ჭი­და­ო­ბის პრო­ფე­სო­რი - გზაპრესი

ჭი­და­ო­ბის პრო­ფე­სო­რი

ამ დღეებში სახელოვან ქართველ ფალავანს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონსა და მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ვახტანგ ბალავაძეს 90 წელი შეუსრულდა. ბატონ ვახტანგს ჭიდაობის სამყაროში კარგად იცნობენ და არა მხოლოდ საქართველოში, თუმცა დღევანდელმა თაობამ ნაკლებად იცის მისი სპორტული კარიერის შესახებ. ამიტომაც, მინდა გავიხსენოთ ამ დიდებული მოჭიდავისა და პიროვნების მიღწევები.

ჭიდაობა ბატონმა ვახტანგმა სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში დაიწყო. იმ მხარეში სპორტის ეს სახეობა დიდად პოპულარული არ იყო და არც არავინ ყოფილა მეტ-ნაკლებად ცნობილი ფალავანი. იქაური ბავშვები უფრო ბურთს დასდევდნენ. ბავშვობაში ფეხბურთით თავად ბატონი ვახტანგიც იყო გატაცებული და თავის ბიძაშვილებთან ერთად კარგი გუნდიც ჰყავდათ. ყოველ შემთხვევაში, მეზობელი სოფლის თანატოლებს სისტემატურად უგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ გულმა მაინც ქართული ჭიდაობისაკენ გაუწია.

ვახტანგ ბალავაძე:

- საქართველოში ჭიდაობა ტრადიციულად უფრო ქართლსა და კახეთში იციან, ჩვენკენ კი მაშინ ნაკლებად მისდევდნენ სპორტის ამ სახეობას. ჭიდაობით მე და ჩემი თანასოფლელები ერთმა ჭაბუკმა დაგვაინტერესა - ნოშრევან კაკაბაძემ. იგი ზაფხულის არდადეგებზე ჩამოდიოდა ხოლმე ღანირში. ნოშრევანი ნამდვილი მოჭიდავე იყო და სწორედ მან შეგვასწავლა ჭიდაობის ანბანი. შემდეგ, მოგვიანებით `ქართული ჭიდაობის~ წიგნი ვიშოვეთ და ახლა ამ წიგნის მიხედვით ვსწავლობდით სხვადასხვა ფანდს. სოფელში, ჩვენს უბანში საჭიდაო არენისათვის პატარა ადგილი მოვასწორეთ, ნახერხი დავყარეთ და საღამოობით, შინ რომ საქმეებს მოვრჩებოდით, შევიკრიბებოდით და გვიან ღამემდე ვჭიდაობდით, მაგრამ ქართული ჭიდაობისათვის ჩოხები იყო საჭირო, რომლებიც არ გვქონდა. მახსოვს, დაახლოებით 13 წლის ვიქნებოდი, სახლიდან მაგარი ქსოვილისგან მოქსოვილი ტომრები მოვიპარე და ბიჭებისათვის ჩოხები შევაკერინე. დედას ეგონა გაგვქურდეს, მამამ კი ყველაფერი იცოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. წლების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი, თავად ვუთხარი დედას და გულიანად იცინა.

მაშინ ვჭიდაობდით ისე, როგორც ვიცოდით და როგორც შეგვეძლო. არავინ არაფერს გვაძალებდა, შედეგებს არ გვთხოვდა, როგორც ეს სპორტულ სკოლებში ხდება. ახლა ვხვდები, რომ ჩემი ინდივიდუალობის ჩამოყალიბებას ხელს არავინ უშლიდა. ჩემით შევიმუშავე ტექნიკა. სტუდენტობის წლებში, მიხეილ თიკანაძესთან რომ მოვხვდი, ის ხელახლა არ მასწავლიდა ილეთებს. მეუბნებოდა, თავისუფალ ჭიდაობაში უჩოხოდ უნდა იჭიდაო, უნდა დახვეწო ის, რაც იციო. ამით მან დამიტოვა საკუთარი სტილი, შემინარჩუნა სახე. სხვანაირად ნამდვილი მოჭიდავე ვერ გავხდებოდი.

ვახტანგ ბალავაძემ ყმაწვილკაცობის წლებში შეთვისებული საკუთარი სტილი ბოლომდე შეინარჩუნა, ჭიდაობის მანერა კი გამორჩეული ჰქონდა. ფიზიკური ძალით არ გამოირჩეოდა, მაგრამ დგომში მასთან ჭიდაობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ფეხებითაც ისე ჭიდაობდა, როგორც ხელებით. მეტოქეები ვერ ხვდებოდნენ, საიდან შეუტევდა და ვერც თავის დაცვას ასწრებდნენ. სწორედ ასე დაამარცხა მეტოქეები 1953 წლის ბუქარესტის საერთაშორისო მეგობრულ თამაშებზე, თანაც ფანდების ისეთი კასკადი დააყენა, რომ `ჭიდაობის პროფესორი~ შეარქვეს და ამ ერთობ საპატიო ტიტულს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, როჟე კულონმაც დაუკრა კვერი.

