მოგზაურობა, ტერაქტი, ქართული კინოს დაბრუნება და "ლარის გაუპატიურება" - 2016 წლის 5 დასამახსოვრებელი მოვლენა - გზაპრესი

მოგზაურობა, ტერაქტი, ქართული კინოს დაბრუნება და "ლარის გაუპატიურება" - 2016 წლის 5 დასამახსოვრებელი მოვლენა

2016 წლის მიწურულს, "გზისთვის" მცირე გამოკითხვა ჩავატარე. მინდოდა, ცნობილ ადამიანს დაესახელებინათ 5 მოვლენა, რითაც მათ აწ უკვე გასულმა წელმა დაამახსოვრა თავი. ამ ადამიანებს სურვილისამებრ შეეძლოთ მოკლედ ან ვრცლად დაესახელებინათ პირადი ხასიათის, ან მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, რომლითაც 2016 წელი დარჩება მათ მეხსიერებაში. ბუნებრივია, საქართველოში თუ საზღვრებს მიღმა, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანების დასამახსოვრებელი "ხუთეული" ერთმანეთისგან განსხვავებული გამოდგა. ზოგიერთის ჩამონათვალში პირადი ხასიათის მოვლენები ჭარბობს, ზოგშიც - მასშტაბური საკითხები. მაშ, ასე, დავიწყოთ:

ანა სანაია, მსახიობი:GzaPress

2016 წელმა ბევრი კარგი რამით დამამახსოვრა ეს დრო:

1. გავხდი "წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი";

2. დამასახელეს "წლის საუკეთესო ქორეოგრაფად";

3. ვითამაშე ბევრ კარგ სპექტაკლში;

4. ვიმოგზაურე;

5. წლის ბოლოს განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი - "ადამიანთა სიყვარული". ეს სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში, ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისურით დაიდგა.

ლაშა ჯუხარაშვილი, მსახიობი:GzaPress

1. ახალ წელს პირველად შევხვდი ჩემს შვილთან ერთად;

2. შევიძინე ახალი ბინა;

3. დავიწყე ახალი სამსახური;

4. ჩვენი ოჯახის ბიზნესმა აიღო პრიზი ლეადერ ოფ ტჰე ბრანცჰ 2016;

5. კარიერაში ბევრი სიახლე მქონდა.

ქეთევან ქემოკლიძე, მომღერალი:GzaPress

1. გადავედი საცხოვრებლად ჩემს ოჯახთან ერთად, ჩემი ოცნების ქალაქ ბარსელონაში.

2. მქონდა უმნიშვნელოვანესი დებიუტები: მადრიდის სამეფო თეატრში ბელინის "ნორმაში", მსოფლიოს ლეგენდარულ მომღერალთან, მარიელა დევიასთან ერთად, რომელიც ამ ოპერას ასრულებს ორიგინალში და ამ სირთულის გამო, სულ ერთ-ორ მეცოსოპრანოს შეუძლია სიმღერა და მე ვარ ერთ-ერთი მათგანი. ასევე, დონიცეტის "ანა ბოლენაში" მქონდა დებიუტი სეიმურის პარტიით. ესპანეთის უმნიშვნელოვანესმა გაზეთმა "ლა რაზონმა" ცნობილი დუეტი ამ ოპერიდან ჩემი და ჩემი კოლეგის, ანჯელა მიდის შესრულებით აღიარა საუკეთესოდ, კალასისა და სიმიონატოს შესრულების შემდეგ. ამ ორი პარტიის პირველი ქართველი შემსრულებელი ვარ.

3. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად ყოფნის 10 წელი აღვნიშნეთ.

4. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნა.

5. სამწუხაროდ, მოხდა ტერაქტები და სირიაში დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა.

დათო ცინცაძე, მომღერალი, ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი:GzaPress

1. თბილისში ისევ ვნახე მიწისქვეშა გადასასვლელებში "კერასინკები";

2. ლარის გაუპატიურება;

3. ჩემი მეორე შვილის - მარიამის დაბადება;

4. თამამი დაპირებები;

5. დაპირებების შეუსრულებლობა.

ნინო (ნინია) სადღობელაშვილი, მწერალი, პოეტი:GzaPress

1. პირველად ვიყავი ბერლინში - ქალაქში, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც, აუცილებლად უნდა წახვიდე, რომ დედამიწის გულისცემა იგრძნო.

