ვინ არის ქართველი პარაფსიქოლოგი, რომელიც ტრამპმა ხელში აყვანილი ატარა - გზაპრესი

ვინ არის ქართველი პარაფსიქოლოგი, რომელიც ტრამპმა ხელში აყვანილი ატარა

პარაფსიქოლოგ თამაზ ჭეიშვილთან ინტერვიუს ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- აშშ-ში 1990 წელს ვიყავი. ერთ-ერთმა ქართველმა ებრაელმა მილიონერმა წამიყვანა - გივი ბერცვიმ. სულ ამბობდა, ებრაელი კი ვარ, მაგრამ ქართული სული მაქვსო. ნიუ-იორკში ლონგაილენდზე ცხოვრობდა და იქ ჩამიყვანა. მათ ახალ წელს ხანუკა ჰქვია, ეგენი 31 დეკემბერს არ აღნიშნავენ, მაგრამ ჩემ გამო დიდი წვეულება გამართა. პირველის ნახევარია და რეკავს ტელეფონი... ვიღაც კაცია, ეუბნება დონალდ ტრამპის დავალებით გირეკავთო და გაბრაზდა, რას მაშაყირებს, ვინააო. კიდევ დარეკა, ახლა თქვენს სახლთან ვერტმფრენი დაეშვებაო და მართლაც, გვესმის, გუგუნის ხმა ძლიერდება და ჩვენს აეროდრომზე შვეულმფრენი დაჯდა.

...

ტრამპტაუერზე დავეშვით. დარბაზში ყველაფერი ბროლის იყო, საკონცერტო როიალიც კი. საოცარი ინტერიერი. ერთ-ერთ ტახტზე 19-20 წლის გოგონა იწვა - ხანა, გრძელი, თეატრალური ბრჭყვიალა კაბა ეცვა, ტკივილისგან კვნესოდა, საბრალო. იქვე, ახალგაზრდა ბიჭი იყო, ალბათ მისი მეუღლე და მიყვებოდა, ხანას "კოსმეტიჩკა" დაუვარდა და რომ დაიხარა, ვეღარ გასწორდაო, ნემსები გავუკეთეთ და არაფერი შველისო. ამასობაში, დონალდ ტრამპიც მოვიდა, მაღალი, მხარბეჭიანი, ახმახი კაცი. წინასწარ ხომ ვიცოდი, რომ მოვარჩენდი და შევიფერე, ცოტა თამაში დავიწყე, - სიჩუმე იყოს, ხელი არ შემიშალოთ, კოსმოსთან კავშირზე გავდივარ-მეთქი (იცინის). ხალხი გაისუსა... 50-მდე დაითვლი, ღრმად ამოისუნთქავ და ადგები-მეთქი...

...

რად უნდოდა 50-მდე დათვლა, სიგნალები აღარც მოდიოდა და უკვე ვიცოდი, რომ გაუვლიდა. წამოდგა, გაიარ-გამოიარა და ატყდა ტაში და ოვაციები! ვიღას ახსოვდა ახალი წელი? მეჯლისი ჰქონდათ, ყველანაირი ჯურის, რელიგიის ადამიანი იყო იქ შეკრებილი და დროს ატარებდნენ. ბევრი შამპანური და კონიაკი დავლიე და კარგადაც შევთვერი. დონალდ ტრამპმა რომ გამომაცილა, რამდენია თქვენი ჰონორარიო, მკითხა. ოჰ, გავიგიჟე თავი, არ გრცხვენია, რა ჰონორარი, რის ჰონორარი, ძმა არ ხარ-მეთქი?! (იცინის).

რომ არ მომეშვა, მოდი ასე გავაკეთოთ-მეთქი, ლიმუზინი ხომ

Aდვერტისემენტ

გყავს, ჰოდა, შენი ლიმუზინით ახლა ლონგაილენდზე წამიყვანე, მანქანიდან ხელით გადმომიყვანე და ჰონორარიც ეგ იყოს-მეთქი! სხვათა შორის, ძალიან ექსცენტრიული ტიპი იყო და კი, ბატონოო, დამთანხმდა.

მანამდე, ხელი გადავწიოთ-მეთქი, ვუთხარი და თუ მე გადაგიწევ, წამიყვან და თუ წავაგე, ჰონორარს მე გიხდი-მეთქი! რისი გადამხდელი ვიყავი?! (იცინის) მე მგონი, ითამაშა და ძალით გადამაწევინა, წავაგეო. აბა, მე რას მოვერეოდი?

სახლთან ხალხი გაოცდა, წარმოიდგინეთ, დონალდ ტრამპს ხელში ვყავარ აყვანილი და მომაბრძანებს (იცინის). ტანად იმდენად დიდია, რომ მასთან შედარებით, ერთი ციცქნა ვჩანდი. იმ საღამოზე მაგრად გაერთო, როკ-ენ-როლი ისე იცეკვა, შპაგატშიც კი ჩაჯდა. (წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 17 ნოემბრის ნომერში)

თამთა დადეშელი