გოდერძის სევდა - გზაპრესი

გოდერძის სევდა

- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა..."

ერთი შეხედვით, გოდერძი ჩოხელის მთელი შემოქმედება სევდას უტრიალებდა, თუმცა, ამ სევდას თან ახლდა სიყვარული, სიხარული, სიცოცხლე, სიკეთე... სულ სხვანაირად, უბრალოდ, თან გენიალურად გვანახვებდა ამ ყველაფერს გუდამაყრელი გმირების მეშვეობით. გოდერძი ჩოხელი თვითონ იყო დარდების შემგროვებელი. რაღაც რაოდენობა შეაგროვა და ერთხელაც, "ადამიანთა სევდად" შემოგვთავაზა. იგი 70-იანი წლების ბოლოს მოვიდა ქართულ კინოში, "ადამიანთა სევდა" კი 1984 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

თამარ სხირტლაძეს გოდერძი ჩოხელის არაერთ ფილმში უთამაშია, "ადამიანთა სევდაში" კი შეთე ჩოხელის დედას ასახიერებს.

- ვფიქრობ, "ადამიანთა სევდა" ფილოსოფიურიცაა, ადამიანურიც... ფილმში ნაჩვენებია პიროვნება, რომელიც სევდას აგროვებს და მას ფილმში გურამ პეტრიაშვილი ასახიერებს, ცხოვრებაში კი თავად გოდერძი იყო ასეთი. ჩემს შვილს ტრისტან სარალიძე თამაშობდა. მას ცოლის შერთვა სურს, მაგრამ უარით გამოისტუმრებენ. უარს ვიუკადრისებთ, - ჩოხელებს ეს როგორ გაგვიბედესო? - და სიუჟეტიც აქედან ვითარდება.

ფილმში სამი მზვერავი ვიყავით. გაგვგზავნიდა სოფლის შესასწავლად მთავარსარდალი, რომელსაც გურამ ფირცხალავა ასახიერებდა, ჩვენ მოვუტანდით ამბავს, რისთვისაც დაგვაჯილდოებდა და შეგვაქებდა. მერე რაღაც არ მოეწონებოდა და ჩამოგვხსნიდა ამ მედლებს. საინტერესო იყო იმ ეპიზოდის გადაღებაც, გურამ ფირცხალავა ბრძოლისთვის რომ გვამზადებს. თავიდან ისტერიკა გვემართებოდა სიცილისგან, მიწაზე გართხმულებს ცურვას რომ გვასწავლიდა, მაგრამ მერე, სიცილს მოვუკელით და სერიოზული "ცურვა" დავიწყეთ.

- არანაკლებ სახალისო და საინტერესოა თქვენი ჭიდაობის ეპიზოდი...

- მე უნდა გამემარჯვა - ასეთი იყო რეჟისორის ჩანაფიქრი. მოწინააღმდეგე ადგილობრივი ბაბალე გახლდათ. მას 60 ძროხა ჰყავდა, ყოველდღიურად უვლიდა, წველიდა. საღამოს რძეს დააბინავებდა, მაწონს შეაყენებდა და ამის შემდეგ, ჩვენთან გადმოდიოდა ხოლმე გასართობად ან ჩვენ, მსახიობები გადავდიოდით მასთან. მოკლედ, მომიყვანეს ეს ბაბალე, უნდა ეჭიდაოო. დაგვაყენეს კამერის წინ და ამ თქვენმა ბაბალემ რომ მომკიდა ხელი, ამწია ზეცაში და ძირს დამახეთქა, გოდერძის ვუთხარი, - აღარ მინდა არც გადაღება, არც გამარჯვება, ოღონდ, ეს ქალი მომაშორე-მეთქი. სად მქონდა მე მაგის ღონე, რომ ბაბალეს გავმკლავებოდი და დამეჯაბნა კიდეც?..

- შენ მე უნდა წაგაქციო, ამიტომ ნაზად უნდა მოიქცე, რომ მოგერიო, - სულ ტყუილად ვუხსნიდი ბაბალეს.

- ნაზად უნდა მოვიქცე? რათა, რა, შენზე ნაკლები ვარ?! - ტოლს არ მიდებდა.

- კინოში ასეა საჭირო, - სცენარს ვუჩვენებდი.

- მე კინო-მინო არ ვიცი! - პოზიციებს არ თმობდა.

მოკლედ, კარგად დამბეგვა. ახლა მეცინება, ამას რომ ვიხსენებ, მაშინ კი მეტირებოდა.

