ამბიციური, კარიერისტი, უკომპრომისო და ამაყი მამლები - გზაპრესი

ამბიციური, კარიერისტი, უკომპრომისო და ამაყი მამლები

"ტრაბახა ადამიანია. არ შეუძლია არ იამაყოს საკუთარი მიღწევებით, თუნდაც ეს მიღწევები უმნიშვნელო იყოს. ამბიციური, კარიერისტი, უკომპრომისო და ამაყია. მას ხშირად საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული სჩვევია. მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. საამისოდ ჩაცმის უჩვეულო სტილსა და ორიგინალურ ვარცხნილობასაც კი მიმართავს. მიუხედავად ასეთი ეპატაჟურობისა, გულის სიღრმეში კონსერვატორია. ღრმად სწამს, რომ ყოველთვის მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ გააკეთოს. იგი არავის ენდობა ბოლომდე, საკუთარი თავის გარდა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ ადამიანებს.

თიკა ფაცაცია, ვანო ჯავახიშვილი, ნინო ჭოლაძე... - ეს მამლის წელში დაბადებულ ცნობილ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია. რამდენად ემთხვევა ასტროლოგთა დახასიათება მათ ხასიათს და რას ელიან ცნობილი მამლები 2017 წლისგან? - ამას მათი ინტერვიუებიდან შეიტყობთ.

თიკა ფაცაცია მამლის წელში დაბადებული სასწორია. აქვს მოლოდინი, რომ ახალი 2017 წელი მისთვის წარმატებების, სიკეთისა და ბედნიერების მომტანი იქნება.

- ასტროლოგიის მჯერა, მაინტერესებს, მაგრამ მათ პროგნოზზე არ ვარ დამოკიდებული. ჩემს ხასიათში სასწორის მუდმივი რყევა ნამდვილად არ მომწონს. მგონია, რომ წელს წინა ხაზზე მამლის თვისებები წამოიწევს და ეს ბევრ რამეში დამეხმარება.

- ტრაბახი გიყვარს?

- არა მგონია, ეს სწორი შეფასება იყოს. მე ამბიციური უფრო მეტად ვარ, ვიდრე - ტრაბახა... სხვა მამლების არ ვიცი.

- "ის საკუთარი მიღწევებით ამაყობს, თუნდაც, ეს მიღწევები უმნიშვნელო იყოს".

- ჩემს მიღწევებს ხშირად, ხაზს სხვები უფრო უსვამენ, ვიდრე - მე და ასეთ დროს თავმდაბალი მამალი გამოვდივარ. ზოგადად, მამალი მებრძოლი ნიშანია. ზოგჯერ ეს "მებრძოლი" იღვიძებს ჩემშიც. ახლახან დავრწმუნდი, ექსტრემალურ ვითარებაში, კარგი დასაყრდენი აღმოვჩნდი, კარგი თანამებრძოლიც და მივხვდი, რომ იმ დროს ჩემში მამლის თვისებები ჭარბობდა. გამიხარდა, ეს აღმოჩენა რომ გავაკეთე.

- "ამბიციური, კარიერისტი, უკომპრომისო და ამაყია".

- კარიერისტი ნამდვილად ვარ, უკომპრომისო - ნაკლებად. დაბადების თვის მიხედვით, სასწორი ვარ და ზოგჯერ თანდაყოლილი უნარი მეხმარება გავთვალო, როდის შეიძლება წავიდე კომპრომისზე და როდის - არა. ამაყი ვარ, ამას ვერ უარვყოფ.

- ამბიციური ხარ?

- ამბიციური ვარ, მაგრამ არა მგონია, ეს თვისება ჩემს ხასიათში არაჯანსაღი ფორმით იყოს.

- "მას ხშირად, საკუთარ თავზე მითების შექმნა სჩვევია".

- არა, ეს თვისება ნამდვილად არ მეცნობა.

- "მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა".

- მართალია, ძალიან მომწონს. ჩემი საქმე, პროფესია სულ ამას ითხოვს.

- "ოღონდ, ყურადღების ცენტრში იყოს, საამისოდ ჩაცმის უჩვეულო სტილსა და ორიგინალურ ვარცხნილობასაც კი მიმართავს".

- ჩაცმულობაზე არ ვიცი, რა გითხრა, მაგრამ უჩვეულო ვარცხნილობა გამომიყენებია, ოღონდ არ ვიცოდი, ეს თუ მამლის ბრალი იყო: ერთფეროვნება არ მიყვარს და ამისგან თავის დაღწევის, გაქცევის საშუალებად აღვიქვამდი.

