ეკა ფერაძის აფრიკული პორტრეტები და 3D ბალერინა - გზაპრესი

ეკა ფერაძის აფრიკული პორტრეტები და 3D ბალერინა

ქართველი მხატვრის ნამუშევრები ბრიტანული `ვოგის~ გვერდებზე მეექვსედ მოხვდა. `ჩემს ტილოებს ევროპის გალერეებში გარკვეული ფასი ადევს და უფლება არა მაქვს, ისეთ დაბალ ფასად გავყიდო, როგორც ამას საქართველოში ვაკეთებ~... - ეს სიტყვები გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მხატვარს, ეკა ფერაძეს ეკუთვნის...

- თავდაპირველად, რედაქციის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, ჩემი ნახატები მათ ჟურნალში განთავსებულიყო და სამ ნომერში გამოქვეყნდა. ამ ჟურნალში მოხვედრა კი მოგეხსენებათ, ყველა ხელოვანისთვის დიდი პატივია. შემდეგ, ყველა ნამუშევარი ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა. ჩემი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრიტანეთში, არაერთი გამოფენა მოეწყო ლონდონის გალერეებში, ოქსფორდის გამოფენა-გაყიდვაზე 10 რჩეულ მხატვარს შორის ჩემმა 3D ნამუშევარმა გაიმარჯვა. ჩემი ნამუშევრები ბრიტანული `ვოგის~ 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის ნომრებშიც განთავსდა. ამჯერად თვითონ აირჩიეს ნახატები - აფრიკული პორტრეტები და 3D ბალერინა...

- თქვენ ხშირად გიხდებათ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებში მონაწილეობა...

- დიახ, წელსაც ბევრ საინტერესო ღონისძიებაზე ვიყავი მიწვეული. მაგალითად, მოწვევა მომივიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერისგან. საღამო ძალიან საინტერესო იყო და ჩვენს დღევანდელ ყოფას ეძღვნებოდა: ლტოლვილებს, ქველმოქმედებას, ურთიერთობებს... ამ საღამოზე მოწვეულები იყვნენ ლტოლვილი მოსწავლეები, რომლებიც გერმანიაში იღებენ განათლებას. ასევე მასწავლებლები, რომლებიც ჩამოსული არიან სირიიდან, ერაყიდან და ა.შ. შტაინ მაიერმა პირადად გადმომცა თავისი წიგნი, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანები ერთმანეთს და ვაჩუქოთ სიყვარული, მიუხედავად კანის ფერისა... ყოველთვის მივესალმები ისეთ საინტერესო ღონისძიებებს, სადაც სიყვარული და სითბოა ჩანერგილი. ჩვენი მომავალი შეხვედრა ბატონ შტაინ მაიერთან ახლო მომავალშია დაგეგმილი.

- საინტერესო გამოფენა მოაწყვეთ თბილისშიც...

- ოქტომბერში გამოფენა ჩატარდა თბილისში ახალგაზრდა მხატვრებისთვის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მინდა, საქართველოში ბევრ მხატვარს მიეცეს საშუალება, საკუთარი თავი წარმოაჩინოს გამოფენებზე, ფანტაზიები გაუზიარონ ერთმანეთს და უფრო მეტად იურთიერთონ. გამოფენაზე გაიმართა ცოცხალი აუქციონი, სადაც ჩემი ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად ჩავატარეთ ასეთი კონკურსი: რომელი მხატვრის ნამუშევარიც მეტ ხმას მიიღებდა, მას ჩემთან ერთად, ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობის შანსი მიეცემოდა. მოწვეულ სტუმართაგან ყველაზე მეტი ხმა ახალგაზრდა მხატვარმა გოგონამ მოიპოვა და მისი ორი ნამუშევარი წავიღეთ ბერლინში, შემდეგ კი, ეს ტილოები ჩემს ნამუშევრებთან ერთად, პრაღაში გამოვფინეთ...

დაბოლოს, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართველებს შობა-ახალი წელი მოგილოცოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ. გვიყვარდეს და პატივი ვცეთ ერთმანეთს! გვიყვარდეს ღმერთი! დაგლოცოთ უფალმა!

მანანა გაბრიჭიძე