"დილით ოქრო ხარ, სტუმარო..." - გზაპრესი

"დილით ოქრო ხარ, სტუმარო..."

თავადაც ისიამოვნეს და წესით, არც სტუმრები უნდა დარჩენილიყვნენ უკმაყოფილო: სამი დღე იყვნენ შესეულები საქორწინო სუფრას და მეოთხე დღესაც, პატარძალთან ჩახუტება კი არა, გამოფხიზლებაც ვერ მოასწრო ნეფემ, რომ უთენია დაადგნენ ძმაკაცები თავზე. არ ესიამოვნა, მაგრამ როგორ შეიტყობდა, როცა თავადაც ასე იქცეოდა ყოველთვის. სამსახური არ ჰქონდა, ქეიფსა და დროს ტარებაში ხელი რომ შეშლოდა და არც ცოლი ჰყავდა აქამდე, მის გამო მაინც რომ დაზარებოდა თბილი ლოგინის მიტოვება...

- მასპინძელსა მხიარულსაოოო! - დასჭექა თამაზიამ და უცებ მიაშველა პირველი ხმა ვასიკომ. ბანი თავად იყო და რა უნდა ექნა, ნაძალადევი ღიმილით გადადგა აივანზე:

- ღიაა ისევ მარნის კარი! - გულის გასახარად შეეპასუხა სმის საღერღელაშლილ მეგობრებს, რომლებსაც არც ბევრი პატიჟიც დასჭირვებიათ და არც მარნისკენ გზის სწავლება...

ახალშერთულ ცოლს ვერ გაუბედა და ისევ დედას და დებს დაეღრიჯა:

- აბა, თქვენ იცით, არ მომჭრათ თავი, არ აალაპარაკოთ ქვეყანა ჩემზე!

იმათაც არ აწყენინეს: გააფიცხეს დარჩენილი ხაჭაპურები, შეაცხელეს ხორცეული...

ვიდრე მაგიდაზე არ ჩამოეძინათ, არ ადგნენ ფეხზე. წყევლა-კრულვით გადაათრიეს ცოლებმა ზურგზე მოკიდებული ქმრები ეზოდან. თამაზიას მაინც გაახსენდა, პატარძალი რომ არ გაეკარა მარანს:

- ხომ იცი, ნიკაია, პატარძლის ნამზადს სხვა გემო აქვს. ხვალ დილით გამევივლით და დავადგენთ, იყო თუ არა გათხუების ღირსი...

პატარძალს დანა პირს არ უხსნიდა. მთვრალი ქმრის დანახვაზე დაავლო ბალიშს ხელი და სასტუმრო ოთახში ჩაიკეტა:

- მეტი საქმე არ მაქვს, ასე უგონოდ მყოფს ჩაგაბარებ ჩემს პატიოსნებას. რა გარანტია მაქვს, რომ რაიმეს მიხვდები და დაიმახსოვრებ?!

ხვეწნის თავიც არ ჰქონდა იმ ღამით ნიკას. დილით კი ბევრი ეხვეწა ცოლს, - ნუ მომჭრი ძმაკაცებთან თავს, გამოდი, შენი ხელით გამომცხვარი ხაჭაპური გაასინჯეო, მაგრამ რომ გაჯიუტდა თამრო, არ გაჭრა არაფერმა და იმისი მადლობელიც დარჩა ქმარი, ნავთი რომ არ გადაასხა მოქეიფეებს და ცეცხლი არ შეუნთო...

ხაჭაპურები ისევ დედამთილმა და მულებმა აცხვეს, თან პატარძალს ამართლებდნენ:

- გვიანობამდე ბუხართან ტრიალებდა, ამ დილით დაწვა დასაძინებლად...

მომდევნო დღესაც რომ მოაკითხეს ნიკას ძმაკაცებმა და დედამისმა მამალი დაიჭირა დასაკლავად, პატარძალმა ნაჯახი ხელიდან გამოჰგლიჯა:

- რას მიპირებთ, თუ იცით? ერთი კვირაა ქალიშვილი დავდივარ ისევ. წამაცალე ბარემ მაგ ნაჯახით თავი და გეშველებათ, თორემ თუ გავუვარდი შენს უმაქნის შვილს და მის ძმაკაცებს, მე ვიცი, როგორაც დავატრიალებ ნაჯახსაც და მსხვილ კეტსაც; ჰოდა, მერე რომ ეხვეწოთ, ამ ჭიშკარში შემოსვლას კი არა, შემოხედვას ვერ გაბედავს ვერც ერთი...

- არ ქნა, შენ შემოგევლე, ნუ შემირცხვენ თავმოყვარე შვილს! - შეეხვეწა დედამთილი, მაგრამ თამრომ შორს მოისროლა სიკვდილს გადარჩენილი მამალი და ნაძალადევი ღიმილი აიკრა, ისე გავიდა სტუმრებთან, რომლებიც საკმაოდ ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ ქეიფის მოლოდინში...

თამრომ ძმრით სავსე დოქი დადგა ცარიელი სუფრის შუაგულში:

- თქვენთვის სულიც არ მენანება, მაგრამ ყოველდღე ქეიფით ზღვაც დაილევა. ღვინო აღარ იყო და ძმარი მოგართვით. ლობიოც ჩავადგი, ორ-სამ საათში იქნება. მამამთილი ქალაქში გავაქციე პურის ფქვილისთვის, დედამთილს სიმინდი გავატანე წისქვილში... თქვენ დაიწყეთ, არ მოიწყინოთ და...

სირცხვილისგან აჭარხლდა ნიკა. სასტუმრო ოთახიდან გასულ ცოლს გაედევნა; უნდოდა, მისთვის "საკადრისი პასუხი" გაეცა, მაგრად სეტყვად მისულს ქვა დახვდა:

- ან მე და ან შენი ლოთი ძმაკაცები... სიტყვაც რომ მაკადრო, წავალ და შენზე უკეთესს თუ არა, შენისთანას მაინც ვნახავ. ხომ არ დაგვიწყებია, ერთი კვირის მოყვანილი ქალიშვილი რომ დავდივარ ისევ? სოფელ-ქვეყანაზე მოგჭრი იცოდე თავს...

ნიკამ უკან დაიხია...

ბიჭებთან გამოჩენას სიკვდილი ერჩია, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა?!

კიდევ კარგი, ისინიც მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ და გაპარულიყვნენ...

მართალია, თამრომ ავი პატარძლის სახელი დაიმკვიდრა, მაგრამ ოჯახს ამით დიდად არ უზარალია: აღარც ისინი შეუწუხებია უთავმოყვარეო სტუმრების უდროო გამოჩენას და ნიკამაც მოიშალა აღმა-დაღმა წანწალი, შინ დროზე დაბრუნება ისწავლა.

ინგა ჯაყელი