"ჰა­რამ­ხა­ნის" მე­პატ­რო­ნე "ჯენ­ტ­ლ­მე­ნი" ფრინ­ვე­ლი - გზაპრესი

"ჰა­რამ­ხა­ნის" მე­პატ­რო­ნე "ჯენ­ტ­ლ­მე­ნი" ფრინ­ვე­ლი

ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, მამალი მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა: ჰოროსკოპის თაყვანისმცემლები დიდი სიხარულით ყიდულობენ მამლის ფორმის სათამაშოებს ნაძვის ხის მოსართავად, კითხულობენ ასტროლოგიურ პროგნოზებს - რას უქადის "მამლის წელი" კაცობრიობას და ა. შ. მე კი უბრალოდ, გადავწყვიტე - ეს საყვარელი ფრინველი მკითხველისთვის უკეთ გამეცნო. გაიგეთ მეტი მამლის შესახებ და თავად გადაწყვიტეთ - შეუძლია თუ არა მას რამის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში...

20 წლის დაჩი შოშიტაშვილი ზოოპარკის თანამშრომელი გახლავთ. ფრინველები და განსაკუთრებით - ქათმები ბავშვობიდან უყვარს. ფრინველებზე უზომოდ შეყვარებული ჟურნალისტისა და რესპონდენტის ინტერვიუდან შეიტყობთ: როდისაა დედლისა და მამლის სიყვარული ფარული შეხვედრებისთვის გაწირული? არის თუ არა მამალი "ჯენტლმენი" და რატომ ყივის დილიდანვე? მამლის როგორი ბიბილო მიაჩნიათ დედლებს სექსუალურად? არსებობენ თუ არა "ცოლის" ერთგული მამლები?..

- ფრინველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - ქათმები. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ბავშვობაში მხოლოდ ქათმებთან მქონდა შეხება, სხვა ფრინველებთან - არა და ქათმების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჩამომიყალიბდა, რომელიც დღემდე შემომრჩა.

- ქათმები შინ გყავდა?

- სოფელში მყავდა. ბავშვობიდან სოფელში ჩასვლასთან დაკავშირებული ჩემი სიხარულის მთავარი მიზეზი სწორედ ქათმები იყო. ყველა ქათამი ზეპირად ვიცოდი, ყველას თავისი სახელი ერქვა, ყველას კვერცხს ვცნობდი. კრუხს კვერცხებს რომ ვუდებდი, სახელი ყველას ეწერა - რომელმა ქათამმა დადო....

- ქათმებით შენი ასეთი გატაცება ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს?

- ბავშვობიდან ატყობდნენ, რომ ფრინველების მიმართ ასეთი სიგიჟე მჭირდა. 12 წლის როცა ვიყავი, ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ზოოპარკში მოხალისედ მივეყვანე. ასეც მოიქცნენ. 12 წლიდან ფრინველების განყოფილებაში მოხალისედ ვმუშაობდი. ახლა 20 წლის გახლავარ და ისევ ზოოპარკში ვარ, ოღონდ - ის განსხვავებაა, რომ 2 წელია, უკვე ოფიციალური თანამშრომელი ვარ.

- ამ ხნის განმავლობაში, ალბათ, ფრინველების უნარ-ჩვევები კარგად შეისწავლე...

- დიახ. ზოოპარკში მისვლის დღიდან, საშუალება მქონდა, არა მხოლოდ ქათმებთან, არამედ სხვადასხვა სახეობის ფრინველთან მქონოდა შეხება. ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლე - რომელ ფრინველს როგორი მოვლა სჭირდებოდა.

- დაჩი, მოდი მამლებზე ვისაუბროთ: მამალს შენთვის კბენა უცდია?

- არა, ასეთი შემთხვევა არასოდეს მქონია. საერთოდ, ცოცხალ არსებათაგან ზოგი მეტად აგრესიულია, ზოგი - ნაკლებად. მამლის აგრესია განპირობებულია იმით, რომ ის უბრალოდ, თავის ოჯახს (მდედრებს) იცავს. როდესაც მის ოჯახს უახლოვდები, ცდილობს, მდედრები დაიცვას და შეტევაზე გადმოდის, მაგრამ არ ვიცი, ეტყობა, ჩემი მამლები ყოველთვის გრძნობდნენ, რომ მათთვის საფრთხეს არ წარმოვადგენდი - მათი დედლებისთვის "სხვა თვალით" არასოდეს შემიხედავს. ამიტომ ჩემკენ საკბენად არასოდეს წამოსულან (იცინის).

- შენი დაკვირვების საფუძველზე გვითხარი: იშვიათი გამონაკლისი თუ არსებობს, "ცოლის" ერთგული მამლის სახით?

- არასდროს მინახავს, რომ მამალს ერთი ქათამი "შეჰყვარებოდა" და მხოლოდ მასთან ყოფილიყო, მისთვის ეერთგულა.

- დაგვიხასიათე მამალი...

- მამალი არის ფრინველი, რომელსაც უნდა, თავისი ჰარამხანა (მდედრები) ჰყავდეს. ეს მისი ოჯახია. როცა სხვა მამალი მის ოჯახთან კონტაქტს შეეცდება, მამლებს შორის ყოველთვის ორთაბრძოლა იწყება. შეიძლება ითქვას, მამალი ეჭვიანობს, რომ მის მდედრებს სხვა მამალი არ მიეკაროს.

- მამლები სხვის ჰარამხანაში შეჭრას ხშირად ცდილობენ?

- რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები არის. მამაკაციც ასეა: უცხო ქალს რომ დაინახავს, ყოველთვის სურს, უცხო "გასინჯოს", მიუხედავად იმისა, ცოლი ჰყავს თუ არა. ფრინველებშიც ასე ხდება: მამალს უნდა, უცხო მდედრი "გასინჯოს". ამიტომ ცდილობს, სხვა მდედრებს "გაეარშიყოს". როდესაც მდედრს თავისი მამრი ჰყავს, ის ყოველთვის შეეცდება, სხვა მამრი თავის ოჯახთან არ მიუშვას.

- მამლები წიწილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას გარკვეულწილად, საკუთარ თავზე იღებენ?

- ძალიან იშვიათად. ზოოპარკში გვქონდა ერთი შემთხვევა, ოღონდ - ქათამი არ ყოფილა, ხოხობი იყო. შეიძლება, ითქვას - ხოხობიც ქათმისნაირი ფრინველია. მოკლედ, მამრი ხოხობი აკრუხდა. კრუხობის გარკვეულ ეტაპზე, (მეათე თუ მეთორმეტე დღეს), კვერცხებს თავი დაანება... როგორც წესი, მამრი არც ინკუბაციაში მონაწილეობს, არც - შვილებზე ზრუნვაში.

- მამლები შვილებს ერჩიან?

- კი, რადგან როდესაც მამალს თავისი მდედრები ჰყავს, მათ თავის საკუთრებად მიიჩნევს. როდესაც მდედრებს შვილები უჩნდებათ, წიწილებს შორის, ცხადია, რამდენიმე მამალი იქნება, რომელიც მომავალში შესაძლოა, "ჰარამხანის" მეპატრონე მამლის კონკურენტი გახდეს და დედლებში "შეეზიაროს". ამიტომ მამალი კონკურენტის მოსპობას თავიდანვე ცდილობს. ყვინჩილებს ერჩის, მერე თავისი "სკამი" რომ არ დაკარგოს.

- მამალს ადამიანის (პატრონის) მიმართ ერთგულება თუ ახასიათებს?

- კი, ერთგულება იმ მხრივ ახასიათებს, რომ მაგალითად, ჩემი ხმის გაგონებისას ქათმები ჩემთან მორბოდნენ მაშინაც, როცა მათ კი არა, მეგობარს ვეძახდი, მაგრამ თუკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქათმებთან შეხება არ გაქვს, მათ ავიწყდები: ფრინველს ისეთი გონება არ აქვს, როგორიც ადამიანს...

- ადამიანის მიერ ქათმის გულის მოგება იოლია?

- დიახ, საკმაოდ მარტივია. როდესაც ქათამს რამდენჯერმე აჩვენებ, რომ მისთვის ცუდი არაფერი გინდა და მას ხშირად ეკონტაქტები, ყოველთვის მოგეჩვევა. ქათმის მოჩვევა წიწილობიდან უფრო მარტივია.

