სჯე­რათ თუ არა წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ჰო­როს­კო­პე­ბისა და ცრურ­წ­მე­ნე­ბი­ს - გზაპრესი

სჯე­რათ თუ არა წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ჰო­როს­კო­პე­ბისა და ცრურ­წ­მე­ნე­ბი­ს

ეს წელი ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს წარმატებას და იდილიას ჰპირდება, ზოგს - ახალი სიყვარულის პოვნას, ზოგს კი - სირთულეებისა და წინააღმდეგობების გადალახვას... როგორ შეხვდნენ მამლის წელს წარმატებული ადამიანები, სჯერათ თუ არა მათ ჰოროსკოპებისა და ცრურწმენების? - ამის შესახებ ჟურნალ "გზას" რამდენიმე მათგანი ესაუბრა:

"შავი კატისა და გუდიანი კაცის ბავშვობაში მეშინოდა"

ბესო ბერულაშვილი, პაროდისტი:

- ვიცი, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით სასწორი ვარ, მაგრამ ამაზე მეტად ჰოროსკოპით არასდროს დავინტერესებულვარ. მართალია, სასწორის ნიშნის დახასიათება ჩემს ხასიათს ემთხვევა, მაგრამ დედამიწაზე რამდენი მილიონი ადამიანია, არ არსებობს ამხელა მასაში ვიღაცის ხასიათი არ დაემთხვეს. ამიტომ, ჰოროსკოპების დიდად არ მჯერა, არც ცრურწმენების. შავი კატისა და გუდიანი კაცის ბავშვობაში მეშინოდა, ახლა ამით ვეღარავინ შემაშინებს. თქვენთან საუბარმა ერთი ამბავი გამახსენა: როდესაც მარადონა დიდების ზენიტში იყო, ერთმა ცნობილმა მკითხავმა უწინასწარმეტყველა - ხვალინდელი თამაში ჩაუფლავდებაო. მეორე დღეს ისე ითამაშა, რომ მთელი გუნდი დასდევდა და ვერ დაეწია... მსგავსი ამბების შედეგია, რომ ცრურწმენების, მკითხაობისა და წინასწარმეტყველების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. სამაგიეროდ მჯერა, რომ ჩვენ უფლის შვილები ვართ და ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის. ასევე მჯერა სულთა კავშირისა, სასაფლაოზე ხშირად ავდივარ და დედაჩემს და მამაჩემს ვესაუბრები ხოლმე, მაგრამ სახლიდან არ გავიდე იმიტომ, რომ რომელიღაც ვარსკვლავი ოდნავ მარცხნივ არის გადახრილი, ეს არასწორად მიმაჩნია. ვინც ამდენს ახერხებს, ხომ შეიძლება ვარსკვლავებს ახედოს, ექვსი რიცხვი გამოიცნოს და ლატარიაში ჯეკპოტიც მოხსნას? - ამას რატომ ვერ ახერხებენ?

"მჯერა, რომ ბოროტი თვალი არსებობს"

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი:

- ჰოროსკოპების დიდად მეც არ მჯერა. ცნობისმოყვარეობის გამოც კი არ ვკითხულობ. შავი კატა რომ გადამირბენს, მიხარია და რას ერჩიან, ამ საბრალო შავ კატას, არ მესმის, 13 რიცხვიც მიყვარს და ამგვარ ცრურწმენებს არაფრად ვაგდებ. ჩემი აზრით, ადამიანი ავადმყოფურად დამოკიდებული არაფერზე არ უნდა იყოს. ცრურწმენების რა მოგახსენოთ, მაგრამ ძალიან მიყვარს მეკვლეობის ტრადიცია, ეს სულ სხვა ამბავია: მეც დავდიოდი მეკვლედ და სხვაც მოსულა ჩემთან. მჯერა, რომ ადამიანი ოჯახში კეთილი გულით რომ შედის, ეს ენერგეტიკა იმ ოჯახზე დადებითად მოქმედებს. გათვალვისაც მჯერა და იმისაც, რომ ბოროტი თვალი არსებობს.

