ეს სა­ში­შია! - რის­კენ მი­ილ­ტ­ვი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი - გზაპრესი

ეს სა­ში­შია! - რის­კენ მი­ილ­ტ­ვი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი

მოზარდის მიერ მშობლის მკვლელობის და შემდეგ, მისი მეგობრების სადისტურმა საქციელმა ბევრ ადამიანს დააკარგვინა ჰუმანიზმი და ისინი მოითხოვენ, დამნაშავეები საკადრისად, რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯონ. რთულია, ასეთ დროს ადამიანების მოთხოვნას წინ აღუდგე და მოზარდების დაცვა სცადო, რადგან მათი საქციელი მართლაც, ყოველგვარ ზღვარს ასცდა - ამ ახალგაზრდების მიერ გამოჩენილი სისასტიკე შემაძრწუნებელია. არადა, მახსოვს, რამდენიმე წლის წინ საზოგადოება მოზარდებს განსხვავებულობასაც ვერ ჰპატიობდა, ძველი თაობის წარმომადგენლები კი ეძებდნენ გზას, რომ მოზარდები შეძლებისდაგვარად დაეცვათ ცუდი საქციელისგან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა...

უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ ოდესღაც ტაბუდადებულ თემაზე - რას აკეთებენ მოზარდები მაშინ, როცა საზოგადოების უმეტეს ნაწილს სძინავს? უკვე აღარ მალავენ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა სადისტური საქციელით (ცხოველის ან ფრინველის წამებით, რიგ შემთხვევაში კი ადამიანის წვალებით) ცდილობს იმ ენერგიისგან გათავისუფლებას, რომელიც მოსვენებას არ აძლევს...

რატომ უჩნდება მოზარდს სურვილი, ცოცხალ არსებას ტკივილი მიაყენოს, სასაფლაოზე იაროს და ბუდიდან ღამურის მსგავსად, მხოლოდ ღამით გამოვიდეს? მათი ქმედება არის მართლაც სადიზმის გამოვლინება, რომელიმე სექტის ზეგავლენა თუ უბრალოდ, ეს ერთგვარი გასართობია? როგორც უნდა გაგიკვირდეთ, თავად მოზარდები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი დროებითია, წარმავალია და ამის გამო პანიკის ატეხა არ ღირს. თუმცა, დრო რაც უფრო მეტად გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა მიელტვის განსხვავებულობას და იმისთვის, რომ გამორჩეული იყოს, გზად ყველაფერს ანადგურებს, მერე კი, როცა ჩიხში მოექცევიან, ამ ყველაფერს "სექტანტობას" აბრალებენ და ამბობენ, რომ რაღაც დაჯგუფებაში უნებურად აღმოჩნდნენ და იქ გონება გადაუტრიალეს. თუმცა, ამ სექტის შეფის ან შეკრების ადგილის მითითება ბევრ მათგანს უჭირს და ამიტომაც არის, რომ საზოგადოების წევრები ვერ ვხვდებით, ეს რეალობაა თუ უცნაური თამაში, რომლის გამოისობითაც, ახალგაზრდები თავსაც საფრთხეში იგდებენ და სხვებსაც პრობლემებს უქნიან.

გოგონას, რომლის ინტერვიუსაც ახლა შემოგთავაზებთ, წლების წინ შევხვდი. სიმართლე გითხრათ, მაშინ ჩემი რესპონდენტის გულახდილობაში ეჭვი შემეპარა, მაგრამ მერე მივხვდი - ამ ამბავში დაუჯერებელი არაფერია და დღევანდელი გადასახედიდან კი ვფიქრობ, რომ ახალ თაობას აუცილებლად სჭირდება დახმარება, რომ რეალური სამყაროდან ირეალურში არ გადაინაცვლონ და ისეთი შეცდომები არ დაუშვან, რომელიც არა მარტო მათ, არამედ ამ ახალგაზრდების გარშემო მყოფებსაც დააზარალებს... ამ გოგონამ, რომელიც ეგოდ გამეცნო, ვიდრე შევხვდებოდი, ჯერ მობილურზე დამიმესიჯა:

"იმედია არსებობ, მე ეგო ვარ, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ძლიერი. მინდა იმ მოზარდებზე გელაპარაკო, რომლებიც ჩემსავით, ღამეს სასაფლაოზე ათევენ. მართალია, ჩემი სამეგობრო წრე საკმაოდ ვიწროა, მაგრამ საინტერესო. დარწმუნებული ვარ, ის მოზარდები, რომლებიც ამას წინათ ტელეეკრანზე გამოჩნდნენ, ყალბები არიან, მე კი ნამდვილად ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ და მეგობრებთან ერთად, მთვარისა და ვარსკვლავების ცქერით ვტკბები... თუმცა, ზოგჯერ კატებს ჩვენც ვაწვალებთ, რადგან საამისოდ მიზეზი გვაქვს... დამიკავშირდი და გპირდები, გულახდილი ვიქნები".

