გადაცემა, სადაც არის ალკოჰოლი, მაგრამ არ არის ინტრიგა და ეპატაჟი - გზაპრესი

გადაცემა, სადაც არის ალკოჰოლი, მაგრამ არ არის ინტრიგა და ეპატაჟი

"ეს არის თავისუფალი გადაცემა, სადაც არ იქნება ინტრიგა და ეპატაჟი. იქნება შერჩეული საინტერესო თემა, რომლის გარშემოც სტუმრები იმსჯელებენ", - ამბობს გადაცემის "18+" პროდიუსერი და წამყვანი ნოე სულაბერიძე. ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, ღამის 12 საათზე, "ჯიდიესის" ეთერში ნოესთან ერთად, გადაცემას დათო ქაცარავა და ელენე ქასრაძე გაუძღვებიან.

- ნოე, გადაცემის შექმნის იდეა როგორ დაიბადა?

- დიდი ხანია, ღამის ფორმატის გადაცემის მომზადება მინდოდა, სადაც მოხდებოდა საინტერესო თემების განხილვა, იქნებოდა უშუალო გარემო. მინდოდა, ისეთი გადაცემა მომეფიქრებინა, რომელიც ქართულ ტელესივრცეში არსებული სხვა გადაცემებისგან განსხვავებული იქნებოდა. ამ ყველაფერს დაემატა მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც ქართულ სატელევიზიო სინამდვილეში არ არის: ვგულისხმობ ალკოჰოლს, რომელიც სტუმრების ტრანსფორმაციას და გახსნას უწყობს ხელს... აქ არ იქნება ეპატაჟი. ტელესივრცეში არსებული შოუები აგებულია ეპატაჟზე. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს გადაცემა უფრო ინტელექტისა და სიღრმისკენ მიდიოდეს.

- გადაცემის წამყვანები რა პრინციპით შეირჩა? თქვენ სამივე ერთმანეთისგან განსხვავებულები ხართ.

- სწორედ ამ განსხვავებულობითა და ინტელექტით. ამასთანავე, უნდა ყოფილიყვნენ ეკრანულები. ვფიქრობ, გადაცემის წამყვანები ამ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ.

- დათო, ამ ფორმატის გადაცემაზე მუშაობა შენთვის რამდენად საინტერესოა?

დათო ქაცარავა:

- განსხვავებული გადაცემაა და სწორედ ამის გამოა საინტერესო. სხვა არხებზე სტუმრის სტატუსით, არაერთ გადაცემაში ვყოფილვარ. ნოესა და ელენესთან მუშაობა ძალზე მსიამოვნებს. მათ საქმე კარგად იციან, მე კი ცხოვრების დევიზად მაქვს: "სწავლა, სწავლა და სწავლა". ჩემი მეგობრებისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. წამყვანობა სასიამოვნო და საინტერესოა.

- ელენე, შენ მსახიობი ხარ. წამყვანის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?

ელენე ქასრაძე:

- თავს წამყვანის ამპლუაში ვერც აღვიქვამ. გადაღება თითქოს ბუნებრივი ურთიერთობაა. მიუხედავად იმისა, რომ კამერები ჩართულია, უშუალობა მაინც საგრძნობია. ამ გადაცემის მთავარი ნიშაც ეს არის: წამყვანები და სტუმრები უნდა იყვნენ უშუალოები და მაყურებლისთვის საინტერესოდ საუბრობდნენ. გადაცემაში გულწრფელობა ყველაზე მეტად დასაფასებელი და საინტერესოა.

- გულწრფელობაში ალკოჰოლი თუ გეხმარებათ?

ნოე:

- ისედაც გულწრფელები ვართ, მაგრამ ალკოჰოლი იმაში გვეხმარება, უფრო გულწრფელები რომ ვიყოთ.

- ელენე, დათოსა და ნოესგან განსხვავებით, საზოგადოება ნაკლებად გიცნობს...

- 25 წლის ვარ, პროფესიით - მსახიობი, რუსთავის თეატრში ვთამაშობ. ამავდროულად, ვარ დრამის რეჟისორი. რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკეთებდი "სთენდაფებს", სხვადასხვა აქტივობაში ვიყავი ჩართული.

ნოე:

- და აღსანიშნავია, რომ კარგი იუმორი აქვს.

- თქვენთან ტაბუდადებული თემები არსებობს?

- ჩვენ შეიძლება აბსოლუტურად ყველა თემას შევეხოთ, ოღონდ, არაფორმალურ სტილში. ნებისმიერი თემა იქნება არაეპატაჟური.

ელენე:

- შესაძლოა, ვიღაცისთვის ტაბუდადებული თემა არის ოჯახი, პირადი ინტიმი. გააჩნია, თემას რომელი მხრიდან შევხედავთ.

ნოე:

- ეს არის თავისუფალი გადაცემა, სადაც არაერთი სიახლე შეიძლება შევიტანოთ. მასზე საინტერესო შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს. ძალიან კარგი რეჟისორი გვყავს, ჯონი ნესოშვილი. შეკრული გუნდია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. ეს გადაცემა სტუმრებისთვისაც საინტერესოა, მოსწონთ. უკვე რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როცა სტუმარი სხვა თემაზე განმეორებით მოვიწვიეთ. ყველა სიამოვნებით გვთანხმდება.

ელენე:

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სტუმარი როგორი განწყობით მოვა, მას მეორე სტუმარი როგორი განწყობით დახვდება. დღემდე რომელი თემაც კი შეგვირჩევია, იმაზე სტუმრებს სიამოვნებით უსაუბრიათ.

- თემის შერჩევისას კამათობთ?

- ნაკლებად. თემის შერჩევის პროცესი საინტერესოა. აზრების გაცვლა, სტუმრების შერჩევა - ეს ჯანსაღი მსჯელობაა.

- რომელიმე სტუმარი თუ იყო თქვენთვის "აღმოჩენა"?

ნოე:

- ჩემთვის აღმოჩენაა ქაცარავა. სულ სხვანაირი სახით წარდგა და სხვაგვარი უნარი გამოავლინა. თავისი ცხოვრების სტილით საკმაოდ კონსერვატულია. იქ, სადაც მეტი თავისუფლებაა, მეტი იუმორია.

დათო:

- ასეთი შეფასება პირველად მესმის. ეს აქამდე ნოეს არ გაუმხელია. გადაცემის წამყვანებად, ჩემი და ელენეს შერჩევა, სწორედ განსხვავებულობის გამო მოხდა. ძალიან მიჭირს, ნოეს ამ შეფასებაზე რამე გითხრა, პროდიუსერი რომ შეგაქებს, ალბათ მაინც კარგია. ვეცდები, იმედი გავამართლო.

- ყველა გადაცემის ჩაწერა ერთსა და იმავე ადგილას მოხდება თუ გარემოს შეიცვლით?

ნოე:

- ჩვენ ძალიან მოგვწონს ეს გარემო, უნიკალური და კომფორტული ადგილი ვიპოვეთ. მგონია, საინტერესო ტანდემიც გამოგვივიდა.

- წარმატებებს გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე