"მკვლელი" სათამაშოები - თოჯინებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს - გზაპრესი

"მკვლელი" სათამაშოები - თოჯინებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს

ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათთვის ყველაფერი საუკეთესო გვემეტება და რაოდენ საწყენია, რომ თურმე მათთვის ვყიდულობთ სათამაშოებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა გაავრცელა. როგორც ამ ორგანიზაციის პროექტების ხელმძღვანელი, ლია თოდუა ამბობს, ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგიც შოკის მომგვრელი და შემაშფოთებელი აღმოჩნდა:

ლია თოდუა:

- გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა, რამდენად უსაფრთხოა საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები და საბავშვო პროდუქცია. კვლევის დაწყებისას ევროკავშირის გამოცდილება გამოვიყენეთ - საერთოდ, ევროკავშირი ყოველთვის აქვეყნებს საფრთხის შემცველი პროდუქტების სიას, რომელიც მის საზღვრებში აღმოჩნდება. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ სწრაფი შეტყობინების სისტემა, სადაც ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება და ქვეყნდება. ვნახეთ, რა საეჭვო სათამაშოები იყო აღმოჩენილი ევროკავშირში და მსგავსი სათამაშოების მოძიება დავიწყეთ საქართველოს ბაზარზეც.

- სათამაშოები სად შეიძინეთ?

- შემოვიარეთ დედაქალაქის მაღაზიები, შვიდ მაღაზიაში შევიძინეთ ათი თოჯინა და ევროპის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გავგზავნეთ. რადგან ჩვენთან არ არის ასეთი ლაბორატორიები, ყველაფრის უცხოეთში გაგზავნა გვიწევს. ეს იყო ბარბის ტიპის თოჯინა, რომელიც გარეგნულად საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა. სამწუხაროდ, ისეთი პასუხი მივიღეთ, რომელიც ჩვენთვისაც კი შოკის მომგვრელი იყო - 10 თოჯინიდან რვაზე უარყოფითი დასკვნა მივიღეთ. ჩვენი ევროპელი მეგობრების დასკვნით, ეს თოჯინები შეიცავს მავნე ნივთიერებას, რომელსაც ფტალატი ჰქვია და უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე.

- რა ნივთიერებაა ეს და კონკრეტულად, რაზე მოქმედებს უარყოფითად?

- ევროკავშირმა მიიღი დირექტივა, რომ ამ ნივთიერების გამოყენება საბავშვო სათამაშოებში უნდა აიკრძალოს. მას იყენებენ კაბელებში ან სანტექნიკურ ნაწარმში. როგორც კი სათამაშოში ამ ნივთიერებას აღმოაჩენენ, მაშინვე ანადგურებენ, ინფორმაცია კი, საჯაროდ ქვეყნდება. ჩვენც სწორედ ეს ინფორმაცია ვნახეთ. ცნობილია, რომ ფტალატი პირველ რიგში ბავშვის სქესობრივ განვითარებაზე მოქმედებს უარყოფითად, მაგრამ სხვა ორგანოებსაც აზიანებს. ამ დასკვნის მიღებისთანავე, ეს ინფორმაცია გავახმაურეთ, მივმართეთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, საბაჟოს, რომ რაღაც მოვიმოქმედოთ, რომ ასეთი პროდუქცია ჩვენი ბავშვების ხელში და ჩვენს ოჯახებში აღარ მოხვდეს, მაგრამ ამაოდ!

- რატომ, ქალბატონო ლია?

- სამწუხაროდ, საქართველოში სათამაშოებისთვის ნორმა არ არის დადგენილი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოებში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა, ისინი ჩვენს სავაჭრო ქსელში ისევ თავისუფლად იყიდება. ეს სათამაშოები ქსელში გასაყიდად ისევ იქნება (!), მეწარმეებსაც ვაცნობეთ და თუ არ იქნება მათი კეთილი ნება, ისინი არ არიან ვალდებული, სათამაშოები ქსელიდან ამოიღონ. ამ დღეებში საბაჟოდანაც უარყოფითი პასუხი მივიღეთ - როგორც ჩანს, იქაც ვერაფერს შეძლებენ, რადგან თუ არ არის ნორმატიული ბაზა და პროდუქცია არ აიკრძალება, საბაჟოზე ვერაფერს იღონებენ.

- ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, როდესაც ქსელში ბავშვებისთვის საზიანო სათამაშოებს ყიდიან?

- პასუხისმგებელი ბაზარზე არსებული პროდუქციის უსაფრთხოებაზე არის ეკონომიკის სამინისტრო. სწორედ მან უნდა შექმნას უწყება, ან ორგანო, რომელიც ამ სფეროს გააკონტროლებს. კანონით, ეს უნდა მოახერხოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციამ, მაგრამ ის საბავშვო პროდუქციას არ აკონტროლებს. სამწუხაროა, მაგრამ ამ მიმართულებას ქვეყანაში არავინ ამოწმებს. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, რადგან ბავშვებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქცია შეიძლება იყოს მავნე და მომწამვლელი. სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამ საკითხს, უნდა გამოყოს თანხა და გეგმაზომიერად გააკონტროლოს პროდუქცია, რომლითაც ჩვენი ბავშვები თამაშობენ და ყოველდღიურად ეხებიან.

ხათუნა ჩიგოგიძე