"გზავნილებიდან" "მობილიზაციამდე" განვლილი გზა ანუ როგორ შეცვალა "გზამ" უამრავი ადამიანის ცხოვრება - გზაპრესი

"გზავნილებიდან" "მობილიზაციამდე" განვლილი გზა ანუ როგორ შეცვალა "გზამ" უამრავი ადამიანის ცხოვრება

მას შემდეგ, რაც ადამიანთა მოდგმა არსებობს, ასევე არსებობს საწინააღმდეგო სქესის მიმართ ინტერესი და ლტოლვა. ასევე, არსებობს პატარა ან სულაც დიდი საიდუმლო, რომელსაც ყველა თავისთვის, სადღაც გულის კუნჭულში ინახავს და არ უნდა, ვინმეს გაუზიაროს ან ისეთი ვინმესთვის ინახავს, ვინც მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს... ამისთვის კი, საჭიროა მისი პოვნა, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად ცდილობდნენ. წლების წინ, როდესაც ინტერნეტი და პერსონალური კომპიუტერი ფუფუნება იყო, ჟურნალმა "გზამ" შექმნა რუბრიკა "გზავნილები", რომლითაც ადამიანებს ერთმანეთის საპოვნელად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად ასპარეზი გაუხსნა. ამ რუბრიკამ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ზოგის ყოველდღიურობა კი უბრალოდ, საინტერესო გახადა.

რუბრიკის ავტორი, მარი ჯაფარიძე გვიამბობს, თუ რა გზა გაიარა "გზავნილებიდან" "მობილი-ზაციამდე" და რატომ რჩება სხვადასხვა ასაკისა და ბუნების ადამიანებისთვის განსაკუთრებულ რუბრიკად დღემდე.

- "მარტოხელა ქალთა და მამაკაცთა კლუბი", 12 წელია, არსებობს. მაშინ საქართველოში კომპიუტერი და ინტერნეტი ალბათ სულ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა და ვირტუალური ურთიერთობისთვის ერთადერთი საშუალება მობილური ტელეფონი იყო, რომელიც თითქმის ყველას ჰქონდა და მესიჯობდნენ კიდეც. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა და ხშირად მესმოდა, - ერთმანეთი ტელეფონით გავიცანითო. მივხვდი, ეს თემა საზოგადოებაში ძალზე აქტუალური იყო. ერთი სიტყვით, "მობილი-ზაციამდე" "გზავნილები" შეიქმნა, სადაც მკითხველს შეეძლო, მობილურის საშუალებით ჩვენთვის საინტერესო ამბები გამოეგზავნა, რომელიც ჟურნალის ფურცლებზე იბეჭდებოდა. გვინდოდა, ჟურნალი უფრო თბილი და მკითხველისთვის ახლობელი გაგვეხადა, რათა ადამიანებს თავიანთი გულისნადები ეთქვათ, ზოგი თავის სატკივარს ჰყვებოდა, ზოგიც - კურიოზს, იყო შემთხვევები, როდესაც ყოფილ შეყვარებულზე გვწერდნენ, ნაჩხუბარი წყვილებიც აქტიურობდნენ. ამ პროექტმა ძალიან გაამართლა.

- "გზავნილების" საშუალებით ძველ ნაცნობებს ერთმანეთი უპოვიათ?

