ბანქოს სახლი (ნაწილიXVIII) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (ნაწილიXVIII)

- რა თქმა უნდა, ბევრი გიშრომია და ისიც საკმაოდ დამაჯერებლად გივარაუდია, რომ შესაძლოა, ლონდონში მართლაც ვიღაც დაქროდა და ჩარლზ კოლინრიჯის სახელზე საბანკო ანგარიშებს ხსნიდა, მაგრამ ის რატომღა გამოგრჩა, რომ შესაძლოა, ეს ვიღაც თავად პრემიერი ყოფილიყო.

- შენ რა, ამას სერიოზულად ამბობ? - გაშრა მატი. - ნუთუ მართლა გჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ასეთ სულელურ რისკზე წავიდოდა?

- ძალაუფლება, ჩემო კარგო, ნარკოტიკივითაა და მის შესანარჩუნებლად ადამიანები ზოგჯერ უკან საერთოდ არაფერზე იხევენ. ასე რომ, რაღაც შეთქმულების დაშვებაზე ბევრად უფრო ბუნებრივი იმის ვარაუდი იქნებოდა, რომ ძმები კოლინრიჯები უშუალოდ დანაშაულის ადგილზე, ფულით სავსე ყუთში ხელჩაყოფილები ჩაცვივდნენ.

- ანუ სტატიას არ დამიბეჭდავ, ხომ?

- მსგავსიც არაფერი მითქვამს. - მოწყალედ გაუღიმა რედაქტორმა გოგონას. - უბრალოდ, ვთვლი, რომ შენს ვარაუდებს დამაჯერებლობა აკლია და, ამიტომაც, სტატიაზე ცოტა წამუშავება კიდევ მოგიწევს.

- მე კი ვთვლი, რომ აქ წასამუშავებელი აღარაფერია, რადგან, პრემიერის და მისი ძმის ამბავი როგორც უნდა დასრულდეს, ჩემი სტატიის დაბეჭდვით მაინც მოგებული დავრჩებით და მკითხველსაც უფრო აქტიურად მოვიზიდავთ.

- გეთანხმები, მაგრამ გახურებული წინასაარჩევნო კამპანიისას ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში შეცდომის დაშვება მაინც ძალიან სარისკოა. თანაც, მე ხომ ახალი ნომერი, ყოველ შემთხვევაში, მისი პირველი გვერდი მაინც, უკვე გამზადებული მაქვს, შენ კი, რამდენადაც ვიცი, სტატიის წერა ჯერ არც დაგიწყია...

- თუ ასეა, ნახევარ საათში ის შენს მაგიდაზე იქნება. - რედაქტორის კაბინეტიდან ტყვიასავით გავარდა მატი და ზუსტად ნახევარ საათში უკან გამზადებული სტატიით დაბრუნდა. მაგრამ ამასობაში პრესტონმა მარტო ბენჟამინ ლენდლესთან დალაპარაკება კი არა, აზრის კარდინალურად შეცვლაც მოასწრო.

- მატი სტორინი უკან არაფერზე დაიხევს, მისტერ ლენდლეს, - თავიდანვე შესჩივლა მან გამომცემელს, - რადგან ხვდება, რომ ხელში ნამდვილი ბომბი უჭირავს. არც კი ვიცი, რა ვქნა? უარს არაფრით მიიღებს.

- რას ჰქვია, არ მიიღებს?!. - განრისხდა პრესტონი. - მერე შენ რას მიკეთებ? ან დაარწმუნე, რომ ცდება, ანდა სასწრაფოდ სხვა განყოფილებაში გადაიყვანე.

- არც ამის გაკეთება იქნება ადვილი. ის ხომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური ანალიტიკოსია.

