ვის ჰგავს გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბით ანა მჭედ­ლი­ძე - გზაპრესი

ვის ჰგავს გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბით ანა მჭედ­ლი­ძე

ანა მჭედლიძე თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. პოპულარობა სერიალმა - "ჩემი ცოლის დაქალები" მოუტანა. ამბობს, რომ მისი გმირი - თამუნა ძალიან აქტიური და სახასიათო პერსონაჟის გვერდით, ცოტა არ იყოს, იჩაგრება, მაგრამ მომავალში შედარებით აქტიური გახდება.

- მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად ჩემთვის საუკეთესო პერიოდი არდადეგებია. არ მიყვარს, როცა ნაწარმოებს ვიწყებ და მოუცლელობის გამო, კითხვის დასრულებას დიდხანს ვერ ვახერხებ. მაქვს წიგნების ჩამონათვალი, რომელსაც დასვენების დღეებში უნდა გავეცნო. ახლა "ნუ მოკლავ ჯაფარას" ვკითხულობ. კითხვის პროცესი ცოტათი გამიგრძელდა, რადგან უნივერსიტეტში რეპეტიციები და სერიალში გადაღებების პერიოდი დამემთხვა.

მწერლობაში ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური ჟანრის ლიტერატურა მიზიდავს. მწერლები, რომლებიც ქალის ფსიქოლოგიას კარგად იცნობენ და აღწერენ, იმდენად საინტერესოები არ არიან (ჩემთვის თითქოს ყველაფერი ნაცნობია), როგორც ის მწერლები, რომლებიც ყურადღებას კაცის ფსიქოლოგიაზე ამახვილებენ. ერთი პერიოდი ძალიან მომწონდა პატრიკ ზუსკინდის რომანი "Dას Pარფუმ", რომლის მიხედვითაც ფილმი - "პარფიუმერი, ერთი მკვლელის ისტორია" არის გადაღებული. ძალიან საინტერესოდ იკითხება ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი".

ნაწარმოებების კითხვისას მქონია განცდა, რომ ეს პერსონაჟი ძალიან მგავს. ჩემმა მეგობრებმა "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" მაჩუქეს და ვფიქრობ, ბრიჯიტ ჯონსს ვგავარ. მხოლოდ ის არის განსხვავება, რომ მას წონაში დაკლება უნდა, მე - მომატება. მას ყველაზე მეტად გულუბრყვილობით ვგავარ, თან - ჩემსავით ფაციფუცაა. დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი "ქარწაღებულნის" სკარლეტ ო"ჰარასთან. მისი ყველა თვისება მომწონს: ძლიერი, გამტანი და ბრძოლისუნარიანია. "დორიან გრეის პორტრეტის" ჰარი კი აუცილებლად შემიყვარდებოდა. ის არისტოკრატია, ძალიან ჭკვიანი და ამავე დროს, ცინიკოსიც.

- რა ჰქვია ჯანი როდარის ცნობილი ზღაპრის გმირს?

- ჩიპოლინო.

- "ცოდვაა ქართველი ქალი, რადგან მამაკაცები ტირანები ხართ. სულერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო. თქვენ უკიდურესი ევროპელისა და აზიელის კაპრიზები ერთმანეთში გაქვთ არეული. როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას", - კონსტანტინე გამსახურდიას რომელ ცნობილ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- "დიდოსტატის მარჯვენაში".

- ცდები.

- "მთვარის მოტაცებაში".

- მწერალს ეთანხმები?

- მგონია, რომ ტირანი კაცები ცოტანი დარჩნენ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთები ჩემ გარშემო არ არიან. სამაგიეროდ, მრავლადაა ჩემი პერსონაჟის მსგავსი გოგონები. თამუნას ქმარი აგინებს, ამცირებს სხვების თანდასწრებით, მაგრამ ამ გოგოს ეს პრობლემად სულაც არ მიაჩნია. ქმრისგან ასეთი ქცევა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

- ეს ლეგენდარული დიზაინერი 1971 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას XX საუკუნის "სტილი #1" შეარქვეს, მისი გარდაცვალების შემდეგ, დიზაინერის გარდერობში მხოლოდ 3 გამოსასვლელი სამოსი აღმოაჩინეს. ის ამბობდა, - არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც მდიდრული ტანსაცმელი. დაასახელე ეს დიზაინერი.

- კოკო შანელი.

- ფრანგული ანდაზის მიხედვით, ღმერთი როგორ ადამიანებს უღიმის?

- არ ვიცი.

- გამბედავ ადამიანებს. ჯაბას დეიდა ოთარის შვილია. ვინ არიან ერთმანეთისთვის ჯაბა და ოთარი?

- ეს ეროვნული გამოცდების უნარების ტესტს ჰგავს (პაუზის შემდეგ). ბაბუა და შვილიშვილი გამოდიან.

- "თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა", "ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა", "ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ სილამაზეს", - რომელ პერსონაჟს აღწერს ასე გიორგი ლეონიძე?

- მარიტას.

- რა ჰქვია სოსო ჯაჭვლიანის გმირს ფილმში "ნატვრის ხე?"

- ზაზა კოლელიშვილის გმირს შეთე ჰქვია, სოსო ჯაჭვლიანის გმირს რა ერქვა? ვაიმე, დავიბენი. ახლა გავგიჟდები... გედია ერქვა!