- კი, ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა... ერთი სულ ახლახან, ერთმა მაშინდელმა მგზავნელმა მომწერა - სოფელში ვცხოვრობ და ყოველ ხუთშაბათს, ჟურნალის საყიდლად რაიონში თოვლში, ქარში, წვიმასა თუ პაპანაქება სიცხეში, რამდენიმე კილომეტრს გავდიოდი და ეს გზა ისე მალე ილეოდა, ვერც კი ვიგებდი, მაგრამ სანამ შინ დავბრუნდებოდი, წუთები საათებად მეჩვენებოდა, რადგან სახლში მისვლამდე ჟურნალს არ ვკითხულობდიო... მკითხველთა ნაწილი ძალზე აქტიური იყო, ყველა ნომერში გზავნიდნენ ამბებს, ათასგვარ ამბავს გვიყვებოდნენ და ხშირად სანუკვარ საიდუმლოსაც გვიმხელდნენ, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა. ეს მათთვის ერთგვარი "ჭიის მოკვლის" საშუალება იყო. დაახლოებით ისე, როგორც ახლა ამას "ფეისბუკზე" პოსტის გამოქვეყნებით აკეთებენ. თანდათან, "გზავნილებში" ისეთი მესიჯებიც გამოერია, როდესაც ორი ადამიანი ჟურნალის საშუალებით ცდილობდა ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ დროს მე მიგზავნიდნენ მესიჯს, - როგორ დავუკავშირდე ამ ადამიანს? იქნებ გადასცე ჩემი სიმპათია და ინტერესიო. ამას ჟურნალში ვბეჭდავდი, ის პასუხს სცემდა... ამას დაახლოებით "ფეისბუკის" კომენტარების სახე ჰქონდა. უბრალოდ, მაშინ დროში იწელებოდა, ახლა ამის გაკეთება წამებში შეიძლება... ასე, თავისთავად დაიბადა გაცნობის კლუბის შექმნის იდეა. თუ ამ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა უნდათ, იქნებ ამის საშუალება უფრო მეტს მივცეთ-მეთქი? ვიფიქრე და ასე გავაკეთეთ "მობილი-ზაცია". ამ რუბრიკის სახელწოდებაც, მობილურიდან წამოვიდა, რადგან მობილურით გვიმესიჯებდნენ. მაშინვე აიტაცეს მკითხველებმა და რეიტინგით "გზავნილებსაც" კი აჯობა.

- თემის აქტუალობიდან გამომდინარე?

- დიახ, ადამიანები ბუნებით ცნობისმოყვარეები ვართ. როდესაც სხვა მკითხველები ორი ადამიანის ურთიერთობას ჟურნალის საშუალებით თვალყურს ადევნებდნენ, ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ბოლომდე გულშემატკივრობდნენ. სანამ ნომრების მიცემას დავიწყებდით, ისინი ერთმანეთთან ჩვენი ჟურნალის საშუალებით ურთიერთობდნენ. თანაც, ერთდროულად 10-15 წყვილიც კი და ამას სხვა მკითხველებიც ადევნებდნენ თვალს, - რეალური ამბები აინტერესებდათ. ერთი სიტყვით, პატარ-პატარა რომანებივით იყო... ბევრი მეუბნებოდა, ჟურნალის კითხვას პირდაპირ "მობილი-ზაციით" ვიწყებო. შემდეგ, უკვე სხვებიც გააქტიურდნენ.

- რედაქციაში ამა თუ იმ პიროვნების ნომრის გასაგებად, ხშირად რეკავენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები.

- დიახ, მხოლოდ ახალგაზრდები კი არა, მართლაც ყველა თაობის ადამიანი კითხულობს და გვწერს. არიან ისეთებიც, ვინც ცუდად ფლობს ტელეფონს, მესიჯების წერა არ იცის (უფრო - ასაკოვნები) და პირდაპირ რედაქციაში მოდის, - მესიჯის გაგზავნაში დამეხმარე, რომ ნომერი გავიგოო... მესმის ადამიანების, რომელთაც შეუძლიათ, თბილისის ბოლოდან აქ გამოვიდნენ, რათა მესიჯი გავაგზავნინო, რადგან რაღაცებს ოჯახის წევრებსაც კი ვერ გაუმხელენ, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი პატარა ან სულაც - დიდი საიდუმლოება, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და რომელსაც უახლოეს ადამიანსაც ვერ ვუმხელთ. უბრალოდ, არ უნდა, რომ ყველამ გაიგოს, ცხოვრების მეგზურს ან მეგობარს რომ ეძებს. ზოგი ერიდება, ვიღაცამ არ გაჭოროს, ამ 70 წლის კაცს, რაღა ცოლი ან მეგობარი აუტყდაო.

- ამ ასაკის ადამიანებიც მოგმართავენ?

- დიახ, 70 წლის და უფროს ასაკისაც კი, ისინი ძირითადად, მარტო ცხოვრობენ და ასევე მარტოხელა ქალბატონებს ეძებენ... ბევრი შედეგს არ გაგებინებს, ეს მისი პირადია და ცხადია, აქვს ამის უფლება, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ ჩვენს რუბრიკაში გაცნობილმა ადამიანებმა ქორწილში დამპატიჟეს.

- პირველი ქორწილი გაიხსენე.

