"შეიძლება ხორცს ხელით შევეხო, რომ გავსინჯო?" - ახალი წლის ღამის პროფესიული ისტორიები - გზაპრესი

"შეიძლება ხორცს ხელით შევეხო, რომ გავსინჯო?" - ახალი წლის ღამის პროფესიული ისტორიები

იმ დროს, როდესაც ახალი წლის შემოსვლამდე სულ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, ალბათ რამდენიმე ათასი ადამიანის მსგავსად, როგორც კი საქმეები მოვილიე, მშობლიური კუთხისკენ გავეშურე... თუმცა, თბილისიდან გავედით თუ არა, უკანა რიგებში მსხდომმა მგზავრებმა გაჩერება მოითხოვეს, - ჩვენი მეგობარი ცუდად გახდაო...

პირველ ჯერზე, მის მდგომარეობას სხვა მგზავრები გაგებით მოეკიდნენ, თუმცა, რიკოთამდე რომ მესამედ გავჩერდით, მათი მოთმინების ფიალა აივსო, - თუ ცუდად იყო, სახლში ვერ დარჩა ის დალოცვილი? 6 საათია, ორი საათში დასაფარ გზაზე მივღოღავთ... - რა ქნას კაცმა, ცუდადაა, - გამოესარჩლნენ სხვები... - ჩვენ რა ვქნათ?... გადაჯდეს ტაქსიში ან გამოიძახოს "სასწრაფო", მართლა და მართლა, ავტობუსში ხომ არ შევხვდებით ახალ წელს?! - არ ცხრებოდა ზოგიერთი. მამაკაცები მშვიდად იყვნენ. ქალები საცივის, ხაჭაპურის, ფელამუშის, გოზინაყისა და ათასი რამის შესახებ ლაპარაკობდნენ, - მოსამზადებელი გვაქვს, ცარიელი მაგიდით ხომ არ შევხვდებით ახალ წელსო...

ავტობუსში შექმნილი სურათი ძალიან დაემსგავსა "ნეილონის ნაძვის ხის" სცენარს. მძღოლი თავიდან ოლიმპიური სიმშვიდით იტანდა ხმაურს, შემდეგ იფეთქა, - ვისაც ეჩქარება, მგზავრობის თანხას უკან ვუბრუნებ და როგორც უნდა, ისე წავიდესო... ამ მეთოდმა გაჭრა. შუაღამეს ტრანსპორტის პოვნის იმედი ძალიან ცოტას ჰქონდა. - ეტყობა, ასეთი შემთხვევების გამოცდილება გაქვთ-მეთქი, - ვუთხარი... - 30 წელია, მძღოლად ვმუშაობ და მთელი პოსტსაბჭოთა კავშირი მოვლილი მაქვსო, მითხრა.

არაერთ ახალ წელს შეხვედრია გზაში და უამრავი თავგადასავალი ჰქონდა. განსაკუთრებული შემთხვევის გახსენება ვთხოვე...

რაული, 62 წლის, მძღოლი:

- რუსეთიდან მოვდიოდი. ტურისტები მომყავდა. ადლერის გავლით, აფხაზეთში უნდა შემოვსულიყავით. ერთკვირიანი მარშრუტი იყო. იმ ულამაზესი კუთხის ღირსშესანიშაობები უნდა დაეთვალიერებინათ, შემდეგ ზუგდიდი და ბოლოს, ქუთაისში, გელათში უნდა ავსულიყავით. რამდენადაც თავდაჭერილი იყვნენ ჩვენი ქალბატონები, იმდენად ხალისიანები იყვნენ რუსები. მღეროდნენ, ცეკვავდნენ და კისკისებდნენ. რა თქმა უნდა, ყველას საახალწლო განწყობა ჰქონდა. 31 დეკემბრის საღამო იყო და გაგრაში გავჩერდით, ფოტოების გადასაღებად. რესტორანში ვახშმობასაც აპირებდნენ. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, ორ გოგოს, იქვე რესტორანში, ადგილობრივი მილიციის ორი თანამშრომელი გაუცნია და იმათ სასეირნოდ დაუპატიჟებიათ. ეტყობა, გოგონებმა იფიქრეს, სანამ ისინი რესტორანში ივახშმებენ, გასეირნებას მოვასწრებთო და გაჰყოლიან... მთელი გუნდი მთელი ღამე ვეძებდით ამ ორ გოგონას. ბოლოს პოლიციაც ჩავრთეთ ძებნაში და დილას ვიპოვეთ.

- სად ყოფილან?

