"მე ვიქნები სკარლეტ ო"ჰარა!" - ვივიენ ლის პატარა მარადისობა - გზაპრესი

"მე ვიქნები სკარლეტ ო"ჰარა!" - ვივიენ ლის პატარა მარადისობა

XX საუკუნის ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ისტორიაში ვივიენ ლი შეუდარებელი სკარლეტ ო"ჰარას სახით ჩაიბეჭდა. ფილმი - "ქარწაღებულნი", რომელიც მარგარეტ მიჩელის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა, ეკრანებზე მილიონ-ნახევარი ტირაჟით გამოვიდა, რაც დღემდე დაუძლეველ რეკორდადაა აღიარებული. ვივიენი კი ვერ იტანდა, როცა მას "კინოვარსკვლავად" მოიხსენიებდნენ. "მე მსახიობი ვარ და არა კინოვარსკვლავი. იყო კინოვარსკვლავი, ეს ნიშნავს, ცხოვრება ყალბი ღირებულებებით განვლო საიმისოდ, რომ გახდე ცნობილი, ხოლო მსახიობობა - სამუდამოა", - ამბობდა ის.

ვივიენ ლიდ ის 1935 წელს გადაიქცა, მანამდე კი - ვივიან მერი ჰარტლი გახლდათ, რომელიც 1913 წლის 5 ნოემბერს, ინდურ დარჯილინგში დაიბადა. ეს ქალაქი დასავლეთ ბენგალიაში მდებარეობს, რომელიც ახლა ჩაის წარმოებითაა ცნობილი.

ახალგაზრდა ინგლისელმა ჯენტლმენმა - ერნესტ ჰარტლიმ ლამაზმანი ჰერტრუდა იაკჯი კალკუტაში გაიცნო, რომელიც მამის მხრიდან ირლანდიელი, ხოლო დედის მხრიდან - სომხური წარმოშობის ფრანგი იყო. წყვილმა 1912 წელს იქორწინა. მათი ქალიშვილის სილამაზე მცირე ასაკიდან შესამჩნევი გახდა. როგორც ჰერტრუდას ერთი მეგობარი იგონებდა, "ვივიანი შესანიშნავი, ნატიფი პირმშო იყო: ხვეული წაბლისფერი თმით, დიდრონი ლურჯი თვალებით, მშვენიერი პაწია ცხვირითა და მიმზიდველი - მართლაც, ატმის მსგავსი სახის შეფერილობით".

როცა ქალიშვილს 6 წელი შეუსრულდა, ჰარტლი ოჯახით ინგლისში დაბრუნდა. მშობლებმა გოგონა ლონდონის გარეუბანში მდებარე სამონასტრო სკოლაში მიაბარეს. ვივიანმა 1920-დან 1928 წლამდე "წმინდა გულის" სახელობის სამონასტრო სკოლაში დაჰყო. მშობლები იშვიათად აკითხავდნენ, რადგან დახურულ სკოლებში ასე იყო მიღებული. იმხანად მისი საუკეთესო მეგობარი ირლანდიელი მორინ ო"სალივანი იყო. მონაზვნების მცდელობების მიუხედავად, XX საუკუნის სიახლეებმა - ჯაზმა და კინემატოგრაფიამ მონასტრის კედლებშიც შეაღწია. ვივიანი და მორინიც, სხვა გოგონების მსგავსად, მსახიობობაზე ოცნებობდნენ. მორინს გაუმართლა: მან ჰოლივუდი დაიპყრო და მთელმა მსოფლიომ გაიცნო, როგორც ჯეინი, ფილმიდან - "ტარზანი". ოჯახური ცხოვრებაც აეწყო. ცოლად რეჟისორ ჯონ ფეროუს გაჰყვა და შვიდი შვილი გააჩინა (უფროსი - სახელგანთქმული ჰოლივუდელი მია ფეროუა).

როცა ვივიანს 15 წელი შეუსრულდა, მშობლებმა ის მსგავს სასწავლებელში, იტალიაში გადაიყვანეს. შემდეგ, ერთი წელი საფრანგეთში ისწავლა და კიდევ ერთი წელი ბავარიის ალპებში მდებარე სამონასტრო სკოლაში გაატარა. ამგვარად, უცხო ენებსა და კარგ მანერებს ჩინებულად დაეუფლა. კარგად შეისწავლა ლიტერატურა და ისტორია, მშვენივრად ხატავდა, უკრავდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე. რადგან მუსიკაში ნიჭიერება გამოამჟღავნა, სამეფო მუსიკალური აკადემიის გაკვეთილებზე დასწრების უფლება მიანიჭეს. იმავდროულად, შექსპირის პიესების სასკოლო დადგმებშიც მონაწილეობდა.