- რამდენჯერ უნდა გითხრა პრესტონ, რომ შენი საუკეთესო პოლიტიკური ანალიტიკოსი მხოლოდ მე ვარ, მე! შენ კი რედაქციის თანამშრომლების კონტროლი თუ გევალება. წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებამდე ორ კვირაზე ნაკლებიღაა დარჩენილი. ასე რომ, შენთვისვე აჯობებს თუ ჩვენი ქვეყნის და უშუალოდ ჩემი ბიზნესის მომავალსაც საფრთხეში არ ჩააგდებ. მოკლედ, რაც გინდა, ის გააკეთე, თუ გინდა, კულინარიული სვეტის მომზადება დაავალე, ანდა სულაც რედაქტორად დანიშნე, მაგრამ ეგ ტუტუცი გოგო როგორმე გააჩუმე, გასაგებია?

- გასაგებია. - ძლივსღა ამოილუღლუღა ბავშვივით დატუქსულმა რედაქტორმა.

- ეს ჩვენს გაზეთში არ დაიბეჭდება. - მკაცრად გამოუცხადა პრესტონმა მატის სტატიის წაკითხვის შემდეგ.

- რატომ? - ხელები გაკვირვებით გაშალა გოგონამ.

- იმიტომ! - მოკლედ მოუჭრა რედაქტორმა. - და თუ შენსას მაინც არ დაიშლი, მაშინ ჩვენი გაზეთის პოლიტიკურ ანალიტიკოსობას საერთოდ დაემშვიდობები.

- სამსახურიდან მიშვებ?

- არა. ქალებისთვის განკუთვნილი სტატიების განყოფილებაში გადამყავხარ.

- ასე მაინც ვინ მოგისყიდა, გრევ? - ხელები მოწყვეტით ჩამოუშვა მატიმ.

- რას მიედ-მოედები, რა მოსყიდვა, რის მოსყიდვა?

- აბა, ვის დააჯერებ, რომ შენნაირმა მერყევმა კაცმა, ჩაისა და ყავას შორისაც კი რომ გამუდმებით უჭირს არჩევანის გაკეთება, ეს ყველაფერი თვითონ გადაწყვიტა? მაგრამ რაკი ასეა, ძვირფასო რედაქტორო, აი, შენ კიდევ ერთი ახალი ამბავი - საერთოდ მივდივარ ამ გაზეთიდან!

საკუთარ მომავალზე ფიქრებაშლილი ფრენსის ურჰარტი თემთა პალატის შენობას კმაყოფილი სახით გასცქეროდა, კარი ხმაურით რომ გაიღო და კაბინეტში აქოშინებული როჯერ ო"ნეილი შეუვარდა. O

- იმათ უკვე ყველაფერი იციან, ფრენსის, ყველაფერი! - სულს ძლივსღა ითქვამდა იგი. - და, ალბათ, ეჭვს პირველ რიგში ჩემზე მოიტანენ! თუმცა, რატომ მარტო ჩემზე? შენზეც!..

- როჯერ! - უყვირა მას მთავარმა შოლტმა. - ახლავე დაჯექი, დამშვიდდი და ისე ამიხსენი, რა მოხდა?

- რა მოხდა და საშინელება! - სავარძელში კი არ ჩაჯდა, ჩაენარცხა ო"ნეილი. - პარტიის შტაბბინაში დაცული სამუელის მონაცემებიანი კონფიდენციალური ფაილების მოპარვა და რედაქციებში დაგზავნა რომ დამავალე...

- მოიცა! - ახლა უკვე ხელის აწევით გააჩუმა ქადაგად დავარდნილი ო"ნეილი მთავარმა შოლტმა. - შენ რა, რედაქციებს ფაილის ორიგინალის ასლები გაუგზავნე? ხომ გაგაფრთხილე, მხოლოდ ყველაზე საინტერესო ადგილების ასლები გადაიღე-მეთქი?

- ფაილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ცალკეული ადგილების შერჩევასა და ასლების გადაღებას საათებს მოვანდომებდი. თანაც, რა ვიცოდი, ვისთვის რა იქნებოდა საინტერესო... თუმცა, კარადა რომ ჩაკეტილი არ დამხვედროდა, მაინც ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და ფაილის გაქრობას წლების შემდეგღა თუ აღმოაჩენდნენ, მაგრამ...

- მაგრამ რა? კიდევ რა სისულელე ჩაიდინე?

