"ამ სამ­სა­ხურ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ლექ­სე­ბის წე­რა და­მაწყე­ბი­ნა" - გზაპრესი

"ამ სამ­სა­ხურ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ლექ­სე­ბის წე­რა და­მაწყე­ბი­ნა"

მაგრამ როგორც ეკონომისტს არასდროს მიმუშავია, ამ სფეროში ჩემს თავს ვერც მომავალში ვხედავ", - ამბობს "კომედი ჯგუფის" მსახიობი ბექა მახაჭაძე და დასძენს, რომ მის პროფესიულ არჩევანზე გავლენა მშობლებმა მოახდინეს. "კომედი ჯგუფში" კი პროექტიდან "გააცინე და მოიგე" მოხვდა.

- ამ პროექტში 2-ჯერ გამოვედი, ორივე გამოსვლაზე 1.000 ლარი მოვიგე. ჩემი ხუმრობები მოეწონათ და დამტოვეს. 2 წელია, რაც გუნდის წევრი ვარ და აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. მეორე სამსახურიც მაქვს, ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობ, წამყვანი ვარ. სანამ 2 სამსახური მექნებოდა, შედარებით აქტიური მკითხველი ვიყავი.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "ნათლიამ", იმდენად მომეწონა, როგორც კი დავასრულე, კითხვა ხელახლა დავიწყე. ფილმებზეც ასე მემართება, ის ეკრანიზაცია, რომელიც ძალიან მომწონს, 2-3 ჯერ შემიძლია ვნახო.

ბავშვობაში ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურა. ძალიან საინტერესოდ აღწერილი ამბები.

პერსონაჟები რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი შერლოკ ჰოლმსთან. უჰ! წარმოვიდგინე, მასთან დიალოგი რა საინტერესო იქნებოდა. ამ პერსონაჟის ფსიქოლოგია, ფიქრის მანერა და უნარები ძალიან მიზიდავს. მასთან რაზე ვილაპარაკებდი? კითხვებს დავუსვამდი, პირველ რიგში ვკითხავდი, როგორ იწყებს საქმის გამოძიებას, პირველი ნაბიჯი რა არის?

ქალი პერსონაჟებიდან შექსპირის ჯულიეტა შემიყვარდებოდა. ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს, თარიღებს, სახელებს და გვარებს ვერ ვიმახსოვრებ, სამაგიეროდ ადამიანების სახეები არ მავიწყდება. ბავშვობის ამბებს კი ჩემი და მახსენებს ხოლმე. ამ სამსახურმა პოლიტიკური ლექსების წერა დამაწყებინა.

- კიბეს აქვს 9 საფეხური, რომელ საფეხურზე უნდა დადგე, რომ შუაში იყო?

- ოთხ-ნახევარზე.

- პირველივე კითხვაზე დაიბენი.

- დავიბენი? რატომ, 9 რომ შუაზე გავყოთ, ოთხ-ნახევარი არ გამოდის?

- ამიხსენი, ოთხ-ნახევარ საფეხურზე როგორ შეიძლება ადამიანი დადგეს?

- მეოთხეზე დადგება და ნაბიჯს ცოტათი წინ გასწევს (იცინის).

- შუაში რომ იყო, მე-5 საფეხურზე უნდა დადგე.

- მართალია, კითხვას კარგად არ დავუკვირდი.

- სანამ მას მოდაში კოკო შანელი შემოიტანდა, ყველასთვის მიუღებელი იყო, ადამიანის დაბალ წარმომავლობაზე და მის მიერ შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. ექიმები ამბობდნენ, ის მოდიდან მალე გადავა, რადგან ჯანმრთელობისთვის მავნებელი არისო. დღესაც მოდაშია. რაზეა ლაპარაკი?

- სუნამო, არა?

- ცდები.

- მინიშნებას მეტყვი?

- ის შეიძლება მიიღო ბუნებრივად და ხელოვნურად. განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულზეა.

- მივხვდი, გარუჯვაზეა ლაპარაკი.

- ის 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა. მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. 1919 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ, თავი დასავლეთ საქართველოს შეაფარა. 1921 წლის 17 მარტს, როცა ბათუმის ნავსადგურიდან საქართველო თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა, ის მათ არ გაჰყოლია. მალე შეფიცულთა რაზმი ჩამოაყალიბა. ეს ადამიანი ემიგრაციაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი სამშობლოში წლების შემდეგ ჩამოასვენეს. რომელ ქართველ მამულიშვილზეა ლაპარაკი?

- ქაქუცა ჩოლოყაშვილზე.

- საქართველოს რომელ რეგიონში მოგზაურობისას შეიძლება მოვინახულოთ ხახმატის, ახიელის, ლებაისკარის ციხეეები?

- ხევსურეთში.

- გოგონა სარკესთან მივიდა, საკუთარ გამოსახულებას შეხედა და სარკეში შუბლზე აკოცა. შეიძლება თუ არა, ასე მოხდეს?

- რატომ არ შეიძლება?

- შენ შეგიძლია, სარკეში შენს თავს შუბლზე აკოცო?

- მე მსგავს რამეს არასდროს ვაკეთებ, მაგრამ თუ მოვინდომებ, შევძლებ.

- ძალიან დაიბენი.

- ისევ რაღაც უცნაურ კითხვას მისვამ.

- მარტივი კითხვაა.

- ...

- ეს ფიზიკურად შეუძლებელია. მორიელი ვერ იტანს ალკოჰოლს. სულ პატარა წვეთის შეხების შემთხვევაშიც კი რას აკეთებს ის?

- არ ვიცი, ძალიან თვრება?

- თავს იგესლავს. შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ალკოჰოლთან?