მთლიანობაში, ვივიან ჰარტლიმ სამონასტრო სკოლებში 1931 წლამდე დაჰყო. ამ დროს ის ჯერ 17 წლის იყო. მშობლებს მისი გათხოვება სურდათ. ამიტომაც, გოგონა სულ მეჯლისებსა და მაღალი წრის წვეულებებზე დაჰყავდათ.

1932 წლის იანვარში, ვივიანმა მასზე 13 წლით უფროსი, ინტელექტუალური, ჭკვიანი და სათნო ჰერბერტ ლი ჰოლმანი გაიცნო, რომელსაც განათლება კემბრიჯში ჰქონდა მიღებული და ბარისტერად (მაღალი რანგის ადვოკატი) მსახურობდა.

1932 წლის მაისში, ახალგაზრდა ქალმა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში დაიწყო სწავლა. იმავე წლის დეკემბერში ჰერბერტ ლიმ ცოლობა სთხოვა. ისინი დაქორწინდნენ და საქორწინო მოგზაურობაში ავსტრიაში გაემგზავრნენ. უკან დაბრუნების შემდეგ, ვივიანმა სწავლა განაგრძო.

1933 წლის 10 ოქტომბერს, მათ ქალიშვილი - სუზანა შეეძინათ. ახალბედა დიასახლისი ოჯახურ საქმეებში "ჩაიძირა". თუმცა, მალე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და 1934 წლის აგვისტოში კინოსინჯებზე სცადა ბედი. ის ეპიზოდურ როლზე, ფილმში - "საქმეები კარგად მიდის" აიყვანეს. მართალია, მისი ერთადერთი რეპლიკა მონტაჟის დროს ამოჭრეს, მაგრამ კინოში ეს მისი პირველი ნამდვილი როლი გახლდათ.

იმავე წელს, თეატრში, ახალი დადგმის სანახავად მისულმა ვივიანმა პირველად იხილა სცენაზე ახალგაზრდა, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ძალზე პოპულარული მსახიობი - ლოურენს ოლივიე. ამ დადგმას რამდენჯერმე დაესწრო და მიუხედავად იმისა, რომ ლოურენსი ცოლიანი იყო და თვითონაც არ გახლდათ თავისუფალი, აღტაცებულმა მეგობარ გოგონას გაუმხილა: "აი ადამიანი, რომელსაც ოდესმე აუცილებლად, ცოლად გავყვები!"

ახალბედა მსახიობმა თეატრში დაიწყო თამაში. ვივიანი ახალ სცენურ ფსევდონიმს ეძებდა. არჩევანის გაკეთებაში თეატრალური პროგრამის ტექსტის ამწყობის უნებლიე შეცდომა დაეხმარა: ვივიანის მაგივრად მან ვივიენი აკრიბა. ასე გაჩნდა სახელი, ხოლო გვარად ქმრის სახელი - ლი აირჩია.

ბრიტანული კინოინდუსტრიის ერთ-ერთი დამაარსებლის, უნგრელი ებრაელი ალექსანდრ კორდას ყურადღება ვივიენმა სპექტაკლით - "კეთილისმყოფელი ნიღბები" მიიპყრო. მან ახალგაზრდა მსახიობს 10 ფილმში გადასაღებად, ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რაც ვივიენს 50 ათასი გირვანქა სტერლინგის შემოსავალს მისცემდა. ეს მოკრძალებულ სამსახიობო ჰონორარად ითვლებოდა, მაგრამ საქმე ხომ ფულში არ იყო. მას მერე, კორდა მთელი ცხოვრების მანძილზე, მისი და ლოურენს ოლივიეს ყველაზე გულითად მეგობრად იქცა.

1936 წლის აგვისტოში, ვივიენ ლი კონტრაქტით გათვალისწინებულ პირველ ფილმზე მუშაობას შეუდგა. ეს იყო ფილმი - "ცეცხლი ინგლისის თავზე". მთავარ როლს ლოურენს ოლივიე თამაშობდა, მის შეყვარებულს კი - ვივიენი. საეკრანო რომანი მალე ცხოვრებისეულში გადაიზარდა. ამის შემდეგ, ისინი კიდევ გადაიღეს ერთად ფილმში - "21 დღე". ამ ფილმის გადაღება 1937 წლის მაისში დაიწყო, 16 ივნისს კი ვივიენმა ქმარს განუცხადა, რომ მასთან გაყრა სურდა. ქალიშვილი სუზანა საცხოვრებლად ბებიასთან გაამგზავრა (ვივიენის დედა - ჰერტრუდა 45 წლის დაქვრივდა და პარიზში საკუთარი კოსმეტიკური ფირმა დააარსა). ამის შემდეგ, შეყვარებულმა წყვილმა განქორწინებაზე განცხადებები შეიტანა და ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრება დაიწყო.