"მჯერა, მაგრამ ჰოროსკოპების კარნახით ნამდვილად არ ვცხოვრობ"

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

- რა თქმა უნდა, მჯერა იმიტომ, რომ ჩემს ჰოროსკოპს ბევრი რამ ემთხვევა. ასტროლოგია უძველესი მეცნიერებაა, რომელიც ძველი დროიდან მოდის. ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა ვარ და ჩემს დახასიათებას რომ ვკითხულობ, იმდენი საერთო მაქვს, როგორ შეიძლება არ დავეთანხმო? პირადი რუკაც შედგენილი მაქვს და ეს ცალკე საოცრებაა. თუმცა არც იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანმა ჰოროსკოპებით უნდა იცხოვროს, ასე ძალიან დაპროგრამდები, მაგრამ თუ რაღაცას მნიშვნელოვანს აპირებ - კონტრაქტის დადებას, ან ახალი საქმის დაწყებას, იმ დღის და იმ კვირის ჰოროსკოპი უნდა იცოდე - ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოცადა თავის თავზე. რაც შეეხება სიყვარულს - შეიძლება შენი საპირისპირო ნიშანი შეგიყვარდეს, მაგრამ როდესაც ადამიანის მიმართ სიმპათია გაქვს, მისი ჰოროსკოპი უნდა იცოდე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზომიერებას ვინარჩუნებ და ჰოროსკოპების კარნახით ნამდვილად არ ვცხოვრობ.

"13 რიცხვი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი შვილი სწორედ ამ რიცხვშია დაბადებული"

მარინა კახიანი, მსახიობი:

- არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის ხასიათი მის ჰოროსკოპს ძალიან ემთხვევა, ან პირიქით - არ ემთხვევა. ამიტომ, ვერ ვამბობ, რომ ჰოროსკოპების ბოლომდე მჯერა. ყოველ შემთხვევაში ოჯახის შექმნა ჰოროსკოპის მიხედვით გამართლებული არა მგონია და მეც არ შემიმოწმებია, როდესაც ვქმნიდი. ისე, ინტერესის გამო რაღაც პერიოდში მეც ვკითხულობდი ჰოროსკოპს და ვცდილობდი შემემოწმებინა ესა თუ ის ადამიანი ხასიათით ჰგავს თუ არა მისი ზოდიაქოს ნიშანს. მოკლედ, ჰოროსკოპების ღრმად ნამდვილად არ მჯერა. იგივე უნდა ვთქვა ცრურწმენებზეც, ოღონდ, 13 რიცხვი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი შვილი სწორედ 13 რიცხვშია დაბადებული.

"სახლიც კი შევიცვალე, რომ ვარსკვლავებთან და მთვარესთან ახლოს ვყოფილიყავი"

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:

- ჩემთვის ჰოროსკოპი არ არის ცრურწმენა, ეს ცრურწმენა რომ იყოს და მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგებოდეს, მაშინ სვეტიცხოვლის ტაძარში არ იქნებოდა ასეთი მასშტაბური ფრესკა, სადაც ზოდიაქოს ნიშნებია გამოსახული. "ვეფხისტყაოსანშიც" რამდენი რამ არის ვარსკვლავებზე და ასტროლოგიაზე, ამ ყველაფერს ვერ უარვყოფთ. საერთოდ, რაც ასტროლოგიასთან და მეცნიერებასთანაა დაკავშირებული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ნიჰილისტურად უყურებენ ამ ყველაფერს, სინამდვილეში ჩუმ-ჩუმად ყოველთვის თვალს ადევნებენ რა ხდება მათ თავს. ყველას თავისი აზრი აქვს და დაე, ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ აზრი მატერიალიზდება, ჩვენ მას კოსმოსში ვუშვებთ და ის უკან გვიბრუნდება? ჩემთვის ვარსკვლავებთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. სახლიც კი შევიცვალე იმ მიზნით, რომ ვარსკვლავებთან, მთვარესთან და მზესთან ახლოს ვყოფილიყავი. ახლა ღამე არ გავა, რომ ეს ვარსკვლავები არ ვათვალიერო და არ დავაკვირდე. ცეცხლისფერი მამლის წელი მოდის, მეც მამლის წელიწადში ვარ დაბადებული და მჯერა, რომ ეს ჩემი წელია. მჯერა, რომ ის თვისებები ძალიან დამეხმარება, რაც მამალს ახასიათებს - ცოტა ტრაბახი, ცოტა პერფორმანსი და სიგიჟეები, ამავე დროს საოცარი ბრძოლისუნარიანობა და ბასრი დეზები - ეს თვისებები მეც მახასიათებს. რაღაც რიტუალებისაც მჯერა და ვასრულებ. მიუხედავად ამისა, არასოდეს დამოკიდებული არ ვხდები არაფერზე, რადგან ვიცი: ყოველთვის შეიძლება, რომ ბედის ვარსკვლავი შემოატრიალო და შენი ბედისწერა შეცვალო. ამას სიძლიერე სჭირდება და მჯერა, რომ ეს სიძლიერე მე მაქვს. ასტოლოგიას ვერაფრით შევადარებ რაღაც მოგონილ ჭორებს და ცრურწმენებს. მაგალითად: იაპონიაში ოჯახი არ იქმნება ასტროლოგის ჩარევის გარეშე და არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ წყდება. არ მესმის, რატომ არ უნდა მივბაძო ამ ჭკვიან და გონიერ ხალხს?

