ბანქოს სახლი (დასასრული) - გზაპრესი

ბანქოს სახლი (დასასრული)

როჯერ ო"ნეილის გვამი ორშაბათ დილით, საზოგადოებრივი ტუალეტის ერთ-ერთ კაბინაში, დამლაგებელმა აღმოაჩინა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა. ჯონი კრაევსკიმ კი ამ ამბის გაგებისთანავე მატი სტორინის ნომერი აკრიფა:

- რამდენიმე საათის წინ საუტჰემპტონის პოლიციამ ო"ნეილის გვამი აღმოაჩინა.

- რაო?

- თურმე, ნარკომანი ყოფილა საწყალი და წამალში გაპარულა?

- ჯანდაბა! - მაგიდას მუშტი გამეტებით დაჰკრა მატიმ. – მისი უცნაური საქციელის შემხედვარე ამას თავადაც უნდა მივმხვდარიყავი... სასწრაფოდ ო"ნეილის პირადი მდივანი, პენი გაი უნდა ვნახო და შენ მერე დაგელაპარაკები...

- როჯს ასეთი სამარცხვინო სიკვდილი ნამდვილად არ დაუმსახურებია. - ცრემლებს ვეღარ იკავებდა პენი. - მართალია, სუსტი და უნებისყოფო, მაგრამ ძალიან უბოროტო ადამიანი იყო.

- ხომ არ იცი, საუტჰემპტონში რისთვის იყო ჩასული? - დაინტერესდა მატი.

- ვიღაცასთან უიკენდის გასატარებლად. ვკითხე, ვისთან მიდიხარ-მეთქი, მაგრამ არ გამიმხილა. ბოლო ხანებში ასეთ უბრალო რამეებსაც კი მიმალავდა.

- როჯერის სიკვდილის გამო ძალიან ვწუხვარ, პენი, მაგრამ ალბათ, თავადაც ხვდები, რომ საქმე ამით არ დამთავრდება და ბევრ ისეთ რამეში დაადანაშაულებენ, რაც ნამდვილად არ ჩაუდენია.

- ვერ ვხვდები, რას ამბობ?.. საერთოდ რატომ უნდა დაადანაშაულონ?

- იმიტომ, რომ ვიღაცამ თავის ბინძურ პოლიტიკურ თამაშში ჩაითრია და ცუდი საქმეები ისე ოსტატურად აკეთებინა, რომ შემდეგ ყველაფერი მხოლოდ მას დაჰბრალებოდა.

- კი მაგრამ რატომ?.. როგორ?.. როჯი ხომ საკმაოდ ჭკვიანი იყო საიმისოდ, რომ მსგავსი რამ არ დამართოდა...

- იმ ვიღაცამ მისი ნარკომანობის ამბავი იცოდა და ამით აშანტაჟებდა.

- ვინ არის ეს საშინელი ადამიანი?..

- ჯერ არ ვიცი, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ აუცილებლად გავიგებ და დამსახურებულ სასჯელს ვერაფრით გაექცევა.

პენისგან წამოსვლის შემდეგ მატი ჯონის შეხვდა და მაშინვე საქმეზე გადავიდა:

- უკვე თითქმის ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ო"ნეილი ვიღაცამ გზიდან სწორედ ისე ჩამოიშორა, როგორც მანამდე ჰენრი კოლინრიჯი და სულ ახლახან კი პრემიერმინისტრობის რამდენიმე სერიოზული კანდიდატი.

- ო"ნეილი თავისსავე ნარკომანობას გადაჰყვა, მატი.

- ეს ჯერ კიდევ დასადგენია. მაგრამ დავუშვათ, რომ მართლაც არავის მოუკლავს და თვითონ მოისწრაფა სიცოცხლე, მაგრამ რაღა მაინცდამაინც საზოგადოებრივ ტუალეტში? გსმენია, რომ ო"ნეილის რანგის ადამიანს მსგავსი რამ დამართოდა?

- კარგი რა, უკვე ისე მსჯელობ, თითქოს, საქმე მთლად `კაგებეს~ ვერაგობებთან გვქონდეს...

- ო"ნეილის შემთხვევაში ამის გამორიცხვაც კი აღარ შეიძლება... Dდამიჯერე, ჯონი, ეს კაცი ბოლომდე გამოიყენეს და მერე მოკლეს.

- დავუშვათ, რომ მართლაც ასე იყო, მაგრამ ვის უნდა მოეკლა?