2. გარდაიცვალა ბაჩანა ბრეგვაძე და დაკრძალეს მთაწმინდაზე - სიკვდილმა ღირსეულად დააგვირგვინა ეპოქალური სიცოცხლე.

3. დავწერე წიგნი გემებსა და ზღვაზე - ანუ იმაზე, რაზე წერაც ყველაზე მეტად მეშინოდა და თან, საშინლად მხიბლავდა.

4. გარდაიცვალნენ მწერლები: ჰარპერ ლი, უმბერტო ეკო (მართალია სხვადასხვა თვესა და რიცხვში, მაგრამ ჩემთვის ამ რანგის მწერლების გარდაცვალება ერთი მოვლენაა, რომელიც ჩვენს პლანეტას რაღაც დიდს სამუდამოდ აკლებს).

5. დაიბადა ჩემი მესამე ძმისშვილი - სესილი, პატარა უცხოპლანეტელი ლამაზების პლანეტიდან.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი:GzaPress

პირადად ჩემთვის, 2016 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი 5 მოვლენა ასეთი იყო:

1. ალეპოს ბავშვების ტრაგედია;

2. ავიაკატასტროფაში და ათათურქის აეროპორტში თურქეთის გადატრიალების მცდელობაში მოხვედრა - ეს ორივე ერთსა და იმავე დღეს მოხდა;

3. ბაბუას გარდაცვალება;

4. ჩემი შვილის ძერწვაზე სიარულის დაწყება და მისი "ნამუშევრების" ნახვა;

5. 2016 წელს 11 ქვეყანაში ვიმოგზაურე.

ვაჟა ხორნაული, პოეტი:GzaPress

1. გამოსაცემად მოვამზადე მინიმალისტური პოეზიის სამი კრებული, საბავშვო პოემები და რჩეული, მაგრამ ძნელი სათქმელია, გამოიცემა თუ არა ეს წიგნები გარკვეული მიზეზების გამო.

2. ჩემს მშობლიურ სოფელ კაწალხევში (ფშავი) ოცდაშვიდწლიანი მოთმინების შემდეგ, გვეღირსა დენი, გზა და ხიდები. მადლობა ყველას, ვინც ეს საქმეები გააკეთა.

3. სკოლაში მივიდა ჩვენი შვილიშვილი დავითი, ხოლო ბაღში - მარიამი.

4. განვაახლე ვარჯიში თბილისის ზღვაზე.

5. როგორც "ცოცხალი წიგნების" ერთ-ერთი წევრი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვხვდებოდი მკითხველებს და ძალიან მიხარია, რომ ყველგან დიდი სიყვარულით გვხვდებოდნენ.

რუსუდან გლურჯიძე, კინორეჟისორი:GzaPress

1. პარიზის ტერაქტი;

2. დევიდ ბოუვის გარდაცვალება;

3. ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის გადაღების პირველი დღე;

4. ქართული ფილმების დაბრუნება;

5 დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად.

გოჩა აბულაძე, მომღერალი:GzaPress

1. შედგა ჩემი დებიუტი ვერდის "დონ კარლოსში", ვიმღერე როდრიგოს ურთულესი როლი პარმის უდიდესი თეატრის სცენაზე, ლეგენდარულ დირიჟორ დანიელ ორენთან ერთად.

2. დაიბადა ჩემი მეორე ანგელოზი ძმისშვილი თებეა, რომელსაც ჯერ არ ვიცნობ და იმედია, მალე გავიცნობ.

3. ჩემს ცხოვრებაში პირველად შევასრულე ორი წამყვანი პარტია ერთ ოპერაში: შონარი და მარჩელო პუჩინის "ბოჰემაში", რამაც დიდი გამოცდილება შემძინა.

4. შედგა ჩემი დებიუტი კალიარის ულამაზესი თეატრის სცენაზე, სადაც დირიჟორობდა უდიდესი დონატო რენცეტი.

5. პირველად ჩემს ცხოვრებაში, 30 წლისამ ვიმღერე ვერდის "რიგოლეტო", რისი სიმღერაც ყოველთვის ოცნებად მქონდა და რამაც უდიდესი გამოცდილება მომიტანა, დიდ ბედნიერებასთან ერთად. ვთვლი, რომ ძალიან რთული და ამავდროულად, ნაყოფიერი წელი იყო ჩემთვის. ველოდები ლამაზ და შემოქმედებითად საინტერესო 2017 წელს.

ანა კალანდაძე