"განათლებულობის მიხედვით ტვინებს შორის ვიზუალური სხვაობა არ არსებობს" - გზაპრესი

"განათლებულობის მიხედვით ტვინებს შორის ვიზუალური სხვაობა არ არსებობს"

მისი საყვარელი მწერლები ვაჟა-ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი, აკა მორჩილაძე, მიხეილ ბულგაკოვი, ფიოდორ დოსტოევსკი და ო,ჰენრი არიან. ფლობს მესამე თანრიგს ცურვაში, უყვარს თხილამურებზე დგომა და დაივინგი.

პრეამბულის მაგიერ

- ამჟამად რას კითხულობთ?

- აკა მორჩილაძის 2 წიგნი გადადებული მაქვს წასაკითხად. როგორც კი დროს გამოვნახავ, ჩავუჯდები. ადრე უფრო ბევრს ვკითხულობდი, ვიდრე - დღეს.

- რომელი ჟანრის ლიტერატურა გიტაცებთ?

- ცალსახად ერთი ჟანრის დასახლება ძალიან მიჭირს. მიყვარს ისტორიული ლიტერატურა, ფანტასტიკა...

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

- დოსტოევსკის "იდიოტი" მიყვარს და სიამოვნებით ვიმეგობრებდი მიშკინთან.

- რით გიზიდავთ ეს პერსონაჟი და მასთან რა საერთო თვისებებს პოულობთ?

- ბევრი კარგი თვისება აქვს. ცოტათი უცნაური, მაგრამ დადებითი გმირია. მასთან მეგობრობა საინტერესო იქნებოდა.

- მხატვრული ნაწარმოების კითხვისას, ზოგიერთი უარყოფით გმირებსაც გულშემატკივრობს, თქვენ - არა?

- გმირს გააჩნია, შეიძლება თანადგომის განცდა გაგიჩნდეს და უგულშემატკივრო.

- ცურვით დღესაც ხართ გატაცებული?

- ბავშვობაში კარგად ვცურავდი, მესამე თანრიგის მოცურავე ვიყავი. რა თქმა უნდა, ცურვა დღესაც ძალიან მიყვარს. ბოლო 6 წელია, რაც დაივინგით დავინტერესდი.

- დაივინგის მოყვარულებისთვის წითელი ზღვა ყველაზე მეტად საინტერესოა.

- სამწუხაროდ, ჯერ წითელი ზღვის წყალქვეშა სამყაროს ხილვის ბედნიერება არ მქონია. შავ და ხმელთაშუა ზღვებში ჩამიყვინთავს.

- მათგან რომელში უფრო საინტერესო წყალქვეშა სამყაროა?

- ხმელთაშუა ზღვაში, მაგრამ ამბობენ, წითელი ზღვის სილამაზესთან ახლოსაც ვერ მივაო.

- არც თუ დიდი ხნის წინ, ინდოეთის ერთ-ერთ შტატში, ხურდა ფულის გაუქმების მოთხოვნით, გრანდიოზული დემონსტრაცია ჩატარდა. ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებთ, ეს ადამიანები ამბობდნენ, ხურდა ფული იმდენად გაუფასურებულია, ვერაფრის ყიდვას შეძლებო.

- ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ?

- დიახ. XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთში პოპულარული იყო ჩაის სერვიზი 2 პერსონაზე, რომელსაც ფრანგული სახელწოდება - "ტეტ ა ტეტ" ერქვა. რა ლათინურ სახელწოდებას ატარებდა, იმავე პერიოდის ფაიფურის სერვიზი ერთ პერსონაზე?

- მის სახელში სიტყვა "ეგო" ფიგურირებდა?

- დიახ.

- "ეგოისტი".

- ჩარლზ რიდი წერდა: დათესავ აზრს - მოიმკი ქცევას, დათესავ ქცევას - მოიმკი ჩვევას, დათესავ ჩვევას - მოიმკი ხასიათს, დათესავ ხასიათს, მოიმკი...

- პატივისცემას, სიყვარულს...

- ...მოიმკი ბედს. - ალექსანდრე მაკედონელს სხვადასხვა ქყვყანაში ლაშქრობისას თან ახლდა განსწავლული ადამიანების ჯგუფი. ისინი დაინტერესებულები იყვნენ მცენარეებით. აგროვებდნენ და მაკედონელის მასწავლებელთან მიჰქონდათ. დაასახელეთ ეს პიროვნება.