ვახტანგ ბალავაძე:

- მაშინ ბუქარესტის ფესტივალზე ქართველი სპორტსმენები კარგად გამოვედით. ოქროს მედალი მოვიპოვე მეც. ჩემთვის ეს პირველი სერიოზული საერთაშორისო ასპარეზობა იყო, თუმცა სულაც არ ვნერვიულობდი, ჩემი თავის იმედი მქონდა. ბუქარესტის ხალიჩაზე ექვსი შეხვედრა ჩავატარე და მიუხედავად იმისა, რომ სუსტი მეტოქეები არ მყოლია, ექვსივე წმინდად მოვიგე. ცოტა ფინალში გამიჭირდა. უფრო სწორად, ირანელ მსაჯს რატომღაც თვალში არ მოვუვედი და რამდენჯერაც წავაქციე მოწინააღმდეგე, იმდენჯერ არ ჩამითვალა. ბოლოს, ხელი აღარ გავუშვი მეტოქეს და ასე მყავდა ხალიჩაზე დაწვენილი. მსაჯები ნიშანს მაძლევენ, ბეჭებზე ხელს მირტყამენ, ჭიდაობა მორჩაო, მაგრამ მაინც არ ვუშვებდი ხელს, ვითომ დარბაზის ხმაურში არაფერი მესმოდა. მსაჯთა მაგიდასთან მიმიყვანეს, როჟე კულონმა მკითხა, - რატომ არ გაუშვი ხელიო? ვუპასუხე, - რამდენჯერაც წავაქციე, იმდენი არ ჩამითვალეს და იმიტომ-მეთქი. გაეცინა, ყველაფერსაც მიხვდა და არაფერი მითხრა. `ჭიდაობის პროფესორი~ მაშინ მსაჯთა კოლეგიამ მიწოდა.

მომავალ წელს ვახტანგ ბალავაძემ თავისი ოსტატობა ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დაადასტურა. საბჭოთა და მათ შორის - ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მაშინ პირველად მონაწილეობდნენ მსოფლიოს ჩემპიონატებში და ბატონმა ვახტანგმაც პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. თუმცა, სპეციალისტები მას ფავორიტებს შორის სულაც არ მიიჩნევდნენ. ფიზიკურად იმდენად სუსტად გამოიყურებოდა, რომ უფრო მძლეოსანს წააგავდა, ვიდრე მოჭიდავეს. ქვესაშუალო წონით კატეგორიაში გამარჯვებას სამ კუნთმაგარ ფალავანს უწინასწარმეტყველებდნენ.

ქართველის პირველი მსხვერპლი თურქი გამოდგა. ის ფეხებში შესვლის ოსტატი იყო, მაგრამ ბალავაძე მას წელში მოხრის საშუალებას არ აძლევდა. მკერდით მკერდზე მიდიოდა, ქვევით, ფეხებისკენ არც იყურებოდა და ასე ზეზეულად ჭიდაობდა. ბიუკი ხალიჩაზე ეცემოდა, ქულას ქულაზე კარგავდა, წამოდგებოდა და იგივე მეორდებოდა. გონგმა რომ ჩამოჰკრა, ბალავაძეს იგი ხიდურზე ჰყავდა, ანგარიში კი 8:0 იყო. მომდევნო მეტოქე, ახალზელანდიელი პიტერ მონაგხანი 40 წამში გააკრა ხალიჩას. ფრანგი რენე შენზონი ფიზიკურად ძლიერი კი იყო, მაგრამ ბალავაძის ჭიდაობას ვერაფერი გაუგო. სამჯერ ხიდურზე იდგა, სამივეჯერ გაუძლო, თუმცა მსაჯის დახმარებით. იმ მსაჯს ბატონმა ვახტანგმა დაცინვით გახედა, ფრანგ შენზონს მაინც 14:0 მოუგო. აი, მსაჯის დაცინვა კი შეცდომა იყო, მით უმეტეს გაგანია ტურნირის დროს. ისინი ასეთ რამეებს არ ჰპატიობენ, წყენას იმახსოვრებენ. ირანელი მოჰამედ ფარდინიც მშრალი ანგარიშით 0:9 დამარცხდა.

ფინალში ვახტანგ ბალავაძე მასპინძელთა ფავორიტს, იუტაკე კანეკოს შეხვდა. ამ ორთაბრძოლის გვერდითი მსაჯი სწორედ ის იყო, ვისაც ადრე დასცინა და ვალში არც ის დარჩენილა. ხეირიანად ჭიდაობის საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, ჩვენმა ფალავანმა მაინც მოახერხა კანეკოს ხალიჩაზე გაკვრა.