- მთელი უბედურებაც ისაა, ვერაფრით ვხვდები. აქამდე ხომ ყველა გზა საბოლოოდ მაინც ო"ნეილამდე მიდიოდა და ახლა აღარც ის არის...

- იმაში კი ბოლომდე ხარ დარწმუნებული, რომ თავადვე არ წამოიწყო ეს ყველაფერი და ბოლოს უბრალოდ აღარ გაუმართლა?

- კი, დარწმუნებული ვარ, რადგან ბოლო ხანებში უშუალოდ მინისტრთა კაბინეტიდან და, თანაც, ისეთმა მნიშვნელოვანმა ინფორმაციებმა გამოჟონა, რომლებზეც ო"ნეილს ხელი უბრალოდ არ მიუწვდებოდა. ის კი არადა, ასეთი დონის გასაიდუმლოებულ დოკუმენტებზე ხშირად მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთმა წევრმაც კი არაფერი იცის...

- მაშინ მხოლოდ მცოდნეებზე უნდა შევჩერდეთ.

- მართალი ხარ, კაბინეტის წევრების სიას უნდა ჩავხედოთ, - ჩანთაში ხანმოკლე ქექვის შემდეგ ორად გაკეცილი ფურცელი ამოიღო გოგონამ და ხმაურით გაშალა.

ამის შემდეგ მატიმ კაბინეტის წევრების გვარების კითხვა, კრაევსკიმ კი მათგან მხოლოდ იმათი ჩანიშვნა დაიწყო, ვისაც ხელი გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა, თუმცა თითქმის სიის ბოლომდე ისე ჩავიდნენ, რომ საფუძვლიანი ეჭვი მაინც ვერავისზე მიიტანეს.

- მგონი, სულ ტყუილად ვწვალობთ. - კიდევ ერთი გვარის უხალისოდ ჩანიშვნა დაიწყო კრაევსკიმ.

- მოიცა! - შეაჩერა ის უცბად მატიმ. - იცი, ამ სიაში ვინ არ არის?

- ვინ?

- ფრენსის ურჰარტი, ჯონი, მთავარი შოლტი!.. არა, მაინც რა უტყვინო ვარ. ეს როგორ გამომრჩა!.. ფორმალურად მთავარი შოლტი კაბინეტის სრულუფლებიანი წევრი არ არის და, შესაბამისად, მისი გვარი არც კაბინეტის წევრების ოფიციალურ სიაშია შეტანილი, მაგრამ პრაქტიკულად მთავრობისა და მისი ყველა კომიტეტის სხდომაში უშუალოდ ანდა რომელიმე თავისი ხელქვეითის მეშვეობით მონაწილეობს და ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსშია. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ინფორმაციის გაგება და სათავისოდ გამოყენებაც სულ ადვილად შეეძლო. თანაც, როგორც მთავარ შოლტს, ო"ნეილის ნარკომანობაც არაფრით გამორჩებოდა. ღმერთო ჩემო, მაინც რა უცბად და მარტივად დალაგდა ყველაფერი! უკვე იმის დამტკიცებაც კი აღარ არის საჭირო, რომ ფრენსის ურჰარტს ამ ყველაფრის დატრიალების უსერიოზულესი მოტივიც ჰქონდა, რადგან პრაქტიკულად არსაიდან პირდაპირ პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩაჯდომას მხოლოდ ასე თუ მოახერხებდა!

- ნუ გავიწყდება, რომ ეს ყველაფერი მაინც მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია და ხელთ არც ერთი კონკრეტული სამხილი არ გაქვს.

- მაგრამ მათი პოვნა ახლა გაცილებით უფრო ადვილია და ვიპოვი კიდეც! - ყურმილს ხელი წამოავლო მატიმ და პენი გაის ნომერი აკრიფა:

- მატი ვარ, პენი, თუ იცი, როჯერი მთავარ შოლტს კარგად იცნობდა?

- არც ისე... არჩევნებამდე ერთმანეთს ერთხელაც კი არ დალაპარაკებიან, მერეც ძირითადად ტელეფონით ურთიერთობდნენ, რაც როჯს დიდად როდი ეხალისებოდა. ურჰარტთან ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ კი ძალიან დათრგუნვილიც ჩანდა.

- ურჰარტის აგარაკი შემთხვევით იმ სადგურთან ახლოს ხომ არ არის, სადაც ო"ნეილი იპოვეს?

- კი, საკმაოდ ახლოსაა, მაგრამ ვერ ვხვდები, ურჰარტის აგარაკი როჯერის სიკვდილთან რა კავშირშია?

