ბედისწერა - გზაპრესი

ბედისწერა

ეს ჩანაწერი ჟურნალ "გზის" ერთგულმა მკითხველმა, ასაკოვანმა ქალბატონმა - ნანი დუმბაძემ გამოგვიგზავნა. მასში ასახული ამბავი რეალურს ძალიან ჰგავს და შეიძლება, ბევრს ეცნოს კიდეც, მაგრამ როგორც ავტორი ამბობს, უბრალოდ, ჩანახატია...

ერთ დღეს მივხვდი, დედა უნდა გავმხდარიყავი. უცნაური სითბო ჩამეღვარა გულში. მოსვენება დავკარგე. გიგი ამ ამბავმა ძალიან გაახარა, მთელ თავისუფალ დროს ჩემ გვერდით ატარებს; უნდა გამიადვილოს ის ტკივილი და მძიმე წუთები, რაც შვილის დაბადებას ახლავს თან...

9 თვის შემდეგ, ჩვენი შვილის დაბადება დღესასწაულად გვექცა. ვაჟი შეგვეძინა, რომელსაც საბა დავარქვით. ჩემი ქმარი ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. გახარებულია ჩვენი სამეგობრო, მშობლები, ნათესავები... საბა პირველი შვილიშვილია ჩვენი დედ-მამისთვის და თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებიან პატარას სიყვარულში. სათამაშოებით აუვსეს მთელი ოთახი. ასეირნებენ სუფთა ჰაერზე, რჩევა-დარიგებებით მავსებენ.

გიგი შინ შემოვა თუ არა, მაშინვე ბავშვის საწოლს მივარდება და ეფარება, კოცნის, ოთახებში დაარბენინებს; ჩაიწვენს ლოგინში და ისე ელაპარაკება, როგორც დიდ ადამიანს. თითქოს ესმისო, ბავშვიც უცინის...

ერთ დღეს საბა ცუდად გახდა, სიცხემ აუწია. მე და გიგიმ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაჩემი მოგვეყვანა. რა არ გავუკეთეთ, მაგრამ ტემპერატურა მაინც თამაშობდა: ძლივს დავუგდებდით და ცოტა ხანში ისევ მაღლა მიიწევდა.

- შვილო, სახლში უცხოეთიდან გამოგზავნილი კარგი წამალი მაქვს, წადი და მოიტანე, მე კი საბასთან დავრჩები, - მითხრა დედამ.

სასწრაფოდ გავქანდი სამარშრუტო ტაქსით. მშობლების ბინიდან, წამლებით ხელში გამოვდიოდი, როცა ეზოში გურამი დავინახე, მანქანას რეცხავდა. მივესალმე. მკითხა, - რა ხდებაო? ვუპასუხე, რომ ძალიან მეჩქარებოდა და სიტუაცია ავუხსენი.

შემომთავაზა: შემოდი სახლში და დამელოდე, ორ წუთში მოვწესრიგდები, მე გაგიყვანო. არ ვიუარე. ოთხაში რომ შევედი, მის ახალ ნახატებს შევავლე თვალი, რომლებიც კედლებზე გამოეფინათ.

- წავედით, თამთა, - დამიძახა გურამმა. მანქანაში სიჩუმე მე დავარღვიე:

- შენი ნახატები ვნახე. რატომღაც მომეჩვენა, რომ ყველა ქალი რაღაცით მე მგავს.

- ამ სურათებს ჩემი გული და თითები ხატავენ. საქმეს თავისთავად აკეთებენ, მე კი არაფერს მეკითხებიან. ჰოდა, თუ გინდა, მათ უსაყვედურე, - მითხრა ღიმილით.

- არ გრცხვენია? არაფერს გსაყვედურობ... ცოლი არ მოგყავს? გეყოფა მარტოობა...

- ბედია ყველაფერი, - მხოლოდ ეს მითხრა. ამასობაში, ჩემს სახლთანაც მივედით. სასწრაფოდ გადმოვედი მანქანიდან და გურამს ნაჩქარევად დავემშვიდობე.

კიბე სულმოთქმელად ავირბინე.

