რას გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ნე­ტა­რე­ბის მცნე­ბე­ბი? - გზაპრესი

რას გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ნე­ტა­რე­ბის მცნე­ბე­ბი?

ამისათვის უნდა აღასრულოს ღვთის მცნებები. ღვთის მცნებების გარდა, ადამიანებს მიცემული აქვთ ნეტარების მცნებები, სადაც უფალი იმ სულიერი თვისებების შესახებ საუბრობს, რომელთა მეშვეობითაც მოვიპოვებთ მარადიულ, ნეტარ მდგომარეობას...

მამა მაკარი:

- ნეტარების პირველი მცნების თანახმად, უფალი ნეტარებს უწოდებს "სულით გლახაკთ". გლახაკი არის არაფრის მქონე. სულიერად ყველა ადამიანი არაფრის მქონეა, ღვთის წინაშე. ადამიანს არაფერი გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ნეტარია, არამედ მხოლოდ ის, ვინც შეიგნებს, რომ გლახაკია და უფალს შესთხოვს დახმარებას. მიწიერადაც რომ ავიღოთ, თუ გლახაკი, არაფრის მქონე ადამიანი არ სთხოვს დახმარებას სხვას, შიმშილით დაიღუპება. თუ დახმარებას ითხოვს, აუცილებლად მიიღებს შეწევნას. ის ადამიანი, რომელიც არ აღიარებს, რომ გლახაკია სულიერად და უფალს არ სთხოვს დახმარებას, სულიერად დაიღუპება.

თუ ადამიანი სულის სიგლახაკეს, ამ სულიერ თვისებას შეიძენს, შეიმეცნებს, რომ არაფრის მქონეა, არაფერს წარმოადგენს ღვთის წინაშე, თავისთავად გადადის ნეტარების მცნებების მეორე საფეხურზე - ხდება "მგლოვიარე გულთა". შესაძლოა, უამრავი ადამიანი გლოვობდეს, წუხდეს თავისი მდგომარეობის გამო, არსებულზე მეტი სურდეს, მაგრამ ასეთი მგლოვიარე ვერ მიაღწევს ნეტარ მდგომარეობას. მიაღწევენ ისინი, ვინც თავის ცოდვებს აღიქვამენ და გლოვობენ მათ გამო და მარადჟამს ახსოვთ ღვთის წინაშე უღირსება. ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ ყველა ვერ აღქვამს ცოდვებს. ცოდვილთა ორი კატეგორია არსებობს: ერთნი, რომლებიც ხედავენ თავიანთ ცოდვებს და სინანულში არიან ამის გამო, ხოლო მეორენი, რომლებიც თავს მართლებად თვლიან, მიაჩნიათ, რომ ცოდვები არა აქვთ, შესაბამისად, არც ცოდვათა გამო სინანულს განიცდიან. უფალი ნეტარებას იმ ადამიანებს მიანიჭებს, რომლებიც გულით გლოვობენ თავიანთი შეცოდებების გამო და ცოდვათაგან განწმენდასაც ცდილობენ აღსარების გზით, თუ ღვთისგან დადგენილი სხვა წესებით.

ვინც თავისი ცოდვების გამო მწუხარებაშია, ვინც გულით გლოვობს ცოდვებსა და დაცემულ მდგომარეობას, სწორედ ისინი იქნებიან ნუგეშისცემულნი იმით, რომ დაიმკვიდრებენ მარადიულ ნეტარებას, სადაც აბსოლუტური ნუგეშისცემა და სამარადისო ნეტარებაა, მაგრამ მიწიერ ცხოვრებაშიც მიიღებენ ნუგეშისცემასა და სულიერ სიხარულს.

ერთი შეხედვით თითქოს წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს მწუხარეც და ნუგეშცემულიც, სიხარული იყოს მასში. თუ ადამიანი ჭეშმარიტ სინანულშია, სინანულსა და მწუხარებასთან ერთად აღვსილია საღმრთო სიხარულით, რაც გაღმრთობილ წმინდა მამებს ჰქონდათ. ისინი განუწყვეტლივ ევედრებოდნენ უფალს, ეპატიებინა ცოდვები. თვლიდნენ, რომ ცოდვილები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს, მათი გული სიხარულითა და ნუგეშით იყო აღსავსე. სინანულისა და გულის მგლოვიარობის სანაცვლოდ, მათ გულში უფალი შედიოდა და სიხარულით აღავსებდა.