როცა პასუხი დავუგვიანე, დამირეკა და მკაცრი ტონით მითხრა:

- რა იყო, ჩემი გეშინია და ამიტომაც არ დამირეკე თუ უბრალოდ, ეს თემა არ გაინტერესებს?

- ვინ ხარ?

- მე ის ვარ, ვინც მართლა ღამის ცხოვრებით, ღამურასავით ცხოვრობს და არა - უბრალო ჯამბაზი. იქნებ შემხვდე. გპირდები, არაფერი დაგიშავდება და ჩემთან ლაპარაკი ალბათ, ცოდვაშიც არ ჩაგეთვლება. უბრალოდ მინდა, მეგობრის დღიური გადმოგცე...

თავიდან მეგონა, გოგონა ვარდების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან დამიბარებდა, მაგრამ შევცდი: პაემანი ლიტერატურულ კაფეში დამინიშნა. კიდევ ერთი მოულოდნელობა ისიც გახლდათ, რომ სხვა უცნაური იმიჯის მქონე მოზარდებისგან განსხვავებით, ის ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. საზოგადოების ყურადღებას მხოლოდ გახვრეტილი ცხვირითა და ენით (რომელიც ცხადია, თუ არ დაილაპარაკებდა, არც უჩანდა) იქცევდა.

ეგო:

- სანამ გაგეცნობოდი, აქეთ-იქით ისე იყურებდი, მივხვდი, უცნაური იმიჯის მქონე გოგონას ეძებდი. ასეა?

- რაღა დაგიმალო და, ასეა!

- მე დღისით ჩვეულებრივი, თანატოლებისგან არაფრით გამორჩეული იმიჯი მაქვს; სამაგიეროდ, საღამოს რომ შემხვდე, ვერ მიცნობ: შავი პარიკი მაქვს, რომლის ტარებაც ძალიან მიყვარს. საყურესაც შავს ვიკეთებ და მაკიაჟსაც. ჩემი ტანისამოსი ღამურას ფრთებს მოგაგონებთ. მოკლედ, სადმე რომ შემხვდე, დარწმუნებული ვარ, მაგრად შეგეშინდება, თუმცა არც ისეთი საშიში ვარ...

- ასე ჩაცმულ-დახურული სადმე მიდიხარ თუ...

- არა, სარკის წინ ვდგები და საკუთარი სილამაზით ვტკბები (იცინის). რა თქმა უნდა, მივდივარ, თანაც - სასაფლაოზე, სადაც ჩემი მეგობრები იკრიბებიან.

- საინტერესოა, როგორ ერთობით?

- ვსვამთ, ვეწევით, ვლაპარაკობთ. ჩვენ კითხვა გვიყვარს, ვგიჟდებით წიგნებზე. ჰოდა, წაკითხულს ერთმანეთს ვუზიარებთ. ყველაზე მეტად მძაფრსიუჟეტიანი ნაწარმოებები გვიზიდავს.

- ზოგჯერ ცხოველებსაც ვაწვალებთო, - მომწერე.

- მხოლოდ კატებს.

- რატომ? ამ ცხოველმა რა დაგიშავათ? მისი წვალების პროცესი სიამოვნებას განიჭებთ?

- არა, ამაში სასიამოვნო აბა, რა უნდა იყოს? უბრალოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კატა უწმინდური ცხოველია და თუ მას ისე მოვექცევით, როგორც უწმინდურ არსებას, მაშინ ბინძური აურისგან სული გაგვეწმინდება.

- ვერაფერი გავიგე...

- ჰო, ჩვენ რომ გაგვიგო, ჩვენნაირი უნდა გახდე (იღიმის); ჩვენნაირი რომ გახდე, სულიერად ძლიერი უნდა იყო, ღამით სასაფლაოზე სიარულის არ უნდა გეშინოდეს... ოდესმე ღამით სასაფლაოზე ყოფილხარ?

- კი, ვყოფილვარ, მაგრამ ვაღიარებ, ძალიან შემშინებია.