როცა ოლივიეს ჰოლივუდში თავის პირველ ფილმში - "ქარიშხლიან უღელტეხილში" იღებდნენ, ვივიენ ლი უკვე სკარლეტ ო"ჰარას როლზე მუშაობდა. როგორც კინემატოგრაფიაზე მომუშავე ერთ-ერთი იმდროინდელი ცნობილი ჟურნალისტი იგონებდა, "ერთხელ ვიღაცამ ლარის უთხრა: შენ შესანიშნავად შეასრულებდი რეტ ბატლერის როლსო. ოლივიემ საპასუხოდ, მხოლოდ სიცილი დაიწყო. ამ დროს, ახალბედა ვივიენი ყველას წინაშე თამამად წარდგა და განაცხადა: ყველამ იცის, რომ ლარი სამწუხაროდ, რეტ ბატლერის როლს არ ითამაშებს, მაგრამ მე ვიქნები სკარლეტ ო"ჰარა, აი, ნახავთო! - ამ სიტყვებმა წინასწარმეტყველებასავით გაიჟღერა, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა".

"ქარიშხლიან უღელტეხილში" თამაშის შემდეგ, ოლივიემ შეთავაზება ჰიჩკოკისგან მიიღო მთავარ როლზე, ფილმში - "რებეკა". "ქარწაღებულნის" გადაღებები 1939 წლის 27 ივნისს დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმში ვივიენს პარტნიორ - კლარკ გეიბლზე ორჯერ მეტი გადაღების დღე ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასზე ხუთჯერ ნაკლები გასამრჯელო მიიღო - 25 ათასი დოლარი (125-ის ნაცვლად). 1940 წლის "ოსკარის" 12 ნომინაციიდან "ქარწაღებულნი" 8 "ოსკარით" დაჯილდოვდა. ვივიენ ლის უკვე ყველა სკარლეტ ო"ჰარად აღიქვამდა, მაგრამ მას ეს არ აკმაყოფილებდა. საკუთარი "ოსკარი" მან ლარის თვალთახედვას მოარიდა, რადგან ძალიან უფრთხილდებოდა მის მამაკაცურ თავმოყვარეობას. ამ ქანდაკებამ საბოლოოდ, საგარდერობე ოთახის კარის დამჭერის როლი შეასრულა. ამის შემდეგ, ლარის ჯეინ ოსტინის "სიამაყესა და მცდარ აზრში" უნდა ეთამაშა, ვივიენს - "ვატერლოოს ხიდში".

1940 წელი შეყვარებულებისთვისაც სასიამოვნო სიახლით დაიწყო: ორივემ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, განქორწინებაზე დასტური მიიღო და იმავე წლის აგვისტოში შეუღლდნენ. ვივიენი დათანხმდა, რომ მისი ქალიშვილის აღზრდის უფლება მამას - მის ყოფილ ქმარს მიეღო. მეორე მხრივ, ლარის ვაჟის აღზრდის უფლება მისმა ყოფილმა ცოლმა შეინარჩუნა.

ალექს კორდამ ჰოლივუდში ფილმის - "ლედი ჰამილტონის" გადაღება გადაწყვიტა. იგი ლეგენდარული ბრიტანელი ადმირალი ნელსონისა და ნეაპოლის სამეფოში ბრიტანელი ელჩის მეუღლის სიყვარულის ამბავს ასახავდა. ეს იყო მესამე და უკანასკნელი ფილმი, რომელშიც ლარი და ვივიენი ერთად თამაშობდნენ.

1941 წლის დეკემბერში, მისტერ და მისის ოლივიემ ინგლისში დაბრუნება შეძლეს. ვივიენი თეატრალურ რევიუს შეუერთდა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში გადასროლილი ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის თამაშობდა. სკარლეტ ო"ჰარას კოსტიუმში გამოწყობილი, მღეროდა, ცეკვავდა, კითხულობდა ნაწყვეტებს პიესებიდან. მას ძალიან ეშინოდა ფრენის, რადგან მისი მეგობარი ლესლი ჰოვარდი ("ქარწაღებულებში" ეშლის როლის შემსრულებელი) ამერიკულ სატრანსპორტო თვითმფრინავში დაიღუპა, რომელიც გერმანელებმა ჩამოაგდეს, მაგრამ მაინც რეგულარულად დაფრინავდა და ჯარისკაცების წინაშე გამოდიოდა, მაშინაც კი, როცა თავს ცუდად გრძნობდა.

1943 წელს, საჯარისო ნაწილებთან მორიგი მგზავრობის შემდეგ, ექიმებმა მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს და ორი თვით სანატორიუმში გაუშვეს, საიდანაც თითქოს სრულიად გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. ის და ლარი ბავშვზე ოცნებობდნენ. ვივიენი დაფეხმძიმდა, მაგრამ ერთხელაც, გადასაღებ მოედანზე დაეცა და მუცელი მოეშალა. ამის მერე დეპრესია დაეწყო, რაც ავადმყოფობის პირველი მძიმე შეტევით დასრულდა. ექიმებმა ვივიენს მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. ის ელექტროშოკით "მკურნალობას" რამდენჯერმე დაუქვემდებარეს. მიუხედავად ამისა, მსახიობი გადაღებებზე უარს არაფრით ამბობდა. ზოგჯერ, ამ "პროცედურის" შემდეგ, სცენაზეც გასულა და უთამაშია.

