"ვუყურებდი როგორ ჩხუბობდა ქალი სამ კაცთან" - მა­მა­ლი ქა­ლე­ბი - გზაპრესი

"ვუყურებდი როგორ ჩხუბობდა ქალი სამ კაცთან" - მა­მა­ლი ქა­ლე­ბი

საუკუნეების განმავლობაში ქალების შესამკობად უამრავი ეპითეტი გამოიყენებოდა: მაგალითად, მზესავით ქალი, ვარდივით ქალი, შველივით ქალი, ირემივით ქალი და ა.შ. ქალს მარტო ყვავილებსა და ცხოველებს კი არა, ფრინველებსაც ადარებენ, მათ შორის, შინაურ ფრინველებს. მამალი ქალი ნიშნავს ქალს, რომელიც ცხოვრებას ეჭიდება, იბრძვის, სირთულეებს არ უშინდება და მის დანახვაზე მამაკაცებიც კი ფრთხებიან. მეგონა, მამალი ქალების შესახებ მხოლოდ წარსულში საუბარი მომიწევდა, რადგან თანამედროვე ქალს ეპითეტად "მამალი" ვერ შევუსაბამე, მაგრამ რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.

მანანა, 54 წლის:

- ჩემი ვაჟი რომ დაიჭირეს, თავზარი დამეცა, პედაგოგი ქალი ვიყავი, ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო იმ აზრთან შეგუება, რომ შვილი პატიმარი მყავდა. 18 წლის პირტიტველა ბიჭს ციხეში თავი როგორ უნდა გაეტანა?!. ვხვდებოდი, რომ ძალიან გაუჭირდებოდა. ინტუიციამ არ მიმტყუნა. 3 თვის შემდეგ, ნუკრიასგან წერილი მივიღე: დედა 1.500 მანეთი წავაგე, თუ ფულს ზეგ საღამოს არ ჩავაბარებ, მომკლავენო. ქვრივ ქალს ამხელა თანხა სად უნდა მეშოვა?.. საშინელ დღეში ჩავვარდი. ვერაფერი რომ ვერ მოვახერხე, ციხეში ქურდებს წერილი გავუგზავნე. გავიგე, ვინც იყო ზონაში ქურდი და ზედამხედველის ხელით წერილი შევუგზავნე.

- რას სწერდით?

- ყველაფერს, რაც იმწუთას გამწარებულ დედას გულმა და გონებამ უკარნახა. ვუამბე: როგორ ვიბრძოდი, ჩემი აღსაზრდელები ნორმალურ გზას რომ არ ასცდენოდნენ, როგორ ვიცავდი მათ განსაცდელისგან, ტკივილისგან, უიმედობისგან. ისიც ვუამბე, თუ რამდენი ძნელად აღსაზრდელი გამოვტაცე პოლიციის "კლანჭებს" და რამდენს ვასწავლე სწორი გზით სიარული. ახლა კი საკუთარი სისხლისა და ხორცის დახმარებას ვერ ვახერხებ, შენ უნდა მიშველო, შვილი უნდა გადამირჩინო-მეთქი. ქურდი კი იყო, მაგრამ გული და გრძნობები ხომ ჰქონდა!.. 10 წლის შემდეგ, ჩვენს ეზოს ვიღაც უცნობი მამაკაცი მოადგა. ქალბატონ მანანას ვეძებო, - უთქვამს და მეზობლებმაც მოიყვანეს ჩემთან. ვერ ვიცანი, ის კი ისე მიყურებდა, თითქოს ჩემგან მოითხოვდა, რომ ახლობელივით მიმეღო. რას ვიფიქრებდი, თუ ჩემ წინ სწორედ ის კაცი იდგა, რომელმაც ჩემს ნუკრიას ციხეში ყოფნა შეუმსუბუქა. რომ ვერ ვიცანი, მითხრა: გლახო ვარო. გულში ჩავიკარი, თითქოს დიდი ხნის უნახავ შვილს შევხვდი. არადა, ასაკით ჩემზე უფროსიც კი იყო. თურმე, მილიცია ეძებდა. მიშველიო? - მკითხა. - კაცი ხომ არ მოგიკლავს-მეთქი? - ვკითხე. - არაო, - მიპასუხა და მეც დავიჯერე. არც მოვუტყუებივარ. 2 კვირა ვმალავდი.