- ალბათ ერთადერთი ჟურნალისტი ვარ, რომელსაც ქორწილში წასვლის ხარჯები რედაქციამ დაუფარა და ქორწილში სტატიისა და სიუჟეტისთვის კი არა, უბრალოდ, დასასწრებად, მივლინებით წავედი, როგორც სტუმარი. რამდენიმე წლის წინ, ბათუმელმა მამაკაცმა მომწერა, - თელავში ვსწავლობდი, სადაც ერთი გოგონა გავიცანი, რომელსაც ასევე ჩვენთან სწავლობდა, "კარტოფილის ჭიას" ეძახდნენ, რადგან ძალიან უყვარდა კარტოფილიო... წარმოშობით წინანდლიდან ყოფილა. დაახლოებით, 15 წელია, რაც ეს გოგო არ მინახავს და თუ ისევ გასათხოვარია და ამ მესიჯს წაიკითხავს, იქნებ შემეხმიანოსო... შეყვარებულები არ ყოფილან, უბრალოდ, ამ ბიჭს მოსწონდა. დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, ვიღაც ქალმა დამირეკა, "კარტოფილის ჭიას" დეიდა ვარ, ისევ გასათხოვარია და იქნებ ამ ბიჭის ნომერი მომცეთო... რა თქმა უნდა, მივეცი. კიდევ დაახლოებით 1 თვის შემდეგ, ღამის 2 საათზე დამირეკა ბათუმელმა მამაკაცმა. ბოდიში მომიხადა, უდროო დროს გაღვიძებ, მაგრამ მე ამის უფლება მაქვს, რადგან ახლა წინანდლიდან მოვდივარ, "კარტოფილის ჭია" დავნიშნე და ძალიან ბედნიერი ვარო, შენ კი ლომის წილი მიგიძღვის და ქორწილშიც გეპატიჟებიო. როგორც გითხარით, წავედი კიდეც. საპატიო სტუმრად გამომაცხადეს და სუფრის თავში დამსვეს. პირველი ჩემი სადღეგრძელო შეისვა... ბოლო ინფორმაციით, მათ ახლა ორი შვილი ჰყავთ და უფროსი დაახლოებით 11-12 წლის უნდა იყოს. მოგვიანებით პატარძლის ძმამაც მთხოვა, დამეხმარე ოჯახის შექმნაშიო (იღიმის).

- პატარძლის ძმაც "მობილი-ზაციის" დახმარებით ეწია ბედს?

- არა, რამდენიმე ნომერი მივაწოდე, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა... მთლად მთელი ოჯახი ვერ გავაბედნიერე. რაღაც დროის განმავლობაში ვკონტაქტობდით, შემდეგ ის ცოლ-ქმარი აღარ გამოჩენილან. ეტყობა, შვილების შემდეგ, ახალ-ახალი საზრუნავი გაუჩნდათ და ცხოვრება ხომ იცი, როგორია...

- მეორე ნახევრის მძებნელები კონკრეტულ კრიტერიუმებს ითხოვენ?

- დიახ, მამაკაცების მოთხოვნა, ცალსახად არის ის, რომ უნდა ბინიანი და პატიოსანი ოჯახის შვილი, შრომისმოყვარე, ერთგული, თუნდაც განათხოვარი ქალი. ადრე უფრო წერდნენ, განათხოვრები ნუ შემეხმიანებიანო. ბოლო დროს, ამას თითქმის არავინ წერს... ფიზიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, ძირითადად ასეთი მოთხოვნები აქვთ, - არ შემეხმიანოს გამხდარი ან პირიქით, - პუტკუნა. მამაკაცების მოთხოვნები, მათი ასაკის მიხედვით, შეიძლება ასე დავყოთ: 25 წლამდე ბიჭები, ძირითადად, გასართობად ეძებენ გოგონებს და წერენ კიდეც, - გავიცნობ გოგონებს გასართობად. 40 წლამდე და ზემოთ ასაკის მამაკაცები, უკვე ოჯახის შექმნაზე ან მეგობარი ქალის პოვნაზე არიან ორიენტირებული, თუმცა მოთხოვნა ყველასი ერთნაირია - ბინა უნდა ჰქონდეს, რადგან იმ ცოლიანსაც, შეხვედრის ადგილის უზრუნველყოფა სჭირდება და დაქირავების საშუალება უმეტეს შემთხვევაში არ აქვს... თუმცა, არის ერთი რამ, რაც ძალიან მახალისებს, - როდესაც განცხადებას წერენ, თითქმის ყველას შინაარსი ასეთია: გავიცნობ მანდილოსანს, ლამაზს, სასიამოვნოს, პატიოსანს, ერთგულს, თუნდაც - ქმრიანს. არადა, ვერაფრით ვიგებ, როგორ შეიძლება ქმრიანი, ერთგული იყოს და თან მეგობარი მამაკაციც ჰყავდეს?

