და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ჭუ­რი­სე­ბი არა­სო­დეს ავად­დე­ბოდ­ნენ - გზაპრესი

და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ჭუ­რი­სე­ბი არა­სო­დეს ავად­დე­ბოდ­ნენ

ხალხში ეს სახელწოდება დღემდეა შემორჩენილი. საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი - ეკატერინე უგრეხელიძე ამბობს, რომ ეს დაავადება მედიცინაში ალოპეციის სახელწოდებით არის ცნობილი. ქალბატონ ეკატერინეს ალოპეციის თავისებურებებზე, მისი მკურნალობის გზებზე ვესაუბრეთ:

- ქალბატონო ეკა, როდის დაიწყეს ექიმებმა ალოპეციის მკურნალობა?

- ქოსა - ეს ამ დაავადების ხალხური სახელწოდებაა. სინამდვილეში ეს იგივე თმის ცვენა ანუ ალოპეციაა. დაავადებას დიდი ხნის ისტორია აქვს, რადგან გამელოტება მამაკაცებში ყველა დროს პრობლემას წარმოადგენდა. ახლო აღმოსავლეთში სიმელოტე მამაკაცური სისუსტის ნიშნადაც კი იყო მიჩნეული. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად იულიუს კეისარმა სიმელოტის დასაფარავად დაფნის გვირგვინი გამოიყენა, რომელიც შემდგომში მის განუყრელ ატრიბუტად იქცა. მოგვიანებით კი, შუა საუკუნეებში, სიმელოტეს პარიკის მეშვეობით ფარავდნენ.

ძველი ეგვიპტელები ჯერ კიდევ 3,5 ათასი წლის წინ იყენებდნენ გამელოტების საწინააღმდეგო საცხს, რომელიც ლომის, ბეჰემოთის, ბატის, ნიანგის ცხიმის ნაზავისგან შედგებოდა, ამ ნაზავში თაფლი და წითელი წიწაკაც იყო შერეული. ასეთი ძვირფასი შემადგენლობის მქონე მალამო უბრალო მოკვდავთათვის არ იყო ხელმისაწვდომი და მხოლოდ ფარაონებსა და დიდგვაროვნებს აზელდნენ სკალპში, მაგრამ ამაოდ.

- ბევრს ჰგონია, რომ ალოპეცია მამაკაცური დაავადებაა, თუმცა ასე არ არის.

- დიახ, ხალხში ასეთი არასწორი შეხედულებაც არის გავრცელებული, თუმცა, მამაკაცების 66 და ქალების 38 პროცენტს აწუხებს თმის გაძლიერებული ცვენა და სიმელოტე. ეს პროცესი ინდივიდუალურად მიმდინარეობს და შესაბამისად, მისი მკურნალობის შედეგიც განსხვავებულია. ექიმებს მიგვაჩნია, რომ ეს დაავადება მამაკაცისთვის ისეთივე მტკივნეულია, როგორიც ქალისთვის. ყველას სურს, მომხიბვლელი გარეგნობა ჰქონდეს და წარმოიდგინეთ, რა შოკის მომგვრელია, როდესაც ერთ `მშვენიერ~ დღეს ადამიანს თმის ცვენა ეწყება.

- რა არის თმის ცვენის მიზეზი?

- თმის გაძლიერებული ცვენა ბევრი მეზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის ენდოკრინული პათოლოგიით, ფსიქოვეგეტატიური და იმუნური დაავადებების გამო გამოწვეული დარღვევებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებითა და გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით - როგორიცაა გამოსხივება, ქიმიკატები და ა.შ... ალოპეციის მთავარი მიზეზი მამაკაცური ჰორმონების სიჭარბეა.

ამიტომ, ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ საჭურისები არ მელოტდებოდნენ. შემდეგ კი, ამის თაობაზე არისტოტელეც წერდა. XX საუკუნის 40-იან წლებში ექიმი ჰამილტონი აქტიურად იკვლევდა გამელოტების შესაძლო მიზეზებს. მან ორი ძირითადი ფაქტორი დაასახელა - მამაკაცის ჰორმონების ჭარბი რაოდენობა და გენეტიკური წინასწარგანწყობა. ალოპეციის სამი ძირითადი ფორმა არსებობს, რომელსაც სხვადასხვა შედეგამდე მივყავართ, ესენია: 1. თმის ბუდობრივი ცვენა, რომელიც თმის საფარვლის ერთ, ან რამდენიმე უბანს მოიცავს. 2. ტოტალური ალოპეცია, რომლის დროსაც თმის ცვენა აღინიშნება მთელ სკალპზე და 3. უნივერსალური ალოპეცია - ამ დროს თმის ცვენა აღინიშნება როგორც თავის თმიან საფარველზე, ასევე სხეულზეც.

