რაში უშლის ხელს სიჩქარე და სისწრაფე ნარდის მოთამაშეებს?
სპორტის ეს სახეობა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეშია პოპულარული და ალბათ, ოჯახი არ არსებობს, სადაც კამათელი ერთხელ მაინც არ გაგორებულა. დაფას, კამათელს, ქვებს, მათ განლაგებას საკმაოდ საინტერესო ისტორია და დატვირთვა აქვს, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 6 000 წლის წინ, ეგვიპტეში იღებს და ბატონი თემური ამის შესახებაც მოგვითხრობს. მარნეულში მონარდეებსა და ვეტერანებს 9 მაისი - გამარჯვების დღე, ქართული ესტრადის მომღერლებმა - ეთერ კაკულიამ, ვახტანგ ტატიშვილმა, ნუგზარ კვაშალმა, ზურაბ კობეშავიძემ და ბესო კალანდაძემ თავიანთი ჰიტებით მიულოცეს.
თეიმურაზ ქურციკიძე:
- პირველად ნარდის ფედერაცია საქართველოში ბიზნესმენმა, მიხეილ სურგულაძემ შექმნა, 1990-იანი წლების დასაწყისში. ქობულეთში მსოფლიო პირველობა უნდა ჩატარებულიყო, ამ დროს კი სამოქალაქო ომი დაიწყო და ტურნირი მივიწყებას მიეცა. თუმცა მოგვიანებით, თბილისში მაინც ჩატარდა და საქართველო მსოფლიო ნარდის ფედერაციებში გაწევრდა. მას შემდეგ, ქართველებს დიდი წარმატებები გვაქვს. გვეუბნებიან ხოლმე, - ძალიან სწრაფები ხართ და ჩქარობთ, თორემ თქვენ რომ დინჯად და დაფიქრებულად ითამაშოთ, კაცი ვერ მოგიგებთო და მართლაც ასეა. ვინც დინჯი მოთამაშეა, წარმატებებსაც მიაღწიეს და 50 წელს ზემოთ ასაკში მსოფლიო ჩემპიონიც გვყავს - ომარ დვალი. 2010 წელს, მონტე-კარლოში სენიორთა ტურნირი მოიგო. სხვადასხვა ტურნირი მეც მომიგია, ასევე, ჩვენი ნაკრების კაპიტანს - კახა ნაჭყებიას, რომელიც ექიმია. სერიოზული ხალხი გვყავს. მიხეილ სურგულაძის მერე, ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კაკო კიკალეიშვილი იყო. ის ფედერაცია რომ აღარ ფუნქციონირებს, მის ოჯახთან შეთანხმებით, საქართველოს ნარდის ასოციაცია შევქმენით, რომლის პრეზიდენტიც გახლავართ. მსოფლიო, ევროპის პირველობებზე, საერთაშორისო დონის ტურნირებზე გავდივართ, საქართველოს პირველობებს რაიონებში ვატარებთ, თავისი პატარა კონცერტებით, რომ ხალხმა ისიამოვნოს. საქართველოს არც ერთი კუთხე-კუნჭული არ დაგვიტოვებია. ასევე, ორგანიზაციებში, ფირმებში, ხანდაზმულთა, ინვალიდთა სახლებში ვაწყობდით ტურნირებს. მგონი, კარგ საქმეს ვაკეთებთ, დიდი მიზნებიც გვაქვს, მაგრამ ჩვენი პრობლემა დაფინანსებაა. მერწმუნეთ, ქართველები ერთ-ერთი აღიარებული მოთამაშეები ვართ მსოფლიოში. იმედი მაქვს, ეს საკითხი მოგვარდება და თანხები ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა. თანაც მომგებიანი სპორტია, შემოსული თანხები ნარდის განვითარებას მოხმარდება და არა - ვინმეს ჯიბეს. კარგი შემადგენლობა გვაქვს, ბატონი გივი ბერიკაშვილი საპატიო პრეზიდენტია. მომღერლები - ეთერ კაკულია, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ნუგზარ ერგემლიძე, - საპატიო წევრები. ჩვენთან იმდენი გვარია დაფიქსირებული, ტურნირებზე ყველას ვერ ვეპატიჟებით.
- დღევანდელ პირველობაზე ვინ გაიმარჯვა?