- ჩემი კოდირებული გასაღებით სარდაფში კი ადვილად შევაღწიე, მაგრამ, როგორც უკვე გითხარი, ფაილები კარადებში ჩაკეტილი დამხვდა და, ამიტომაც, საკეტის გატეხა, უფრო სწორად მისი ოდნავ დაზიანება მომიხდა...

- რაო?

- ერთ-ერთი მდივანი ქალი რომ არა, რომელსაც სარდაფში რაღაც სასწრაფოდ დასჭირდა, ყველაფერი მაინც კარგად იქნებოდა. იმ ტუტუცმა კი მაშინვე შენიშნა, რომ საკეტი ნაწვალები იყო და ერთი ამბავი ატეხა. ამის შემდეგ ყველაფერი შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ სამუელის ფაილი ადგილზე აღარ იყო.

- სულ მთლად გამოტვინდი? - იღრიალა შოლტმა.

- ნუ მიყვირი! - ყურებზე ხელები გამეტებით მიიჭირა ო"ნეილმა. - ისედაც თავი მისკდება... ასეთი კოდირებული გასაღები ხომ სულ ცხრა ადამიანს თუ გვაქვს და პარტიის თავმჯდომარე ყველას სათითაოდ გვიპირებს დაკითხვას.

- მერე?

- მერე ის, რომ თუ ეჭვი ჩემზე მოიტანეს, დუმილს ნამდვილად აღარ ვაპირებ. მე ხომ ჩემი ნებით არაფერი გამიფუჭებია, მხოლოდ შენს დავალებებს ვასრულებდი...

მთავარ შოლტს იმის გაფიქრებაზეც კი თუ ო"ნეილის ალაპარაკებას რა მოჰყვებოდა, ტანში ცივად გასცრა, მაგრამ გარეგნულად მაინც არაფერი შეიმჩნია.

- დამშვიდდი, როჯერ, - დაუყვავა მან მამაკაცს. - ახლა ძალიან აღგზნებული ხარ და ყველაფერი გაზვიადებულად გეჩვენება. დამიჯერე, შენზე ეჭვი არავის გაუჩნდება და რომც გაუჩნდეთ, ვერაფერს დაგიმტკიცებენ. თანაც, მეც ხომ შენ გვერდით ვარ! საერთოდ როგორ იფიქრე, რომ გაჭირვებაში მარტო მიგატოვებდი? თუმცაღა, ახლა ოფისში დაბრუნებას მაინც არ გირჩევ. შინ წადი და დაისვენე.Pპარტიის თავმჯდომარე კი ორშაბათამდე როგორმე მოიცდის.

- კარგი, - დავრეკავ და ვეტყვი, შეუძლოდ გავხდი-მეთქი.

- სწორადაც მოიქცევი. დღეს კარგად დაისვენე, ხვალ დილიდან კი ჩემს აგარაკზე გელოდები.

- შენს აგარაკზე?

- ჰო. ღამეც ჩემთან დარჩი. დავსხდეთ და ყველაფერზე მშვიდად დავილაპარაკოთ. ოღონდ, ჩემთან სტუმრობის შესახებ არავის, თვით შენს პირად მდივანსაც კი არაფერი უთხრა, თორემ პრესამ რომ გაიგოს, გახურებული წინასაარჩევნო კამპანიისას მთავარ შოლტთან პარტიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე იყო სტუმრადო, ხომ წარმოგიდგენია, რა ამბავსაც ატეხს.

- კარგი, ფრენსის, - სავარძლიდან წელი ძლივსღა აითრია ო"ნეილმა. - არავის არაფერს ვეტყვი...

აგარაკზე ჩასვლისთანავე მთავარმა შოლტმა ოთხი წამყვანი გაზეთის რედაქტორებს დაურეკა. ოთხივე თითქმის დარწმუნებული იყო, რომ არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სწორედ მას ჰქონდა. მათი თქმით, ეს `ობსერვერის~ მიერ ჩატარებული პარლამენტარების იმ გამოკითხვითაც დასტურდებოდა, რომლის შედეგებიც მთავარ შოლტს დამაჯერებელ გამარჯვებას, ხმების თითქმის 60 პროცენტის მიღებას უქადდა.