- ეს იმიტომ, რომ სული და გონება ცუდი ფიქრებით გაქვს დამძიმებული. მე და ჩემი მეგობრები განწმენდილები ვართ და ამიტომაცაა, რომ არაფრის, მათ შორის, იმ ქვეყნად გადაბარგებისაც არ გვეშინია. შენ რომ სუფთა იყო, მაშინ სასაფლაოზე ყოფნისას კი არ შეგეშინდებოდა, არამედ ამისგან სიამოვნებას მიიღებდი. იცი, რა კაიფია, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად მარტო ხარ, მოწმენდილ ცას, ბრჭყვიალა ვარსკვლავებს უყურებ და ლაპარაკობ შენთვის საინტერესო თემებზე? როცა იცი, რომ ის ადგილი, სადაც იმწუთას ხარ, ამქვეყნიური არაა?! ეს ჯადოსნური სამყაროა, სადაც შეგიძლია, მშვიდად იყო, რადგანაც ზუსტად იცი, რომ იქ არავინ გიღალატებს, ცუდად არავინ მოგექცევა, არ დაგცინებს...

- და როცა ასეთ ადგილას იკრიბებით, უცნაური იმიჯი რაში გეხმარებათ?

- ჩვენი ეშინიათ და ცოდვილები ახლოსაც არ გვეკარებიან...

- ზოგს ჰგონია, რომ შენისთანები რომელიღაც სექტის წევრები არიან...

- შეიძლება ჩვენნაირად ჩაცმული ტიპები სექტანტებიც იყვნენ (თავს ვერაფრის და ვერავის გამო ვერ დავდებ), მაგრამ ჩვენ მართლა არანაირ სექტას არ ვცნობთ. ვიცით, რომ უფალი არსებობს და მისი გვწამს, გვეშინია კიდეც. უბრალოდ, ეგაა, რომ ეკლესიაში იშვიათად დავდივართ, სანთელსაც იშვიათად ვანთებთ. სამაგიეროდ გვწამს, რომ უფალს ჩვენი ესმის. გულით მის სიყვარულს ვატარებთ... მოდი, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, რა. ეს ერთადერთი თემაა, რომელზე ლაპარაკის დროსაც ვიბნევი...

- შინიდან ასე უცნაურად ჩაცმული რომ გამოდიხარ, მშობლები რას გეუბნებიან ან ღამით მარტოს როგორ გიშვებენ?

- მათ ჩემთვის არასდროს სცალიათ. ისიც კი არ იციან, როდის სად ან ვისთან მივდივარ. მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ სასმელ-საჭმელი იშოვონ, შვილები კი "ფეხებზე ვკიდივართ"...

- და გყავს თუ - ძმა?

- ძმა მყავს, რომელსაც მამიდაჩემი ზრდის. ისინი სოფელში ცხოვრობენ. მამიდას შვილი არ ჰყავდა და ლევანიკოს გაზრდა ამიტომაც იკისრა. ჩემი წაყვანაც უნდოდა, მაგრამ ამის სურვილი თავად არ მქონდა. უკვე დიდი ვარ, საკუთარი თავის მოვლა-პატრონობა შემიძლია.

- შვილების მიმართ გულგრილობას შენი მეგობრების მშობლებიც იჩენენ?

- ზოგი ჩემს დღეშია, ზოგს კი მართალია, წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ ბავშვებს მაინც თავისი გააქვთ. ჩვენ სასაფლაოზე ყოველდღე არ ვიკრიბებით; იქ კვირაში ორჯერ, გარკვეულ დღეებში მივდივართ. ჰოდა, კვირაში ორჯერ სახლიდან გამოპარვას რაღა უნდა? ბოლოს და ბოლოს, იტყვი, რომ მეგობრის ოჯახში რჩები. თან - ზოგიერთი ჩვენი მეგობარი იმიჯს პირდაპირ სასაფლაოზე იცვლის... ამ ხალხის იცი, რა ვერ გამიგია? ჩვენს დანახვაზე ისე იჯღანებიან, გეგონება, ეშმაკი დაინახესო. კაცო, ეს უბრალოდ, იმიჯია, თორემ შინაგანად ჩვენც თქვენნაირები ვართ, მხოლოდ - უფრო თავისუფლები, ლაღები და ამავდროულად, ცხოვრებისგან "დაგრუზულები"...

- საინტერესოა, 16 წლის მოზარდი ასე რამ "დაგგრუზა"?

- ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ მაინც გეტყვი: 2 წლის წინ შეყვარებული მომიკვდა. ჰოდა, სწორედ მას მერე გადავწყვიტე, ასეთი ცხოვრებით მეცხოვრა. სხვათა შორის, ის ნამდვილი გოთი იყო და მისი გაგება მიჭირდა. ცოტა "სტრანნი" ტიპი გახლდათ, მაგრამ მე მთელი გულით ვუყვარდი. ის რომ მოკვდა, მის საფლავზე ხშირად ავდიოდი და ვტიროდი. ერთხელ დროის შეგრძნება დავკარგე - ისე დაღამდა, ვერც გავიგე. ჰოდა, ჩემს ახლანდელ მეგობრებს სწორედ იმ დღეს ჰქონიათ შეკრება. იქ რომ დამინახეს, გაუკვირდათ და შორიდან მაკვირდებოდნენ. მათ ჩემმა გულწრფელმა ცრემლებმა გული მოულბო. მოვიდნენ და პირდაპირ შემომთავაზეს: თუ გინდა, შენი ტკივილის გამზიარებლები გავხდებითო. სიმართლე გითხრათ, თავიდან მათმა იმიჯმა მეც დამაფრთხო. ისე შემეშინდა, ჭაღარაც გამიჩნდა, მაგრამ როცა დავრწმუნდი, რომ სულები კი არა, ცოცხალი ადამიანები იყვნენ, დავწყნარდი, მერე კი მათ შეკრებასაც დავესწარი. მალე მივხვდი, რომ ისინი ჩემთვის სულით მონათესავე ადამიანები იყვნენ. ჰოდა, მას შემდეგ სულ ერთად ვართ. და კიდევ, ცნობისათვის, ყველა ჩემს მეგობარს ვიღაც ძალიან ახლობელი ადამიანი ჰყავს გარდაცვლილი და ამიტომაც უყვართ სასაფლაოზე სიარული.

- თქვენზე ამბობენ, რომ ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში იკრიბებით...

- ეს ჩვენ ნამდვილად არ ვართ. იქ ის მოზარდები იკრიბებიან, რომლებსაც უცნაურად გართობა უყვართ და როგორც ვიცი, სულ სხვანაირი მუღამი აქვთ. მითხრეს, - იქ ორგიებს აწყობენო, ეს კი ჩემთვის მიუღებელია. იმ მიწისქვეშა გადასასვლელში სხვადასხვანაირ ცხოველსა თუ ფრინველს კლავენ, ჩვენ კი მხოლოდ კატას, ისიც - უმნიშვნელოდ ვაწვალებთ, მაგრამ არ ვაწამებთ, არ ვატყავებთ. მოკლედ, მათგან განსხვავებით, ნაკლებად საშიშები ვართ. მათ შეუძლიათ "დასაბრედად" ადამიანიც გაიმეტონ, ჩვენ კი ყველა გვიყვარს. უფრო მეტიც - ვცდილობთ, გაჭირვებულებს დახმარება შეძლებისდაგვარად გავუწიოთ...

- მაგალითად?

- ამას წინათ სასაფლაოსთან გოგონა იდგა და მათხოვრობდა. შეგვეცოდა, რადგან ძალიან პატარა იყო და ხელ-ფეხი სიცივისგან ჰქონდა დაწითლებული. ვთხოვეთ, თავისი სახლი ეჩვენებინა და ეთქვა, იქ ვისთან ერთად ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ლოთი მამა ჰყავდა. მე და ჩემმა მეგობრებმა გოგონა ერთ კეთილ ქალს ჩავაბარეთ. ჰოდა, ახლა ყველა ჩვენგანი ამ გოგონასთვის შეწირულობას აგროვებს... ჩვენ და იმ მოზარდებს შორის განსხვავება იმაშიცაა, რომ ჩვენ აგრესიულები არ ვართ, ისინი კი "სასტავში" ახალმისულს უსასტიკეს გამოცდას უწყობენ... მოკლედ, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს იმის გარჩევა, თუ ვინ ვინაა; რა განსხვავებაა ემოს, გოთს, პანკს და ა.შ. შორის, თორემ სხვების გამო ჩვენც ვიჩაგრებით.

მოკლედ, გასაგებია, რომ იმ მოზარდებს, რომლებსაც სასაფლაოზე სიარული იზიდავთ, საერთო ტკივილი, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება აკავშირებთ, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, ეს ღამის ცხოვრება და სადისტური ქმედებები რაღა საჭიროა? რისი დამტკიცება სურთ მოზარდებს ან ვის უწევენ წინააღმდეგობას?.. იქნებ თქვენ გაქვთ ამ კითხვებზე პასუხი? მაშინ დაგვიკავშირდით...