სცენარი წაკითხვისთანავე მომეწონა, თუმცა, ფილმის ნახვამ წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა. იქ არის სცენა, სადაც გუჯა ბურდულის ქერა და ცისფერთვალება, ულამაზესი ბიჭი ლადო - სიკვდილს თამაშობს. სიკვდილი ხომ საშინელებაა და შეიძლებოდა, ის ვიღაცა დაჭმუჭნილ, გაუბედურებულ, გამხდარ შავტუხას განესახიერებინა... გოდერძიმ კი სიკვდილი ულამაზეს ფერებში დაგვანახვა - ესეც მისი ფილოსოფია იყო... ალბათ, იმის თქმა უნდოდა ამ ეპიზოდით, რომ სიკვდილშიც არის ხსნა და სილამაზე.

ფილმის გადაღების შემდეგ ბევრმა წელმა განვლო, ლადო ბურდულს კი ისევ ისეთი ღიმილი და თვალები აქვს, როგორც ბავშვობაში ჰქონდა. აი, თმა კი სულ გასთეთრებია...

ლადო ბურდული:

- მაშინ 18-19 წლის ვიყავი, კონსერვატორიაში ვსწავლობდი. წარმოიდგინეთ, "ადამიანთა სევდის" პრემიერის შემდეგ 32 წელი გავიდა. ეს ფილმი დღემდე ღირებულად რომ რჩება და მის მიმართ ინტერესს იჩენენ, ე.ი. კარგი გამოვიდა.

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც სიკვდილის როლი შემოგთავაზეს?

- იცით, ჩემი სამსახიობო კარიერა (სულ ათიოდე ფილმში ვარ გადაღებული), ჩემი მშობლების დამსახურებაა. მამა ინტენსიურად თამაშობდა სხვადასხვა ფილმში, ხვდებოდა ბევრ რეჟისორს და როცა მოთხოვნა იყო ახალგაზრდა ბიჭზე, მათ ჩემს თავს სთავაზობდა. ამჯერადაც ასე მოხდა.

გარისკვა და როლში შესვლა ცოტა არ იყოს, რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან უბრალოდ მოხდა. სიკვდილთან დაკავშირებული ეპიზოდი ფასანაურში, ბურდულების საგვარეულო ციხე-კოშკშია გადაღებული. მამაჩემის ბიძა ხევისბერი იყო. მან ფილმშიც ითამაშა, ცნობილ სიტყვებს - სიკვდილისა და სიცოცხლის განმარტებაზე სწორედ იგი ამბობს, შემდეგ კი სიკვდილთან დაკავშირებულ ლეგენდას ჰყვება.

ბოლოს, როგორც გახსოვთ, სიკვდილს კლავენ და მკვლელის გასაოცრად, ადამიანებს ეწყებათ სიკვდილისადმი სიმპათია და მოთხოვნა, რადგან ის დედამიწიდან ქრება, ადამიანები ვეღარ კვდებიან და ცხოვრებას ფასი ეკარგება. ძალიან ფილოსოფიური და ღრმაა "ადამიანთა სევდა". მიხარია, რომ მასში თამაშმა მომიწია. თუმცა, იყო პერიოდი, როცა ხალხი ქუჩაში გადიდებული თვალებით მეკითხებოდა, - შენ სიკვდილი ხარო? მახსოვს, ერთხანს განვიცდიდი, ამ როლით ადამიანთა ფსიქიკაზე ცუდი გავლენა ხომ არ მოვახდინე-მეთქი? ერთ-ერთ აღდგომას მონასტერში შევხვდი და იქაურმა ბერმა მითხრა, - შენ ძალიან იმედისმომცემი სიკვდილი ხარო. მივხვდი, ჩოხელს ამ პერსონაჟის მეშვეობით ადამიანებისათვის სიკვდილის გამართლება, შიშის გაქარვება სურდა - იმის ჩვენება, რომ სიკვდილი სიცოცხლის აუცილებელი კომპონენტია. ბრძოლაა ცხოვრება. ადამიანი თუ სულ სიკვდილის მოლოდინში იქნები, წასულია შენი საქმე. სიცოცხლე უნდა დააფასო და სულ უნდა გჯეროდეს, რომ ყველაფერი უკეთესი წინ გელოდება.

გადაღების პროცესში ორჯერ ჩავვარდი უხერხულ მდგომარეობაში: ერთხელ, როდესაც მითხრეს, უნდა იცეკვოო, არადა, ამის ნიჭი არ მქონდა და მეორედ, როცა წყლით სავსე ხის ჭურჭელი დადგეს და ცალი ხელით უნდა გადმომეწია, დამეძლია მოწინააღმდეგე მხარეს მდგომი რამდენიმე ადამიანი.

