"ვინ­მემ ლექ­სი მეც რომ მო­მიძღ­ვ­ნას, ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნე­ბა" - გზაპრესი

"ვინ­მემ ლექ­სი მეც რომ მო­მიძღ­ვ­ნას, ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნე­ბა"

"მთავარია, ადამიანმა კითხვის სურვილი არ დაკარგოს, დროის გამონახვა ყოველთვისაა შესაძლებელი. 2-3 დღე არ გადის ისე, რამე არ წავიკითხო", - ამბობს მომღერალი გიორგი ჩიტაური. გამორჩეულად უყვარს დეტექტივები. ახლა ექსპერტ-კრიმინალისტის პროფესიას ეუფლება, ჩართულია პოლიტიკაში ("ლეიბორისტული პარტია")... ავტორებიდან ყველაზე მეტად ვაჟა-ფშაველას შემოქმედება იზიდავს, ნაწარმოებებიდან - "სტუმარ-მასპინძელი".

- სტუდენტი ვარ, ექსპერტ-კრიმინალისტიკას ვსწავლობ. ეს სფერო ძალიან საინტერესოა. ნებისმიერი დანაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

სისტემატურად ვეცნობი პრესას, ვიღებ ინფორმაციას. მხატვრული ლიტერატურისთვის ყველაზე მეტი დრო მაშინ მაქვს, როცა მთაში დასასვენებლად მივდივარ. ამ დროს უმეტესად პოეზიას ვკითხულობ. ლექსები პროზაზე მეტად მიყვარს.

მხატვრული ნაწარმოების ელექტრონულ ვერსიას და წიგნს შორის არჩევანის გაკეთებისას, უპირატესობას ყოველთვის წიგნს ვანიჭებ.

წიგნი არასდროს მომიპარავს, მაგრამ ბიბლიოთეკიდან არაერთხელ გამომიტანია და უკან აღარ დამიბრუნებია. სოფლების ბიბლიოთეკები რომ გააუქმეს, მაშინ ძალიან ბევრი წიგნი განადგურდა. თიანეთიდან ვარ და ვიცი, რომ მსგავსი შემთხვევები სხვა რეგიონებშიც ხდებოდა.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გამორჩეულად მიყვარს. "სტუმარ-მასპინძელი" კი - კიდევ უფრო გამორჩეულად. ყოველთვის ძალიან მიტაცებდა დეტექტივები. წასაკითხ ნაწარმოებს ავტორის მიხედვით არასდროს ვირჩევ, მთავარი წიგნის შინაარსია. წაკითხულ წიგნებს კი ხშირად ვუბრუნდები.

დღეს ყოფითი პრობლემები იმდენ დროს გვართმევს, ზოგჯერ იმის განწყობაც კი აღარ არის, მშვიდად რამე წაიკითხო. ეს ხელს უწყობს ადამიანების შემოქმედებით დასუსტებას, სერიოზული პრობლემაა. სახელმწიფომ ყველაზე დიდი კაპიტალი და ინვესტიცია განათლებაში, ადამიანის წიგნთან დაახლოების კამპანიაში უნდა ჩადოს. ცოდნის გარეშე თითოეული ჩვენგანის, შესაბამისად, სახელმწიფოს წინსვლა შეუძლებელია.

29 ნოემბერს დავასრულეთ ტურნე "გიორგი ჩიტაური მეგობრებთან ერთად". საქართველოს რეგიონებში ჩვენი გასვლითი კონცერტების მთავარი მიზანი იყო აღმოგვეჩინა ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანები და მათი ინტეგრირება მოგვეხდინა საზოგადოებაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა.

უკვე დავსახეთ სამომავლო გეგმები, როგორ უნდა გავაგრძელოთ შემოქმედებითი საქმიანობა იმ ადამიანებთან ერთად.

- კოკო შანელი ამბობდა, რომ ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი - პასპორტი, ქალის სხეულის რომელ ნაწილს უწოდებდა ის "საზღვარგარეთის პასპორტს"?

- სავარაუდო პასუხები შეიძლება მითხრა?

- თვალებს, მკერდს თუ ფეხებს?

- სავარაუდოდ, თვალებს, არა?

- ცდები.

- მაშინ უეჭველად მკერდი იქნება.

- დიახ. XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთში იყო პოპულარული ჩაის სერვიზი ორ პერსონაზე, რომელსაც ფრანგული სახელწოდება "ტეტ-ა-ტეტ" ერქვა. რა სახელწოდებას ატარებდა, იმავე პერიოდის ფაიფურის სერვიზი ერთ პერსონაზე?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ამ სიტყვას დღეს ადამიანის დასახასიათებლად ვამბობთ, როცა გვინდა, მის პიროვნულ თვისებას ხაზი გავუსვათ.

- ვერ გიპასუხებ.

- "ეგოისტი". ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები, მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლე.

- "გულო, ოცნებას მალავ!/ ცაო, ლურჯდება ზოლი!/ ვაჟი: - დაიცა, ქალავ!/ ქალი: - დაგიბრმა თოლი!/ შორით ბრუნდება წყალი,/ ნისლი იცრება მთაში./ - არა! - ჩურჩულებს ქალი./ - კარგი! - ამშვიდებს ვაჟი"... ვისი პოეზიიდან არის ეს სტროფი?

