდი, მართლა ძალიან შევწუხდი... მაგალითად, შავი ხიზილალა ხომ დელიკატესია და ძვირიც ღირს, მაგრამ მერწმუნეთ, მისი ჭამა დილას, შუადღეზე და საღამოს რომ გაიძულონ და ეს წლების განმავლობაში გაგრძელდეს, შეიძლება შეგძულდეს და გულისრევის შეგრძნებაც დაგჩემდეს. ასევე რთულია, ერთი და იმავე დოზით მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, ყველა რომ გიყურებს და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გაკვირდება. ადამიანი ხარ, ძმაკაცებთან ერთად რომ ქეიფობ, ხან ხელით გინდა პური მოიტეხო, ლუდთან ერთად თევზი "გაჯიჯგნო" და მიაყოლო. მართალია, ნაკლებად მაღელვებდა, ვინ რას იტყოდა, მაშინ არც წავიდოდი, მაგრამ ხომ იცით, ზოგიერთი თავისი შეხედულებით გაფასებს და იტყვის, ეს როგორი გვეგონა და როგორი ყოფილაო. ესაა შემაწუხებელი. მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, რატომ უნდა მაღელვებდეს, შენ რა გეგონა? ან შენი ცხოვრების წესით სხვამ რატომ უნდა იცხოვროს? ზოგს ვარჯიში უყვარს, ზოგს - ქეიფი, ვერც ერთს გაამტყუნებ, ვერც - მეორეს, როგორც მის გულს უხარია, ისე ცხოვრობს. როცა ცნობადი ხარ, ყველა თავის თარგზე გჭრის და ისე გაფასებს... 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, სცენაზე საერთოდ აღარ მიმღერია, ეკონომისტი ვარ და ჩემი სპეციალობით დავიწყე მუშაობა, სამეურნეო მაღაზიის დირექტორად წავედი, ასეთი რადიკალური სვლა გავაკეთე (იცინის). ახლანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ სწორადაც მოვიქეცი. პოპულარობა კარგია, მაგრამ შემოსავალი საჭირო იყო. მოკლედ, მერე სხვადასხვა სამსახური გამოვიცვალე და გამონაკლის საღამოებს თუ არ ჩავთვლით, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, ხელოვნებასთან კავშირი არ მქონია. 90-იანებში ისედაც ვის ეკონცერტებოდა? მერე უკვე მოსკოვში წავედი. იქ, თუ ზარმაცი არ ხარ, შენი შრომით ფულს ნამდვილად იშოვი, მაგრამ სულიერი ღირებულების თვალსაზრისით, ვერაფერს შეიძენ. დიდებული ქალაქია, მოვლილი და გასუფთავებული, მაგრამ მე როცა ვიყავი, 7 წლის წინ, შინაარსით ისევ კომუნისტური იყო და მენტალურად ისევ ჭაობში მყოფი.

თამთა დადეშელი