ამ ფრიად სასიამოვნო ამბის შეტყობის შემდეგ ურჰარტმა დოქტორ კრისტიანს დაურეკა.

- მოგესალმებით, სერ! - გაისმა ყურმილში მთავარი ექიმის სასიამოვნო ხმა. - კმაყოფილებით უნდა გაუწყოთ, რომ ჩარლზის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უმჯობესდება.

- ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, მაგრამ ახლა უკვე პარლამენტის ერთ-ერთ წამყვან წევრთან დაკავშირებით შეგვექმნა პრობლემა. მას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია და დახურულ ინფორმაციაზეც მიუწვდება ხელი. არადა, კოკაინს უკვე იმდენად მიეჩვია, რომ მარტო ნარკომანი კი არ გახდა, ნამდვილი პარანოიაც დასჩემდა: გამუდმებით იმუქრება და ვის რაში აღარ სდებს ბრალს. გამოგიტყდებით და ერთხელ უკვე მეც დამემუქრა, პარტიის უმნიშვნელოვანეს საიდუმლოებებს გავცემო.

- ძალიან სერიოზულ ავადმყოფთან უნდა გვქონდეს საქმე. - შეწუხდა ექიმი. - მეტიც, ვშიშობ, რომ მისი მდგომარეობა უკვე სრულ კოლაფსს უახლოვდება. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი.

- მაშინ მართლა ძალიან სერიოზული პრობლემა გვქონია.

- ნამდვილად ასეა. და თუ ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, შემატყობინეთ.

- უკვე ისედაც ძალიან დამეხმარეთ, დოქტორო, დიდი მადლობა!..

ურჰარტმა კაბინეტის ფანჯრიდან დაინახა, მის სახლთან მანქანა როგორ გაჩერდა და სტუმრის შესახვედრად ეზოში გავიდა. ო"ნეილი სახლში შესვლისთანავე პირველივე სავარძელში ჩაესვენა და აწუწუნდა:

- ვიღუპები, ფრენსის, გესმის, ვიღუპები-მეთქი!

- ნუ აზვიადებ, როჯერ! - ისევ დაუყვავა მას მთავარმა შოლტმა. - ჯერ ერთი, არ იღუპები და ასეც რომ იყოს, ხომ გითხარი, რომ მეც შენ გვერდით ვარ-მეთქი!

- არ იქნები და შენი აჯობებს! - ხმას აუწია ო"ნეილმა. - მე ხომ ყველაფერი შენთვის და შენი ბრძანებით გავაკეთე. ჩემ გარეშე დაუნინგ-სტრიტზე მოხვედრაზე ვერც კი იოცნებებდი. ასე რომ, ან ჩემს პრობლემებსაც ერთად მოვუვლით და გადავიტანთ ან არადა, ყველას ყველაფერს მოვუყვები...

ურჰარტი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ო"ნეილი თავისას არ დაიშლიდა და, ამიტომაც, საკუთარ თავს საბოლოო განაჩენიც თავადვე გამოუტანა. თუმცაღა, გარეგნულად მაინც არაფერი შეიმჩნია, მეტიც, მოწყალედაც კი გაიღიმა და შემდეგ საყვედურნარევი ხმით დაიწყო:

- როჯერ, ჩემო მეგობარო, აბა რას ამბობ? დაღუპვა კი არა, წინ მხოლოდ დიდება და წარმატება თუ გელოდება. ასე რომ, მოდი, სადილამდე ჯერ ცოტა წაუძინე, მერე კი ყველა ჩვენს პრობლემასა თუ სურვილზე მშვიდად ვიმსჯელოთ.

მთავარი შოლტის გასაკვირად, ო"ნეილს მეტი აღარაფერი უთქვამს, სავარძლის საზურგეზე მორჩილად მიესვენა და თვალები მილულა.

