თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი - გზაპრესი

თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი

ისინი მკურნალობენ სნეულებს, აშუშებენ ჭრილობებს და ხშირად, პაციენტებს იმ ქვეყნიდანაც აბრუნებენ. ამიტომაც, ადამიანთა ნდობა მათ მიმართ, უსაზღვროა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, ეს ნდობა სულ უფრო იკლებს. ზოგიერთი მედიკოსი არა მარტო ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს, არამედ ყველა მორალურ თუ ადამიანურ კანონსაც უგულებელყოფს. ამ ე.წ. თეთრხალათიან მკვლელთა რიგებს თავისი მოწინავეები ჰყავს. ახლა მათ "ტოპხუთეულს" წარმოგიდგენთ.

ექიმი სახელად - სიკვდილი

სერიულ მკვლელთა შორის რეკორდსმენად ბრიტანელი ჰაროლდ შიპმანი ითვლება, რომელსაც "ექიმი-სიკვდილი" შეარქვეს. 30 წლის საექიმო პრაქტიკის მანძილზე, შიპმანმა 352 ადამიანზე მეტი მოაკვდინა. ჰაროლდი 1946 წლის 14 იანვარს, რელიგიურ ოჯახში დაიბადა. სკოლაში კარგად სწავლობდა. 17 წლისას დედა გარდაეცვალა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ექიმი გამხდარიყო და ადამიანები გადაერჩინა. დაქორწინდა და ოთხი შვილიც ეყოლა. ისე ჩანდა, თითქოს, ყველაფერი წესრიგში იყო. მის რეპუტაციას ჩრდილი მხოლოდ 1974 წელს მიადგა, როცა ის ნარკოტიკული საშუალებების ქურდობაში ამხილეს. ჰაროლდმა ამ საქმიდან იოლად დაიძვრინა თავი - 600 გირვანქა სტერლინგიანი ჯარიმით. თუმცა, ამ შემთხვევის შემდეგ, სოლიდურ კლინიკაში მუშაობისთვის გზა გადაეკეტა.

შიპმანი ოჯახთან ერთად, მანჩესტერის გარეუბანში, ჰაიდში გადავიდა, სადაც კერძო საექიმო პრაქტიკა წამოიწყო. მისი პაციენტები ძირითადად ხანში შესული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც სახლში აკითხავდა. ის მარტივად, ეფექტიანად მოქმედებდა: იმ მიზეზით, რომ საჭირო იყო სისხლის აღება ანალიზისთვის ან ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება, მსხვერპლს მორფინის სასიკვდილო დოზას უკეთებდა, შემდეგ კი, პაციენტის რეაქციას მშვიდად ადევნებდა თვალყურს. საბრალო პაციენტები, რომლებიც არაფერს ეჭვობდნენ, ექიმს მადლობას ღიმილით უხდიდნენ და 5-6 წუთში სიცოცხლეს ემშვიდობებოდნენ. ცინიზმის მწვერვალი გახლდათ ის, რომ შიპმანი მსხვერპლთა ნათესავებს თანაგრძნობის გამოსახატავად სამძიმრის ბარათებს უგზავნიდა.

ჰაროლდი მაშინ გამოაშკარავდა, როცა ქალაქის ყოფილი მერის - კეტლინ გრანდის ანდერძი გააყალბა, რომელიც თვითონვე მოაკვდინა. მოხუცი ქალბატონის ქალიშვილმა არ ირწმუნა, რომ დედამ მას არც ერთი პენი არ დაუტოვა და მთელი ქონება (350 ათასი გირვანქა სტერლინგი) უბნის ექიმ - შიპმანს უანდერძა. მან დაამტკიცა, რომ ანდერძი გაყალბებული იყო. ამის მერე ექიმით პოლიცია დაინტერესდა. კრიმინალისტთა მუშაობის შემდეგ გაცხადდა, რომ 25 წლის მანძილზე ექიმმა "სამუდამოდ მოარჩინა" 41-დან 93 წლამდე ასაკის 215 პაციენტი, საიდანაც 171 ქალი და 44 მამაკაცი იყო. შიპმანის ერთ-ერთ მოტივად ანგარება დასახელდა, რადგან ის ამ ადამიანთა ანდერძებს აყალბებდა. 2000 წლის იანვარში, "ექიმ-სიკვდილს" 15-ჯერ მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. თუმცა მოგვიანებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1970-74 წწ-ში, საავადმყოფოში სტაჟიორად მუშაობისას, შიპმანმა იმ ქვეყნად 137 ადამიანი გაამგზავრა. ამგვარად, მისი მსხვერპლის რაოდენობა 352-მდე გაიზარდა.

