გრიბოედოვის თეატრში კარლსონი "შეფრინდა"
24 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით, გრიბოედოვის თეატრი ტრადიციულ საახალწლო სპექტაკლებს მართავს. ამ პერიოდის განმავლობაში ნაჩვენები იქნება 30 წარმოდგენა, რომელსაც ოცი ათასამდე მაყურებელი იხილავს. ეს სპექტაკლებია: "ახალი საშობაო ზღაპარი" (რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა), "კონკია" (რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი), "მოროზკო" (რეჟ. ლინდა ურბონავიჩუტე, ლიტვა) და "კუზიანი კვიცი" (რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა).
ამჯერად, თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის ახალ, დიდ საბავშვო სპექტაკლზე გიამბობთ. შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ტრილოგია კარლსონზე 1955-დან 1968 წლებში შეიქმნა. ეს ზღარული პერსონაჟი მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე ცხოვრობს და მისი საუკეთესო მეგობარი 7 წლის ბიჭუნაა. სპექტაკლის პრემიერა 2016 წლის ბოლოს შედგა. საშობაო არდადეგებზე და მას შემდეგაც, პატარებს საშუალება ექნებათ, კარლსონისა და ბიჭუნას თავგადასავლებს ადევნონ თვალი და მათ უგულშემატკივრონ...
სპექტაკლს "კარლსონის საახალწლო თავგადასავალი" საფუძვლად დაედო ასტრიდ ლინდგრენის ტრილოგიის ბოლო ნაწილი, სახურავის ბინადარ კარლსონზე და მის საუკეთესო მეგობარ ბიჭუნაზე. ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა, სადაც ფრეკენ ბოკი იპოვის ნამდვილ სიყვარულს, მეგობრები დაიჭერენ ქურდბაცაცებს, კარლსონი დიდი ჯილდოს მფლობელი ხდება და ა.შ. კარლსონისა და ბიჭუნას ერთსაათიანი მხიარული თავგადასავლის ბოლოს "ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, თუ რაოდენ დიდი ბედნიერებაა მეგობრობა".
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გახლავთ ლევონ უზუნიანი, მხატვარი - თეო კუხიანიძე, ხოლო ქორეოგრაფი - დავით მეტრეველი.
წარმოდგენის შემდეგ, კულისებში ბიჭუნა და კარლსონი ვიპოვე. მთავარი პერსონაჟი მიშა არჯევანიძეა, ხოლო ბიჭუნას როლს ალბათ გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, მარი კიტია რომ ასრულებს. გრიბოედოვის თეატრის მაყურებელი ამ მსახიობს კარგად იცნობს სხვადასხვა სპექტაკლიდან, ხოლო ფართო საზოგადოებამ ის თინათინ ყაჯრიშვილის ფილმით, "პატარძლები" გაიცნო.
- მარი, როცა გაიგე, ბიჭუნა უნდა გეთამაშა, როგორი რეაქცია გქონდა?
მარი კიტია:
- დეიდები ბიჭებს რომ თამაშობენ, არ მომწონს. ამიტომ ჩემი რეაქცია ერთდროულად გაკვირვებაც იყო და აღელვებაც. ამხელა ქალი პატარა ბიჭს რომ თამაშობ, რთულია, ამიტომ რეპეტიციების დაწყებამდე ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ მუშაობის დროს რეჟისორმა იმდენად კარგი ატმოსფერო შექმნა, რომ ყველაფერი გამოგვივიდა.
- შენი გარეგნობიდან გამომდინარე, "დიდი ქალისა" და "დეიდის" შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებ.
- ჰო, მიუხედავად ამისა, რომ ორი ბიჭის დედა ვარ (იღიმის).
- პარტნიორებზე რას მეტყვი?
- სპექტაკლში ძალიან კარგი პარტნიორები მყავს. საერთოდ, გრიბოედოვის თეატრში კარგი დასია. მე და მიშა სპექტაკლებში მგონი უკვე, 25 წელია, ერთად ვთამაშობთ. რაც შეეხება "კარლსონს", დღეში ორ სპექტაკლს წარმოვადგენთ და ის საახალწლო არდადეგების შემდეგაც, რეპერტუარში დარჩება.
მიშა არჯევანიძე:
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს სპექტაკლი არ არის მხოლოდ ბავშვებისათვის და გეტყვით, რატომაც. რეპეტიციის პერიოდში ქუჩაში და თეატრთან აფიშები უკვე ეკიდა. ასაკოვანი წყვილი მოდიოდა, აფიშებს ათვალიერებდნენ და კაცმა "კარლსონზე" თქვა, წასვლა მინდაო.
- დაახლოებით რა ასაკის იქნებოდნენ?
- 50 წელს გადაცილებულები. იცით, საქმე რაშია?! ჩვენს არანორმალურ სამყაროში, რომელიც ამდენი აგრესიითა და უარყოფითი ენერგიით არის აღსავსე, ადამიანს რელაქსაციისათვის ასეთი რამ ძალიან სჭირდება; ახლა ყველას აკლია სიკეთე და ბავშვური დამოკიდებულებები ამა თუ იმ მოვლენისადმი. ეს ყველაფერი რომ არ არსებობდეს, სამყარო დაიღუპებოდა და დაიშლებოდა.
- ჩვენს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო მულტფილმი - "ბიჭუნა და კარლსონი", რომელიც სამწუხაროდ, ახალ თაობას არ უნახავს...
- რატომ ამბობთ ასე?! ჩემ ირგვლივ ეს მულტფილმი ყველას ნანახი აქვს. პირადად მე არ ვიცნობ არც ერთ პატარას, ვისაც მულტფილმი "კარლსონი" არ უნახავს.
- ძალიან კარგია, თუ ასეა. უბრალოდ, ვფიქრობ, დღევანდელ პატარებს ნაკლებად იზიდავთ 70-იანი წლებში შექმნილი მულტფილმები, თუნდაც ქართული ზღაპრები.
- ქართული ზღაპრები და მულტფილმებიც სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა გადაღებული, არადა, არანორმალურად კარგი ზღაპრები გვაქვს.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიბოედოვის თეატრის თანამშრომლების ძალისხმევით საახალწლო და სააღდგომო საჩუქრები გადაეცემა ფოთის ბავშვთა ცენტრს. ამჟამად, ცენტრში 6-დან 18 წლამდე რვა აღსაზრდელი ცხოვრობს. გრიბოედოვის თეატრმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და საახალწლოდ ისინი თბილი ტანსაცმლით, წიგნებითა და ტკბილეულით გაახარა.
ანა კალანდაძე