1951 წელს, ვივიენმა თავისი მეორე "ოსკარი" მიიღო ფილმისთვის - "სურვილების ტრამვაი", სადაც ბლანშ დიუბუა განასახიერა. ფილმის ბოლოს - და ასევე, ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების პიესაშიც, რომელიც ლონდონის თეატრში დაიდგა, - მისი გმირი შეიშლება. მსახიობი ხშირად ამბობდა, რომ სწორედ ამ როლმა მიიყვანა იგი "მძიმე მდგომარეობამდე". თუმცა, ეს ასე არ იყო. ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო.

1956 წელს, მსახიობს კიდევ ერთხელ შეუწყდა ფეხმძიმობა და დეპრესიაც უფრო მეტად გაუღრმავდა, საიდანაც მისი გამოყვანა ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო. მისი პირველი ქმარი - ლი ჰოლმანი, რომელთანაც ლარისაც მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა, მათთან საცხოვრებლად გადავიდა, რათა ვივიენისთვის მოევლო. თვით ოლივიე კი ამგვარ დაძაბულობას უკვე ვეღარ უძლებდა. ვივიენმა იგრძნო, რომ მათი ქორწინება დასასრულს უახლოვდებოდა და რომანი მსახიობ ჯონ მერივეილთან გააბა. ოლივიემ მერივეილს პირობა ჩამოართვა, რომ ვივიენზე იზრუნებდა.

ვივიენი მუშაობას აგრძელებდა და მისთვის სრულიად ახალ ჟანრში, მიუზიკლში, ბროდვეიზეც გამოდიოდა.

1963 წელს, ამერიკის უმაღლესი თეატრალური პრემიით - "ტონით" დააჯილდოეს.

ვივიენმა შეიძინა სახლი სუსექსში, რომელსაც "ტიკერიჯის წისქვილს" ეძახდნენ. ამ სახლში ბევრი მეგობარი სტუმრობდა, მათ შორის, უინსტონ ჩერჩილი (რომლის მიერ დახატული ნატიურმორტიც საძინებელში ეკიდა) და პრინცესა მარგარეტიც. აქ მისი შვილი სუზანაც ჩამოდიოდა, რომელთანაც ერთხანს ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდა. ქალიშვილი ვერ პატიობდა, რომ "დედამ ის თეატრზე გაცვალა". მაგრამ დროთა განმავლობაში, წყენამ გაიარა და ვივიენი უსაზღვროდ ბედნიერი იყო, რომ სუზანამ მას სამი შვილიშვილი აჩუქა.

დაძაბულმა სამუშაომ მისი დაავადება გაამწვავა და ტუბერკულოზმაც თავი კვლავ შეახსენა. ის ინგლისში დაბრუნდა და საავადმყოფოში დაწვა.

თუმცა, 1964 წელს, ჰოლივუდში გამგზავრება მაინც მოახერხა, სადაც გადაიღეს ფილმში - "სულელების გემი".

აღსასრული 1967 წლის 7 ივლისს, პარასკევს დადგა. ჯონ მერივეილი რეპეტიციიდან დაბრუნდა და ვივიენის საძინებელში შეიხედა. მას მშვიდად ეძინა. ორიოდე საათში კვლავ მოინახულა - ქალი იატაკზე იწვა და უკვე გარდაცვლილი იყო.

ერთხელ, როცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ის ლოურენს ოლივიეს შვილმა (მისმა გერმა) - ტარკვინიამ მოინახულა, გაენდო: "ლი ჰოლმანმა მე მასწავლა - როგორ მეცხოვრა; მამაშენმა მასწავლა - როგორ მყვარებოდა; ჯონ მერივეილმა - მასწავლა მარტოობა... მერჩივნა, რამდენიმე დღე მეცხოვრა მასთან, ვიდრე მთელი ცხოვრება - მის გარეშე". - "ვისთან - მასთან?" - დაეკითხა გერი. - "ლარისთან"...

ვივიენ ლი მაყურებელმა სკარლეტის წარმოთქმული ფრაზით - "ამაზე ხვალ ვიფიქრებ" დაიმახსოვრა. თუმცა, მისთვის ყველაზე საყვარელ კინოციტატად იქცა ფრაზა ფილმიდან - "ვატერლოოს ხიდი": "ყოველი განშორება თქვენთან - პატარა მარადისობაა".

ირინა ჯანდიერი