როგორი სამოსი იქნება აქტუალური 2017 წელს - დიზაინერის რჩევები - გზაპრესი

როგორი სამოსი იქნება აქტუალური 2017 წელს - დიზაინერის რჩევები

უკვე რამდენიმე წელიწადია, დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი საქველმოქმედო პროექტს - `წერილები თოვლის პაპას~ უდგას სათავეში. ბავშვები თოვლის პაპას წერილებს უგზავნიან, რომლებიც სოციალურ ქსელში, დიზაინერის პირად გვერდზე იტვირთება. მსურველ ქველმოქმედ ადამიანს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს სასურველი წერილი და მისი ავტორის თოვლის პაპა გახდეს. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით და რასაკვირველია, 2017 წლის მოდის ტენდენციებზე სასაუბროდ, თინათინს სალონში ვესტუმრე.

- ქველმოქმედებაში თამთა დემურიშვილის წყალობით ჩავერთე. თამთას კარგა ხანია, იაშვილის სახელობის კლინიკაში, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან აქვს კონტაქტი. ერთ წელს სტუმრად ჩეხი მოდელი მყავდა, რომელიც საქველმოქმედო აქციით ამ კლინიკაში მივიყვანე. იქ გავიცანი ელენიკო, რომელიც ძალიან ცუდად იყო, ვერ დადიოდა, მოდელობაზე ოცნებობდა. დავპირდი, თუ გაივლი, ნოემბერში ჩვენებაზე გაგიყვან-მეთქი. ეს სიტყვები მისთვის იმხელა სტიმული აღმოჩნდა, რომ ნოემბერში ელენიკო ჩვენებაზე მართლა გავიდა. ამ ამბის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის. საბედნიეროდ, ახლა ის ძალიან კარგად არის. ლეიკემიით დაავადებულების მერე, სიმსივნიან ბავშვებთან განვაგრძე ურთიერთობა. ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერისას, სადაც სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი მიგვიწვიეს (ჩვენი ფონდია `საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის~), ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელი, დედა თინათინი გავიცანი. იქ ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, თქვა, - ჩვენ ყოველთვის ლეიკემიიანი ბავშვების ჩრდილში ვიყავითო. ეს ფრაზა იმდენად მძიმედ მოსასმენი იყო, რომ მათ დავპირდი, სულ თქვენ გვერდით ვიქნები-მეთქი. ბერია ანდრიას ფონდი დღემდე, ფაქტობრივად, ჩემი მეორე სახლია. მათთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. რაც შეეხება პროექტს - `წერილები თოვლის პაპას~, ეს 5 წლის წინ, თამთა დემურიშვილის ინიციატივით დაიწყო. პირველად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თოვლის პაპისთვის წერილები მივაწერინეთ, სოციალურ ქსელში ავტვირთეთ და ამ ნაბიჯს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა, საბედნიეროდ, ბევრი მსგავსი აქცია კეთდება. იმავე წელს ბერი ანდრიას ფონდის ბავშვებიც ჩავრთეთ აქციაში. მეორე წელსაც ანალოგიური გაკეთდა, მესამე წელს კი გადავწყვიტეთ, სოციალურად დაუცველი ბავშვებიც ჩაგვერთო. ავადმყოფი და სოციალურად დაუცველი ბავშვების წერილებში ძალიან დიდი კონტრასტი იყო. სოციალურად დაუცველები ნაძვის ხეს და კანფეტებს ითხოვდნენ. პატარების წერილებს ემოციის გარეშე ვერ ვკითხულობ. მიხარია, რომ თოვლის პაპობის მსურველიც ძალიან ბევრია და არა მხოლოდ ქართველები. მაგალითად, ირანელმა ბიზნესმენმა 700 ლარი შემოგვწირა შარშანაც და შარშანწინაც. მის შვილს თოვლის პაპის კოსტიუმი ეცვა და ბავშვებს საჩუქრებს ჩვენთან ერთად ურიგებდა. წელს თოვლის ბაბუა რომელი ბავშვის წერილსაც აარჩევს, მას საჩუქარს თავადვე მიუტანს. მერე ფოტოს გამომიგზავნის, რომ დავდო კომენტარებში. არის წერილები, რომლებიც არ სრულდება, ასეთი წერილების ავტორებს მე და ჩემი მეგობრები ვეხმარებით. მოსკოველი მეგობარი გვყავს, ნადია მოწონელი, რომელიც საქართველოდან დიდი ხნის წინ წავიდა, მაგრამ დღემდე შეყვარებულია აქაურობაზე. ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული და ფული დამიტოვა - ნადია წელს დაახლოებით 5 ოჯახის თოვლის პაპა იქნება. ასევე, ქალბატონი მოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ მისი მეუღლე უკრაინის საელჩოში მუშაობს (უკრაინელები არიან) და ბავშვებს საჭირო ნივთები რომ უყიდოთ, საამისოდ თანხას გამოვყოფთო. ქართველი ემიგრანტებიც აქტიურად ჩაებნენ ქველმოქმედებაში. სამაგიეროდ, გული მწყდება, რომ ქართველ ბიზნესმენებს თურმე, კეთილი საქმეებისთვის `ბიუჯეტი არ აქვთ~. არავის ჯიბეში არ ვუძვრები, მაგრამ ეს ძალიან საწყენია! რაც მეტი ბავშვი იქნება ახალ წელს გახარებული, მით უკეთესია.

- ყოფილა შემთხვევა, რომ თოვლის პაპისადმი მიწერილ წერილში ვინმეს შენ მიერ შექმნილი ტანსაცმელი მოეთხოვა?