ნეტარების მესამე მცნება ადამიანისგან მოითხოვს სიმშვიდეს. ამაში არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არ ჩხუბობენ და კონფლიქტურ სიტუაციებში ინარჩუნებენ სიმშვიდეს, არამედ ისინი, ვინც ცდილობენ, თავის გარშემოც მშვიდობა დათესონ. მშვიდი ისეთი ადამიანია, რომელიც საერთოდ არ ხვდება კონფლიქტურ სიტუაციაში და ყველანაირად ცდილობს, მის გარშემო სიმშვიდე იყოს. სწორედ ასეთი ადამიანების მიმართ ბრძანებს უფალი: "მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". ქვეყანაში უპირველესად ზეციური სასუფეველი უნდა ვიგულისხმოთ, მაგრამ ამავდრულად, მშვიდები დაიმკვიდრებენ ამ ქვეყანასაც. თითქოს წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი აგებულია პატივმოყვარეობაზე, როგორ შეიძლება, მშვიდმა ადამიანმა დაიმკვიდროს თავი, მაგრამ ისტორიული მოვლენებიც გვაუწყებს, რომ სწორედ ასე ხდება ღვთის განგებულებით. დავით მეფსალმუნე, წინასწარმეტყველი მწყემსი იყო და მთელი ისრაელის ქვეყანა დაიმკვიდრა, მეფე და მამა, მმართველი გახდა ერისა. თავად ქრისტიანობაც, რომელიც სიმშვიდის განსახიერებაა, საუკუნეების განმავლობაში იყო დევნილი და შეურაცხყოფილი, მაგრამ შემდგომ დაიმკვიდრა ქვეყანა, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სიმშვიდეს შეუძლია ადამიანს ყველაფერი მიანიჭოს. რა თქმა უნდა, ღვთის წყალობით - როდესაც ადამიანი მშვიდია, ცდილობს, ღვთის ეს ნეტარება აღასრულოს, დანარჩენზე უფალი ზრუნავს.

მეოთხე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ, რომელსა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისთვის, რამეთუ იგნი განძრენ" - ისინი კი არ არიან ნეტარნი, ვისაც სიმართლის თქმა უყვარს, ვისაც შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისთვის, ვინც განსაცდელსა და გაჭირვებას აიტანს სიმართლისთვის. ცხადია, აქ ღვთის სიმართლეზეა საუბარი. ეს არ ნიშნავს, რომ თუ განსაცდელი არ მოგველის, სიმართლე არ უნდა ვთქვათ. სიმართლე ყოველთვის უნდა ვთქვათ, მაგრამ მაშინაც არ უნდა შევწყვიტოთ, როდესაც ამის გამო შესაძლოა, მიწიერი დევნილება იქნეს ჩვენზე მოწევნული. წმინდა მამები ბრძანებენ - ისე უნდა გვსურდეს სიმართლის თქმა, როგორც მშიერს და მწყურვალს საჭმელი და სასმელიო. ასეთი ადამიანები განძღებიან ღვთის სიმართლით.

მეხუთე ნეტარების თანახმად, "ნეტარ არიან მოწყალენი". ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა სწორედ მოწყალებაა, მაგრამ მოწყალება არ გულისხმობს მხოლოდ მატერიალური გაგებით მოწყალების გაღებას - მშიერ-მწყურვალთა დაპურება იქნება ეს, შიშველთა შემოსვა თუ სხვა, არამედ საჭიროა ჩვენ მიმართ შემცოდეთა შეწყალებაც. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ყველაზე მოკლე გზა სასუფევლისკენ არის - "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები", "მიუტევე და მოგეტევება". თუ ყველა ადამიანს მივუტევებთ ჩვენ წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულს, მაშინ არც უფალი მოიხსენიებს ჩვენს შეცოდებებს, როდესაც მის წინაშე წარვდგებით.