- ახლა ამას ვერაფრით აგიხსნი, ამიტომ იქნებ, იმ აგარაკის ზუსტი მისამართი მომცე.

- მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემ, თუ შემპირდები, რომ ამას როჯერის საწინააღმეგოდ არ გამოიყენებ.

- გპირდები, პენი.

- მაშინ ჩაიწერე...

- ახლა რაღას აპირებ? - ყურმილის დადებისთანავე ჰკითხა კრაევსკიმ მატის.

- ახლა უკვე მისტერ ლენდლესსაც უნდა ვესტუმრო.

- გაგიჟდი?.. ამ კაცმა უკვე ისედაც ლამის ყველა რედაქციის კარი გადაგიკეტა და გინდა, საერთოდ პროფესიის გარეშე დაგტოვოს?

- სხვა გზა არ მაქვს, ჯონი. - ამოიოხრა გოგონამ. - ან ეს ჩაკეტილი წრე როგორმე უნდა გავარღვიო, ანდა მართლა ყველაფერს დავემშვიდობო.

- აქ ვინ შემოგიშვა, შე ტუტუცო?!. - უყვირა ლენდლესმა მის კაბინეტში რის ვაი-ვაგლახით შეღწეულ მატის.

- გარიგება აღარ შედგება! - პირდაპირ საქმეზე გადავიდა მატი.

- რა გარიგება?

- `იუნათედთან~ შერწყმას ვგულისხმობ. არჩევანში შეცდით, მისტერ ლენდლეს...

- რას ბოდავ, შე ძუკნავ, შენა! რა შერწყმა, რის არჩევანი? აბა, ერთი კარგად მომისმინე...

- არა, მისტერ ლენდლეს! - მშვიდად გაეღიმა მატის. - ახლა უკვე თავად მოგიწევთ ჩემი მოსმენა. Uურჰარტის კანდიდატურა თქვენი კრეატურა, უფრო მარტივად კი ის დოღის ცხენი იყო, ვისზეც ფსონს ჩახვედით და ახლა, თქვენი წყალობით, პრემიერ-მინისტრის სავარძელს სულ ორიოდე ნაბიჯიღა თუ აშორებს. რაღა თქმა უნდა, სამაგიეროდ თავადაც ძალზე მნიშვნელოვანი რამ - ურჰარტის დახმარებით ეკონომიკური კონკურენციის საკითხში მთავრობის პოლიტიკის თავდაყირა დაყენება და ამ გზით თქვენი ბიზნესის საგრძნობი გაფართოება გსურდათ.

- მაინც რით შეძლებთ თქვენი ესოდენ შთამაგონებელი თეორიის დასაბუთებას, მის სტორინ? - როგორც იქნა, თავი ხელში აიყვანა მაგნატმა.

- საქმეც ისაა, რომ არაფრის დამტკიცება-დასაბუთება არ დამჭირდება. - ისევ მშვიდად გაეღიმა მატის. - საკმარისია, ამ ამბის გამო ხმაური ავტეხო, რომ თავადვე დაინახავთ, მტერ-მოყვარე ზურგს როგორ ერთსულოვნად შეგაქცევთ.

- მართლა? მაინც როდის მოხდება ეს? მაშინვე ხომ არა, რაოგორც კი ჩემი კრეატურა ფრენსის ურჰარტი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს? - ჩაიქირქილა მაგნატმა.

- ძალზე ცოტა ხნით დაიკავებს, მისტერ ლენდლეს, რადგან მის საშინელ დანაშაულებს ძალიან მალე გამოვააშკარავებ...

- შენ? - სავარძელში უკვე არხეინადაც გადაწვა ლენდლესი. - მაინც რა გულუბრყვილო ყოფილხარ. გგონია, ვინმე დაგიჯერებს? და რომც დაგიჯერონ, ვინმე რამეს მოიმოქმედებს? დღეს საღამოს ფრენსის ურჰარტი უკვე პრემიერ-მინისტრი გახდება და ნუთუ მართლა ფიქრობ, რომ ამის შემდეგ მსგავს პოლიტიკურ ხათაბალაში ქვეყნის გახვევას ვინმეღა მოისურვებს?.. ხომ არ დაგავიწყდა, ლიბერალური პარტიის ლიდერ ჯერემი ტორპის პასუხისგებაში მიცემას მთელი შვიდი წელი რომ დასჭირდა? თანაც, ის მკვლელობის მცდელობისთვის დააპატიმრეს, შენ კი მხოლოდ რაღაც წვრილმან თაღლითობებსა თუ გადაცდომებზე მელაპარაკები. მოკლედ, ჩემო გოგონი, საბრალდებო საქმის ასაგებად ყველაზე მთავარი არ გაქვს...

