თოვ­ლის ბა­ბუის სა­ხა­ლი­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი და ბუ­ბას და­ბა­დე­ბის დღე, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ - გზაპრესი

თოვ­ლის ბა­ბუის სა­ხა­ლი­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი და ბუ­ბას და­ბა­დე­ბის დღე, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ

ახალ 2017 წელს გილოცავთ და განსხვავებულ სახალისო ერუდიტს გთავაზობთ. ამ რუბრიკის პირველ სტუმრებად ცნობილი მსახიობები შოთიკო ნოზაძე და ბუბა მათნაძე შევარჩიე. "თენგო და ბაქარი" გვიამბობენ, როგორი იყო მათთვის გასული 2016 წელი, როგორ შეხვდნენ ახალ წელს, რით არის ეს თარიღი ბუბასთვის გამორჩეული? შოთიკო კი თოვლის ბაბუის როლში, თავს გადახდენილ სახალისო ამბებს გვიამბობს.

შოთიკო:

- 2016 წელი ჩემთვის სიხარულით აღსავსე წელი იყო. სერიალში აქტიურად ჩავერთეთ. შემდეგ დავოჯახდი, 7 აგვისტოს ვიქორწინე და სულ ახლახან გავიგე, რომ ბავშვს ველოდები.

ბუბა:

- ჩემთვისაც კარგი და წარმატებული წელი იყო. სტუდენტი გავხდი. იქ ჩავაბარე, სადაც მინდოდა, პიარის სპეციალობას ვეუფლები.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- მე ყოველთვის ოჯახში ვხვდები და 12 საათის შემდეგ მეგობრებთან მივდივარ.

შოთიკო:

- ბოლო 5-6 წელია, ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ. აქამდე ცოლი არ მყავდა, პირველი ახალი წელია, მას შემდეგ, რაც მე და სოფო ერთად ვართ, მაგრამ ერთად მაინც ვერ შევხვდით, ვმუშაობდი.

- თოვლის ბაბუად გიმუშავია?

- კი. ერთ ამბავს მოგიყვები. ვაკეში მქონდა გამოძახება. დასაწერად ცოტათი რთული იქნება, უნდა ვითამაშო, რომ წარმოდგენა შეგექმნას, როგორი დამკვეთი მყავდა. წელში მოხრილი ტიპი, ვაკელებისთვის დამახასიათებელი აქცენტით, მირეკავს და მეუბნება - სანტა, მოხვედიი? - მოვედი თქვენთან ვარ-მეთქი. - აუ! ბავშვი 5 წლის არის და არ დაგწვას რაა!! - არა, როგორ დამწვავს. შევედი სახლში და ამ კაცმა ისე კარგად ითამაშა, მე და ბავშვი დავჯექით და ვუყურებდით. მოვიდა ჩემთან და - სანტა, თქვენ ლაპლანდიიდან ჩამოხვედით? მოდი, აქ დაჯექი, მამი, სანტა დაღლილი იქნება, მიდი, წყალი მოუტანე. სანტა, შენ ირმები გარეთ გელოდებიან? მამი, შენ ლექსები ხომ იცი, მიდი, სანტას მოუყევი... მოკლედ, ძალიან მაგარი გამოსვლები ჰქონდა იმ კაცს და ბოლოს რა გამიჩალიჩა, იცი? დიდი ჭიქით წყალი მომიტანა, დალიეო, მე მართლა წყალი მეგონა, ჭიქა ავიღე და პირთან რომ მივიტანე, არყის სუნი ვიგრძენი. ვეებერთელა ჭიქით, არაყი, როგორც წყალი, ისე რომ დამელია, წარმომიდგენია, რა დამემართებოდა.

