ძაღლების სტილისტი ოთხფეხა მეგობრებზე - გზაპრესი

ძაღლების სტილისტი ოთხფეხა მეგობრებზე

ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ კინოლოგთა წრეში კარგად იცნობენ. ინტერნეტის დახმარებით დამოუკიდებლად შეისწავლა გრუმინგი (ძაღლების შეკრეჭა, დაბანა, დასუფთავება). შემოსავლით კი საკუთარ ძაღლებს უვლის. ლიზა ჯორჯაძე სოციალურ ქსელში გავიცანი და ჩვენი შეხვედრაც რამდენიმე დღეში შედგა.

GzaPress- ოჯახში ცხოველები ყოველთვის გვყავდა. 8 წლიდან ამ საოცარი არსებებით მეტად დავინტერესდი, ლიტერატურის კითხვა დავიწყე. ზოოპარკში დავდიოდი და ცხოველთა სამყაროს მეტად დავუახლოვდი. 3-4 წელია, განსაკუთრებით ძაღლებით დავინტერესი. ყველა ჯიშის ძაღლს თავისებური ხასიათი აქვს, მიდგომა სჭირდება. ქართულ ენაზე ძალიან მწირი ლიტერატურა არსებობს, სიახლეებს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე ვეცნობი. რამდენიმე კონფერენციაშიც ვმონაწილეობდი. მოვამზადე თემა ჩემს ძაღლზე და დიპლომი ავიღე. მანამდე ზღვის გოჭებზეც მქონდა ნამუშევარი.

- ოჯახში შენს ასეთ გატაცებას როგორ ხვდებიან?

- თავიდან ეგონათ, უბრალო გატაცება იყო და მალე გადამივლიდა. დარწმუნდნენ, რომ ამ საქმეს სერიოზულად ვეკიდები და ყველანაირად ხელს მიწყობენ. გრუმინგისთვის ინსტრუმენტების შესაძენად ფულითაც მეხმარებიან. ერთი პერიოდი ზოოპარკში მოხალისედ ვმუშაობდი. მანამდე 7 წელი ზოოპარკთან არსებულ საგანმანათლებლო ცენტრში დავდიოდი. იქ ბიოლოგიას, ცხოველების ქცევებს გვასწავლიდნენ, რომელ ქვეყანაში რომელი ცხოველები ბინადრობენ, რით იკვებებიან და ა.შ.

- ამდენ რამეს როგორ ასწრებ?

- მთავარია, დღე სწორად დაგეგმო, ბევრი რამის მოსწრება შეიძლება. სკოლაშიც კარგად ვსწავლობ.

- ახლა რამდენი ძაღლი გყავს?

- 2. თოი პუდელი ძალიან პატარაა, ბეწვი არ სცვივა. მეორე ძაღლი დალმატინელია, ჯერ 9 თვის არის.

- ძაღლების სტილისტობა როგორ ისწავლე?

- სიგიჟემდე მინდოდა, ძაღლი მყოლოდა, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი, რომ მოვლა დასჭირდებოდა და სანამ ყველაფერს დამოუკიდებლად არ შევძლებდი, მანამდე თავი უნდა შემეკავებინა. 1 წლის წინ პუდელი შევიძინე, მანამდე ამ ჯიშის შესახებ უამრავ ლიტერატურას გავეცანი. შევისწავლე მისი ხასიათი, თავისებურებები, მოვლის წესები... მისი ბეწვი სისტემატურ მოვლას ითხოვდა, სალონში ტარება კი ძალიან დიდი ხარჯია. რადგან მატერიალური შესაძლებლობა არ მქონდა, გადავწყვიტე, ეს საქმე თავად შემესწავლა. ვერ ვიშოვე წიგნი, საიდანაც ძაღლის გაკრეჭვას ვისწავლიდი, მაგრამ ინტერნეტში მოვიძიე ვიდეომასალები, როგორ კრეჭდნენ და ამ ვიდოებიდან სწავლა დავიწყე. ჯერ საკუთარი პუდელი გავკრიჭე, მერე - ჩემი მეგობრების ძაღლები. შევატყვე, ეს საქმე კარგად გამომდიოდა, მერე განცხადება გამოვაქვეყნე. სისტემატურად მირეკავენ ძაღლების პატრონები და მთხოვენ, მათი ოთხფეხა მეგობარი გავკრიჭო, დავბანო, გავალამაზო. საკუთარი შემოსავალი მაქვს, რომლითაც ჩემი ძაღლებისთვის საჭმელს ვყიდულობ, აცრებს ვუკეთებ. ძაღლები გასაკრეჭად ჩემთანაც მოჰყავთ და სახლებშიც დავდივარ. უკვე ჩემი კლიენტები მყავს.