- მანდილოსნების მოთხოვნა როგორია?

- რაც უნდა გასაკვირი იყოს, - ისინი ბინიანს თითქმის არასდროს ითხოვენ. მოთხოვნები ასაკის მიხედვით, შეიძლება ასე დავყოთ: ახალგაზრდები 30-32 წლამდე, ნორმალურ, დასაქმებულ, გამგებ, თბილ და ყურადღებიან მამაკაცს ითხოვენ. 40-50 წლის ზემოთ, თბილ, ყურადღებიან, თუნდაც ცოლიან ადამიანს ეძებენ. ისეთს, ვინც მათ მხარში ამოუდგება, მატერიალურად დაეხმარება. ეს ის ასაკია, როდესაც ბინის საკითხი მოგვარებული აქვს, მაგრამ სტაბილური სამსახურის პოვნა უჭირს, შვილები ან არ ჰყავს, ან თუ ჰყავს, მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ და მარტოა და ამ მარტოობის შევსება უნდა. ამასთან, მათი სურვილია, მამაკაცი, მატერიალურად ძლიერი იყოს...

- ქალბატონებიც ითხოვენ ერთგულ, თუნდაც ცოლიან მამაკაცებს?

- არა. თუმცა, ერთი ძალიან აქტიური ქალბატონი გვყავს, რომელიც აკონკრეტებს, რომელიც სოფლიდან უნდა იყოს, - ქალაქი გორი, სოფელი ყელქცეულა... კიდევ ერთი მახსოვს, რომელსაც ჩამონათვალი ჰქონდა, - ვეძებ 40-45 წლამდე მამაკაცსო; ზოდიაქოს ორი ნიშანი ჰქონდა მითითებული, ასევე ორი პროფესია, ერთი-ერთი იურისტი იყო, მეორე - აღარ მახსოვს. თანაც, დედისერთა უნდა იყოსო... ასე მეგონა, ვიღაც კონკრეტული ადამიანის შესახებ მწერდა.

- რით ახსნით საზოგადოების ასეთ აქტიურობას?

- ბევრი რამით, თუნდაც იმით, რომ ზოგს სამსახური არ აძლევს სხვადასხვა სოციუმთან ურთიერთობის, ახალ-ახალი ადამიანების გაცნობისა და მათთან ურთიერთობის საშუალებას ან შესაძლოა, სამსახურშიც მისივე სქესის გარემოცვაში იყოს ან სულაც, მთელი დღე ტელეფონთან ან ინტერნეტთან არ ჰქონდეს შეხება და პროფესიიდან გამომდინარე, ვიწრო სანაცნობო წრე ჰყავდეს; მოკლედ, ბევრი მიზეზია, რის გამოც მათ ახალი ურთიერთობები სჭირდებათ... წლებია, ამ რუბრიკას ვუძღვები და იშვიათია, უფრო სწორად, თითქმის არ მახსოვს შემთხვევა, პირველივე დარეკვით დაეთქვათ შეხვედრა, ძიების პროცესი დიდხანს გრძელდება. კიდევ ერთი და ძირითადი: ამაში არის რაღაც განსაკუთრებული ინტრიგა, რასაც ბრმა შეხვედრის პრინციპი ჰქვია, როდესაც ბედისწერას ენდობიან. მათ უბრალოდ, აინტერესებთ, ვინ დგას ამა თუ იმ განცხადების უკან.

- ვიღაცები ალბათ ცრუობენ კიდეც.

- ყოფილა შემთხვევა, ქალს ვიღაცის გადამოწმება უნდა და მამაკაცის სახელით დაუწერია მესიჯი. შემდეგ, ქალები რომ დაურეკავენ, ხანდახან ადრესატი ამბობს, რომ ტექნიკური პრობლემაა და მას არ გაუგზავნია ნომერი, რაც უბრალოდ შეუძლებელია, რადგან შეცდომა გამორიცხულია. შემოსული ნომრები ავტომატურად შედის ბაზაში... არაერთი შემთხვევა ყოფილა, ახლობელი ქალის ან მამაკაცის ნომრიდან გამოუგზავნიათ მესიჯი - ვისი დაოჯახებაც უნდათ. ამ შემთხვევაში, მას მისდის მესიჯები. შემდეგ კი, ნომრის რეალური პატრონი არკვევს "დამნაშავეს".

მარიამ რობაქიძე