ჩვენ რამდენიმე მოზარდს დავუკავშირდით და დავუსვით კითხვა: აქვთ თუ არა ინფორმაცია ახალგაზრდული, ე.წ. სექტების შესახებ და მათაც თუ მიუღიათ რომელიმე მათგანში გაწევრების წინადადება?

ნინო, მეათეკლასელი:

- ვიცი, რომ ბევრი ჩემი თანატოლია გაწევრებული სხვადასხვა სექტაში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მსგავსი რამ არავის შემოუთავაზებია. ალბათ იმიტომ, რომ გარეგნულად არაფრით გამოვირჩევი. იმათმა იციან, ვის უნდა "ჩაავლონ". თუ ცოტა სუსტი და "დაგრუზული" ხარ, ე.ი. შეიძლება შენი მიღება სამეგობროში, სხვანაირად კი შესაძლოა, "ჩამშვები" გახდე და ეს არავის აწყობს... ჩემს მეგობრებსაც არ შეჰქმნიათ ასეთი პრობლემა, მაგრამ რამდენიმე ნაცნობი გვყავს, ვისაც გონებაში რაღაც ვერ აქვს კარგად და ვეჭვობთ, "გვირაბებში" დაძვრებიან. იცით, მართლა ღამურებივით არიან: უჭირთ საუბარი ახალგაცნობილთან. შეიძლება, ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვქონდეს და ლაპარაკის აწყობა ამ თემით ვცადოთ, მაგრამ "ჩაკეტილები" არიან, ახლოს არ გიშვებენ, უცნაურად გიყურებენ. ასეთებთან ურთიერთობა ძნელია და სურვილიც არ გაქვს, მათნაირი იყო. მირჩევნია, ბავშვობა ლაღი მქონდეს და არა - დაღვრემილი.

ირაკლი, მეთერთმეტეკლასელი:

- ასეთ ადამიანებს არ ვიცნობ. მგონია, რომ სექტები და რაღაც მსგავსი თავშესაფრები გამოგონილი რამ არის. ეს ვითომ ემოები, გოთები, პანკები და სექტანტები ილუზიებში ცხოვრობენ და ზღაპრებს ჰყვებიან. ახლაც, არ მჯერა, რომ რაიმე რიტუალს შეეწირა ის ქალბატონი, რომელიც ქალიშვილმა გამოასალმა სიცოცხლეს (ისიც საკითხავია, შვილმა მოკლა თუ მისმა რომელიმე მეგობარმა). მგონია, რომ უბრალოდ, ახალგაზრდების გართობას შეესწრო, რაღაც არ მოეწონა და ამიტომაც მოკლეს. ის კი, ვინც თქვა, რომ ქალბატონის ხორცი გასინჯა, მგონი შეშლილია, თანაც ისეთი - პოპულარობა რომ სურს. სხვას ვერაფერს გეტყვით.

გიო, მეათეკლასელი:

- ხშირად დავდივარ კლუბში, ვიცნობ გარეგნულად განსხვავებულ ადამიანებსაც, ზოგს ცხვირზე აქვს საყურე, ზოგს ენაზე, ტატუებითაც მოხატული აქვთ მთელი სხეული, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, სხვებისგან არაფრით გამორჩეული. ჩვეულებრივად სუნთქავენ, უყვართ, მსჯელობენ და სხვათა შორის, წიგნებსაც კითხულობენ. უწიგნური და გაუნათლებელი - ჩვეულებრივ, სხვებისგან გარეგნულად არაფრით გამორჩეულ ადამიანებს შორისაც ხომ არიან? რაც შეეხება სექტანტებს - აზრზე არ ვარ, ვინ არიან. მსგავსი ადამიანები არსად შემხვედრიან და არც რაიმე შემოუთავაზებიათ. სექტა - უბრალოდ კარგად ჟღერს და როცა ვიღაცას ცუდ რაიმეში გამოიჭერენ, მერე ამბობენ, რომ რაღაც დაჯგუფებაში ყოფილან გაწევრებული და მათი უღირსი საქციელი ამან განაპირობაო. მასე, მე და ჩემს მეგობრებსაც გვაქვს სექტა, სახელად - გართობისმოყვარულთა საზოგადოება. ვართ ძალიან თავისუფლები და შესაძლოა, ამის გამოც არ მოვდიოდეთ ვიღაცას თვალში...