- ფასი ძაღლის ზომის მიხედვითაა?

- რადგან დიპლომი არ მაქვს, მინიმალურ თანხას ვიღებ. საშუალო ზომის ძაღლს 25-30 ლარის ფარგლებში ვკრეჭ, ვბან. გააჩნია, როგორი ბეწვი აქვს.

GzaPress- ძაღლების დამორჩილება არ გიჭირს?

- ისინი ყოველთვის გრძნობენ, ადამიანი მათდამი როგორი განწყობითაა. მე მშვიდად ვარ, არ ვნერვიულობ, ალერსიანად ვეპყრობი და მემორჩილებიან. ჩემთან ისეთი აგრესიული ძაღლებიც მოუყვანიათ, დაუძინებლად რომ ვერ კრეჭდნენ. ჯერ არც ერთი ძაღლის დაძინება არ დამჭირვებია. ეს აგრესიული ძაღლების პატრონებს ძალიან უკვირთ. ადვილად ვიმორჩილებ. მინიმალურ დროში ვუმეგობრდები და თითოეულ დეტალს გულდასმით ვეკიდები. როცა დრო მაქვს, ძაღლებს ვასეირნებ, ფასი ზომისა და სირნობის ხანგრძლივობის მიხედვითაა.

- ძაღლები გამოფენებზეც გაგყავს?

- გამოფენებს ყოველთვის ვესწრები, ძაღლების ტიტულები და ძაღლსაშენები ძალიან მაინტერესებს. წელს გამოფენაზე, ჩემი დალმატინელი და მეგობრის ძაღლი, კანაკორსო გავიყვანე, რომელმაც კონაკორსოს ჯიშის მოზარდებში ყველაზე საუკეთესოს ტიტული მიიღო. ძალიან ბედნიერი ვიყავი. დამლატინელი ხორვატული ჯიშია. მისი წარმოშობის ისტორია არავინ იცის. ზოგს მონადირე ჰგონია, ზოგს - მეძებარი. წლების წინ, როცა დიდგვაროვანი ადამიანები ცხენშებმული ეტლებით გადაადგილდებოდნენ, დალმატინელები ეტლს დაჰყვებოდნენ და ადამიანებს მტაცებლებისგან იცავდნენ. ამ გამოფენაზე ჩემს დალმატინელს კარგი დახასიათება დაუწერეს. ჯერ ლეკვია და ზოგიერთი რამ გამოსაწორებელი აქვს.

- მაგალითად?

- წონა, კუნთები, ქცევები... სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

- ძაღლები ერთმანეთისგან ხასიათით განსხვავდებიან. შენთვის მეტად საინტერესო რომელი ჯიშია და რატომ?

- ყველა ძაღლი მიყვარს, მაგრამ პუდელი - გამორჩეულად. პუდელი ფრანგული ჯიშია. ჩემთვის ის ხასიათით და აღნაგობით იდეალური ძაღლია. ძალიან ჭკვიანია, მაღალი ინტელექტი აქვს. ამ მხრივ ძაღლების ხუთეულში პუდელი II ადგილზეა. აზრიანია, ბრძანებებს მარტივად ითვისებს, ლაპარაკიც ესმის. ბეწვი არ სცვივა, ბავშვებთან საშიში არ არის. ხასიათი გაწონასწორებული აქვთ. პუდელის რამდენიმე სახეობა არსებობს: დიდი, საშუალო, ჯუჯა და თოი, რომელიც მე მყავს. 2 კილომდე იწონის და სიმაღლეში 20-23 სანტიმეტრი იზრდება.

- შენს პუდელს რა ჰქვია?

- ჟუჟუ. ის ყველგან დამყავს, ტრანსპორტში, სტუმრად, მასწავლებელთან... იმდენად უპრეტენზიოა, საერთოდ არ მაწუხებს. ბუნებრივად კრემისფერია, მაგრამ ახლახან გავალამაზე, ლომის ვარცხნილობა გავუკეთე. თათებზე, თავზე, ტანის ნაწილზე თმა დატოვებული აქვს. თათები, ყურები და კუდის ბოლოები ვარდისფრად შევუღებე. საყელურიც ვარდისფერი აქვს. ქუჩაში რომ დამყავს, ხალხი ვერ ხვდება, ძაღლი ნამდვილია თუ ხელში სათამაშო მიჭირავს. ძალიან მოსწონთ. ხშირად მეკითხებიან, - სად გაკრიჭეო? - რეკლამას მიკეთებს.