- გულის სიღრმეში კონსერვატორი ხარ?

- კი, რიგ საკითხებში ჩემში კონსერვატიზმი ჭარბობს.

- "მას ღრმად სწამს, რომ ყოველთვის მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ გააკეთოს".

- ეს თვისება ნამდვილად არ მაქვს.

- მიმნდობი ხარ?

- ძალიან, ადამიანებს იოლად ვენდობი და ამ თვისებას იმედგაცრუებაც მოსდევს. ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. მე კი მგონია, ადამიანები რასაც ლაპარაკობენ, იმას ფიქრობენ.

- "ის ხშირად ოცნებობს ბრწყინვალე მომავალზე, გრანდიოზულ პროექტებზე, ამ დროს კი საკუთარი სახლის ზღურბლიდან ფეხის გადადგმა ეზარება".

- ჩემში სიზარმაცე არსებობს, მასთან ბრძოლა მიწევს. გამოდის, რომ მშრომელი მამალი ვარ.

- დილით ადრე ადგომა გიყვარს?

- კი.

- "ის არ არის მშიშარა, მაგრამ მისი სიმამაცე ყოველთვის აუცილებლობითაა განპირობებული".

- ასეა, ზოგჯერ ჩემი სიმამაცით თავადაც გაკვირვებული დავრჩენილვარ.

ვანო ჯავახიშვილი მამლის წელში დაბადებული სასწორი გახლავთ.

ვანო:

- ამბობენ, მამალი რევოლუციონერიაო. იმის გამო, რომ ჩემი წელი დაიწყო, განსხვავებული მოლოდინი ნაკლებად მაქვს.

- შენში თუ ცხოვრობს რევოლუციონერი?

- ნაკლებად. თვეების მიხედვით სასწორი ვარ. ეს ნიშანი მამლის ხასიათში ბევრ რამეს აბალანსებს. არ ვიცი, წელს მამალი რა როლს ითამაშებს ჩემს ცხოვრებაში.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ შენ ხარ კარიერისტი, ამბიციური და უკომპრომისო.

- კარიერისტი და უკომპრომისო არ ვარ, დათმობებზეც მიწევს ხოლმე წასვლა. ამბიციურობა ჩემში ზომიერების ფარგლებშია.

- "იშვიათად ავლენს აგრესიას ვინმეს მიმართ".

- მართალია, აგრესიულობა არ მჩვევია. როცა უსამართლობას ვაწყდები, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ეს თვისება იღვიძებს ჩემში.

- "მას აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს".

- არ ვიცი, პუბლიკა შოკში როგორ უნდა ჩავაგდო? 10 წელია, გადაცემა მიმყავს. შეიძლება, ზოგჯერ ასეთი "გამოხდომებიც".

- ტრაბახი გჩვევია?

- არ მიყვარს ტრაბახი. ზოგადად, ჩემს თავზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. ყველას ვეუბნები, ჩემზე ბევრი არ ილაპარაკონ.

- "ბევრისთვის მისი პიროვნება მთელი ცხოვრება გამოცანად რჩება".

- ოჯახის წევრების გარდა, ყველასთან დისტანციური ადამიანი ვარ, ბოლომდე არ ვიხსნები, აქედან გამომდინარე, ვერ მიხვდები, რას ვფიქრობ კონკრეტულ პიროვნებაზე. ბოლომდე გახსნილობას საჭიროდ არ ვთვლი.

- "ჭკვიანი, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- ჭკვიანი ვარ თუ არა, ეს სხვებმა უნდა თქვან, რაც შეეხება ჩემს გულუბრყვილობას: იყო პერიოდი, როცა ადამიანებს ძალიან ადვილად ვენდობოდი, ამას ბევრი გულის ტკენაც მოჰყოლია. წლები გავიდა და გამოცდილება დამიგროვდა. ცხოვრებამ მასწავლა, რომ არ შეიძლება, ყველას ვენდო.

- "მოუსვენარია, მაგრამ საქმის დროს აჩქარება არ უყვარს".

- მოუსვენარი არ ვარ. საქმის კეთებისას აჩქარება განსაკუთრებით არ მიყვარს. უმეტეს შემთხვევაში, ცივი გონებით ვმოქმედებ, ეს მომგებიანია. საქმის კეთების დროს, ჩემთვის მთავარი ხარისხია.