- იმ ორ ახალგაზრდა მილიციელს გაგრის პარკში გაუსეირნებია სტუმარი გოგონები. "კარუსელები" მოინდომესო. გაგრა პატარა ქალაქია, სადაც მაშინაც ყველა ერთმანეთს იცნობდა და სანამ დაიკეტებოდა, ამ ბიჭებს კარუსელის მომსახურე პერსონალისთვის უთხოვიათ, გასაღები დაგვიტოვეთ და დილით აქ დაგახვედრებთო. იმანაც დაუჯერა. რა თქმა უნდა, მილიციელებიც ნასვამები იყვნენ და გოგონებიც შეჟუჟუნებული, თანაც ახალგაზრდები და უქროდათ. ჩართეს კარუსელი, შემოისვეს გოგონები და ჰაიდა... ანუ ვინ გამორთავდა, იმაზე არც უფიქრიათ. ერთი სიტყვით, დილით ნახეს "გადავარდნილები". მთელი ღამე ატრიალა კარუსელმა, დედის ხსენი არ ჰქონდათ შერჩენილი. საახალწლო გასეირნება კი არა, ოთხივეს რეანიმაციაში დაწოლა დასჭირდა. ერთ-ერთი გოგონა უგონოდ იყო, - შემდეგ ფილტვების ანთების უმძიმესი ფორმა დაუდგინდა. ავტობუსის მგზავრები მძღოლიან-გიდიანად საავადმყოფოს ეზოში ვისხედით და ვგულშემატკივრობდით... ყველანი გადარჩნენ, მაგრამ ის ახალი წელი არასდროს დამავიწყდება.

პროფესიის გამო, ახალი წლის სამსახურში შეხვედრა ძალიან ბევრი სპეციალობის ადამიანს უწევს. მათ შორის არიან ექიმები, სამხედროები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, ტაქსის მძღოლები და სადღეღამისო მარკეტების კონსულტანტები და მოლარეები...

თემური, 45 წლის, სასწრაფოს ექიმი:

- "ჰიპოკრატეს ფიცი" გვაქვს დადებული და ამიტომაც ჩემთვის დღესასწაული და სხვა მიზეზი არ არსებობს. ახლა მე და ჩემს და-ძმას ოჯახები გვყავს, მაგრამ სანამ მარტო ვიყავით, არც მაშინ ვხვდებოდით დღესასწაულებს ოჯახთან ერთად, სკოლის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, რადგან სამივე ექიმი ვართ. მას შემდეგ, რაც პროფესიული არჩევანი გავაკეთეთ, სამივე და-ძმა ახალი წლის დღეებში "სასწრაფოს" მანქანებით მივყავდით სახლში. მერე ჩემი ძმა უცხოეთში წავიდა სამუშაოდ... 31 დეკემბერი ის დღეა თუ ღამე, როდესაც ყველა ოჯახში უკმაყოფილოდ გვხვდებიან, თითქოს პაციენტის ავად გახდომაში ჩვენ მიგვიძღოდეს ბრალი. ძირითადად გულის პრობლემებით შეწუხებული ხალხი გვიძახებდა. იყო ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა პრობლემებიც... ამას წინათ, ერთ ოჯახში გამოგვიძახეს, - შეტყობინება შემოვიდა, 60 წლის ადამიანი ძალიან ცუდად არისო. თვალებდაწითლებული პაციენტი პირსახოცით ცხვირსა და თვალებს იწმენდდა. - სპაზმი მაქვსო, - გვითხრა გაგუდული ხმით, - ვეღარ ვსუნთქავ, უცებ დამეწყო და ვეღარ ვჩერდები. გულისცემაც ამიჩქარდა, მგონი, ვკვდები, - შემოგვხედა უმწეოდ. აშკარად პანიკაში იყო. როგორც კი სპაზმის მოსახსნელი მედიკამენტი დავალევინეთ და ფანჯრები გავაღეთ, რამდენიმე წუთში დაწყნარდა და ამოისუნთქა. როგორც გაირკვა, პაციენტის დედამ ნაირ-ნაირი კერძი მოამზადა და სანელებლების სუნმა ამ კაცს სპაზმი დამართა... ერთი ახალი წელი ნარკომანებთან გავატარეთ. ერთ-ერთს "პერედოზიროვკა" მოუვიდა და ცუდად იყო. როდესაც ეს კაცი გონზე მოვიდა, მეგობრებს ეჩხუბა, - როგორ გაბედეთ ამის გაკეთებაო...

მერაბი, ტაქსის მძღოლი:

- ახალი წლის ღამე კი არა, კვირაში ხუთჯერ განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს. ეს პატარა გოგო-ბიჭები რომ ჩაგვისხდებიან მანქანაში, უკვე ვიცი, რომ ფათერაკს უნდა გადავეყარო. სულ მიკვირს, როგორ უშვებენ ოჯახიდან ბავშვებს ღამის კლუბებში... ღამის თბილისი საშინელებაა. ამდენი წელია, ვმუშაობ და სხვა ქალაქი მგონია, ბნელი, საშიში, რისკებით სავსე... ეს პატარა, ჩემი შვილის ტოლი გოგონები, პირდაპირ მონსტრები არიან. არასდროს გავუშვებ ჩემს შვილს გვიან ღამე ქუჩაში.

- კარგი ამბავი გაიხსენეთ...