- ძაღლები შესაღებად ხშირად მოჰყავთ?

GzaPress- საკმაოდ ხშირად, შესაღებ ფერსა და ადგილებს პატრონს თავად ვარჩევინებ. ძაღლების თმის საღებავს ინტერნეტიდან ვიწერ. საღებავი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს, ალერგია რომ არ გამოიწვიოს და თმის ხარისხი არ გაუფუჭოს. კარგ საღებავს ბზინვარებაც აქვს. ჩვეულებრივი თმის საღებავის გამოყენება არ შეიძლება, რადგან თმის ხარისხს უფუჭებს. ძაღლი თუ ალერგიულია, შეიძლება თმის ცვენაც კი გამოიწვიოს.

- დიდი ჯიშის ძაღლები არ მოგწონს?

- უჭკვიანესი კავკასიური ნაგაზი ჩემთვის უნიკალურია, ადამიანის ტოლფასია, ჩვენი სიამაყეა. ის მზრუნველია, დამცველია და პარტონის ერთგულებით გამორჩეული.

- ზოოპარკში მოხალისედ რომ მუშაობდი, რომელ ცხოველებს უვლიდი?

- 8 წლის ვიყავი, როცა ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში დავიწყე სიარული. ცხოველებში კარგად გავერკვიე, მეგობრებიც შევიძინე და ცხოველების მოვლა მათთან ერთად დავიწყე. რა თქმა უნდა, თან გვახლდნენ ზედამხედველები, რომლებიც გვაკონტროლებდნენ. პირველად ტაპირის მოვლა დავიწყეთ. ახალი ჩამოყვანილი იყო, ძალიან სცხელოდა და აუზი გავუკეთეთ. ტაპირს წყალი ძალიან უყვარს. ზოოპარკის მგლებიც კარგად მცნობენ.

- გცნობენ?

- ზოოპარკში მგლის ლეკვი რომ დაიბადა, დედამ ვერ მოუარა და ბაგაში გადაიყვანეს. იქ მომუშავე ქალბატონმა გამოზარდა, ადამიანს მიჩვეული იყო. ის ცალკე ვოლიერში ჰყავდათ, ხშირად ვეფერებოდი და დავამახსოვრდი. სახლში დაბრუნებისას, როგორც ძაღლები მეგებებიან, მგელიც რომ დამინახავდა, ისეთივე ემოციას გამოხატავდა. პატარა რომ იყო, მის ვოლიერს ხელს ვადებდი და მლოკავდა, თავადაც მეფერებოდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

GzaPress- ზოოპარკში ქვეწარმავლებსაც უვლიდი?

- გველები მიყვარს, მათი ხასიათი მაინტერესებს. ეზოთერიუმში ხშირად შევდიოდი. უწყინარ გველს ხელში ვიჭერდი, მომვლელს მის გამოკვებაში ვეხმარებოდი. ის ხორცს ჭამს და ინსტინქტი რომ არ დაკარგონ, ცოცხალ თაგვებზეც ანადირებენ. რაჭაში სოფელი მაქვს, ერთხელ გველი იქაც დავიჭირე და ხელში ავიყვანე. რა თქმა უნდა, სიფრთხილეს ვიჩენ. ვიცი, ხელი, სად და როგორ მოვკიდო. იმ გველთან სურათი გადავიღე და გავუშვი. მშიერი გველის აყვანა და მოფერება შეიძლება. როცა საკვებს ინელებს, მაგ დროს არ უნდა შეეხო.

- სამომავლოდ რას აპირებ?

- სკოლას რომ დავამთავრებ, ვეტერინარულზე ჩავაბარებ, ბაკალავრის დიპლომს ავიღებ და მერე გერმანიაში, კინოლოგიის ფაკულტეტზე სასწავლებლად წავალ. საქართველოში მსგავსი ფაკულტეტი არ არსებობს. ამ სფეროში საუკეთესო სასწავლებლები გერმანიაშია.

თამუნა კვინიკაძე