- თქვენ რა სევდა გაქვთ?

- რა სევდაც მქონდა - მოვსპე, რადგან ხელს მიშლიდა. ყველა სევდას "აბდეიტ" გავუკეთე და მომავლის იმედად და რწმენად ვაქციე.

ფილმის რეჟისორი თურმე ამბობდა: სევდა სიცოცხლის მარილია, სევდის გარეშე სიცოცხლეს რაღაც დააკლდებოდაო... გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით შთაგონებულმა, გადავწყვიტე შემეტყო, რა სევდა აქვთ თანამედროვე თბილისელებს და ქუჩას დავუყევი...

სევდა #1:

- რა დარდი გაქვთ? - ვეკითხები პირველ შემხვედრ ჭარმაგ მამაკაცს.

- აქაური არ ვარ...

- საზღვრები და ცივილიზაციები რა შუაშია დარდთან...

- უმუშევრობას ვდარდობ, ფული არ არის და გაძნელდა ცხოვრება.

სევდა #2

ტროტუარზე დამაგრებულ სკამზე ქალბატონი ზის. მგონი, ვიღაცას ელოდება... მას ჩემი კითხვა არ გაჰკვირვებია. "ქვეყანა რომ გაუნათლებელია, ეს არის ჩემი დარდი. მინდა წინ წავიდეს მეცნიერება. უცხოეთში განათლების მისაღებად გამგზავრებული ახალგაზრდები კი სამშობლოს დაუბრუნდნენ.

სევდა #3

ერთმა ადამიანმა ეჭვით ამათვალიერ-ჩამათვალიერა... კიდევ ორმა - პანაშვიდზე გვეჩქარებაო... ამის შემდეგ მესამე სევდის პატრონიც შემხვდა. ის გოდერძი ჩოხელის ნათლული აღმოჩნდა: "გოდერძის მსგავსად მაინც ვერ ვიტყვი, მას განსაკუთრებული დარდები ჰქონდა. მე ქვეყნის დარდი მაქვს. მინდა, მეტი ხალისი იყოს ქვეყანაში".

სევდა #4

ქალბატონს ემჩნევა, ბაზრიდან მოდის. ნავაჭრით გატენილი ჩანთები ძირს დააწყო, წელში გაიმართა, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და მითხრა, - ვდარდობ, ჩემი შვილი უშვილო რომ არის. მინდა, მშვიდობა იყოს ქვეყანაში.

სევდა #5

"როგორც მართლმადიდებელს, მე იმის დარდი მაქვს, რომ ხალხმა სულიერებაზე იფიქროს", - ვიწერ მორიგ დარდს და მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეს მივუყვები.

სევდა #6

კიბეზე მოხუცი ბებო ზის, მზესუმზირას, ტყლაპს და გამხმარ ხილს ყიდის. თვალები სიკეთითა და სევდით აქვს სავსე: "ორი ბიჭი მომიკვდა ავარიაში, ორივეს ოჯახი დარჩა, ბავშვები - გასაზრდელი... ეჰ..."

დარდი #7

დარდი მაქვს, რატომ არა მყავს ერთი კარგი ჯინი - ხუმრობის ხასიათზეა ბებოს გვერდით მჯდომი გაზეთების გამყიდველი, - სხვა არაფერი მედარდება: შვილები მყავს, შვილიშვილებიც და მეც რაღაცას ვგლახაობ.

დარდი #8

ქუჩაში ქაოსურად მოძრავი ხალხის ყურადღებას წამიერად მაინც იპყრობს კუთხეში მჯდომი მოხუცი, რომელიც მთელი მონდომებით უკრავს კლარნეტს. დაკვრას თავს ანებებს, მუხლზე ჩამოდებულ ინსტრუმენტს ყამიშს უსწორებს და მეუბნება: "დარდი?... ერთი შვილიშვილი მყავს, უნდა გავზარდო და მერე იმას უნდა გავასწრო. აი, ეგ არის ჩემი დარდი..." - ამბობს და სახე უნათდება. აშკარაა, გონებით შვილიშვილს უღიმის...

ქუჩას ვტოვებ, ათასგვარი ემოციით დატვირთული... არ ვიცი, რა კომენტარი გავუკეთო ჩემს შეგროვებულ სევდებს. ვფიქრობ და მეასედ ვრწმუნდები, რომ გენიალურია გოდერძი ჩოხელი... ამ ქვეყანაზე დარდი არ ილევა და რამდენნაირი ადამიანიც არსებობს ქვეყანაზე, იმდენნაირია სევდაც.

ეკა სალაღაია