- საერთაშორისო წესებით თამაშობდნენ და ნარდის სხვადასხვა სახეობაში გაიმარჯვეს თბილისელმა ალექსი ჩაჩანიძემ, გია სისვაძემ და აზერბაიჯანელმა სოინგულ ამიროვმა. ვეტერანებიც მოვიდნენ, ძალიან გახარებულები იყვნენ, ზოგმა ითამაშა კიდეც, გზა დავულოცეთ და ღონისძიებამ კარგად ჩაიარა. სხვათა შორის, არც ერთი შეჯიბრებიდან, ჩვენი მონარდეები უფულოდ არ დაბრუნებულან და ვინც დაგვაფინანსებს, ვპირდებით, რომ მოგება აუცილებლად ექნება. უცხოელებსაც ჩამოვიყვანთ და დიდ ტურნირებს ჩავატარებთ. ახლაც ტარდება, მაგრამ წელიწადში 1-2-ჯერ. ბატონი გოგი ბუკიას სახელობის ტურნირს ატარებს ხოლმე მისი ძმა - გოდერძი ბუკია. პირველი ტურნირი ერთად ჩავატარეთ. სპორტის სამინისტრო გვეხმარება, მაგრამ ალბათ უფრო მეტია საჭირო. საწევრო რომ დავაწესოთ, თვეში ერთი ლარიც კი, ასოციაცია თავს ირჩენს.
- როგორც ვიცი, ნარდის წარმოშობის შესახებ, საინტერესო ინფორმაცია გაქვთ, რომელიც სპარსულ ლიტერატურაში ამოიკითხეთ. ამაზეც გვიამბეთ.
- ეგვიპტის ფარაონის სამარხში ნარდის დაფა ნახეს, თითქმის იგივენაირი, როგორიც ახლაა. მერე კი მსოფლიოში გავრცელდა - მესოპოტამია, ირანი, თურქეთი, საქართველო. ჩვენც "ძველებში" გავდივართ. საინტერესო ისაა, რომ იმ პერიოდის ასტროლოგები ციფრებს ასტროლოგიურად ამთხვევდნენ. მაგალითად, დუ შაში - 12 ქულა, წელიწადის 12 თვე; 4 დაფა ანუ 4 ოჯახი - წელიწადის ოთხი დრო; 15 თეთრი ქვაა, 15 შავი - 30 კალენდარული დღე; დღეღამეში 24 საათის მანიშნებელი არის დაფაზე დახატულ ხაზებს შორის ადგილი; კამათელი ყოველი მხრიდან 7-ის ტოლია, ანუ 5-იანის ქვემოთ ორიანია, 4-იანის ქვემოთ 3-იანი და ა.შ. ეს საკრალური ციფრია, იმ პერიოდისთვის 7 პლანეტა იყო და როდესაც ნარდში ვინმე რამეს მოიგებდა, სწამდათ, რომ მთელი წელი გამარჯვებული ივლიდა.
- ალბათ სახალისო ამბებიც გექნებათ გასახსენებელი. ნარდის თამაშის დროს, ზოგი იმდენად შედის აზარტში, რომ მინახავს, როგორ გადაამტვრია ერთმა ადამიანმა თავზე ნარდი მოწინააღმდეგეს.