- მამალი წიწილობიდანვე გაგიზრდია?

- კი. როგორც კი სკოლაში, ზაფხულის არდადეგები მეწყებოდა, მეორე დღესვე სოფელში ვიყავი ხოლმე. კარგად მახსოვს, ერთხელ ისე დაემთხვა, რომ წიწილები სოფელში ჩემი ჩასვლისას გამოიჩეკნენ. მაშინ გამოჩეკილი მამალი კიდევ გვყავს. ძალიან მოხუცდა... ჩემი ოჯახის წევრებმა იციან, რომ ქათმები არ უნდა დაკლან - ჩემს ოჯახში ქათმები სიბერით იღუპებიან. ამაზე შეთანხმებული ვარ. სოფელში წიწილები იმ პირობით ჩამყავს, რომ მერე არ დაკლავენ.

- ქათმის ხორცს მიირთმევ?

- არა, ფრინველის ხორცს არ ვჭამ.

- მამლის შეფერილობაზე რას გვეტყვი?

- თუ დაჰკვირვებიხართ, მამალს შედარებით მყვირალა ფერების ბუმბული აქვს, ვიდრე დედალს.Yქათმისნაირ ყველა ფრინველში ასეა - მამალი ყოველთვის ლამაზია. მიზანი კი ის არის, რომ მამალმა მდედრს თავი მოაწონოს. მაგალითად, მამალ ფარშავანგს კუდი მდედრისთვის თავის მოსაწონებლად აქვს. მდედრს კუდი არ აქვს და "ცივ" ფერებშია. მას მამრისთვის თავის მოწონება არ სჭირდება. მამრი ვალდებულია, მდედრს თავი მოაწონოს. მამრი ბევრია და მდედრის გულის მოსაგებად უნდა იბრძოლოს. ქათმებს შორისაც ანალოგიური სიტუაციაა: მამალი ლამაზად შეფერილი იმიტომ არის, რომ მდედრის გული მოიგოს. მაგალითად, ფარშავანგი ერთ ადგილას დგას და თავისი კუდის გაშლით მდედრს თავს აწონებს. ქათამს ასეთი ლამაზი შეფერილობა არა აქვს. ამიტომ, როგორც წესი, მამალი დედალს მისდევს ხოლმე, ინტიმური კავშირის დასამყარებლად.

- შენი ქათმები ავად თუ გამხდარან?

- ვიდრე უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდი და მუშაობას დავიწყებდი, მანამდე ზაფხულში და საერთოდ, ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ვიყავი ხოლმე. გაზაფხულობით, პრაქტიკის მიზნით, ქათმებს ჭირის აცრას ვუტარებდი: თბილისიდან ვაქცინა ჩამქონდა, რომელიც დაახლოებით, 300 ქათამზეა გათვლილი. ამდენი ქათამი არასოდეს მყოლია. ამიტომ ჩემს ქათმებს რომ ავცრიდი, მერე სამეზობლოს მივადგებოდი ხოლმე... ჩემს უბანში ქათმები ჭირით არავის ეხოცებოდა (იცინის).

- მამალი რატომ ყივის?

- ყივილი იმის დამადასტურებელია, რომ მამრი სხვა მამრს აცნობებს - ეს ჩემი ტერიტორიაა, თქვენი შემოსვლა აკრძალულიაო.

- მაქსიმუმ, რამდენი ქათმის "მოვლა" შეუძლია მამალს? "ჰარამხანაში" რამდენი ქათამი ჰყავს?

- სტანდარტულად, ქათმისნაირ ფრინველებში, 1 მამალია 3-4 დედალთან, მაგრამ ქათმების შემთხვევაში, სხვაგვარადაა: მაგალითად, მე 14 დედალი და 1 მამალი მყავს - 1 მამალი 14 ქათამს ჩვეულებრივად "ერევა".

- შენი მოხუცი მამალი რამდენი წლის არის?

- დაახლოებით, 6-ის. 9 წლის დედალი სიბერით დამეღუპა: ვეღარ დადიოდა, ერთ დღეს კი საქათმეში გარდაცვლილი დამხვდა...

- ვწუხვარ... საერთოდ, ქათმები, მამლები რამდენ ხანს ცოცხლობენ?