- დედა, საბა როგორ არის? - ვიკითხე, კარი შევაღე თუ არა. მერე პასუხს არც დაველოდე, ისე მივვარდი შვილის საწოლს. ბავშვს თვალები დაეხუჭა, ტუჩებს უცნაურად აცმაცუნებდა და თითქოს, იღიმოდა კიდეც.

- ახლახან ჩაეძინა, ნუ გააღვიძებ...

- დედა, იცი, ვინ მომიყვანა? - ვუთხარი დედას, როცა მივხვდი, საბა უკეთ იყო: - ჩვენმა მეზობელმა, გურამმა. სანამ თავს მოიწესრიგებდა, რომ წამოვეყვანე, მის ბინაში შევედი და ნახატები დავათვალიერე. სამი თუ ოთხი ქალის პორტრეტი დაუხატავს და იცი, რამ გამაკვირვა? - ერთს ჩემი თვალები აქვს, მეორეს ცხვირი, მესამეს ღიმილი... დედა, ნეტავ, ისევ ვუყვარვარ?

- სულაც არ მიკვირს ეს ყველაფერი. ალბათ, შენდამი დაფერფლილ სიყვარულს პორტრეტში აცოცხლებს. სხვა რა გზა აქვს? სიყვარულის დავიწყებას დრო უნდა, შვილო, დიდი დრო. ისე, ნამდვილად კეთილშობილი ყმაწვილია, დინჯი, გაწონასწორებული. მენანება მარტოსულობისთვის...

ამასაობაში, საბამ გაიღვიძა და გაგვიღიმა.

მეორე დღეს, ბავშვი უკვე კარგად გახდა, მაგრამ ბებიას ვეღარ ვაშორებთ...

ერთ დღეს გიგი ახალ სამოსში ლამაზად გამოეწყო და, - კულტურის მინისტრი მიბარებსო, - მითხრა. შინ შესანიშნავ ხასიათზე დაბრუნდა. ვახშმობის შემდეგ მთხოვა:

- თამთა, ეს კოსტიუმი მომიწესრიგე. ხვალ 7 საათზე საგანგებო თათბირი გვაქვს... ისე, შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა? - და მაგრად მომეხვია...

მისი ტანისამოსის მოწესრიგებისას, გიგის პიჯაკის ჯიბიდან, ცხვირსახოცთან ერთად, ოპერის თეატრის ბილეთებიც ამოვიღე. რიგი მეხუთე, ადგილი 7 და 8. ეს ის ადგილებია, სადაც ჩვენ ვსხდებით ხოლმე. რატომ არაფერი მითხრა? დავიჯერო, სხვა მიყავს?..

- დედა, ამიყვანე, რა, - გამაწყვეტინა ფიქრი საბამ. გულზე მაგრად მივიკარი.

- რამ გაგაღვიძა, ჩემო სიცოცხლევ? - ვკითხე და უნებურად, ავტირდი. საბა გაკვირვებული მიყურებდა და პატარა თითებით მეფერებოდა...

ანანოს სიტყვები გამახსენდა. მთელი ღამე ვფიქრობდი და ვცდილობდი გამომეცნო, მეორე დღისთვის მე დამპატიჟებდა თუ არა თეატრში.

დილით ისე წავიდა, არაფერი უთქვამს. ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი და ერთი გიჟური იდეა გამიჩნდა: გურამს დავურეკე და ოპერის თეატრთან 7 საათზე შეხვედრა ვთხოვე. არაფერი უკითხავს. აუცილებლად მოვალო, - მიპასუხა ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა.

შუადღის შემდეგ გიგი მოულოდნელად დაბრუნდა შინ, - ცოტა ხანი წამოვწვები. ხომ იცი, შვიდისთვის თათბირზე უნდა წავიდეო. შვიდის ნახევარზე გავაღვიძე:

- გიგი, ადექი, თათბირზე გაგვიანდება.

- სასწრაფოდ გამოეწყო, სუნამო იპკურა და შინიდან ისე გავიდა, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.

მეც გამოვიპრანჭე, საბა კი მეზობელს დავუტოვე და ოპერისკენ ავიღე გეზი...

- თამთა, - მომესმა ზურგს უკან.