2004 წლის 13 იანვარს, 58 წლის შესრულებამდე ერთი დღით ადრე, შიპმანი ციხის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მხიარული ჯეინის შემზარავი ცდები

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი იმ ქვეყნად მასაჩუსეტსელმა ექთანმა, ჯეინ ტოპანმა გაისტუმრა, რომელმაც 20 წლის მანძილზე, მორფინითა და ატროპინით 100 პაციენტი მოკლა.

ჯეინი ნაადრევად დაობლდა და ბავშვთა სახლში გაიზარდა. დაამთავრა საექთანო სასწავლებელი; ნებისმიერი კომპანიის სული და გული იყო და ამის გამო, სახელადაც მხიარული ჯეინი შეარქვეს. პირად ცხოვრებაში კი არ გაუმართლა - საქმრომ პირდაპირ საქორწინო ცერემონიიდან მიატოვა. პატარა ქალაქ ლოუელის მცხოვრებთათვის ეს მოვლენა კარგა ხანს სალაპარაკო თემა იყო. ამიტომაც, მხიარულმა ჯეინმა გადაწყვიტა, წყენა არავისთვის ეპატიებინა.

მისი მოვალეობა დაუცველ ადამიანთა მოვლა იყო. ისინი ვერც კი ხვდებოდნენ, რა პრეპარატები შეჰყავდა ექთანს ორგანიზმში. ამ დროს, მხიარული მედდა მათზე ცდებს ატარებდა. ჯეინი მათ მორფინსა და სხვა ნარკოტიკებს უკეთებდა, შემდეგ კი ყურადღებით აკვირდებოდა ადამიანის ორგანიზმის რეაქციას.

1895 წელს, ჯეინმა საკუთარი დედობილი და მამობილიც არ დაინდო. ცნობილი არ არის, რითი განარისხეს ასე ტოპანებმა ნაშვილები გოგონა. შემდეგ, ჯერი მათ ქალიშვილზე - ელიზაბეტზეც მიდგა, რომელიც ასე თუ ისე, ჯეინს დად ეკუთვნოდა. მიზეზი მამაკაცი აღმოჩნდა. მისტერ ფოსტერმა ორი დიდან არჩევანი ელიზაბეტზე შეაჩერა და ამით მის სასიკვდილო განაჩენსაც მოაწერა ხელი. საბრალოს, სრულიად უსაფრთხო ავადმყოფობის დროს, მოულოდნელად გული გაუჩერდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დამ მას მცენარეულ ნაყენში სტრიქნინის დიდი დოზა გაურია. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, მისტერ ფოსტერმა ჯეინთან დაიწყო არშიყი და ის იყო, ხელის თხოვნასაც აპირებდა, რომ 1901 წლის 26 ოქტომბერს, ტოპანი დააპატიმრეს. გაირკვა, რომ ოლდენ დევისი, - რომელთანაც ჯეინი მომვლელად მუშაობდა - მისი ქალიშვილი და ვაჟიც უდროოდ გარდაიცვალნენ.

გამოძიების მსვლელობისას ტოპანმა აღიარა 11 კაცის მკვლელობა. საკუთარ ადვოკატს კი გაუმხილა, რომ სულ ცოტა 100 ადამიანი ჰყავდა მოკლული.

შეურაცხადობის გამო, სასამართლომ ტოპანი უდანაშაულოდ ცნო. ამას ფსიქიატრთა დასკვნამ შეუწყო ხელი. თუმცა, სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი თავისუფლად ცხოვრება სახიფათო იყო. ყოფილმა მედდამ განსასჯელის სკამიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაინაცვლა და სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა.