- ორი წლის წინ, 8 მარტს, ქალთა ტურნირი ჩავატარეთ და 210 ქალი მოვიდა. კაცების თამაშის დროს არ გამიგონია ისეთი გინება, აზარტში შესული ქალები რომ იგინებოდნენ, თანაც სერიოზული ხალხი, თანამდებობის პირები. თამაშის დროს საინტერესო ამბები ხდება ხოლმე. ნარდი გამორჩეულად უყვართ სამეგრელოში, გურიაში, ქვემო ქართლში, თბილისში ხომ ყველა ეზოში თამაშობენ. ერთი ძალიან ოხუნჯი კაცი გვყავდა - თემურ სიხარულიძე, საქართველოს პირველობაზე ერთ მეტოქეს შავი ქვა მოუკლეს და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ აცოცხლებდა. ქვებს რომ დააკვირდა, 15-დან მხოლოდ ის იყო შავი, დანარჩენი - რუხი და მსაჯს შესჩივლა, ამაში ჯადოა, შავი ქვა ძალით მომიკლა და როგორ შეიძლება, რომ მთელი დღეა ვეღარ ვაცოცხლებო?! თემური ოხუნჯი იყო და ჰკითხა, - როდის მოგიკლესო? - დილითო, უპასუხა. ჰოდა, აბა, მკვდარი შავდება და ეგეც გაშავდაო, - უპასუხა. 2001 წელი იყო, დიდი ტურნირი ტარდებოდა. ფინალს ოქროს კამათლებით ვატარებდით. მეგობრის აგარაკზე კარგი პურ-მარილი გავაკეთეთ. თამაში 15 ქულამდე იყო, ანგარიში 10:8 გახდა, ამ დროს ერთი კამათელი გადავარდა და მამალმა არ გადაყლაპა?! გავეკიდეთ ოცი კაცი, დავდევთ, რომ დავიჭიროთ, თან ოჯახის უფროსი გვეხვეწება, - არ მოკლათ, საჯიშე მამალია, არ დამღუპოთო (იცინის)! კურიოზული სიტუაცია იყო. მერე იდეა გამიჩნდა, ამ თემაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღო, სადაც ბატონი გივი ბერიკაშვილი და სხვები მიიღებენ მონაწილეობას. რეჟისორი არ ვარ, მაგრამ ვიცი, სახალისო ფილმი გამოვა. - იმ მამალს რა უქენითო? - მერე მეკითხებოდნენ და სცენარში ასე იქნება: სუფრაზე შემოდის მთლიანად მოხარშული მამალი და კამათელი ყელში აქვს გაჩხერილი. სინამდვილეში, პატრონმა შემოგვთავაზა, 1-2 დღე მოუცადეთო, მაგრამ ვინ მოუცდიდა?!
ისპან ქერიმოვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე:
- ამ თანამდებობაზე 2010 წლიდან ვარ და როდესაც ბატონმა თემურ ქურციკიძემ ნარდის ჩემპიონატის ჩატარების იდეა შემოგვთავაზა, საკითხი სხდომაზე გავიტანე და მთელი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ამ ტრადიციას დიდი სიამოვნებით ჩავუყარეთ საფუძველი. დიდი მადლობა ბატონ თემურს, რომ ამჯერად 9 მაისს - ფაშიზმზე გამარჯვების დღეს დაამთხვია და შესანიშნავ მომღერლებთან ერთად, ეს დღე ჩვენს ვეტერანებს მიულოცეს. ნარდის ჩემპიონატმა წარმატებით ჩაიარა.
- საერთოდ, რამდენად პოპულარულია ნარდი მარნეულში?
- ძალიან პოპულარულია. შარშან, პრიზი 1500 ლარი იყო, ასევე, სხვადასხვა სახის საჩუქრები და წელს მონაწილეობის მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა - ას კაცზე მეტია და რიგები იდგა, რომ ტურნირში მონაწილეობისთვის ჩაწერილიყვნენ. მინდა აქვე დავძინო, რომ დღეს ძალიან კარგი და ისტორიული ამბავი მოხდა - მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელი მეუფე გიორგი გახლავთ და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდით. მართალია, ხუჯაბი ახლა სომხეთის ტერიტორიაზეა, მაგრამ ის ჩვენი, საქართველოს ძირძველი მიწა-წყალია.
რომან გვენეტაძე, ბიზნესმენი, ჩემპიონი ნარდში:
- ნარდს ბავშვობიდან ვთამაშობ და ჩემპიონატშიც არაერთხელ ვმონაწილეობდი. სულ ახლახან, თებერვლის თვეში, სტამბოლში წყვილებს შორის შეჯიბრებაზე მე და გოჩა ჭოხონელიძე ჩემპიონები გავხდით, ფინალში თურქებს მოვუგეთ და ჯილდოდ, ულამაზესი და საკმაოდ ძვირფასი ნარდიც გვერგო. ჩვენ საქართველოს ნაკრებში ვირიცხებით და როგორც წევრები, ისე წავედით, ბატონი თემურ ქურციკიძის ხელმძღვანელობით. მონაწილეები 20-ზე მეტი ქვეყნიდან იყვნენ, მათ შორის, - ევროპის ქვეყნებიდან, ასევე, რუსეთიდან, მოსკოველი ქართველები.
თამთა დადეშელი