- გურამ, გამარჯობა, გიგი ხომ არ დაგინახავს?

- არა. ათი წუთია, რაც მოვედი და არ დამინახავს.

წინასწარ ნაყიდი ბილეთები მოვიმარჯვე და გურამთან ერთად, თეატრში შევედი, პარტერი მოვათვალიერე. გიგი ვიღაც ქალთან ერთად იყო. ამის დანახვისას, ლამის ჩავიკეცე. გურამმა შემაშველა ხელი, რომ არ წავქცეულიყავი. მკითხა: ხომ კარგად ხარო? თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, მან კი ჩვენს კუთვნილ ადგილამდე მიმიყვანა.

ფარდა გაიხსნა, მაგრამ მე გარშემო ვერაფერს ვხედავდი. ჰაერი აღარ მყოფნიდა.

უცებ, გურამმა ჩამჩურჩულა:

- თამათა, მაპატიე, გიგი მეც დავინახე. იცოდე, შენი და შენი ქმრის ურთიერთობაში ცუდად არ ჩავერევი.

ახლა გურამზეც გავბრაზდი. ქალი სულს ვღაფავ და ეს კეთილშობილებას მეთამაშება. მის ადგილას, მე სწორედ ამ მომენტს გამოვიყენებდი და ჩემს სიყვარულს მწვანე შუქს ავუნთებდი. ეს დოყლაპია კი ზის და ელოდება, რას მოვიმოქმედებ.

ანტრაქტის დროს ფოიეში გავედით. შორიდან ვხედავდი, როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს. მათკენ წავედით. ჩვენს დანახვაზე გიგი შეტორტმანდა, დაიბნა, ქალს ხელი გაუშვა და თითქოს, ჩვენთან მოსვლაც დააპირა... მაგრამ მერე როგორღაც, თავი შეიკავა და იმ ქალთან ერთად, ისევ პარტერში შევიდა. წარმოდგენის მეორე ნაწილსაც ამღვრეული გონებით ვუსმენდი. ვგრძნობდი, გიგი ახლა ჩემზე ცუდ დღეში იყო. ვინ იცის, რას ფიქრობს?..

როგორც იქნა, დამთავრდა სპექტაკლი, დაეშვა ფარდა. აღატაცებულმა მაყურებელმა ტაში დასცხო. მე დაძაბული ვიდექი გურამის გვერდით და ველოდებოდი არც კი ვიცი, რას. და აი, გიგი ჩვენკენ წამოვიდა. ის გოგონა გურამს შეაჩეჩა და სთხოვა:

- დიდად დამავალებ, ამ ქალიშვილს სახლამდე თუ მიაცილებ, შენ კი, თამთა, აქ მოდი! - მკლავში გამომდო ხელი და თავისკენ მიმიზიდა.

- გმადლობ, გურამ და შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდი, - ვუთხარი ძველ მეგობარს. გიგის არაფერი უკითხავს, ისე მივედით სახლამდე. ბავშვი დაძინებული დამხვდა. მეზობელს ვთხოვე, ჩვენთან ერთად ევახშმა და მხოლოდ ამის შემდეგ წასულიყო შინ. მისი წასვლა და, გიგიმ დაიწყო იმის ახსნა, თუ რატომ მოიქცა ასე.

- ეს გოგონა ჩვენი ახალი თანამშრომელია. რაიონიდან ჩამოვიდა. ლაპარაკისას წამოსცდა, რომ ოპერაში არასდროს ყოფილა, სპექტაკლები არასდროს უნახავს და უნებურად დავპატიჟე, მერე კი უკან ვერ დავიხიე.

- კარგი, ასე იყოს. ვიცი, შენ მე ვერასდროს მიღალატებ, - ვუთხარი და მივხვდი, მეც ძალიან მინდოდა ამის დაჯერება. თავს ძალა დავატანე და ისე მოვიქეცი, თითქოს სხვა რამ არც მიფიქრია. თავადაც არ დაუსვამს კითხვა: როგორ აღმოვჩნდი ოპერის თეატრში გურამთან ერთად...