ურჰარტმა ჩაძინებულ ო"ნეილს ცოტა ხანს კიდევ უცქირა, შემდეგ სამზარეულოში გავიდა, წყლის ნიჟარის ქვემოდან რეზინის ხელთათმანები გამოაძრო, კარადის უჯრიდან კი სუფრის კოვზი ამოიღო და, ეზოში უკანა კარიდან გასვლის შემდეგ, ქვის გრძელი შენობისკენ გაემართა. შენობაში ავტოფარეხი, საწყობი და სახელოსნო ერთად იყო მოწყობილი. იქ შესვლისთანავე ურჰარტმა ხელთათმანი გაიკეთა, ერთ-ერთი თაროდან ჰერმეტულად დახურული სქელი მუყაოს ქილა ჩამოიღო და სახლში ისე ფრთხილად შეიტანა, თითქოს ხელზე ცეცხლის წაკიდების ეშინიაო.

ო"ნეილს ისევ ეძინა. ურჰარტმა სავარძელთან დაუდევრად მიგდებული მისი სამგზავრო ჩანთა აიღო, თავის კაბინეტში გაიტანა, ხანმოკლე ძებნის შემდეგ იქიდან მამაკაცის ტალკის პატარა ქილა ამოიღო და თავი სწრაფად მოხადა. როგორც თავადაც ვარაუდობდა, ურჰარტმა ქილაში ტალკი კი არა, პოლიეთილენის პაკეტში საგულდაგულოდ შენახული დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი კოკაინი აღმოაჩინა, რომელიც მაშინვე თაბახის ფურცელზე გადმოყარა, ეზოდან შემოტანილი ქილიდანაც კოვზით ზუსტად ამ რაოდენობისა და შეფერილობის სხვა ფხვნილი ამოიღო და ერთმანეთს გულმოდგინედ შეურია. შემდეგ ერთი სუფრის კოვზი ახალმიღებული ფხვნილი ისევ პაკეტში ჩაყარა, პაკეტი ტაკლის ქილაში, ქილა კი ჩანთაში ჩააბრუნა და, როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა.

სახლის უკანა ეზოს ბოლოში დაყრილ ნაგავთან ერთად ხელთათმნის, მუყაოს ქილის, მორჩენილი ფხვნილისა და თაბახის ფურცლის ფერფლად ქცევის შემდეგ ფრენსის ურჰარტი სახლში საბოლოოდ დამშვიდებული დაბრუნდა, ხელები საგულდაგულოდ დაიბანა, ფართო ჭიქაში ვისკის მოზრდილი ულუფა დაისხა და ო"ნეილივით ხარბად გადაყლურწა... `საქმე გაკეთებულია, - გაიფიქრა მან. - ო"ნეილი კი... აბა, რა გაეწყობა... დიდი საქმეები ხომ დიდი მსხვერპლის გარეშე არასდროს კეთდება. თუმცა, პირადად ჩემთვის როჯერ ო"ნეილი დიდი მსხვერპლი კი არა, მხოლოდ მწყობრიდან საბოლოოდ გამოსული პატარა ჭანჭიკი თუა~.…

- როჯერ, გაიღვიძე! - თითქმის სამსაათიანი ძილის შემდეგ გამეტებით შეანჯღრია ო"ნეილი მთავარმა შოლტმა.

- რა მოხდა? - ძლივს გამოერკვა ო"ნეილმა.

- გეგმები შეგვეცვალა. ეს წუთია, ბი-ბი-სიდან დამირეკეს. მათი გადამღები ჯგუფი ერთ საათში უკვე აქ იქნება. ახალი ამბებისთვის ჩემზე სიუჟეტი უნდა გააკეთონ და შენ რომ აქ გნახონ, ხომ იცი, რა სკანდალიც აიწევა. ასე რომ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ წასვლა მოგიწევს.

გარეთ თითქმის უცერემონიოდ გაძახებამდე მთავარი შოლტი ო"ნეილს ყავით გაუმასპინძლდა, მერე ჭიშკრამდეც მიაცილა და გზას მანამ გასცქეროდა, სანამ მისი მანქანა თვალს საბოლოოდ არ მიეფარა.

- მშვიდობით, როჯერ! - წაიჩურჩულა მან და სახლში სწრაფად შებრუნდა.

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 43-ე  ნომერში