- 10-12 წელი.

- დედალ-მამალი საკვებს როგორ ინაწილებს?

- მამალს ასეთი თვისება აქვს: როდესაც საკვებს დაუყრი, როგორც წესი, პირველი თვითონ არ ჭამს - "ჯენტლმენია" და დედლებს ეძახის. მდედრები რომ შეჭამენ, ჭამას თვითონ მერე იწყებს. საერთოდ, ფრინველებს შორის ასე ხდება: მამალი ყოველთვის ორიენტირებულია, რომ მდედრს თავი რამით მოაწონოს.

- მამლები დედლებისთვის თავის მოწონებას კიდევ რითი ცდილობენ?

- მამლის ყივილი არა მარტო მამლის ძლიერების დამადასტურებელია - ასევე, ყივილი მდედრის ყურადღების მისაქცევადაც სჭირდება; კიდევ, მამალი ცდილობს, მზისგულზე ისე დადგეს, რომ მისი ბუმბული უფრო ფერადი გამოჩნდეს. თუ დაჰკვირვებიხართ, როდესაც მდედრები დგანან, მამრი ყოველთვის რომელიმე მდედრის ახლოს დგომას ცდილობს, რომელთანაც ინტიმური კავშირის დამყარება უნდა. მასთან ახლოს ტრიალებს, რაღაცნაირ ხმებს გამოსცემს და დედალს ეკურკურება. ცდილობს, რამენაირად მიიზიდოს.

- მდედრი ჯიუტობს თუ ძირითადად, ინტიმურ კავშირზე თანახმაა ხოლმე?

- რა თქმა უნდა, ხშირად ჯიუტდება კიდეც, რადგან "ქალები" "კაცებს" ყოველთვის აწვალებენ, მაგრამ საბოლოოდ, როგორც წესი, მდედრი მამრს თანხმდება ხოლმე - ნებით თუ არა, ძალით მაინც.

- მამლების ჩხუბში დამარცხებულს მდედრები როგორ ეპყრობიან?

- რა თქმა უნდა, დამარცხებული მამლის პოზიციები კნინდება, რადგან როდესაც 2 მამალი ერთმანეთს ეჩხუბება, უმეტესწილად, ეს მდედრების გამო ხდება. როდესაც ერთი მათგანი დამარცხდება, მდედრები ყოველთვის გამარჯვებულ მამალს რჩება. არა მარტო ფრინველებთან, ცხოველებთანაც ასე ხდება - ყოველთვის ძლიერი იმარჯვებს.

- დამარცხებულმა მამალმა დედალთან ინტიმური ურთიერთობა რომ მოინდომოს, დედალი უარს "ეტყვის"?

- არა, დედალი უარს არ "ეტყვის". მთავარია, ეს გამარჯვებულმა მამალმა არ შეაჩნიოს.

- მამლის ბიბილოს ზომას, შეფერილობას რა მნიშვნელობა აქვს?

- ბიბილოს 15 ნაირსახეობა არსებობს. ეს გენეტიკურია. გარკვეულწილად, შეიძლება, ბიბილოც საარშიყო ელემენტი იყოს: რაც უფრო კაშკაშა წითლადაა შეფერილი, მით უფრო სექსუალურია.

- ბიბილო თუ დაზიანდა, მამლის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება?

- არა, არაფერში უშლის ხელს.

- ალბათ, ბიბილოდაშავებული მამალი მდედრების თვალში მომხიბვლელობას კარგავს...

- შეიძლება, მცირე გავლენა მოახდინოს, მაგრამ ისე არ მოხდება, რომ ამის გამო, მამალმა მდედრი ვერ "დაჩინჩლოს".

- ზოოპარკში, ფრინველების მოვლის გარდა, კიდევ რას საქმიანობ, რა მიზნები გაქვს?

- ბიოლოგიურზე ვსწავლობ, მესამე კურსის სტუდენტი ვარ. მომავალში ორნითოლოგობას ვაპირებ.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ბოლოს გვითხარი: რა სარგებლობა მოაქვს მამალს?

- ჩინჩლავს (იცინის). ჩემთვის ის სარგებლობა მოაქვს, რომ მათი ყურებით და მათთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

ეთო ყორღანაშვილი