ინ­ტერ­ნე­ტი­სა და ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი ხელ­საწყო - გზაპრესი

ინ­ტერ­ნე­ტი­სა და ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი ხელ­საწყო

წლების მანძილზე საზღვარგარეთ წასული კაკო სისაური რამდენიმე წელია თუშეთის ცენტრად მიჩნეულ სოფელ ომალოში, ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მამაპაპისეულ მიწაზე რამდენიმე სახის კულტურას, მათ შორის, უნიკალური ჯიშის თუშურ კარტოფილს თესავს და მოწეული მოსავლით თუშეთის საოჯახო ტიპის სასტუმროებს ამარაგებს. ბატონმა კაკომ ახლახან დროის დაზოგვისა და შრომის შემსუბუქების მიზნით კარტოფილის სათესი თავად ააწყო და ახლო მომავალში კარტოფილის ამოსაღები დანადგარის აწყობასაც გეგმავს...

- ბატონო კაკო, როგორ შეძელით ნოვატორული, უნიკალური ტექნიკის აწყობა ომალოში, სადაც ელექტროენერგიაც კი არ არის...

- მისაბმელი ძველი სარეცხი მანქანის ნაწილებისგან ავაწყვე და ქარხნული წესით დამზადებულ მინიტრაქტორს, მოტობლოკს ჩავაბი. მანქანის ქვაბმა ბუნკერის ფუნქცია შეითავსა. მასში ჩაყრილი კარტოფილი სპეციალურ დანადგარს მექანიკურად ამოაქვს და თესავს.

- დათესვისას, დროის თვალსაზრისით, ალბათ, ბევრს იგებთ...

- რა თქმა უნდა. როგორც დროის, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით.

თუკი შარშან 1 ჰექტარზე კარტოფილის ხელით დათესვას ორი კვირა მოვანდომეთ, წელს იმავე მანძილის ათვისება ერთ დღეში შევძელით. ეს საქმე, საერთოდ, 5-6 ადამიანის ჩართვას მოითხოვს, ახლა კი იმავეს მარტო ვაკეთებ.

- გამოგონების დაპატენტებას ხომ არ აპირებთ?

- ვიფიქრე, მაგრამ მითხრეს, რომ ამისთვის ბევრი მისვლა-მოსვლა და წვალებაა საჭირო, რისი ფუფუნებაც, სამწუხაროდ, არ მაქვს.

- ეს თქვენი პირველი მცდელობა იყო?

- წლების მანძილზე რუსეთში ვცხოვრობდი და რადგან საჭიროება არ მოითხოვდა, ხელსაწყოს გამოგონებაზე არ მიფიქრია. თუმცა, თუშეთში დაბრუნებულმა რამდენიმე ხელსაწყო და იარაღი ავაწყვე. შარშან ძალიან გავწვალდით და დავფიქრდი, რით შემეძლო შრომის შემსუბუქება, დროის დაზოგვა...

- უკვე ახალი ხელსაწყოს შექმნაზე ხომ არ ფიქრობთ?

- სანამ მთაში წავალ, ვაპირებ, ახლა უკვე კარტოფილის ამოსაღები ავაწყო. კარტოფილის დათესვას უკვე სამ ჰექტარზე ვაპირებთ და ამოსაღებიც უფრო მეტად იქნება საჭირო. თუშეთში გაზაფხულზე ავდივართ და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ვრჩებით. მერე გზა იკეტება და სოფელი ადამიანებისგანაც იცლება.

- კარტოფილის გარდა სხვა კულტურებიც მოგყავთ?

- კოოპერატივი გვაქვს და კარტოფილის გარდა ჩეხური პროგრამის დახმარებით ორი სათბური ავაშენეთ. თუშეთში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებს ბოსტნეულით ჩვენ ვამარაგებთ. საოჯახო ტიპის სასტუმროს აშენებას თავადაც ვგეგმავთ, თუმცა, არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში ეს ადვილი არ იქნება.

შორენა ლაბაძე