- "ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?.."

- ზოგადად ძალიან ცოტა შეკითხვას ვსვამ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მაინტერესებს.

- აბა, რა ფორმით იღებ შენთვის საინტერესო ინფორმაციას?

- თუ რამე საფუძვლიანად მაინტერესებს, კითხვებს იმ შემთხვევაში ვსვამ, თუ არა და, ზედაპირული ინფორმაციითაც ვკმაყოფილდები.

- ჯიუტი ხარ?

- არის მომენტები, როცა ვჯიუტდები, მაგრამ შეიძლება გავიდეს ცოტა დრო და აზრი შევიცვალო. მთავარია, მეორე მხრიდან სიჯიუტეს არ გადავაწყდე.

- "მას არ უყვარს საკუთარი ემოციების საჯაროდ აფიშირება, რის გამოც ხშირად, ბრალს გულცივობაში სდებენ".

- მართალია, გრძნობებზე, ემოციებზე საჯაროდ საუბარს ყოველთვის გავურბივარ. გულცივი ადამიანის შთაბეჭდილებასაც ამიტომ ვტოვებ. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ ასეთი არ ვარ.

- "ზოგჯერ პესიმიზმი მოეძალება და ჯუჯღუნა ხდება".

- ასეთი პერიოდებიც მაქვს. მაგალითისთვის გეტყვი: კარგ გადაცემას რომ ვაკეთებ, მერე პესიმიზმში ვვარდები. ვფიქრობ, მომავალში ამაზე კარგი რაღა უნდა გავაკეთო? შეიძლება, ეს ბევრისთვის სტიმულის მიმცემი იყოს, მე კი გული ამიცრუვდება ხოლმე. ძალიან რთულ საქმეს ვარ შეჭიდებული.

- ამ დროს ჯუჯღუნა ხდები?

- კი. თუ ავჯუჯღუნდი, მერე ჩემი დაოკება რთულია.

- "მას არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებას. საკუთარ თავზე უამისოდაც დიდი წარმოდგენა აქვს".

- საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა საერთოდ არ მაქვს და არც არასდროს მქონია. ჩემთვის სხვების აზრი ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით - ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა. ასეთ დროს ყველაზე მეტს ვსწავლობ.

- ზარმაცი ხარ?

- სიზარმაცის შემოტევები ყველას აქვს. ბუნებრივია, გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ. ყველაფერს შველის რეჟიმი. როცა ვიცი, კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტული საქმე უნდა გაკეთდეს, იქ უბრალოდ, სიზარმაცის ადგილი აღარ რჩება.

- "ის არ არის მშიშარა ადამიანი, მაგრამ მისი სიზარმაცე ყოველთვის აუცილებლობითაა გამოწვეული".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვეთანხმები. მშიშარა არასდროს ვყოფლივარ, ძალიან მამაციც არ ვარ, მაგრამ თუ აუცილებლობას ვხედავ, მამაცი ვხდები.

მსახიობი ნინო ჭოლაძე მამლის წელში დაბადებული ლომია. ამბობს, რომ მისი ზოდიაქოს ნიშანი ძალიან მოსწონს. დასძენს, რომ მამლის წლიდან განსაკუთრებული მოლოდინი აქვს, 2017 წელი მისთვის ყველაზე პოზიტიური და წარმატებული იქნება.

- ასტროლოგები თვლიან, რომ შენ საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქე ხარ.

- კი, ასეა. მე ყოველთვის ჩემი გამაქვს, მაგრამ უსამართლოდ არასდროს ვიქცევი, ადვილად არ ვნებდები.

- "ის ამაყია. თუ მის დამცირებას შეეცდებით, თქვენ წინაშე საშინელი, ღრიალა ლომი აღიმართება".

- მართალია, ამაყი ნამდვილად ვარ. ზოგჯერ ღრიალს სიჩუმეს ვამჯობინებ. ჩემი სიჩუმე ისე "ღრიალებს", მეტად შემაწუხებელია და ხანდახან - საშიშიც.

- "მასში სხვების მართვის სურვილი ჭარბობს, ჩვეულებრივ მოკვდავებს ზემოდან დაჰყურებს".

- მინდა, ეს თვისება ნაწილობრივ მაინც მქონდეს, მაგრამ ჩემს ხასიათში არ არის.