- კონფუცი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდებს უნდა გამოეჩინათ უფროსების მიმართ პატივისცემა, მშობლების მიმართ მოკრძალება, საქმეს სერიოზულობითა და ღირსებით მოპყრობოდნენ. უნდა დაახლოებულიყვნენ კაცთმოყვარე ადამიანებთან და ყოველივე ამის შემდეგ, მათ დარჩებოდათ დრო და ცუდი არ იქნებოდა, თუ მას დახარჯავდნენ...

- ქველმოქმედებაში.

- ცდები.

- სწავლაში, წიგნების კითხვაში.

- მსოფლიო არქიტექტურის ეს შედევრი ქალაქ აგრაში მდებარეობს. იგი მონღოლთა ხელმწიფემ - შაჰ-ჯაჰანმა ააშენა, როგორც საყვარელი მეუღლის - მუმთაზ-მაჰალის აკლდამა. მშენებლობა 1630-1652 წლებში მიმდინარეობდა. მოგვიანებით იქვე დაიმარხა თვით შაჰ-ჯაჰანიც. დაასახელე ეს შენობა.

- არ ვიცი.

- ტაჯ-მაჰალი. "მარცხდებოდი და მაინც, მუდამ მწვერვალზე იდექი. შენ არასდროს კარგავდი სიმაღლის გრძნობას, ამისთვის გემდუროდნენ, ამისთვის გებრძოდნენ, ვერ იქნა და ვერ დაგაჩოქეს... ბევრს სადიდებლად ეყოფა შენი დამარცხებული სპექტაკლები. შენ კი მუდამ მწვერვალებისკენ გეჭირა თვალი, ზოგჯერ ისე ამაყადაც, რომ ჩემთვის ვფიქრობდი: დამთავრდა! ის ახლა განდიდებისგან მოკვდება! მაგრამ არ მესმოდა, შენ იმ წუთებშიც ისეთივე თავნება ბავშვი იყავი, როგორც მაშინ, ეგზარქოსის პატივსაცემად რომ არ იმღერე: "წვეთი სისხლიც არ არის ჩემში არაქართული", - სწერდა მაყურებელი ერთ-ერთ ქართველ რაჟისორს. დაასახელეთ იგი.

- ეს რეჟისორი რეპრესიების მსხვერპლი გახდა?

- დიახ.

- სანდრო ახმეტელი.

- ვინ არის მოთხრობის - "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი" ავტორი?

- იაკობ გოგებაშვილის დაწერილია.

- ამ კომპოზიტორს სიყრუის ნიშნები 27 წლის ასაკიდან დაეტყო, რაც მის ძლიერ სულიერ ტრავმად იქცა. ცხოვრების უკანასკნელი წლები სიღარიბესა და თითქმის სრულ სიმარტოვეში გაატარა. რომელ კომპოზიტორზეა ლაპარაკი?

- ბეთჰოვენზე.

- "მოვნახე ნაჭერი, ზეწარი იყო, დაკერება რომ არაფრით მოუხერხდა, გადავაკარი ჩარჩოზე. თურმე, დაგრუნტვა ნდომებია. რომ დავხატე, უკანა მხარეს უკეთესი ნახატი შეიქმნა", - რომელი მწერალი აღწერდა ასე თავისი პირველი ნახატის შექმნის ამბავს?

- არ ვიცი.

- ის იმერეთში ცხოვრობდა და არცთუ ისე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.

- ოტია იოსელიანი, არა?

- დიახ. დაასახელე ერთმანეთზე მიყოლებული 4 დღე ისე, რომ არ ჩამოთვალო კვირის დღეები.

- ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება დავასახელო?

- გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ. ეს ამბავი 1793 წელს, საფრანგეთში მოხდა. ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში ამერიკელმა ტურისტმა საფულე დაკარგა. მან ეს სამართალდამცავებს შეატყობინა. ქურდი მალე იპოვეს, მას დამალვა არც უცდია. მიუხედავად დანაშაულისა, ის პასუხისგებაში არ მიუციათ. რატომ?

- არ ვიცი.

- ქურდი მაიმუნი იყო. რა ჰქვია წვეტიან ჯოხს, რომლის დახმარებითაც ძველ რომში საქონელს მიერეკებოდნენ?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, დღეს ამ სიტყვას ხშირად ვამბობთ, მაგრამ სხვა მნიშვნელობით.

- კეტი?

- სტიმული ერქვა. "განგაში", ხევისბერი გოჩა", "დათა თუთაშხია" - ამ ფილმებიდან, რომლისთვის არ დაუწერია მუსიკა რევაზ ლაღიძეს?

- აბა, კიდევ ერთხელ ჩამომითვალე (გამეორების შემდეგ), "დათა თუთაშხია".

- დაასახლე ძუძუმწოვარი, რომელიც დაფრინავს.

- არ ვიცი.

- მას აკაკი წერეთელმა ლექსიც მიუძღვნა.

- ვერ ვხვდები.

- "ამ უგუნურმა თაგუნამ..."

- (მაწყვეტინებს) ღამურა.

- დაბოლოს, დაასრულე შოპენჰაუერის ცნობილი გამონათქვამი: "საშუალო კაცი სულ იმის ფიქრშია, დრო როგორ გაატაროს, ნიჭიერი კი - დრო როგორ..."

- გაანაწილოს.

- "...გამოიყენოს".

თამუნა კვინიკაძე