წმინდა მამები, რომელთაც სრულყოფილების საფეხურზე შედგომა სურდათ, სწორედ მოწყალების საფეხურიდან იწყებდნენ; მთელ ქონებას ყიდდნენ, ურიგებდნენ უპოვართ და შეუდგებოდენ ღვთის გზას. ამით სულიერ "მარაგს" იგროვებდნენ. მოწყალების გარეშე ადამიანის სარწუნოება მკვდარია. ეს სათნოება წყაროა სულიერი ცხოვრებისა, მაგრამ მოწყალება არ უნდა ვაკეთოთ ამპარტავნებითა და თავმოწონებით, არამედ ღვთის სადიდებლად, რათა ღვთის მადლით შევიმოსოთ. ვინც ანგარებითა და ამპარტავნებით აკეთებს კეთილ საქმეებს, ბოლოს მაინც აბნევს. უფალიც ხომ ბრძანებს - ვინც ჩემში არ კრებს, ის კარგავსო.

მეექვსე ნეტარება ადამიანს გულის სიწმინდეს ავალდებულებს. ამგვარ მდგომარეობას ადამიანი მაშინ აღწევს, როდესაც ზრუნავს გულის განწმენდაზე, ცდილობს, არ შეუშვას გონებაში უკეთური აზრი, მისი გული და ზრახვები დაკავებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ უფალზე ფიქრით. როდესაც ადამიანი დაუსრულებლად ფიქრობს უფალზე, მის გონებას განეცხადება უფალი, რასაც ისიქიზმი ეწოდება. წმინდა მამები, რომლებიც წლების განმავლობაში განისწავლებოდნენ, დღესაც განისწავლებიან "იესოს ლოცვაში", აღწევენ ამ მდგომარეობას, მათი გონება ხდება საღმრთო ნათლის, უფლის ხილვის ღირსი, როდესაც ადამიანი თავის გულს უფალზე ფიქრით, იესოს ლოცვით, ღვთის მცნებების აღსრულებით განწმენდს და მის გულში ადგილი აღარ რჩება ამქვეყნიური ამაოებებისთვის, უკვე მზად არის, რომ ღმერთი იხილოს. რა თქმა უნდა, ღვთის ხილვა სრული ნეტარებაა.

მეშვიდე ნეტარების თანახმად, უფალი ნეტარებას ჰპირდება მშვიდობისმყოფელ ადამიანებს და მათ ღვთის ძეებს უწოდებს - მშვიდობისმყოფელს განსაზღვრული აქვს თავისი ფუნქცია ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაში. ასეთი ადამიანი მშვიდად და მყუდროებით ცხოვრობს. ცდილობს, არა მხოლოდ თვითონ იქონიოს კეთილგანწყობილი და უშფოთველი ურთიერთობა მოყვასთან, არამედ თავისი კეთილგონიერი და სამართლიანი შუამდგომლობით ურთიერთშუღლსა და მტრობაში მყოფთა შორისაც აღმოფხვრას უთანხმოება და სიმშვიდე და სიყვარული ჩამოაგდოს.

მერვე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ დევნილი სიმართლისთვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა". ვიცით, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანული ეკლესია იყო მოწამეთა ეკლესია, ასე უწოდებდნენ მას, რადგან უამრავი ადამიანი აღესრულა მოწამებრივად, ისინი სწორედ სიმართლისთვის იყვნენ დევნილნი და ყველა მათგანი აღსრულებისთანავე იმკვიდრებდა სასუფეველს.

მეცხრე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ თქუენ, რაჟამს გდევნიდნენ და თქუან ყოველის სიტყუაი ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა". - რაჟამს გდევნიდნენ, გყვედრიდნენ, გავიწროებდნენ, ცდილობდნენ თქვენს განადგურებას, სწორედ ამის გამო გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი - ჯილდო დიდი იქნება თქვენთვის ცათა შინა - თუ ჩვენ ამ ყველაფრის გადატანა მოგვიხდება და მოვითმენთ, სანაცვლოდ უდიდესი ჯილდო გველის სასუფეველში.

შორენა მერკვილაძე