მეორე დღიდან ისე დავიწყეთ ცხოვრება, თითქოს არც არაფერი მომხდარა წინა დღეს. ზუსტად 2 თვის შემდეგ კი მივიღეთ მიწვევა გურამის ქორწილიდან. ის იმ გოგოზე დანიშნულა, რომელიც გიგის წყალობით გაიცნო. გურამმა ისიც კი გვთხოვა, ქორწილში თამადა გიგი უნდა იყოსო და უარს ნუ მეტყვითო.

ქორწილის დღეს გიგიმ დილაადრიან მოიყვანა დედაჩემი სახლში, რათა ბავშვისთვის მიეხედა. საბამ ძალიან გაიხარა, მთელი დღე ბებოსთან რომ მოუწევდა ყოფნა. მე და გიგიმ ჯერ საჩუქარი შევარჩიეთ ახალდაქორწინებულებისთვის, მერე კი თავის მოსაწესრიგებლად სალონში შევედი.

საღამოს 6 საათისთვის ვიყავით მიწვეული საბანკეტო დარბაზში. ჩვენი დანახვა გურამს ძალიან გაუხარდა. გიგიმ სათამადო ადგილი დაიკავა, მე კი გვერდით მივუჯექი. დარბაზის ცენტრში, შემაღლებულ ადგილას ისხდნენ ნეფე-დედოფალი. გურამი ლამაზად გამოიყურებოდა. უხდებოდა ქათქათა პერანგი და ლურჯი კოსტიუმი, რომელზეც პატარა თეთრი ვარდი მიემაგრებინათ. პატარძალს შვენოდა გემოვნებით შეკერილი თეთრი კაბა, საოცრად ლამაზი ვარცხნილობა (თმაში თეთრი პატარა ვარდები ჰქონდა ჩაწნული). წყვილი ერთი და იმავე სიმაღლის იყო. თითქოს, ვიღაცას მთელი სიზუსტით, მაკრატლით გამოუჭრიაო.

იქვე, მარჯვნივ, მუსიკოსებისთვის იყო გაშლილი სუფრა. მათდამი სიმპათიით განვეწყვე, რადგან კარგად უკრავდნენ და მღეროდნენ. მექორწილეებში ახალგაზრდობა ჭარბობდა და სუფრა ხორაგით იყო სავსე.

ასეთ ღიმილიან გურამს მგონი, პირველად ვხედავდი. გულჩათხრობილი ჭაბუკი ბედნიერებას სულ სხვანაირი გაეხადა. აღტაცებულივით იყო, დედოფალს თვალებში შესციცინებდა და ისიც ძალიან ბედნიერი ჩანდა.

გიგიმ მიკროფონი მოიმარჯვა და ახალდაქორწინებულების სადღეგრძელო შესვა, მუსიკოსებმა კი მათ სიმღერა მიუძღვნეს. მხიარულად წარიმართა ქორწილი. ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ ცეკვა-სიმღერა იმართებოდა. კარგად ვისიამოვნებთ. გიგი ცეკვის დროს ჩემს თავს არავის უთმობდა. ბოლოს, მიკროფონი აიღო და გამოაცხადა:

- პატივცემულო სტუმრებო, ნება მომეცით, ჩემი ბულბული ვამღერო.

მივიდა, მუსიკოსებს რაღაც ჩასჩურჩულა. დარბაზში აჟღერდა რევაზ ლაღიძის სიმღერის - "ბიჭო, ბიჭო, მე შენს მეტის" შესავალი. დავიწყე სიმღერა თუ არა, ყველა გაისუსა. უნდა გენახათ, როგორი ფუროფი მოვახდინე. მქუხარე ტაში დიდხანს არ წყდებოდა.

- ერთიც... ერთიც... - ყვიროდნენ ახალგაზრდები. ამჯერად, ლაღიძის "თბილისო" დაუკრეს. ამ სიმღერისას, დაბრაზში მსხდომი სტუმრებიც ამყვნენ. ქუხდა ჩვენი ხმა და ამ სიმღერამ ქორწილი ნამდვილ დღესასწაულად აქცია. თითქოს, დადგმული სცენარი ყოფილიყოს. ახალგაზრდობა საერთო ცეკვაში ჩაერთო. ძალიან დიდხანს, გვიან ღამემდე ვიმხიარულეთ.