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ. მეგონა, სხვაგან შევედი, შემეშალა და უკან გამოვბრუნდი, თურმე სწორად ვყოფილვარ მისული. მე და ერთ ადამიანს ყველაფერი ისე გვქონდა დაგეგმილი, არავინ იცოდა, მე თუ იქ მივიდოდი, ის ახლობლებს სიურპრიზს უმზადებდა. ოჯახში რომ შევედი, ჩვეულებრივი სუფრა ჰქონდათ, ახალ წელს აღნიშნავდნენ. ჩემი მისვლა ძალიან გაუკვირდათ. იქ ბავშვებიც იყვნენ და საჩუქრები განაწილებული იყო. დედა, მამა, ბიძა, ბიცოლა... დიდი ოჯახის ყველა წევრისთვის რაღაც მქონდა გადასაცემი. გადავთვალე საჩუქრები და მასპინძლების რაოდენობას დაემთხვა. მოკლედ, ერთი საჩუქარი მქონდა ვიღაც ქეთისთვის. მეგონა, რომ ეს ქეთი პატარა ბავშვი იყო. რომ ვიკითხე, ქეთი რომელია-მეთქი? დაახლოებით 25 წლის გოგო წამოდგა, მე ვარო. დავიბენი, უკაცრავად, შემეშალა-მეთქი და გამოვედი. ვერ გავიგე, რა გამეკეთებინა. სიტუაცია მალე გავარკვიე, ზუსტად იქ მივსულვარ, სადაც უნდა მივსულიყავი, უკან დავბრუნდი და საჩუქარი ქეთის გადავეცი. იქვე გახსნა და საგზური იყო.

ბუბა:

- მე მხოლოდ ერთხელ ვიყავი თოვლის ბაბუა, მაშინაც მთხოვეს და მივედი. ბავშვობაში, როგორც ყველა ბავშვს, თოვლის ბაბუის მეც მჯეროდა. წერილებს არ ვწერდი, მაგრამ საჩუქრები მაინც მოჰქონდა. მე სულ უჩვეულო ახალი წელი მაქვს, 1-ელ იანვარს ვარ დაბადებული. მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს. ბავშვობაში მეკვლედ მეპატიჟებოდნენ და ახლა რომ ვუფიქრდები, ეგ ძალიან შარიანი და რთული საქმეა. შეიძლება რაღაც მოხდეს და შენს ფეხს დააბრალონ. ზოგადად მეკვლეობის ტრადიციის მჯერა.

შოთიკო:

- არავინ უნდა დაპატიჟო, ვინც მოულოდნელად შემოვა, ეგ იქნება მეკვლე, მთავარია, კეთილი გულით შემოვიდეს.

- "ახალი წლის საღამოა, ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,/ თოვლის საბანს...

შოთიკო:

- (მაწყვეტინებს)...თოვლის საბანს რომ იხურავ,/ ნაძვის ხეო, არა გცივა?

- ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- (პაუზის შემდეგ) ნოდარ დუმბაძე. არა? ეს ავტორი ძალიან მიყვარს.

- ახლა მითხარით, დღე-ღამის განმავლობაში, როგორი საათი უჩვენებს სწორ დროს მხოლოდ 2-ჯერ?

ბუბა:

- გაფუჭებული.

შოთიკო:

- რა იყო, ბიჭო, რა სხარტად უპასუხე.

- მე ახლახან აბიტურიენტი ვიყავი და უნარების გამოცდა ჩაბარებული მაქვს.

- 1877 წელს საახალწლოდ დააპატენტეს ნივთი, რომელიც, გამომგონებელთა აზრით, წარმატებით დაეხმარებოდა ადამიანებს დეპრესიის მოხსნაში, გადაღლილობის დროს და ა.შ. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო ეს ნივთი: ვარდისფერი სათვალე, ციგურები თუ...

- (მაწყვეტინებს)... ვარდისფერი სათვალე იქნებოდა. ჩვენც ვარდისფერი სათვალით ვუყურებთ ცხოვრებას.

- ახალ წელს იაპონელებს თავიანთ სახლში შეაქვთ ფიჭვის ტოტები, როგორც დღეგრძელობის და სიძლიერის სიმბოლო. ქლიავის ტოტები, როგორც მარადიულობის სიმბოლო. დაასახელეთ მესამე მცენარე, რომელიც სათნოების სიმბოლოდ ითვლება.

ბუბა:

- ვარდის ტოტები?

შოთიკო:

- ასე რატომ ფიქრობ?

- სიფაქიზესთან, სათნოებასთან და სიცქრიალესთან ასოცირდება, არა?

- არასწორი პასუხია.

- მაშინ იასამანი იქნება.

შოთიკო:

- ახალ წელს იასამანს რა უნდა, ბიჭო, დაფიქრდი?