ვახტანგ ბალავაძე:

- მსაჯმა რამდენჯერმე ჩასტვინა, მაგრამ ხელს არ ვუშვებდი კანეკოს იმის შიშით, რომ `კეთილისმსურველი~ მსაჯი არ ჩამითვლიდა ტუშეს. ბოლოს კანეკო ხალიჩაზე გაიშხლართა და მეც ხელი გავუშვი, მსაჯს კი ვანიშნე სასტვენის ხმა არ გამიგონია-მეთქი. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მაშინ ჩემთან ერთად არსენ მეკოკიშვილმაც მოიპოვა. მე ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ მაღიარეს. ტურნირის დასრულების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონები იაპონიის იმპერატორის, ჰიროჰიტოს სასახლეში მიგვიწვიეს. იმპერატორთან წარდგენის დროს მე და არსენა ერთად მოვხვდით. ჰიროჰიტომ არსენას გოლიათურ აღნაგობას რომ ახედა, თქვა, - ეტყობა, ეს ნამდვილი ჩემპიონიაო. მერე მე შემომხედა და გაკვირვებულმა იკითხა, - ესეც ჩემპიონიაო? ეს ჭიდაობის პროფესორიაო, უპასუხეს. მხრები აიჩეჩა და თავისთვის ჩაილაპარაკა - რა ვუთხარი იაპონელებს, ოქროს მედალი ამას რომ გაატანესო.

1957 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი სტამბოლში, `მეჰმედ ფაშას~ სახელობის სტადიონზე ჩატარდა. თურქეთში ჭიდაობა ეროვნული სიამაყეა და ყოველთვის კარგი ფალავნებიც ჰყავდათ. ვახტანგ ბალავაძემ ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხა, იქ კი მთავარ კონკურენტს, ისმაილ ოგანს შეხვდა. თურქი მართლაც ძლიერი ფალავანი, მაგრამ ამასთან - საკმაოდ ცბიერიც იყო. თუმცა, ბალავაძესთან ვერაფერს გახდა.

ვახტანგ ბალავაძე:

- ოგანი ორჯერ დავაგდე ხალიჩაზე. მისი წაქცევაც შემეძლო, მაგრამ უხეშად ჭიდაობდა და ამან გამაღიზიანა, ისე ვეღარ ვიჭიდავე. ხელით ვანიშნე, - ნუ უხეშობ, თორემ მეც გიპასუხებ-მეთქი. მაინც არ მოიშალა, თავით დამეძგერა მკერდში და ამაღლებული არენიდან გადამაგდო. სწრაფად წამოვხტი და მინდოდა, სამაგიერო გადამეხადა, მაგრამ თავი შევიკავე. ის მასპინძელი იყო და მე მომხსნიდნენ ტურნირიდან. წყნარად გავაგრძელე ჭიდაობა, ფრეც მყოფნიდა მსოფლიოს ჩემპიონის მეორე ტიტულის მოსაპოვებლად და მიზანს მივაღწიე კიდეც.

ვახტანგ ბალავაძე ქართველ ფალავნებს შორის პირველია, ვინც თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონობა მოიპოვა. მას მესამე ტიტულის დაუფლებაც შეეძლო. 1959 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი თეირანში ჩატარდა, სადაც ჭიდაობა ისევე პოპულარულია, როგორც საქართველოში. 33 წლის ვეტერანი თეირანში მორიგი ოქროს მედლის დაუფლების იმედით გაემგზავრა და ტურნირიც ისე ჩაამთავრა, ერთი შეხვედრაც არ წაუგია, მაგრამ ამის მიუხედავად, თბილისში მხოლოდ ვერცხლის მედალი ჩამოიტანა. ფინალურ ორთაბრძოლაში მასპინძელთა კერპთან, იმამ ალი ჰაბიბისთან ჭიდაობის დროს მეტოქე თავით დაეჯახა მკერდში და ორი ნეკნი ჩაუმტვრია. ბალავაძემ შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ვახტანგ ბალავაძე:

- მინდოდა, მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გავმხდარიყავი, მაგრამ ირანელმა ვერაფერი რომ ვერ მომიხერხა, ნეკნები ჩამიმტვრია. ჭიდაობის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ექიმებმა გულმკერდი გადამიხვიეს და ისე გამიყვანეს არენიდან. რას იზამ, ჭიდაობაში ასეთი რამე ხდება ხოლმე. ის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, მე კი იძულებული ვიყავი, მეორე ადგილს დავჯერებოდი.

ვახტანგ ბალავაძე ჭიდაობის პროფესორი იყო საჭიდაო ხალიჩაზე. ასეთივე ტიტულს ფლობს იგი ცხოვრებაშიც. სპორტული კარიერა რომ დაასრულა, მწვრთნელობას მიჰყო ხელი და არაერთი კარგი ფალავანიც აღზარდა. მათ შორის საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლევან თედიაშვილია, რომელმაც უფრო მაღალ მწვერვალებს მიაღწია, ვიდრე თავად ბატონმა ვახტანგმა. ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ამაში ლომის წილი სწორედ ვახტანგ ბალავაძისაა. ქართველი კაცია და ქართულად ცხოვრობს. მინდა, კიდევ დიდხანს იცხოვროს. ის ჩვენ უფრო გვჭირდება. ამიტომაც, ჯანმრთელობას გისურვებთ, ბატონო ვახტანგ.

გოგი ფრანგიშვილი