ვუყურებ მექორწილეთა გაბრწყინებულ თვალებს და ვფიქრობ: ღმერთო, მაინც რა სასწაული მოხდა იმ დღეს ოპერაში? მოვლენები რა უცნაურად განვითარდა? ვინ წარმოიდგენდა, რომ ოპერის ორი ბილეთის წყალობით იყო გაშლილი ეს ბედნიერების სუფრა? ფიქრადაც არ მოუვიდოდა გურამს, რომ ჩემს სათხოვარს მისი გაბედნიერება მოჰყვებოდა. აი, რა არის ბედი!

საოცარია, ეს სამყარო უთვალავი ადამიანითაა სავსე. იღვწიან, შრომობენ. ზოგს ბედი თან დაჰყვება, ზოგს კი უბედობა ტანჯავს და მაინც, სიცოცხლე ტკბილია, რადგან წუთია სოფელი და ამ წუთისოფლის სტუმრები ვართ ყველა.

ღმერთო ძლიერო, რა იქნება, რომ ქვეყანად არ იყოს შური, მტრობა და ყველას შეეძლოს სიცოცხლისგან მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნება. ცხოვრება ხომ მოულოდნელობითაა სავსე და ათასგვარ სასიამოვნო სიურპრიზს გვთავაზობს. აი, დღევანდელი დღე ავიღოთ მაგალითად: შეხედეთ, როგორი ბედნიერები არიან გურამი და ნატო. როგორ გაუმართლა ამ წყვილს და მეც, რომ უაზრო ეჭვიანობას არ შევწირე ოჯახი... ისე კი, მართლაც, ბედია ყველაფერი!

მკითხველო, იქნება შენ ხარ შემდეგი ბედნიერი, ვინ იცის?..  (იხილეთ დასაწყისი)

P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი!მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

გამოხმაურება

"თქვენს ჟურნალში დაბეჭდილმა წერილმა - "ახირებული დედამთილი" მოსვენება დამაკარგვინა. ვარ დედა, სიდედრი, დედამთილი და ბებია; ცოტა ხნის წინ კი ვიყავი შვილი და რძალი. ყველა ოჯახში დუღს სიცოცხლე. ყოველი დღე სიხარულისა თუ სევდანარევი დარდის ამსახველია. გარბის დრო, იზრდებიან შვილები და რომ გგონია, მორჩა, მძიმე ტვირთი გადააგორე, გაიზარდნენ და გზას დაადგნენ, თურმე ნუ იტყვით და ყველაზე დიდი ტვირთის ზიდვა ამის შემდეგ მოგიწევთ. ოჯახში შემოდის რძალი ან სიძე და იწყება ახალი ურთიერთობა...

ვუსმენ, ვკითხულობ და მიკვირს, როგორ შეიძლება, ოჯახში მოფუსფუსე ხანდაზმულ ადამიანზე ვინმემ ძვირი თქვას? წყენა? - კი, ბატონო, ხდება ხოლმე. განა, დედასა და შვილს შორის არ ხდება მსგავსი რამ? მაგრამ დედის ცუდად ნათქვამს მალე ვივიწყებთ. მაშ, რა ხდება რძალსა და დედამთილს შორის? განა, ყველა რძალი მომავალში სიდედრი ან დედამთილი არ გახდება? დრო გარბის და ყველა გადასახედიდან, ცხოვრებას სულ სხვა თვალით ვხედავთ. მთავარია, ყოველ ეტაპზე დავინახოთ და ვიგრძნოთ სიხარული, სითბო, გარშემო მყოფების სიყვარული და დავაფასოთ მათი პატივისცემა.

მე არ ვიცი იმ გოგონას სახელი, რომელმაც თქვენ მოგწერათ, მაგრამ მივმართავ როგორც, უცნობ რძალს: ამ სამ წელიწადში განა, რა უსამართლობას წააწყდი, რომ ჰუმანურობის ყოველგვარი გრძნობა დაკარგე? იცი კი რას ნიშნავს ჰუმანურობა? 3 წელი - ეს ხომ ცხოვრების ოკეანისთვის მხოლოდ წვეთია!