- ვეცდები... მე წარმოშობით გორელი ვარ, მაგრამ წლებია, აქ ვცხოვრობ. ბავშვობა იქ გავატარე და სამეგობროც იქ მყავს. იქ ჩემი ორი ძმაკაცი ცხოვრობდა. ერთად გაიზარდნენ. უმუშევრობისა და გაჭირვების წლებში, ორივემ ტაქსაობა დაიწყო. რაიონიდან რაიონში, გორის სოფლებში ან გორიდან თბილისში მიჰყავდათ მგზავრები. თავის დროზე, ერგნეთის ბაზრობაზეც დადიოდნენ... მოკლედ, ერთი მათგანი შავგვრემანი, დაბალი და გამხდარია. თანაც ისეთი ცოცხალი, რომ უბნის ძმა-ბიჭებმა ეშმაკა შეარქვეს. მეორე ჩვეულებრივი, ჭკვიანი ბავშვი იყო. აკვიატებული ჰქონდა, ყველაფერზე - ღმერთო ჩემოო, - იტყოდა... ამის გამო მეზობლის ბიჭების ერთმა ნაწილმა მორწმუნე შეარქვა, მეორემ - ღმერთო... შობის ღამეს, ეშმაკას მგზავრები გორიდან კასპში წაუყვანია და ისევ გორში ბრუნდებოდა. ვიღაცას გაუჩერებია. ნასვამი ყოფილა და ეშმაკასთვის უთხოვია, - რამდენსაც მეტყვი, გადაგიხდი, ვარიანამდე ჩამიყვანე, მაჩაბლები რომ ცხოვრობენ, ბიძაჩემები არიან და მელოდებიანო... - კარგიო, - ამას უთქვამს. მგზავრი გამოლაპარაკებია თურმე გზაში, დამდეგი მიულოცა, ცოტა გადავკარიო, - მოუბოდიშებია და როგორ მოგმართოთო? უკითხავს. როგორც ეძახდნენ, ისე გაეცნო თურმე. შეცბა ეს ნასვამი მგზავრი, - რაღა ეშმაკი შემხვდა კაცო, ამ შობის ღამესო, - წამოსცდენია... ეშმაკას არც მიუქცევია ყურადღება. ბედი არ გინდა, გორში შესულან თუ არა, საწვავი გასთავებია თურმე. დაფეთდა მგზავრი, - ახლა რა უნდა ვქნათო? - საწყალი სახით უთქვამს. ეშმაკას გასცინებია. იმ კაცის დაფეთებაზე, ხასიათზე მოსულა ეს მართლა ეშმაკა, - ახლა ნახე, რას ვიზამო, - უთქვამს. მობილური ამოუღია და დაურეკავს, - ღმერთო, კაცურად, მიშველე რა, მანქანაში მგზავრი მიზის და გზაში ვარ გაჩერებულიო... ანუ ძმაკაცს დაურეკა - ღმერთოს, თანაც მგზავრი დაამშვიდა - ახლავე მოვა, ან ვინმეს გამომიგზავნისო. მგზავრს გაოცებისგან პირი დაუღია... ცოტა ხანში მართლა მოსულა თეთრ საწვიმარმოხურული კაცი და ბენზინის ავზი გაუხსნა თურმე ეშმაკას მანქანას... ამ დროს კი გადმოვარდნილა ეს მგზავრი ტაქსიდან, - ეს სად მოვხვდიო... ძლივს მოუბრუნებიათ ამათ, სიცილ-ხარხარით.

თამუნა, 27 წლის, მაღაზიის კონსულტანტი:

- 1-ლი იანვარი არის ყველაზე საშინელი სამორიგეო დღე, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ახალგაზრდები მთელი ღამე დადიან და ენერგეტიკულ სასმელებსა და არაყს ეზიდებიან. თან მუდმივად ტელეფონზე საუბრობენ და ერთმანეთში არკვევენ, რა აიტანონ ვიღაცასთან... ამასობაში, შენ უნდა იდგე და ელოდო, კარგად რომ მოემსახურო. კლიენტებისგან მოისმენთ საოცარ ფრაზებს, - "რას მთავაზობ, კალორიების "ბუკეტს", რომ გავსუქდე?.." "შეიძლება ხორცს ხელით შევეხო, რომ გავსინჯო? რბილი უნდა იყოს..." "კვერცხი ახალია? გამიტეხეთ რა, თუ გული არ დაიშალა, ე.ი. ახალია..." "ახალგაზრდა ქათამი მინდა რა, ჩემს შვილს ძვლიანად უყვარს ჭამა და შეიძლება, გეჩხუბოთ..." "ყველი როგორია, რეზინისებრი თუ ფშვნადი? ხაჭაპურისთვის მინდა და არ უნდა შევრცხვე"... "გოგონა, გოზინაყი რბილი და წელვადია?" "იცით რა, კბილები ახალი ჩასმული მაქვს და არ მინდა დამიზიანდეს, რის ჭამას მირჩევთ?"

ლალი პაპასკირი