მარსელ პეტიუს "ოქროს საბადო"

მარსელ პეტიუ პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი და ჩინებული ექიმი გახლდათ. საკუთარ ქალაქ ოქსერში, პარიზთან ახლოს, ის შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობდა. ამგვარმა პოპულარობამ მას 1927 წელს მერობაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისკენ უბიძგა. ის მერი გახდა. პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ, პეტიუ საკუთარ პროფესიას მიუბრუნდა და 1933 წელს პარიზში გადავიდა.

1942 წელს, ჰიტლერელთა მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში პეტიუმ "ოქროს საბადო" აღმოაჩინა: პარიზში ბევრი ისეთი ადამიანი იყო, ვისაც ნაცისტები სდევნიდნენ. ამიტომაც, ექიმმა მათ ფულის სანაცვლოდ აშშ-ში გამგზავრების ორგანიზება შესთავაზა. მის კლიენტურას ძირითადად, შეძლებული ებრაელები წარმოადგენდნენ. პეტიუ მათ საკუთარ კაბინეტში ეპატიჟებოდა, რომელიც სატანური სიეშმაკით იყო მოწყობილი. ეს კაბინეტი, მართლაც რომ "ჯოჯოხეთის კარიბჭედ" გადაიქცა (როგორც მას მოგვიანებით ჟურნალისტებმა შეარქვეს). განწირული ადამიანები იმქვეყნიურ მოგზაურობას სწორედ ექიმის სამკუთხა კაბინეტიდან იწყებდნენ. ზოგიერთ არალეგალ ემიგრანტს ის საწამლავი - კურარეს გამოყენებით "ამგზავრებდა"; სხვებს - მხუთავი გაზით წამლავდა. თვითონ, მათ აგონიას, გვერდითი ოთახის კარში დაყენებული საჭვრეტიდან ადევნებდა თვალყურს. შემდეგ კი, მსხვერპლის სხეულებს საექიმო კაბინეტის ქვეშ, ოსტატურად დამონტაჟებულ ლიუკში ყრიდა, რომლის სიღრმეშიც ჩაუმქრალი კირით სავსე ორმო იმალებოდა.

ადამიანთა მასიურმა გაქრობამ პოლიციის ყურადღება მიიქცია, მაგრამ მათაც არ შეეძლოთ იმის წარმოდგენა, რომ ესოდენ პატივცემული ექიმი მკვლელი იყო. პირიქით, გერმანელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ პეტიუ ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს საზღვარგარეთ გამგზავრებაში ეხმარებოდა. 1943 წელს, მას რამდენიმე პროვოკატორიც მიუგზავნეს, მაგრამ ისინიც დანარჩენებივით უკვალოდ გაქრნენ. პეტიუ დააპატიმრეს, მაგრამ მის სახლში ჩატარებულმა ჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო.

მისი გაშიფვრა შემთხვევით მოხდა: ერთ ავდრიან, წვიმიან საღამოს, პეტიუს სახლში, მისი არყოფნისას, ღამის გასათევად ორი ვიგინდარა შეიპარა. გასათბობად იატაკზე კოცონი დაანთეს და ხანძარი მოახდინეს. პოლიციელებმა და მეხანძრეებმა სახლში შეაღწიეს და იქ საიდუმლო კარი აღმოაჩინეს, რომელიც ექიმის სამკუთხა კაბინეტში შედიოდა. მერე, საგულდაგულოდ შენიღბულ ჰერმეტულ ლიუკსაც მიაკვლიეს და ჩაუმქრალი კირით სავსე ორმოში ადამიანთა ძვლები აღმოაჩინეს. დაიწყეს პეტიუს ძებნა, მაგრამ მან მიმალვა მოასწრო. 1944 წელს, მოკავშირეთა მიერ საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ, ექიმი პარიზში საფრანგეთის შინაგანი ძალების კაპიტნის რანგში დაბრუნდა.

1944 წლის 31 ოქტომბერს მარსელ პეტიუ კვლავ დააპატიმრეს - უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში. 49 წლის ექიმი 27 მკვლელობაში დაადანაშაულეს, თუმცა, თვითონ 63 მკვლელობა აღიარა. სასამართლომ პეტიუს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ჟურნალისტებმა მას "ფრანგ მკვლელთა მეფე" შეარქვეს. მის სამკუთხა კაბინეტს კი - "ჯოჯოხეთის კარიბჭე".

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 44-ე ნომერში

ირინა ჯანდიერი