- მასწავლებელმა ქალმა ბოროტმოქმედი როგორ შეიფარეთ?

- მასთან ვალში ვიყავი. მან შვილი გადამირჩინა და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ცხადია, ეს ამბავი გამჟღავნდა. პოლიცია სახლში მომადგა. პოლიციის უფროსი ჩემი ნაცნობი იყო. მითხრა: ვიცი, რომ თქვენ მალავთ და სანამ ეს ამბავი საქვეყნოდ გამჟღავნებულა, ჯობს, ჩუმად შემოვიდეთ და ავიყვანოთო. - სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს სტუმარს არ გაგატანთ-მეთქი, - შევუტიე. მაგრად ვიკამათეთ. მანაც მითხრა: ხომ არ გავიწყდებათ, პედაგოგი რომ ხართო?.. ბოლოს, სახლში მაინც შემოვიდნენ და ყველა კუთხე-კუნჭული გაჩხრიკეს, მაგრამ გლახო ვერსად იპოვეს. უფროსმა გამომცდელი თვალით შემომხედა: მამალი ქალი კი ხარ, მაგრამ დამნაშავის დამალვისთვის თუ აგიყვანთ, ხვეწნას დაგვიწყებ - ოღონდ გამიშვით და ახლავე გეტყვით, სად იმალებაო. როგორც კი წავიდნენ, მაშინვე გლახოსთან გავიქეცი.

- სად იმალებოდა?

- ორმეტრიანი კაცი არყის გამოსახდელ ქვაბში ჩამძვრალა და ისე მოკუნტულა, რომ ვერ იპოვეს... რადგან ერთხელ მოვიდნენ, თავს აღარ დაგანებებენო, - თქვა და წავიდა... შვილის გამო ქალები მსხვერპლზე ყოველთვის მივდივართ. ახლა ჩემი შვილი მეამაყება. მისთვის ბევრი ვიბრძოლე, ბოლოს, ამაგი დამიფასა. ახლა 3 ვაჟკაცის მამაა, კარგი მეუღლე და საუკეთესო მეგობარია. ყმაწვილკაცობაში კი, სულ სხვანაირი იყო. ერთხელ მეზობლებმა მითხრეს: მანანა, ნუკრიას ტაქსი გაუტაცია, ჩქარა წამოდი, სანამ ის კაცი მილიციას გამოიძახებსო, თურმე, მეზობელი სახლში ტაქსით დაბრუნებულა. ბევრი ბარგი ჰქონია. მძღოლს უთქვამს - მეც მოგეხმარებიო და წუთით მანქანა უმეთვალყურეოდ დაუტოვებია. ეს წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ნუკრიას ტაქსი გაეტაცებინა. მძღოლი ახალგაზრდა კაცი იყო. მუხლებში ჩავუვარდი: თქვენი ჭირიმე, არ დამღუპოთ, ეს ამბავი არ გაახმაუროთ, მანქანას აუცილებლად მოგიყვანთ-მეთქი. მაშინ სხვა დრო იყო. ის მძღოლი ჩემ გამო შეიძლებოდა საბრალდებო სკამზე მოხვედრილიყო, მაგრამ ჩემმა ცრემლმა სულით ხორცამდე შეძრა. საღამომდე დაგელოდებითო, - მითხრა. საღამომდე შვილი უნდა მომეძებნა. მაშინ მობილური ტელეფონები სად იყო?! მეზობლის მანქანაში ჩავჯექი და ნუკრიას ყველა მეგობარს მივაკითხე. ყველანი ფეხზე დადგნენ. ბოლოს გავიგეთ, რომ ქუთაისამდე წასულა და იქ ჩემი ძმის სახლში გაჩერებულა. ტაქსის მძღოლიც მანქანაში ჩავისვი და წავედით. ნუკრიამ რომ დამინახა, ტირილი დაიწყო - ამ ერთხელ მაპატიეო. ტაქსის მძღოლს თავისი მანქანა ჩავაბარე და ჯიბეში 100 მანეთიც ჩავუდე... შინ რომ დავბრუნდით, ნუკრიამ თავის შეცოდების ჩვეულ ხერხს მიმართა: დამნაშავე ვარო, - მითხრა. მე კი ვუპასუხე - იმას, რომ ისევ ციხეში მოხვდე, სიკვდილი მიჯობს-მეთქი, - და პურის საჭრელი დანა პირდაპირ მუცელზე დავისვი. ისეთი ჭრილობა მივაყენე საკუთარ თავს, ძლივს გადამარჩინეს. მაგრამ ტკივილს რას დავეძებდი?.. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ის სულით-ხორცამდე შემეძრა, დამენახვებინა, რომ ერთ დღეს უჩემოდ დარჩებოდა და ვინღა უშველიდა?!. საავადმყოფოდან რომ გამომიყვანეს, მითხრა: ცოლის მოყვანა მინდა; თუ თანახმა იქნები, დღესვე გაგახარებო. ერთმა კარგმა გოგონამ გულის კარი გაუღო, შეიყვარა და გააბედნიერა. იცოდა, ცოლად როგორი წარსულის მქონე ბიჭსაც მიჰყვებოდა, მაგრამ სირთულეებს არ შეუშინდა. შემართული ხმლებივით ვიდექით ორივე, რომ ნუკრია სწორ გზაზე დაგვეყენებინა.

ზაური:

- ამბობენ, მგელი და კაპანაძის ქალი ორმოში ერთად ჩააგდეს, ორმოდან კი, მხოლოდ ქალი ამოიყვანესო... იმასაც ამბობენ - კაპანაძის ქალმა მგელი შეჭამა, გელაშვილის ქალმა კი - ტურაო. ჩემი ცოლი იმ იშვიათ გამონაკლისთა რიგს მიეკუთვნება, რომელზეც ხალხში გავრცელებული ეს თქმულება არ ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ მამა გელაშვილი ჰყავდა, დედა კი - კაპანაძე, თვითონ წყნარი, მშვიდი და უპერტენზიო ქალი გახლავთ. არადა, ამ 2 გვარის ნაჯვარს წესით, ცეცხლის ენაზე გავლა უნდა შეეძლოს. სამაგიეროდ, ცოლისდა მყავს ისეთი, მისი შიშით მამაკაცები რომ ძრწიან, თან - ვაჟკაცი კაცები, ლაჩრები კი არა!.. მაია ჰქვია. ტექნიკური უნივერსიტეტი 5 წლის წინ დაამთავრა. დარწმუნებული ვარ, თავის ლექტორებს ის დღემდე ახსოვთ ერთი შემთხვევის გამო. მაშინ მესამეკურსელი იყო. მთელი ჯგუფი გაფაციცებული უსმენდა ლექტორს, რომელიც მათ გამოცდების ცხრილს აცნობდა. მოულოდნელად, ერთ-ერთმა სტუდენტმა თქვა - ნახეთ, მანქანას იპარავენო! ყველანი ფანჯარას მისცვივდნენ. ნათლად გაარჩიეს 2 ახალგაზრდა, რომლებიც მანქანის კარის გაღებას ცდილობდნენ. სტუდენტები აუდიტორიიდან გაცვივდნენ. მერე ვიღაცამ დაიძახა - ეგ დეკანის მანქანააო!.. უკვე ბინდდებოდა. უეცრად, შუქიც გამოირთო. სტუდენტები შეჩერდნენ. ერთ გამტაცებელს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა, მეორეს - ბებუთი. შეიძლებოდა, შენობიდან გამოცვენილი სტუდენტებისთვის ესროლათ ან დანა დაერტყათ. ქუჩაში გასვლა სიცოცხლის სასწორზე შეგდებას ნიშნავდა. წუთით ყველა კედელს აეკრა. მაიამ კი კარი გამოაღო და თავაწეულმა გეზი ავტომანქანისკენ აიღო. ყველამ კარგად დაინახა, როგორ მიუახლოვდა ბიჭს, რომელმაც მაშინვე იარაღი მიუშვირა.