- ფილოსოფოს მასწავლებელთან?

- დიახ.

- არისტოტელე.

- ექიმი ნეიროქირურგი ხართ. თქვენს პროფესიულ არჩევანზე გავლენა რამ იქონია?

- ვერ ვიტყვი, რომ ექიმობაზე ვინმე აგიტაციას მიწევდა. ეს პროფესია თავად ავირჩიე. ის საგნები მომწონდა, რომელიც მედიცინასთან კავშირში იყო. რომ გითხრათ, ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი-მეთქი, ტყუილი იქნება. ახლო სანათესაოში მხოლოდ მამიდა მყავს ექიმი.

- მედიცინაში ნეიროქირურგის სპეციალობა რატომ აირჩიეთ?

- ქირურგობა მინდოდა, მაგრამ III-IV კურსზე ვიყავი, როცა ეს სპეციალობა ავირჩიე. ნევროლოგია რომ გავიარე, ყველა იმ საგანზე მეტად მომეწონა, რომელიც მანამდე მქონდა ნასწავლი. ნევროლოგიისა და ქირურგიის სინთეზი ნეიროქირურგიაა. საერთოდ, მედიცინა ზუსტი მეცნიერება არ არის, მაგრამ ნევროლოგიაში არსებობს ცნება - ტოპიკური დიაგნოსტიკა. როცა ცალკეული სიმპტომებით, რეფლექსებით შეიძლება მიხვდე, ნერვული სისტემის რა უბანზეა დაზიანება.

- ადამიანის ეს ორგანო ადამიანის წონის 3%-ს შეადგენს, მაგრამ მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-სა და მიღებული კალორიების 20%-ს მოიხმარს. დაასახელეთ, რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- ტვინზე.

- რომ ამბობენ, ადამიანი რაც უფრო ნაკითხი, განათლებული და ჭკვიანია, მის თავის ტვინს მეტი ხვეულები აქვსო, მართალია?

- ძალიან ბევრი ადამიანის თავის ტვინი მინახავს და მინდა გითხრათ, რომ ნაკითხობისა და განათლებულობის მიხედვით ტვინებს შორის ვიზუალური სხვაობა არ არსებობს.

- რომალები განსაკუთრებულ წერილებს სტანდარტულ ფრაზას აწერდნენ: "შენ და..." დაასახელეთ ბოლო სიტყვა.

- "შენ და ცეცხლს".

- რის შესახებ ამბობდა ადრიან დეკურსელი: "ის სიმდიდრის ქალიშვილი და სიღარიბის დედაა"?

- რაზე შეიძლებოდა ეთქვა (ფიქრობს)?

- მიგანიშნებთ, ადამიანის თვისებაზეა ლაპარაკი.

- სიზარმაცეზე, არა?

- დიახ. მას შემდეგ, რაც მიქელანჯელომ წმინდა პეტრეს ტაძარში მადონას ფრესკაზე მუშაობა დაასრულა, ღამით ტაძარში მალულად შეიპარა. რა მიზნით?

- არ ვიცი.

- ხელმოწერა რომ გაეკეთებინა. "ჩვენ ძველებმა ახლა კალამი ძირს უნდა დავსდვათ! გზა კი ვაჟას უნდა დავუთმოთ". - ეს სიტყვები...

- ...(მაწყვეტინებს) ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის.

- ვაჟა-ფშაველას რომელი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ თქვა?

- ვერ ვიხსენებ.

- "მოხუცის ნათქვამი". რუს მწერალს, ანტონ ჩეხოვს ფანების საკმაოდ დიდი არმია ჰყავდა. რას ეძახდნენ მათ რუსეთში?

- სახელიდან გამომდინარე უნდა მივხვდე?

- დიახ, მიგანიშნებთ, ეს სახელი ვაშლის ერთ-ერთ ჯიშსაც ჰქვია.

- "ანტონოვკებს" (იცინის)? არ ვიცოდი.

- ეს გერმანელი ფიზიკოსი 1863 წელს ტექნიკური სკოლიდან იმის გამო გარიცხეს, რომ მან არ დაასახელა თანაკურსელი, რომელმაც მასწავლებლის კარიკატურა დახატა.

- ომი?