- კარგი. ადრე რომ ვსვამდი, ვურევდი, ახლა აღარ ვურევ.

- რა იყო გეორგიევსკი, სადაც 1783 წელს რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ცნობილ ტრაქტატს ხელი მოეწერა?

- არ ვიცი.

- ციხესიმაგრე იყო, ჩრდილოეთ კავკასიაში. მუსლიმებში მოწამებრივ სიკვდილს მამაკაცი მხოლოდ ბრძოლის ველზე ეზიარება. რა შემთხვევაში უთანაბრდება მას ქალის სიკვდილი?

- თუ მშობიარობის დროს გარდაიცვლება.

- რა ერქვათ ძველ საბერძნეთში მხატვრებს, რომლებიც კურტიზანებს მაკიაჟს უკეთებდნენ?

- არ ვიცი.

- პორნოგრაფები. ამერიკელები ამაყობენ იმით, რომ მათ არც ერთ პრეზიდენტს ეს "კოსმეტიკური ნაკლი" არ ჰქონდა. რა აქვთ მხედველობაში ამერიკელებს?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ეს "ნაკლი" ზოგიერთ მამაკაცს ძალიან უხდება.

- ხალი?

- არა.

- ნაიარევი?

- არა.

- მათი არც ერთი პრეზიდენტი მელოტი არ იყო?

- დიახ.

- ტრამპიც არ არის მელოტი, მაგრამ უცნაური ვარცხნილობა აქვს.

- თეთრი ღვინო დაძველებისას მუქდება. რა ემართება შავ ღვინოს?

- ღიავდება.

- რა პროფესიის იყო ჟოზეფ გილიოტენი?

- ექიმი.

- ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი ცუდ მმართველად მას მიიჩნევდა, ვინც ხალხს სძულდა, ცოტათი უკეთესად - ვინც ხალხს უყვარდა. ვის მიიჩნევდა იგი საუკეთესო მმართველად?

- არ ვიცი.

- ვისი სახელიც ხალხმა არ იცოდა. ის სხვა ნადავლთან ერთად ევროპაში ალექსანდრე მაკედონელის მეომრებმა შეიტანეს. უცხო ნაყოფს მაშინ "ინდური ვაშლი" უწოდეს და დღესაც სიამოვნებით მიირთმევენ.

- ვერ ვხვდები, რაზეა ლაპარაკი?

- მიგანიშნებ, მას ფართოდ გამოიყენებენ კულინარიაშიც. მოჰყავთ საქართველოში. აქტუალური ამ სეზონზეა.

- ციტრუსის ერთ-ერთ სახეობაზეა ლაპარაკი?

- დიახ.

- ლიმონი.

- რას უწოდებენ იმ გამოჩენილ ადამიანებს, რომლებიც გაეროს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში ეხმარებიან?

- კეთილი ნების ელჩებს.

- ინდოეთში ზოგიერთი ქალი ბედნიერების ნიშნად შუბლზე წითელ ხალს იხატავს. როგორი სტატუსის მქონე ადამიანები იხატავენ წითელ ხალს?

- გათხოვილი ქალები.

- მარმარილოს ზღვასთან რომელ ზღვას აერთებს დარდანელის სრუტე?

- ვერ ვიხსენებ.

- ეგეოსის ზღვას. რომელ პოეტს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები "...და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,/ ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,/ როგორც გაზაფხულს ელიან მთაში/ შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს"?

- მირზა გელოვანს.

- რომელი მითური ფრინველი იწვავდა თავს და კვლავ აღდგებოდა ფერფლიდან, რის გამოც მუდმივი განახლებისა და აღორძინების სიმბოლოდ იქცა?

- ფენიქსი.

- გამოჩენილმა გერმანელმა მწერალმა ჰაინრიხ ჰაინემ იმ დროისთვის წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა. ის 6-წლიანი არაოფიციალური ურთიერთობის შემდეგ, თავის საყვარელზე დაქორწინდა. გოგო გლეხის ოჯახიდან იყო. მწერალმა ქორწილში მეგობრების ნაწილი დაპატიჟა. რა ნიშნით შეარჩია ისინი?

- ვერ გიპასუხებ.

- ვისაც საყვარლები ჰყავდა და მოუწოდა მისთვის მიებაძათ. ეს ხე აღმოსავლეთ აზიაში ხარობს, დღე-ღამეში 60-70 სანტიმეტრს იზრდება. 100 წლამდე ცოცხლობს და სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ყვავის.

- ბამბუკი.

- ქრისტიანული მსოფლმხედველობით მაცხოვრის მიერ დაწესებულია 7 საიდუმლოება. ესენია: ნათლისღება, მირონცხება, სინანული, ზიარება, მღვდლობა, ზეთის კურთხევა და ...

- (ფიქრობს) ქორწინება ანუ ჯვრისწერა.

- არსებობს მხედველობის ნაკლი, რომლის დროსაც ადამიანი ფერებს კარგად ვერ არჩევს. დაასახელე ინგლისელი მეცნიერი, რომელსაც მხედველობის ეს ნაკლი ჰქონდა და რომელმაც პირველმა აღწერა იგი. შემდგომში მხედველობის ამ ნაკლს მისი სახელი დაერქვა.

- დალტონიზმზე ამბობ, არა?

- დიახ, ეს დაავადება დალტონმა აღწერა. რა ერქვა ავაზაკს, რომელიც იესო ქრისტეს დასჯის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

- ბარაბა.

- დაბოლოს, დაასრულე მარკუს ავრელიუსის ცნობილი გამონათქვამი: ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა - ეს არის საკუთარი...

- ვერ დავასრულებ.

- "...საკუთარი თავის შებრალება".

თამუნა კვინიკაძე