- "...თუნდა წაიყვა ჯოგი, კიდენ დამრჩება მრავალ/ ბროლ-ღიკილასაც მოგი,/ როცა ქალაქში ჩავალ". გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაა.

- ლექსებს წერ?

- იშვიათად. ერთ გოგოზე ვიყავი შეყვარებული ძალიან და რომ მომენატრა, დავუწერე, მაშინ საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი და იქიდან გამოვუგზავნე. ვინმემ ლექსი მეც რომ მომიძღვნას, ძალიან მესიამოვნება.

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ინდოეთში ჩატარდა დემონსტრაცია ხურდა ფულის გაუქმების მოთხოვნით. ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები?

- ....

- მიგანიშნებ, ისინი გარკვეული სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ.

- ვერ ვხვდები.

- ამბობდნენ, ხურდა ფული იმდენად გაუფასურებულია, ვეღარაფერს იყიდიო.

- ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ?

- დიახ. "იყო კარგი კომუნისტი, იგივეა იყო ჩეკისტი". - ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- ლენინი.

- "კომუნისტი ადამიანური სახით". რომელ ცნობილ საბჭოთა მაღალჩინოსანზე ამბობდნენ ამას ევროპელები?

- გორბაჩოვზე.

- "ეს გახლავთ სტილი მმართველობისა, რა დროსაც მთავრობა აწვდის ან ცდილობს მიაწოდოს ხალხს ილუზია იმისა, რომ თითქოს ქვეყნის ბატონ-პატრონი თავად ხალხი იყოს". რის შესახებ ამბობდა ამ სიტყვებს მუსოლინი?

- დემოკრატიული მმართველობის შესახებ.

- სად არის დაკრძალული ივანე ჯავახიშვილი?

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

- მეცნიერულად მას ფილემატოლოგია ჰქვია. რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- კოცნაზე. ეს ორგანო ადამიანის წონის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-ს და კალორიების 20%-ს. რაზეა ლაპარაკი?

- ღვიძლზე?

- ცდები.

- გულზე?

- ტვინზე. ისინი ძმები იყვნენ ადოლფი და რუდოლფი. ერთმანეთი არ უყვარდათ. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში გადაიზარდა. ისინი 2 ცნობილი ფირმის დამაარსებლები იყვნენ. დაასახელე ეს ფირმები.

- "ადიდასი" და "პუმა".

- რატომ უწოდებენ რომაელები მეგობრებს "ყველაზე დიდ ქურდებს"?

- არ მახსოვს. მინიშნება შეიძლება?

- ამბობენ, მეგობრები ყველაზე ძვირფას რამეს გვპარავენო.

- ...

- მეგობრები ამ რაღაცას მართალია "გვპარავენ", მაგრამ ჩვენც სიამოვნებით ვუთმობთ.

- მივხვდი, დროზეა ლაპარაკი.

- "პატარაობიდანვე ვოცნებობდი კოსმონავტი გავმხდარიყავი, მაგრამ ამას საკმაოდ ბევრი მეცადინეობა სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ გავხდი პრეზიდენტი". ამერიკის რომელი პრეზიდენტია ამ სიტყვების ავტორი?

- კენედი, არა?

- ცდები.

- კლინტონი?

- კოსმონავტობაზე ბუში ოცნებობდა. ციყვს ხეზე აძრომა უფრო სწრაფად შეუძლია თუ მიწაზე სირბილი?

- ალბათ ხეზე აძრომა, არა?

- დიახ. ნელის მამას 5 ქალიშვილი ჰყავს. პირველს ჰქვია ნინო, მეორეს - ნანა, მესამეს - ანა, მეოთხეს - ნატო. რა ჰქვია მეხუთეს?

- ნამდვილად არ ვიცი.

- დაიბენი, პასუხს თავად გეუბნები.

- ნინო, ნანა, ნატო და კიდევ რა თქვი (კითხვას ვუმეორებ)? რა თქმა უნდა, ნელი ჰქვია.

- თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, უნდა შედგებოდეს პატარა ბუშტულებისგან, მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ის ცივია. რაზეა ლაპარაკი?

- ენერგეტიკული სასმელია?

- არა.

- საქართველოში ამზადებენ?

- დიახ.

- ლუდი?

- დიახ, ლუდი გიყვარს?

- ზომიერად. ალკოჰოლთან ჩემს ურთიერთობაზე "ლეგენდები" დადის. ძალიან იშვიათად ვსვამ, მაგრამ თუ დავლევ, მერე ერთი კვირა ჩემი შეჩერება შეუძლებელია. წლის განმავლობაში შეიძლება ერთხელ ან ორჯერ დავლიო.

- რისი შიშია ჩეროფობია?

- არ ვიცი. არც მინდა, ფობიებს ჩავუღრმავდე და ვიფიქრო, არც მაინტერესებს.

- ჩეროფობია გართობის შიშია. 1204 წელს ქართველებმა მონაწილეობა მიიღეს ჯვაროსნულ ლაშქრობებში. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორია დალაშქრეს და შექმნეს...

- ტრაპიზონის იმპერია.

- დაბოლოს დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "არასდროს შეიყვაროთ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენ მოგეპყრობათ, როგორც...

- მას სურს.

- "...როგორც ჩვეულებრივ ადამიანს".

თამუნა კვინიკაძე