- ცდებით, მისტერ ლენდლეს, - გააწყვეტინა მაგნატს მატიმ. - მაქვს.

- რა გაქვს? - გაოცდა ლენდლესი. - მე გვამზე გელაპარაკები.

- მეც. იცით თუ არა, რომ თქვენმა რჩეულმა ფრენსის ურჰარტმა პარტიის რეკლამებისა და პროპაგანდის სამსახურის დირექტორი როჯერ ო"ნეილი მოკლა? მართალია, ამის დამტკიცება ძალიან გამიჭირდება, სამაგიეროდ, ამ მკვლელობის გარშემო ისეთი ქარიშხლის დატრიალება შემიძლია, თვით დაუნინგ-სტრიტის ფანჯრებსაც რომ ჩარჩოებიდან ამოყრის.

- ჩემგან რას ითხოვ? - ზორბა ტანზე მორგებული უზარმაზარი სავარძლიდან ძლივსღა წამოიმართა საფუძვლიანად შეშფოთებული მაგნატი.

- ურჰარტის გალურსმვნაში დამეხმარება, რაც მარტო ბიზნესს კი არ გადაგირჩენთ, დღის გმირადაც კი გაქცევთ...

- უკვე პარლამენტის წევრების ოთხმოც პროცენტზე მეტმა მისცა ხმა და ფრენსის ურჰარტი მგონი, ძალიან დიდი უპირატესობითაც კი იმარჯვებს. - უთხრა ვესტმინსტერში მისულ მატის ერთ-ერთმა კოლეგამ.

- თავად გამარჯვებული სადღაა?

- ზამთრის ბაღში. - მატის კოლეგას პასუხი დაასწრო იქვე მდგარმა პოლიციელმა. - ზამთრის ბაღში? - გაუკვირდა გოგონას.

- დიახ. ამ შენობის სახურავზე ბაღის არსებობაზე თქვენსავით ბევრს არ სმენია, მისტერ ურჰარტი კი იქ საკმაოდ ხშირად ადის. ალბათ, იქიდან გადახედვა თუ მოსწონს.

სახურავზე ასულმა მატიმ ჯერ თოვლზე ახალი ნაკვალევი, შემდეგ კი ფრენსის ურჰარტიც შენიშნა, რომელიც სივრცეს კმაყოფილი სახით გასცქეროდა.

- მის სტორინ? - ამ ადგილზე ვინმეს და, მით უმეტეს, აბეზარი ჟურნალისტის ხილვამ საკმაოდ გააოცა მთავარი შოლტი. - როგორც ჩანს, ჩემი დევნა უკვე ჩვევად გექცათ. აქ კი ალბათ, მთლად ექსკლუზიური ინტერვიუს აღების იმედად ამომაკითხეთ, ხომ?

- დიახ, ძალიან ექსკლუზიური ინტერვიუს აღების იმედად... მაგრამ იქნებ, მანამდე ეს წაგეკითხათ. - ჩანთიდან ქაღალდის პატარა ფურცელი ამოიღო და ურჰარტს გაუწოდა მატიმ. - ეს-ესაა, ტელეტაიპიდან ავიღე. ერთ-ერთი სააგენტოს ცნობაა.

- მაინც რას იტყობინება ეგ სააგენტო, მის სტორინ? - ფურცლის გამორთმევა რატომღაც არ იჩქარა ურჰარტმა.

- იმას, რომBბენჟამინ ლენდლესმა საკუთარი ბიზნესისა და სახელის გადარჩენა და თქვენი ჩაძირვა გადაწყვიტა. ოღონდ, აქ ჯერ მხოლოდ კონცერც `იუნაითედ ნიუსფაიფერს გრუპთან~ შერწყმის გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზზე საუბრობს, დანარჩენს კი საზოგადოებას ალბათ, თავის იურისტთან საფუძვლიანი მოთათბირების შემდეგღა აუწყებს.

ურჰარტი გაშრა.

- მანამდე კი იქნებ, ჩემს კითხვებზე გეპასუხათ.

- რა კითხვებზე?

