ეს­პა­ნე­თის მე­ფის სა­ნატ­რე­ლი, მი­ლი­ო­ნე­ბად შე­ფა­სე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინა­ხე­ბა - გზაპრესი

ეს­პა­ნე­თის მე­ფის სა­ნატ­რე­ლი, მი­ლი­ო­ნე­ბად შე­ფა­სე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინა­ხე­ბა

"ტრეტიაკოვის გალერეაში ხუან კარლოსს ძალიან მოეწონა არქიფ კუინჯის ნახატი - "მთვარიანი ღამე დნეპრზე" და იკითხა, თუ შეიძლება შევიძინოო?.. ნახატი დაახლოებით 12 მილიონ მანეთად იყო შეფასებული, მაგრამ სახელმწიფო ქონება გახლდათ და გაყიდვის უფლება არავის ჰქონდა!" - ფერდინანდ ლორთქიფანიძე ესპანეთის მეფის სანატრელი ნახატის შესახებ გვიამბობს...

- საქართველოს სამხატვრო ფონდის გენერალური დირექტორი გახლდით, როდესაც ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი მოსკოვში იმყოფებოდა. მას მოსკოვის ღირსშესანიშნაობები უჩვენეს და ტრეტიაკოვის გალერეა დაათვალიერებინეს. ესპანეთის მეფესთან ერთად იმყოფებოდა რუსეთის კულტურის მინისტრი და რუსეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. მეც ქ გახლდით... ტრეტიაკოვის გალერეაში ხუან კარლოსს ძალიან მოეწონა არქიფ კუინჯის ნახატი და მისი შეძენა სურდა. ტილო დაახლოებით 12 მილიონ მანეთად იყო შეფასებული, მაგრამ მისი გაყიდვის უფლება არავის ჰქონდა! ხუან კარლოსმა ალბათ, კარგად იცოდა ამ ნახატის მნიშვნელობა... XIX საუკუნეში ნახატის გამოფენა "ერმიტაჟში" მოეწყო. მხოლოდ ერთი ნახატის გამოფენა იყო, რომლის სანახავადაც ევროპიდან ჩამოვიდნენ მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები. წიგნშიც არის შეტანილი ინფორმაცია ამ ნახატის შესახებ, სადაც წერია, რომ განუმეორებელია, "უკვდავი" საღებავებით შესრულებული და ა.შ.

ვინაიდან ნახატის შეძენა ძალიან სურდა, ხუან კარლოსს ასლის ყიდვა შესთავაზეს და შესანიშნავ მხატვარს დაუკვეთეს ასლის შესრულება, რისთვისაც ესპანეთის მეფემ გარკვეული თანხა წინასწარ გადაიხადა. გამონაკლისის სახით, მხატვარს ნება დართეს ტრეტიაკოვის გალერეაში ემუშავა, ნახატის მაღალ დონეზე შესრულების მიზნით.

- ესპანეთის მეფემ შეიძინა ასლი?

- ვიდრე მხატვარი მუშაობას დაამთავრებდა, საბჭოთა კავშირის ჯარი ავღანეთში შევიდა და დასავლეთმა საბჭოთა კავშირს ბოიკოტი გამოუცხადა. 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოსკოვში დასავლეთიდან მთელი რიგი ქვეყნები არ ჩამოვიდნენ. როგორც ჩანს, იმ პერიოდში ესპანეთის მეფემაც ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა რუსეთთან... რამდენიმე წლის შემდეგ საზღვარგარეთ გამქონდა ნახატები გამოფენაზე და ეს ასლი შემთხვევით ვნახე. ტილო ძალიან მომეწონა და შევიძინე იმ პირობით, რომ არ უნდა დაზიანებულიყო და თუ მოითხოვდა ესპანეთის მეფე, მისთვის უნდა მიმეცა. რასაკვირველია, თანხას დამიბრუნებდნენ. 1982 წლიდან ეს ნახატი თბილისში ჩამოვიტანე.

- ასლის ბედით აღარავინ დაინტერესდა?

- 1990-იან წლებში ჩემთან სტუმრად ესპანელები იმყოფებოდნენ. ჩემი სახლის კედლებზე ნახატები რომ დაათვალიერეს, ვუამბე კუინჯის ტილოს ასლის შესახებ. ძალიან დაინტერესდნენ. ესპანელებმა ოთხჯერ მეტი თანხა შემომთავაზეს, ვიდრე მე გადავიხადე მასში. ამბობდნენ, მეფეს ჩავუტანთ, იგი ბიზნესში დაგვეხმარება და ჩვენთვის ეს მომგებიანი ნაბიჯიაო... ასლს უკანა მხარეს აწერია, თუ ვინ შეასრულა და ვისი დაკვეთით. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ესპანელები გაიტაცეს (ცნობილი ამბავია) და რამდენიმე თვე პანკისში ჰყავდათ. პრესაც იუწყებოდა, რომ კახეთიდან თბილისშიც აღარ დაბრუნდნენ, პირდაპირ აეროპორტიდან გაფრინდნენ. ესანელებთან დაკავშირება ვცადე და თითქოს, მათგანაც იყო ყურადღება, მაგრამ შემდეგ აღარ გამოჩნდნენ და ხელი ჩავიქნიე... დღესდღეობით, ამ უნიკალური ნახატის ასლი ისევ ჩემს სახლში ინახება!

მანანა გაბრიჭიძე