მაია:

- აბა, ბიჭებო, ჩემი მანქანით გასეირნება მოგინდათ? - ვკითხე და სახეში მივაშტერდი. ერთმა შემაგინა, - აქაოდა, ასეთ ძვირფას მანქანას შენ ვინ მოგცემდაო?! უკან რატომ უნდა დამეხია?.. ისეთი ძალით გავულაწუნე, ტკაცანის ხმა ჩემმა ჯგუფელებმაც გაიგონეს. მეორე ბიჭმა მუშტი მომიღერა და მეც მაშინვე მთელი ძალით ამოვარტყი მუხლი ფეხებშუა. ამასობაში, შენობიდან ჩემი ჯგუფელებიც გამოცვივდნენ. გამტაცებლებმა გაქცევა დააპირეს. ერთი გაიქცა კიდეც, მეორე კი, ქურთუკის საყელოთი დავითრიე და ჩემმა მეგობრებმა ძლივს დაიხსნეს ჩემი წიხლებისგან.

- ხომ შეიძლებოდა, შენთვის სასიკვდილო ჭრილობა მოეყენებინათ. სიცოცხლეს წირავდი?

- როცა ექსტერემალურ სიტუაციაში ვხვდები, შიშის გრძნობას ვკარგავ. თანაც, ისე სწრაფად ვმოქმედებ, ძნელად თუ დამასწრებს ვინმე დარტყმას. თუმცა, ასეთი შემთხვევაც მქონდა. წლების წინ, ქუთაისის გზაზე პოლიციელს სილა გავაწანი. მეორედაც რომ უნდა დამერტყა, დამასწრო და მუშტი პირდაპირ თვალში ჩამარტყა. მერე ორი კვირა საავადმყოფოში იწვა და ექიმები დალეწილ ცხვირს უმრთელებდნენ... უსამართლობას ვერ ვიტან. შარშან წალენჯიხაში ვიყავი. მე და ჩემი მეგობარი, იქაური გოგონა გვიან ღამით ფეხით სახლში ვბრუნდებოდით. თურმე, ვიღაც ბიჭმა თვალი დამადგა. აგვედევნა. ერთ ბნელ მოსახვევში წინ გადაგვიდგა: თქვენი გაცნობა მინდა, ორივენი რესტორანში უნდა დაგპატიჟოთო. ვცადეთ, მისგან ტკბილი სიტყვით დაგვეღწია თავი. არაფერი გამოგვივიდა. ბოლოს, ჩემს მეგობარს მაჯაში ჩააფრინდა: ამაღამ ჩემთან წამოდიო. - წესიერი გოგოები ვართ, განანებთ, ასე რომ იქცევი-მეთქი, - ვუთხარი. - თავიდან ყველა ასე ამბობს, მერე კი სანამ არ დაალილავებ, ვეღარ მოიშორებო... ერთი სიტყვით, მეძავები ვეგონეთ. ვეღარ მოვითმინე და მუშტი შუბლში ვუთავაზე. უგონოდ დაეცა. გვეგონა, მოკვდა. რა უნდა გვექნა?.. მოვიკიდე ზურგზე და ასე ჩავიყვანე საავადმყოფომდე, რომელიც ბედად, ახლოს იყო. ცხადია, ექიმები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ის ბიჭი ასეთ მდგომარეობაში მე ჩავაგდე. მეორე დილით, თბილისში დავბრუნდი. ცოტა ხნის შემდეგ, იმ ბიჭს ჩემი მისამართი გაუგია და თბილისში ჩამომაკითხა. მეზობლის ბავშვს წერილი გამოატანა, სადაც ეწერა: თუ ასეთი მაგარი ხარ, მოდი და ჩემს თვალებს გაუძელიო... ჩავედი ეზოში, მაგრამ ვერ ვიცანი, ვერც თვითონ მიცნო. უცხო რომ დავინახე, მივედი და ვკითხე - წერილი შენ გამომიგზავნე-მეთქი? კითხვა შემომიბრუნა - კომოციო შენ დამმართეო? - შევცბი. არ ვიცოდი, კომოციო რას ნიშნავდა. თურმე, ტვინის შერყევას ნიშნავს... მილიონი ბოდიში მომიხადა: მთვრალი ვიყავი და მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთო, - მითხრა.