- ცდებით. მიგანიშნებთ, ამ ადამიანის მეუღლის ხელის მტევანის ფოტო ისტორიაში შევიდა...

- ...(მაწყვეტინებს) ვხვდები, რენტგენზეა ლაპარაკი. პირველი სურათი მეუღლეს ხელზე გადაუღო.

- ეს ცნობილი ინგლისელი მოღვაწე მემუარებში წერდა, რომ მშობლები მას არასდროს მიფერებიან. სამაგიეროდ, ძიძას აღმერთებდა და საკუთარ კაბინეტში, წლების მანძილზე, მისი სურათი ეკიდა. დაასახელეთ, ვისზეა ლაპარაკი?

- ჩერჩილზე.

- რომელი ცნობილი პოეტი ამბობდა: "ანგელოზი მკარნახობს, თორემ ლექსების წერისთვის, სად მცალიაო".

- გალაკტიონი.

- პოეზია გიყვართ?

- ნაკლებად.

- "შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,/ გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,/ ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,/ დაულეველო სამშობლოვ ჩემო!/ შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,/ როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი/ და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი". - ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ძალიან ნაცნობი სიტყვებია. მუხრან მაჭავარიანს ეკუთვნის?

- არა.

- სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ.

- ოთარ ჭილაძე. 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის "ჯოკონდა" მოიპარეს. ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო მიჩნეული. რომელი მხატვარი?

- პაბლო პიკასო.

- რაზე უფრო ადვილად იტყოდით უარს - ქალზე თუ ღვინოზე? ამ კითხვას ფრანგები მეტად ორიგინალურად პასუხობენ: "გააჩნია..."

- ღვინოს, არა?

- ამ ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება იკითხოთ, - გააჩნია ქალს.

- მართალია.

- მიგანიშნებთ, ამ შემთხვევაში ის, რაც ქალისთვის ნაკლად ითვლება, ღვინისთვის ღირსებაა.

- მივხვდი. "გააჩნია ასაკს".

- ალკოჰოლთან "მეგობრობთ"?

- ზომიერად.

- რა ემართება დაძველებისას თეთრ ღვინოს?

- არ ვიცი.

- მუქდება.

- ღვინის დაყენების ტექნოლოგიას ნაკლებად ვიცნობ.

- რას ნიშნავს სიტყვა "ვისკი" ქართულად?

- სამწუხაროდ, არც ეს ვიცი.

- სიცოცხლის წყალს. ბერტრან რასელი მასზე ასეთ განმარტებას აკეთებდა: "ის შედგება 4 ინგრედიენტისგან: ჯანმრთელობისგან, თბილი პირადი ურთიერთობისგან, არსებობის ღირსეული საშუალებისგან და წარმატებული სამსახურისგან". რას განმარტავდა ასე რასელი?

- ბედნიერებას.

- გერმანელმა მწერალმა, ჰაინრიხ ჰაინემ იმ დროისთვის წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა. ის 6-წლიანი არაოფიციალური ურთიერთობის შემდეგ, თავის საყვარელზე დაქორწინდა. ქალი გლეხის ოჯახიდან იყო. მწერალმა ქორწილში მეგობრების ნაწილი დაპატიჟა. რა ნიშნით შეარჩია ისინი?

- ზუსტად არ ვიცი, ვვარაუდობ, მხოლოდ ცოლიანი მეგობრები დაპატიჟა.

- ის მეგობრები მიიწვია, რომლებსაც საყვარლები ჰყავდათ.

- გამოდის, რომ მაინც ცოლიანები დაუპატიჟია.

- რა ჰქვია მონეტების შემსწავლელ მეცნიერებას?

- ნუმიზმატიკა.

- დაასახელეთ ფრანგი მწერალი, რომელიც ხელმოკლე ლიტერატორებს ქირაობდა, გარკვეულ სიუჟეტს უყვებოდა და საკუთარი რომანის რამდენიმე თავს აწერინებდა.

- ალექსანდრე დიუმა (უფროსი).

- ვინ დაუბეჭდა სტალინს სიყმაწვილეში დაწერილი ლექსი - "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი"?

- ილია ჭავჭავაძემ.

- დაბოლოს, დაასრულეთ აინშტაინის ცნობილი გამონათქვამი: "ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან..."

- იგონებენ, არა?

- "...იცილებენ მათ".

თამუნა კვინიკაძე