- ზოგიერთი მკვლევარი თმის ცვენის მიზეზად სტრესსაც ასახელებს.

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც გამელოტებამდე მივყავართ, არის ფსიქიკური სტრესი, თუმცა სტრესსა და ალოპეციას შორის პირდაპირი კავშირი არ არის დადგენილი. ამ კავშირის დადგენა რთულია თუნდაც იმის გამო, რომ ადამიანს სტრესი თმის ცვენის გამოც უვითარდება. სტრესი შეიძლება განვიხილოთ როგორც გარეგანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს თმის ცვენის განვითარებას. თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს ფიზიკური ტრავმაც. სამედიცინო ლიტერატურაში ცნობილია მრავალი ფაქტი, როდესაც ალოპეციის მიზეზი ფიზიკური ტრავმა გამხდარა. ასევე აღწერილია ფაქტები, როდესაც თმის ცვენა გადატანილი ინფექციური დაავადებების შედეგად განვითარებულა. მეცნიერები ამ ფაქტს ხსნიან როგორც ორგანიზმის იმუნური სისტემის პასუხს მასში შეჭრილი უცხო ანტიგენის მიმართ.

- ქალბატონო ეკა, რა მოვლენაა თმის მასობრივი ცვენა, რომელიც ე.წ. ქოსებისთვის არის დამახასიათებელი?

- ექიმები მას უნივერსალურ ალოპეციას უწოდებენ. ეს არის თმის ცვენის ყველაზე იშვიათი ფორმა, რომლის დროსაც აღინიშნება თმის სრული გაცვენა თავზე და მთელ სხეულზე. ამ დაავადების მიზეზად ქრომოსომებში გენურ მუტაციებს მიიჩნევენ. დაავადება თავს იჩენს დაბადებისთანავე და მკურნალობას ძალიან რთულად ექვემდებარება. შედარებით მსუბუქი ფორმაა ტოტალური ალოპეცია, რომლის დროსაც პროცესი ვრცელდება თავის თმიან საფარველზე და შეიძლება წარბები და წამწამებიც მოიცვას. ასევე შესაძლებელია ფრჩხილების დაზიანება და გათხელება. ტოტალური ალოპეციის დროს არ აღინიშნება რაიმე ტკივილი ან სისუსტე. ასეთი ადამიანები სხვა მხრივ ჯანმრთელები არიან. ტოტალური ალოპეცია არ არის გადამდები დაავადება, მაგრამ მას გენეტიკური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაავადების განვითარების რისკი შთამომავლობაში საკმაოდ მაღალია. ის თანაბრად არის გავრცელებული ქალებსა და მამაკაცებში.

- დაბოლოს, რამდენად რთულია ალოპეციის მკურნალობა?

- მკურნალობა დამოკიდებულია კვლევის შედეგებზე: თუ თმის ცვენის მიზეზი განპირობებულია ჰორმონული დარღვევით, მაშინ მკურნალობა მიმართულია ამ დარღვევის აღდგენისკენ. ძირითადად კომბინირებული მკურნალობა გამოიყენება. ის მოიცავს როგორც პერორალურ ანუ შინაგანად მისაღებ პრეპარატებს, ასევე გარეგანი მოქმედების საშუალებებს და ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. რაც შეეხება ბუდობრივი ცვენის შემთხვევებს, რაც თმიან საფარველზე გამელოტებული უბნების გაჩენას იწვევს, ეს მოვლენა ძალზე ხშირია როგორც დიდებში, ასევე ბავშვებში. მკურნალობის ეფექტიანობა ბუდობრივი გამელოტების დროს საკმაოდ მაღალია. მართალია, მკურნალობა ხანგრძლივია, მაგრამ 1,5-2 თვის შემდეგ ღინღლის გაჩენა თმისგან მოტიტვლებულ ადგილზე პაციენტს იმედს უჩენს და დადებითად განაწყობს.

ხათუნა ჩიგოგიძე