- აპატიე?

- ცხადია, ძალიან გულჩვილი ვარ და ადამიანებს ზედმეტად ვენდობი. ეს ჩემი ნაკლია. იმ ყმაწვილთანაც შეცდომა დავუშვი... 2 თვეში, ცოლად გავყევი. დღემდე მიკვირს, იმ კოშმარული საღამოს დავიწყება როგორ შევძელი. ჩვენ ხომ პირველად ერთმანთს საშინლად ვაწყენინეთ. ბოლოც არ აღმოჩნდა კეთილი...

- რატომ? რა მოხდა?

- 3 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ერთმანეთი გვიყვარდა. არასდროს მიცდია, საკუთარი გრძნობები დამემალა. ყოველ წუთს ვეუბნებოდი: უშენოდ ვერ ვიცოცხლებ-მეთქი. თითქოს გული მიგრძნობდა, რომ მიმატოვებდა და წავიდოდა. ერთ დღეს ქორწილში ვიყავით. ჯერ შელაპარაკება, მერე ჩხუბი ატყდა. გახურებული მუშტი-კრივის დროს, ჩემი ქმარი სადღაც გაქრა. რომ ვეღარ ვნახე, სახლში დავბრუნდი. იწვა და ეძინა... დილით ვუსაყვედურე - იქ როგორ მიმატოვე?.. იქნებ, ვინმეს მოვეკალი-მეთქი!.. - შენ თავს არავის დააჩაგვრინებ, ნამდვილი მამლაყინწა მყავხარო, - მიპასუხა. ერთი კვირის შემდეგ კი, სამუდამოდ მიმატოვა. თურმე, ვიღაც გოგო შეჰყვარებია. იმას გაჰყვა და ეს ამბავი წერილით მაცნობა. თურმე სულაც არ არის საჭირო, მამალი ქალი იყო - მთავარია, იღბლიანი დაიბადო...

ნინო:

- ჩემი ბებიის შესახებ მინდა გიამბოთ. 23 წლის დაქვრივებულა და მას შემდეგ, ძაძები არ გაუხდია. ულამაზეს ქალს ბევრი მთხოვნელი ჰყოლია, მაგრამ ახლოს არავინ გაიკარა: ჩემს შვილებს მამინაცვალს არ დავაჩაგვრინებო. - მარტოხელა ქალს სამი შვილის მოვლა გაგიჭირდებაო, - ეუბნებოდნენ, არავის აზრი არ გაითვალისწინა და ასე მარტომ ატარა ცხოვრების მძიმე ჭაპანი. ღირსეულად, თავაწეულმა განვლო რთული გზა და მტერ-მოყვარეს სიყვარულის, ერთგულებისა და სიმტკიცის საოცარი მაგალითი უჩვენა. მასზე ყველა ამბობდა - მამალი ქალიაო. ქორივით იცავდა თავის შვილებს, უმამობა არც ერთს არ აგრძნობინა. ერთხელ მამაჩემი ვიღაც ბავშვს გაულახავს. მაშინ მამა 7 წლის ყოფილა, რამდენიმე წუთში, იმ ბავშვის დედა ბებიაჩემთან ტირილით მოვარდნილა: ჩემს შვილს აპატიე, წყენა გულში არ ჩაიდოო. ასე ეშინოდათ ბებიის.

- რატომ? ასეთი შიში რამ განაპირობა?