- "ის გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე".

- მართალია, ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს სახლშიც, მეგობრებშიც, პროფესიული საქმიანობის დროსაც, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის რამეს ვაკეთებ. ძალით და ხელოვნურად ყურადღების ცენტრში ყოფნა არც მინდა. ზოგჯერ მეტად ვარ ყურადღების ცენტრში, ზოგჯერ - ნაკლებად, ეს კანონზომიერებაა. ადამიანებმა შენგან უნდა დაისვენონ.

- სხვებისთვის ჭკუის სწავლება გიყვარს?

- ადრე უფრო მიყვარდა, ახლა - აღარ. წლების წინ უაზრო დამრიგებლური ტონი მქონდა.

- როცა სხვები გარიგებენ ჭკუას, როგორი რეაქცია გაქვს?

- არ მიყვარს, როცა იმას მიმეორებენ, რაც თავადაც ძალიან კარგად ვიცი. ამ დროს ვღიზიანდები. კარგი რჩევა ხშირ შემთხვევაში, სანატრელიც კი არის.

- "იცის დროის ფასი, დროს ფუჭად არასდროს კარგავს".

- ნამდვილად. დრო ძალიან ძვირფასი რამ არის და ყოველთვის ვცდილობ, სწორად გადავანაწილო. ვაცნობიერებ, რამდენი საქმე შეიძლება გაკეთდეს იმ დროში, რომელსაც ფუჭად ვკარგავთ.

- "სიყვარულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია".

- ნამდვილად ასეა.

- "სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან კვდება".

- ასტროლოგებს ამ შემთხვევაშიც უნდა დავეთანხმო.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მზესავით ნათებაში არა მგონია, მხოლოდ მამაკაცი იგულისხმებოდეს. იმდენად დიდ სიყვარულს ვგრძნობ შვილებისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისგან, რომ არ ვიცი, ამაზე მეტად რაღამ უნდა გამათბოს და "გამანათოს".

- "არ უყვარს, როცა სხვაზეა დამოკიდებული. ხშირად, დახმარებაზეც უარს ამბობს, თავად კი ამას სხვებისთვის სიამოვნებით აკეთებს".

- რა თქმა უნდა, სხვაზე დამოკიდებულება არ მიყვარს, არ არის სასიამოვნო. დახმარებაზე უარს არ ვამბობ, მაგრამ ასმაგად ბედნიერი ვარ, როცა თავად მაქვს შესაძლებლობა, სხვებს დავეხმარო. ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- მფლანგველი ადამიანების კატეგორიას განვეკუთვნები. მხოლოდ საკუთარი სიამოვნება არ მაკმაყოფილებს. მირჩევნია, ისე გადავანაწილო, რომ ჩემ გარშემო რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს ნასიამოვნები.

- "წინააღმდეგობები არ თრგუნავს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა".

- თავიდან შეიძლება, წინააღმდეგობამ დამაფრთხოს, მაგრამ აზრზე მალე მოვდივარ და მიზნისკენ ჯიუტად მივიწევ. მაგალითებმა დამარწმუნა იმაში, რომ მიზნისთვის ყოველთვის უნდა იბრძოლო. შეიძლება სცადო ერთხელ, ორჯერ, არ გამოგივიდეს, მაგრამ უკან არ უნდა დაიხიო.

- ამბიციური ხარ?

- კი.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მამლებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ.

- ჩემს შემთხვევაში, ასე არ არის. ადამიანმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდე.

- კარიერისტი ხარ?

- ადრე მეტად ვიყავი, ახლა წინა პლანზე შვილებმა გადმოიწიეს.

- "მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული და ტრაბახისკენ მიდრეკილება".

- ტყუილია, ტრაბახი არ მიყვარს. ჩემს დადებით თვისებებზე არ ვლაპარაკობ, ეს სხვამ უნდა თქვას.

- მას ღრმად სწამს, რომ მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ გააკეთოს.

- ეს ჩემი თვისებაა. არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა.

- "აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს".

- არა მგონია, ვინმე შოკში ჩამეგდოს. ბევრისგან განსხვავებით, არ მიყვარს რაღაცების დამალვა, ღიად ვლაპარაკობ და ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა. შეიძლება, ეს ვინმესთვის შოკის მომგვრელი იყოს, ჩემთვის კი ჩვეულებრივი ამბავია.

თამუნა კვინიკაძე