- ბამბუკზეა ლაპარაკი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ახალი წელი, დაბადების დღე ან სხვა დღესასწაული; ნადირობა, ყინვა და ა.შ. შეიძლება ეს რაღაც სრულიად უმიზეზოდაც მოხდეს. რაზეა ლაპარაკი?

- ჩახუტებაზე?

- არა.

- არყის გადაკვრაზე?

- გამოიცანი, ალკოჰოლის მიღებაზეა ლაპარაკი. თუ იცით, რა პერიოდიდან შემოვიდა საქართველოში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

ბაქარი:

- დაახლოებით თარიღს გეტყვი, XIX საუკუნიდან, არა?

- საქართველოში ნაძვის ხეს XVIII საუკუნიდან რთავენ? ნაძვის ხეს თქვენ თუ რთავთ?

- მე ვერ ვახერხებ, ეს საქმე საკუთარ თავზე დედას აქვს აღებული. მით უმეტეს ბოლო პერიოდში, სულ გადაღებაზე ვარ და დრო არ მაქვს. დედას ჩემი ძმები ნიგოზის გარჩევაში ეხმარებიან.

- შოთიკო:

- მე შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ნაძვის ხის მორთვაში აქტიურად ჩავერთო. სამზარეულოში ტრიალიც მიყვარს.

- გოზინაყი მოგიმზადებია?

- არა. დანარჩენი ყველაფრის გაკეთება შემიძლია.

- ბაჟე შეგიძლია გააკეთო?

ბუბა:

- რა თქმა უნდა.

- რატომ ვრთავთ მაინცდამაინც ნაძვს და არა სხვა ხეს?

- არ ვიცი.

- როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, მარიამ ღვთისმშობელი და ახალშობილი იესო რომაელებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, დედა-შვილმა თავი ტყეს შეაფრა. მდევრებმა მათ კვალს მიაგნეს და როცა ტყემდე მიაღწიეს, დაუცველად დარჩენილ ჩვილიან ღვთისმშობელს, ნაძვმა წიწვიანი ტოტები ჩამოაფარა. ამ ამბის გამო, მარადმწვანე ნაძვს ახალი წლის სიმბოლოდ თვლიან.

- როგორი საინტერესო ისტორია ჰქონია.

- საიდან მოდის ახალ წელს ნაძვის ხეზე ვარსკვლავის დამაგრების ტრადიცია?

შოთიკო:

- იმ ვარსკვლავის სიმბოლოა, რომელმაც იესო ქრისტეს დაბადება ამცნო მსოფლიოს. მას მეორენაირად ბეთლემის ვარსკვლავსაც უწოდებენ.

- იანვრის ძველქართული სახელწოდება გაიხსენეთ.

- ენკენისთვე.

- ცდები.

- მკათათვე?

- არა. სწორი პასუხია აპნისი. რატომ დაერქვა იანვარს იანვარი?

- იანუსის პატივსაცემად.

- იანუსი ვინ იყო?

ბუბა:

- დროის ღმერთი.

- რა უფრო სწორია, რომ ვთქვათ - 9+7 უდრის 15-ს, თუ ტოლია 15-ის?

- ჩვენს დაბნევას ცდილობ.

შოთიკო:

- სწორი პასუხია 16.

- გზაზე მიდის 2 ვეფხვი, პატარა ვეფხვი დიდის შვილია, დიდი ვეფხვი პატარის დედა არ არის. რა არიან ერთმანეთისთვის ისინი?

ბუბა:

- მამა-შვილი, არა?

- დიახ. ჟირაფს მეტი კისრის მალა აქვს თუ ბეღურას?

ბუბა:

- შეხედავ, გეგონება ჟირაფსო, მაგრამ ბეღურას მეტი კისრის მალა აქვს.

- ნელის მამას 5 ქალიშვილი ჰყავს. ერთს ჰქვია ნონა, მეორეს - ნანა, მესამეს - ანა. მეოთხეს - ნინო. რა ჰქვია მეხუთეს?

შოთიკო:

- ნელი.

- დაბოლოს, დაასრულეთ მუხრან მაჭავარიანის ეს ცნობილი ლექსი: ."ახალი წელია, თოვლიც გვესალმება,/ თოვლიც გვესალმება ციდან...

- ... ცრემლები?! - ცრემლებზე ბოდიში/ ღიმილი?! - რამდენიც გინდათ".

თამუნა კვინიკაძე