- ძლიერი ქალიც იყო და უშიშარიც. სოფელში ხმა გავრცელებულა - ჭალის ბოლოს ავი სული ჩასახლდა და საქონელს ჭამსო. ყოველღამე თურმე, თითო ძროხა იკარგებოდა. ასე გაგრძელებულა რამდენიმე კვირის განმავლობაში. ხალხი ისე შეშინებულა, რომ ჭალისკენ აღარც საქონელს აბალახებდნენ და აღარც თვითონ მიდიოდნენ. ბებიას ეს ამბავი საეჭვოდ მოსჩვენებია. ავი სული რას დამაკლებსო?! - უთქვამს და ერთ დღეს, როცა მისი ძროხა ნახირიდან აღარ დაბრუნდა, მოსაძებნად წასულა. მეზობლის კაცები გაოცებულან: სად მიდიხარ, ქალი ხარ თუ ქაჯი, შიშის გრძნობა არა გაქვსო?! ბებია წასულა. ჭალაში მთელი ღამე უვლია და დილით ძროხასთან ერთად დაბრუნებულა. ამის შემდეგ თანასოფლელები საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ: ამბობდნენ - თინამ ცხენზე ამხედრებულ ავ სულს თმაში ხელი წაავლო და გაქანებული ცხენიდან ჩამოაგდო, თინა და ავი სული ერთმანეთს შეეჭიდნენ, თინამ დაასწრო და ბეჭზე დასცაო...

მალხაზი, 40 წლის:

- შარშან ქართლში ვიყავი სტუმრად წასული და საოცარი ქალი გავიცანი. ჩემმა მასპინძელმა სუფრასთან რომ მიგვიპატიჟა, თქვა - თამადა, როგორც ყოველთვის, ლამარა იქნებაო. გაოცებისგან პირი დავაღე. თავს ვიწონებ, მაგარი მსმელი ვარ, ქალი რას დამაკლებს-მეთქი?.. - გავიფიქრე, როცა თქვეს, ლამარა ხარივით სვამსო. რას წარმოვიდგენდი, თუ ყველას დაათრობდა, თვითონ კი, მეორე სუფრაზე წავიდოდა სათამადოდო?! ერთი სიტყვით, გაოცებული დამტოვა... მეორე დილას, ყვირილის ხმა შემომესმა. დავინახე, რომ ქუჩის მეორე მხარეს, ორი კაცი კამათობდა. ყველანი იქითკენ გავეშურეთ. ერთი, მოჩხუბარი ლამარას ქმარი ყოფილა. მას მეორემ პირდაპირ სახეში ჩაარტყა, ამ დროს, ეზოდან ლამარა გამოვიდა. სახედასისხლიანებული ქმარი რომ დაინახა, იყვირა - რომელმა დაარტყითო? - მე დავარტყი და მზად ვარ, თავპირიც მივულეწოო, - და მოჩხუბარმა ერთი ნაბიჯი წინ წადგა. ლამარას სიტყვაც აღარ უთქვამს, ისე მოუქნია ახოვან მამაკაცს მუშტი და უსულოდ დააგდო. ისეთი მოხიბლული დავრჩი, რომ საღამოს, ჩემს მასპინძელს ვთხოვე, ლამარას შესახებ მიამბე-მეთქი. მიყვარს მამალი ქალები და მომწონს, როცა მათი "საგმირო საქმეების" შესახებ ჰყვებიან. მასპინძელმა მითხრა: ჩვენთან დაბნეულ კაცს რომ დაინახავენ, ეუბნებიან - რა იყო, ლამარას მუშტი ხომ არ მოგხვედრიაო?! ამის შემდეგ 6-7 თვე გავიდა. დიდუბეში მეგობართან მივდიოდი. გამოფენის კუთხესთან დავინახე ვიღაც ახოვან ქალს 3 პირტიტველა ბიჭი ეკამათებოდა. სხვა დროს ასეთი შემთხვევისთვის შეიძლებოდა, ყურადღებაც არ მიმექცია, მაგრამ ის ქალი მეცნო და ამიტომ დავაკვირდი. უეცრად ქალმა ხელი მოიქნია და ბიჭებიც საცემრად მისცვივდნენ. ვუყურებდი, როგორ ჩხუბობდა ქალი სამ კაცთან. მისაშველებლად გავიქეცი, მაგრამ დახმარება არ დასჭირდა. ბიჭები ისე დაალილავა, საკუთარი პატრონები რომ ვეღარ იცნობდნენ. ახლოს რომ მივედი, მკითხა: შენ მალხაზი არა ხარო? - ვინა ხარ-მეთქი? - კითხვა შევუბრუნე. - ლამარა ვარ, ვერ მიცანიო? სხვა ვინ იქნებოდა?.. სხვა რომელი ქალი მოახერხებდა სამი კაცის გალახვას?