- არა, ტანსაცმელს ნაკლებად ითხოვენ. ზოგს თბილი ფეხსაცმელი უნდა, ზოგს - ქურთუკი. შარშან იყო ერთი მეტიჩარა გოგო, რომელმაც თოვლის პაპას კონკიას კაბა და ფეხსაცმელი სთხოვა. მადონა ხარატიშვილმა სპეციალურად მისთვის შექმნა კონკიას ფეხსაცმელი, მე კი კაბა შევკერე. ერთხელაც, 5-შვილიანი ოჯახის უფროს შვილს, რომელიც სკოლას ამთავრებდა, თოვლის პაპისთვის წერილის გაგზავნა მოერიდა. მერე პირადად მომწერა, - გული დამწყდა, რომ წერილი არ დავწერე. სკოლაში ბანკეტი მაქვს და კაბა არ მაქვსო. რა პრობლემა იყო? გამოვპრანჭეთ, მაკიაჟი და ვარცხნილობაც გავუკეთეთ. სულ ვფიქრობდი: ნეტავ, მქონდეს ჯადოსნური ჯოხი, რომ ყველას ავუსრულო ნატვრა-მეთქი. თუმცა, ჯოხის გარეშეც შესაძლებელი ყოფილა სხვისი სურვილების ახდენა, მთავარი მონდომებაა.

- 15 წელია, რაც საკარნავალო კოსტიუმების კოლექცია გაქვთ. ყველა კაბა შენახული გაქვთ?

- ყველა არა, მაგრამ რაც მაქვს, ყველა ისეთი მოვლილია, ვერც მიხვდებით, 15 წლის წინ რომ არის შეკერილი. პარალელურად, ყოველწლიურად 30-40 ახალი კოსტიუმი იკერება. ხანდახან საოცარ რაღაცებს გვთხოვენ. მაგალითად, ამას წინათ, ნაძვის ხის სათამაშოს ფორმა მოგვთხოვეს. ასეთ რაღაცებზე შოკში ვვარდები. საიდან აქვს ამ ხალხს ასეთი ფანტაზია, მიკვირს.

- 2017 წლის მოდის ტენდენციებზე რას გვეტყვით?

- ეს წელი თავისი მრავალფეროვნებით ძალზე საინტერესოა. მამლის წელიწადი ფერთა გამით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, მოდაში იქნება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი. მწვანე და ლურჯი 2017 წლის ტრენდია. შავი და თეთრი კი ყოველ წელს მოდაშია. ბევრი დიზაინერი აკეთებს შავ-თეთრის სინთეზს. ჩვენც, ახალ კოლექციაში, სწორედ ასეთი სინთეზი გვაქვს. რაც შეეხება სტილს: ორი უკიდურესობაა - წელზე მომდგარი და ქვემოთ გაშვებული ქვედაბოლოებიც აქტუალური იქნება და თავისუფალი სტილიც, რომელიც ყველანაირ სილუეტს ერგება.

- თავისუფალი და დიდი ზომის ტანსაცმელი ვიზუალურად ხომ ასუქებს?

- სწორად შერჩეული ტანსაცმელი არც მსუქანს და არც ზედმეტად გამხდარს არ გამოგაჩენთ. ამ სეზონის ტრენდი პლისე ქვედაბოლოებია. ზოგადად, 2017 `ოფისის წელია~ ანუ მოდაში კლასიკური, მოკრძალებული სტილის ტანისამოსია. მაგალითად, აქტუალური იქნება ისეთი პიჯაკები, პერანგები და შარვლები, რომელსაც 70-იანი წლების ლაიტმოტივი აქვს: ფართო შარვლები და გეომეტრიული მხრები სწორედ აქედან არის აღებული. შავი კაბა ყოველთვის მოდაშია და ყველა ქალს უნდა ჰქონდეს. ასევე, ჯინსის შარვალიც. წელს აქტუალურია ხელით ნამუშევარი ტანსაცმელი, რაც ძალიან მიყვარს. მოდაში დაბრუნდა ტყავი, ბეწვეული და ბუმბულის აქსესუარები. სამკაული ბუნებრივი ქვებით უნდა იყოს გაწყობილი. აქტუალურია გრძელი, ნაქსოვი ჟაკეტები, რომელიც დღეს ბევრს აცვია.

- არის შემთხვევები, როცა ვიღაცას არ უხდება ეს გრძელი ჟაკეტი...

- ჟაკეტის სიგრძეს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მსუქანმა ადამიანმა დიდი ზომის და კოჭებამდე გრძელი ჟაკეტი რომ ჩაიცვას, ეს მას ვიზუალურად დააპატარავებს. ამ შემთხვევაში, ჟაკეტის სიგრძე ბარძაყზე უნდა მთავრდებოდეს. თუ მსუქანი ადამიანი გრძელ ჟაკეტს ფართხუნა შარვალზე ჩაიცვამს, მოდური ვერაფრით იქნება. თუმცა შესაძლებელია, იგივე სამოსი გამხდარ ადამიანს ძალიან მოუხდეს. მოდა ინდივიდუალურია, ყველა ადამიანმა უნდა შეარჩიოს ის, რაც უხდება. სწორედ ამისთვის არსებობს: დიზაინერი, სარკე და კრიტიკულად განწყობილი მეგობრები, რომლებიც პირდაპირ გეტყვიან, ესა თუ ის სამოსი გიხდება თუ არა. კრიტიკულად განწყობილი მეგობარი იგივე შენი ფსიქოლოგი და დიზაინერია.

ნათია ჟივიძე