გუ­რამ გე­გე­ში­ძე - ახა­ლი დრო­ის ჟამ­თა­აღ­მ­წე­რე­ლი მხატ­ვ­რუ­ლად - გზაპრესი

გუ­რამ გე­გე­ში­ძე - ახა­ლი დრო­ის ჟამ­თა­აღ­მ­წე­რე­ლი მხატ­ვ­რუ­ლად

ამ გამოცემაში, ფაქტობრივად, მწერლის მთელი შემოქმედებაა თავმოყრილი და მით უფრო მნიშვნელოვანია მკითხველისთვისაც და თავად მწერლისთვისაც - თაობები შეიცვალა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი სამწერლო ასპარეზზე XX საუკუნის შუა წლებში გამოსული მწერლების შემოქმედებას, თუკი სკოლაში საგანგებოდ არ წააკითხეს, ნაკლებად იცნობენ. არადა, სწორედ ბატონი გურამისა და მისი მეგობრების სალიტერატურო ასპარეზზე გამოჩენით დაიწყო სოციალისტური მარწუხებიდან ქართული პროზის გათავისუფლება.

გურამ გეგეშიძის პირველი მოთხრობა - "სანამ ერთად ვართ" 1957 წელს დაბეჭდა ჟურნალმა "ცისკარმა", მას მოჰყვა რომანები, მოთხრობები და, რა თქმა უნდა, მკითხველის სიყვარული.

ერთხელ მითხრა: მწერალი მთლად ბედნიერი კაცი ვერ არის. რაღაცას რომ ჯღაბნი, ბევრს ფიქრობ ამაზე. მწერალი რომ ხარ, ორ განზომილებაში ცხოვრობ, რეალურისა და პრაქტიკულის პარალელურად - აბსტრაქციაში. შენს გმირებზე ბევრს ფიქრობ, ამით კი, ჩანს, ყურადღებას აკლებ ახლობლებსო. და მაინც, არასდროს შეუწყვეტია წერა. დიდი ხანი არაა, რაც საქართველოს ისტორიის მხატვრული მატიანე დაასრულა და ძველ, ისტორიულ ამბებთან ერთად, სრულყოფილად გადმოგვცა XX საუკუნის საქართველოს ამბები - თანამედროვე "ქართლის ჭირითა" თუ დიდებით.

დავინტერესდით, როგორ განაწილდა მწერლის ნაწარმოებები ექვსტომეულში და ზუსტი ინფორმაციისთვის კომენტარი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარ რედაქტორს მაია ალუდაურს ვთხოვეთ:

- უპირველესად იმას გეტყვით, რომ ამ ექვსტომეულის რედაქტორობა ბატონი გურამის შემოქმედების საუკეთესო მცოდნესა და მეგობარს, ქალბატონ მანანა ჯანელიძეს ვთხოვეთ. სწორედ მან გაანაწილა ნაწარმოებები და ვფიქრობ, მკითხველისთვისაც ძალიან მოსახერხებლად. I ტომში შევიდა მწერლის ორი ძალიან ცნობილი რომანი - "ცოდვილი" და "სტუმარი", II ტომში დაიბეჭდა "დევნილი" და სხვა მოთხრობები, III ტომიდან იწყება "ქართლის ჭირი" - წიგნი 1 - "ხმა მღაღადებლისა", IV ტომში გრძელდება "ქართლის ჭირი" - წიგნი 2 - "სისხლის წვიმები" და წიგნი 3 - "ნაცრის კოშკი", V ტომშია "ნათლის ქრობა" ნაწილი 1,2 და VI ტომში - "ნათლის ქრობა", ნაწილი 3,4.

"ისე მოხდა, რომ ადამიანები, რომლებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს საქართველოს თუნდაც უახლეს ისტორიაზე, ჩემი ახლობლები აღმოჩნდნენ. პირველი ვაჟთა, ახლანდელი კლასიკური გიმნაზია დავამთავრე. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ჩემი უმცროსი ძმის თანაკლასელები იყვნენ, თენგიზ სიგუა - ჩემი, თენგიზ კიტოვანიც ჩვენს სკოლაში სწავლობდა, ახლოს ვიცნობდი ჯაბა იოსელიანს, კიდევ უამრავ ადამიანს, ცხოვრება კი ისე წავიდა, რომ ეს ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა. მე მწერალი მერქვა, კალამი მქონდა ხელში, დამკვირვებლის ბუნებაც მახასიათებდა და, შესაბამისად, ბევრის მოწმე გავხდი", - მითხრა გურამ გეგეშიძემ და თაობაზე, მწერლობასა და მისი ისტორიის მხატვრულ მატიანეზე განაგრძო საუბარი:

- ჩვეულებრივი ახალგაზრდები ვიყავით, ახალგაზრდული მისწრაფებებით, მხოლოდ უფრო წიგნიერი, ნაკითხი, ვიდრე დღევანდელი ახალგაზრდები. ვეთაყვანებოდით მიხეილ ჯავახიშვილს, ნიკო ლორთქიფანიძეს, გრიგოლ რობაქიძეს, კონსტანტინე გამსახურდიას, გალაკტიონი ხომ ყველამ ზეპირად ვიცოდით და იმხანად ლიტერატურასაც დიდი ზეგავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე... ჩვენს მწერლობაში ყოველთვის არსებობდნენ და არსებობენ მოდური მწერლები. ვერაფრით მივხვდი, რა განაპირობებს ამ მოდას, რადგან ბევრი რამ, რაც მოდური წამიკითხავს, აშკარად სისულელეა. მაგრამ ხომ არის მოდური?! და მაინც, ვფიქრობ, ბედისწერა განაგებს ადამიანების ცხოვრებას. შორს ვარ აზრისგან, რომ ვიღაცას ვემსახურები. ჩემი წიგნებით უფრო საკუთარ თავს გამოვხატავ და თუკი ეს სხვისთვისაც საინტერესოა, მშვენიერია.

რაც დავწერე - ისტორია მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ჩემი ცხოვრებაა, სამყაროა, გამოცდილებაა, რაც ვიცი, ისაა. კი, ამ წიგნებში ქვეყნის ისტორიაცაა, მაგრამ მაინც ჩემეული, ჩემი თვალით დანახული.

- თქვენს რეალისტურ რომანებში წინა თაობების ბევრი მანკიერება აღწერეთ - დასმენა-დაბეზღება, გაუტანლობა, შური, სიცრუე, კაცის კვლა, ამით წარსული ძალიან წააგავს აწმყოს.

- რასაკვირველია, წარსულის გაიდეალება არ შეიძლება, რადგან უკეთურება ცხოვრებაში ყოველთვის ხდებოდა და მოხდება კიდეც.

- ბატონო გურამ, თქვენი შემოქმედებით მნიშვნელოვანი რა უთხარით მკითხველს?

- მიმაჩნია, რომ, რაც დავწერე, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. სხვაგვარად არაფერს დავწერდი. სხვათა შორის, ამას მიმტკიცებდნენ ის ადამიანები, ვინც ჩემს წიგნებს კითხულობდნენ და რომელთა აზრსაც პატივს ვცემ.

ირმა ხარშილაძე