"ადამიანი რა ენერგეტიკასაც გასცემს, უკან იგივე უბრუნდება"

ზურაბ ვადაჭკორია, ილუზიონისტი:

- პირველ რიგში უფლის მჯერა. უფალს როგორც უნდა, ყველაფერი მაინც ისე იქნება. ჩვენი დაბადება ხომ ჩვენი ნებით არ მომხდარა, ვინმემ გკითხათ, რომ უნდა მოსულიყავით ამქვეყნად? - ასეა სხვა საკითხებიც. არც შავი კატის მეშინია და არც 13 რიცხვის, მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი - ადამიანი რა ენერგეტიკასაც გასცემს, უკან იგივე დაუბრუნდება.

"ორი ადამიანის გრძნობათა სინთეზი თუ არ მოხდა, ზოდიაქო ვერაფერს გიშველის"

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- ჩემი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებთან ფანტასტიური ურთიერთობა მაქვს, ამიტომ ვცდილობ სწორედ მათთან ვიმეგობრო. ადამიანს რომ გავიცნობ და მასთან ურთიერთობა იდეალურად მიდის, ვხვდები, რომ ის ჩემი ზოდიაქოს ნიშნის მატარებელია, ამიტომ მეგობრების 80% ვერძი მყავს. ყველანაირად ერთნაირი ხასიათი გვაქვს და კამათიც კი არ მოგვდის, ისე გვიყვარს ერთმანეთი. მოკლედ, ვიცი, რომ ვერძი - ეს ძალიან მოსიყვარულე ზოდიაქოა. ასევე კარგად ვმეგობრობ მერწყულებთან და ლომებთან. წინასწარ არასოდეს ვგეგმავ, მაგრამ ისე ხდება, რომ იდეალური ურთიერთობა ჩემი ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანებთან მაქვს. რაც შეეხება სიყვარულს, ეს ძალზე ინდივიდუალური რამ არის: ორი ადამიანის გრძნობათა სინთეზი თუ არ მოხდა, ზოდიაქო ვერაფერს გიშველის. ოჯახიც მაშინ იქმნება, როდესაც ის ადამიანი შეგხვდება, რომელიც მართლა "შენია". ამიტომ, მეც არ ვჩქარობ, მოვლენებს წინ არ ვუსწრებ და ველოდები. საერთოდ კი, ცრურწმენების არ მჯერა, მიმაჩნია, რომ ისინი ადამიანების მიერ არის მოგონილი. ადამიანი რასაც დააჯერებს საკუთარ თავს, მისი ცხოვრება ისე წარიმართება. მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ნეგატივს გამოვრიცხავ და ამიტომ ცრურწმენები ნაკლებად მაშინებს. სცენაზე გასვლის წინ კი ყოველთვის პირჯვარს ვიწერ, იურმალაში გულის ჯიბეში ხატები მედო და სცენაზე ისე გავედი.

"შინაგანი განწყობა მთელ ჩვენს ცხოვრებას მართავს"

თათა ვარდანაშვილი, დიზაინერი:

- უკეთესი მომავლის რწმენით ვხვდები ამ წელიწადს. მორწმუნე ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, მართლმადიდებლობა არ უარყოფს ასტროლოგიას და ვარსკვლავებს. სახარებაში წერია, თუ როგორ ამობრწყინდა ცაზე კაშკაშა ვარსკვლავი ნიშნად ღვთის განკაცებისა და ეს ვარსკვლავი პირველად მოგვებმა დაინახეს. მოგვები ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მოგვები სახლობდნენ მცხეთაშიც, აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლური სწავლება არ უარყოფს ზეციური სხეულების არსებობას და მათზე დაკვირვებას. მიუხედავად ამისა, ჰოროსკოპებით წინასწარმეტყველება დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან ჰოროსკოპზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. ადამიანის განწყობა ბევრ რამეს განსაზღვრავს: თუ ის წინასწარ დააჯერებს თავს, რომ რაღაც არ უნდა გააკეთოს, მართლაც ვერ გააკეთებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შინაგანი განწყობა მთელ ჩვენს ცხოვრებას მართავს.

ხათუნა ჩიგოგიძე