- ჩარლზ კოლინრიჯის სახელზე ყალბი საბანკი ანგარიში როჯერ ო"ნეილს კი იძულებით გაახსნევინეთ, მაგრამ როცა პოლიცია გამოძიებას დაიწყებს, იმ საბანკო ანგარიშის ქვითარზე მის ხელმოწერას აღმოაჩენს თუ თქვენსას?

- უნდა გითხრათ, რომ ძალიან ცოცხალი წარმოსახვა გქონიათ, მის სტორინ. - დამცინავად გაეღიმა ურჰარტს. - ასე თუ გააგრძელეთ, ალბათ, ჩემი სხვა ცოდვებში მხილებაც არ გაგიჭირდებათ.

- ჩემი წარმოსახვა კი არა, აი, ეს ფირი გამხელთ. - ჩანთიდან ამოღებული მაგნიტოფონი ხელში შეათამაშა მატიმ. - ლენდლესი ხომ ყველა თქვენს საიდუმლო საუბარს სწორედ მასზე იწერდა. თან, ამას ჩემი სტატიაც დაემატება, რომელსაც მისტერ ლენდლესი თავის `ტელეგრაფში~ ხვალვე სრულად გამოაქვეყნებს.

- ლენდლესი ამას არაფრით იზამს.

- იზამს, მისტერ ურჰარტ, აბა, თქვენს დანაშაულს საკუთარ თავზე ხომ არ აიღებს? ისე, მე მაინც ის უფრო მაინტერესებს, როჯერ ო"ნეილი როგორ მოკალით?

`რადგან უკვე ესეც იცის, ეს გოგო აქედან ცოცხალი ვეღარ წავა~, - გაიფიქრა მთავარმა შოლტმა და შემდეგ ხმამაღლა დასძინა:

- თაგვის წამლით, მის სტორინ. ამის გაკეთება სულაც არ გამჭირვებია. და საერთოდაც, ო"ნეილი იმდენად სუსტი და უხერხემლო ადამიანი იყო, რომ დიდხანს სიცოცხლეს ნამდვილად არ იმსახურებდა.

ამ სიტყვების შემდეგ ფრენსის ურჰარტმა იქვე მდგარ საკმაოდ მძიმე სკამს წამოავლი ხელი და ის იყო, მატისთვის თავში მთელი ძალით უნდა ჩაეცხო, რომ მოულოდნელად ხელი ჰაერში გაუშეშდა.

- თურმე, ესეც შეგძლებიათ, მისტერ ურჰარტ. - წარბიც კი არ შეუხრია მატის. - მე კი რატომღაც მეგონა, მხოლოდ ადამიანის მალულად განადგურება, ზურგში ლახვრის ჩაცემა თუ შეგეძლოთ, მაგრამ შევცდი, რადგან ახლა პირდაპირ თვალებში მიყურებთ და ისე მიპირებთ მოკვლას.

ურჰარტმა ჯერ სკამიანი ხელი ჩამოუშვა, მერე კი მუხლებზეც დაეცა:

- მაინც ვერაფერს დამიმტკიცებთ...

- მე ალბათ, გამიჭირდება, მაგრამ ამ მაგნიტოფონს კი მართლა ვეღარსად წაუხვალთ, რადგან ეს წუთია, თქვენი აღიარება ჩაიწერა...

ამ სიტყვების შემდეგ მატიმ ურჰარტს ზურგი შეაქცია და იქაურობას გაეცალა. ცოტა ხანში კი დათოვლილ ბიგ-ბენზე არეკვლის შემდეგ ათასობით პატარა ნაწილებად დაღვრილმა ჩამავალი მზის სხივმა თვალი მოსჭრა ამერიკელ ტურისტს, რომელიც ამ სილამაზის ფირზე აღბეჭდვას ცდილობდა. ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, მოგვიანებით ტურისტმა ადგილობრივ ჟურნალისტებს ასე აუწერა:

`მართლა გამაოგნებელი სანახაობა იყო: ჯერ მზის სხივებში გახვეული პარლამენტის შენობა დაემსგავსა უზარმაზარ ცეცხლოვან ჩირაღდანს, Mმერე კი მაღლიდან, თითქოს პირდაპირ ბიგ-ბენიდან, ამ ცეცხლში ჩამწვარი ფარვანა ჩამოვარდა და მიწას დაენარცხა. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ სინამდვილეში ის მწერი კი არა, ადამიანი აღმოჩნდა, ერთ-ერთი თქვენი წამყვანი პოლიტიკოსი, სახელად ფრენსის... სამწუხაროდ, გვარი დამავიწყდა და იქნებ, შემახსენოთ...~

დასასრული