"არა მგონია, ვიდრე ცოლს შეირთავდა, დედასთან ჩახუტებულს სძინებოდა და ვერ გავიგე, რატომ გაუჩნდა ჩემ მიმართ აგრესია?" - ვიდრე ამ სიტყვებს მისწერდი რედაქციას, თუ დაფიქრდი, ამით რისი ტქმა გსურდა? განა, შენ შენს ლუკასთან ერთად ჩახუტებული არ იძინებ? განა, დედაშენი არ გიხუტებდა თავის დროზე? მარტოხელა, გამწარებული ქალი შვილს რომ გაზრდის და მერე შენნაირი რძალი იმას დაუწუნებს, რომ წუხს, როცა მისი ვაჟი შინ დაბრუნებას აგვიანებს და არ იძინებს მანამ, ვიდრე სახლში არ დაიგულებს, - შენი მხრიდან ეს კარგი საქციელია?

ერთ კითხვას დაგისვამ: ეს აგრესია იმ რვაწლიანი ლოდინის შედეგი ხომ არ არის, როცა დედამთილმა ბევრი გიტრიალა გარშემო და წუნი ვერ გიპოვათ ვერც შენ და ვერც შენს ოჯახს? ვერ დამაჯერებ, რომ ამ 8 წელმა შენზე გავლენა არ იქონია. ამდენი საფიქრალით დამძიმებულს, ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდება. ვკითხულობდი შენს წერილს და XXI საუკუნის ხსენებამ სული შემიხუთა. რა შუაშია საუკუნეები იმ წმინდა გრძნობებთან, რომელსაც სიყვარული და ოჯახის შექმნა ჰქვია? განა ჩვენ, სხვა საუკუნის ადამიანები არ ვქმნიდით ოჯახებს და არ განვიცდიდით სიყვარულს?! ერთი რამ ფაქტია: დიახ, ჩვენ ვერ შევეგუეთ დემოკრატიული ქვეყნის უეცარ გაშიშვლებას, ლამაზი სხეულით თავმომწონეობას, ოჯახში 10 და ზოგჯერ - 15 წლით უფროსი რძლების შემოყვანას. ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით და გრძნობებსაც სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ, მაგრამ სიყვარული ყველას შეგვიძლია. განა დედა, რომელმაც შვილი გაზარდა, მას ღამეები უთენა, მისი ტკივილი თუ სიხარული გაიზიარა, შვილიშვილს მზრუნველობას მოაკლებს? არ გაგიგონია, რომ ამბობენ, - შვილიშვილის სიყვარულმა შვილი დამავიწყაო? ჰოდა, შენ ისეთი რა დათესე, რომ ბებიასა და შვილიშვილს შორის ეს საოცარი ჯაჭვი გაწყვიტე? და თუ ასეთი ცუდი ადამიანია დედამთილი, მაშინ არ მესმის, რაში გჭირდება, რომ მან შენი შვილი აღზარდოს?

ამბობ, რომ ამ აღსარებით უბრალოდ, გული მოიოხე; თურმე არ გინდა, რომ დედამთილის სიკვდილის მიზეზი გახდე. თუ იცი, რომ დედამთილის სიყვარული ისეთი უკიდეგანოა, რომ თქვენთან დაშორებამ შესაძლოა, მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს, მაშინ რას ერჩი ამ ქალს? ცალკეც რომ გადახვიდე, მწამს, ვერც იქ იპოვი სიმშვიდეს და არ შეწყვეტ ამაში საკუთარი დედამთილის დადანაშაულებას.

მე დღესაც, 73 წლის ასაკში პატივს მივაგებ დედამთილის ხსოვნას. მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ ჩემს ოჯახში წყენა არასდროს ყოფილა, მაგრამ გეფიცებით, ბოღმა გულში არასდროს ჩამიდვია...

შვილო, დაფიქრდი ამ ყველაფერზე. ღმერთმა მადლიერებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა არ დაგიკარგოთ შენ და შენს დედამთილსაც. გფარავდეთ დედაშვილობის მადლი.

პატივისცემით, ლეილა ბებო..."

ლიკა ქაჯაია