ექიმზე უიმედოდ შეყვარებული კაცის სევდიანი ამბავი - გზაპრესი

ექიმზე უიმედოდ შეყვარებული კაცის სევდიანი ამბავი

ვირტუალური სამყარო ადამიანებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა. ბევრისთვის ის სოციალიზაციის საშუალებად იქცა. მინდა მოგითხროთ ადამიანზე, რომელიც "ფეისბუკის" საშუალებით ცხოვრების ამაოებას ებრძვის. როდის აღმოჩნდა ჩემს "ფრენდლისტში", არ მახსოვს, მაგრამ გამორჩეული მოსაზრებებით ყოველთვის იწვევდა ჩემს ინტერესს.

"ახალი წელი არ მიყვარს. პირველი იანვრის წინადღეს მიმძაფრდება წარსული ტკივილები და მომავლის უიმედობა, შენ კი იმედი არ მოგეშალოს", - მომწერა საახალწლო პერიოდში.

თავდაპირველად ვიფიქრე, რომ დეპრესიულ ადამიანთან მქონდა საქმე, თუმცა, კიდევ უფრო ღრმა პრობლემების მქონე პიროვნებას წავაწყდი მისი სახით. ჩემი სტატიის გმირს ბავშვობისას ბესოს ეძახდნენ, მერე ბესარიონსაც (ხუმრობით), მაგრამ არასდროს ვითომქუთაისურ "ბესოიას"!

წარმოშობით რაჭიდან ყოფილან მისი წინაპრები. იმერეთის ცენტრში იმ დროს დასახლებულან, როცა ქუთაისი ჯერ კიდევ პატარა, პროვინციული ქალაქი და საგუბერნიო ცენტრი იყო. განათლებულ წინაპარს ელიტურ უბანში, თეატრის ახლოს აუგია სახლი, საკმაოდ დიდი ეზოც გემოზე მოუწყვია და შთამომავლობისთვის არა მარტო კარგი საცხოვრებელი დაუტოვებია, არამედ - განათლებისკენ მემკვიდრული სწრაფვის ჟინიც.

სწავლას თავს არ აკლავდა ბესო, მაგრამ ნიჭიერებით ყოველთვის ფარავდა სიზარმაცეს. 14 წლისას უცნაური რამ დაემართა: ჯერ იყო და ასაკთან შედარებით სწრაფად აიყარა ტანი, მერე ხშირი წვერიც გაუჩნდა სახეზე. ყოველ გაპარსვაზე სახის კანი საოცრად უღიზიანდებოდა და ამიტომაც ერიდებოდა წვერის გაპარსვას. ექიმები ადვილად ხსნიდნენ ამ ყველაფერს: ადრეულად დაეწყო გარდატეხის ასაკი, სიჭაბუკეში დგამს ფეხს, აქტიურია მისი ჰიპოფიზიო და ასე შემდეგ... ძალიან ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა გარდატეხის ასაკი. თუ მისი თანაკლასელი ბიჭები გამალებით და ზოგჯერ უმიზეზოდ ისვამდნენ ლოყებზე სამართებელს (მათი აზრით, ასე უფრო მალე ამოუვიდოდათ წვერი), ბესოს ეს არ სჭირდებოდა. ტანაყრილმა სიგარეტის მოწევა უფრო წამხედურობით და მამაკაცური იმიჯის გამო დაიწყო, ვიდრე ინტერესით. მართალია, ნიკოტინი გუდავდა, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობდა, ყოველდღიურად კოლოფიდან მეტი ღერი მოეწია.

ბესომ ერთ ღამეს უცნაური სიზმარი ნახა: თავის რჩეულთან ერთად მწვანეყვავილას პანთეონში დასეირნობდა და მთელ ქუთაისს მისი შურდა, რადგან ქალაქის ყველაზე გამორჩეული გოგონას კავალერი იყო. მერის ბებიის სახელი დაარქვეს მშობლებმა და რიონის სანაპიროზე, გაკუთხული ქვებით აშენებულ სახლში ცხოვრობდა. ოჯახში ყველა სრულწლოვანი ან ექიმი იყო, ან სამედიცინო განათლებას იღებდა. მერიც ნათესაურ ტრადიციას არ ღალატობდა და ექიმობას აპირებდა. უბრალო, თადარიგიან ოჯახში ყველაზე გამორჩეული იყო. თითქოს, წინაპრების ყველაზე უკეთესი თვისებები მასში თავმოყრილიყო. საშუალო სკოლაში მიდიოდა თუ მუსიკალურ სასწავლებელში, თვალის მიმდევნებლები არ აკლდა. სწორედ ეს გოგო მოსწონდა ბესოს. მერისთან ერთად გასეირნების სურვილი არ ასვენებდა და ძილში აისრულა წადილი - დადიოდა წყვილი სიმწვანეში და ფეხქვეშ თითქოს, ყველაფერი მსუბუქი იყო. უცებ, მერიმ ბესოს უთხრა, რიონის გადაღმა გადავფრინდეთ, ბოტანიკური ბაღისკენო. ფრთები გამოისხა, ადვილად აიწია მისი სხეული ჰაერში და კაცის სიმაღლეზე აფრინდა. პატარა, აპრეხილი ცხვირი ჰქონდა მერის, თაფლისფერი თვალები და კუნაპეტი ღამისფერი, სწორი თმა. ბესომ წასჩურჩულა: ისე მიყვარხარ, როგორც ბალახს აპრილიო... მერი გაფრინდა რიონის მხარეს და ბესო მიწაზე დაწებებულივით დარჩა. იბორგა და იწვალა, მაგრამ მერის ვერც ფეხდაფეხ დაედევნა. ტკივილმა გააღვიძა და ხმამაღლა დაიგმინა. მთელი ოჯახი აწრიალდა, ექიმებიც დაახვიეს თავს, დასასვენებლადაც ატარეს, მაგრამ ხერხემლის საერთო სისუსტეს ვერაფერი მოუხერხეს.

ბესოს 16 წლის ასაკში უკვე 20 წლის შესახედაობა ჰქონდა, თუმცა, წონაში სწრაფად დაიწყო კლება. თერაპევტმა ეჭვი სიგარეტის მავნებლობაზე მიიტანა, ფილტვები რენტგენის აპარატით გაუშუქეს. საბედნიეროდ, სიმსივნის ვერსია გამოირიცხა. ამის მერე ნევროზული ფონის კვლევა დაიწყეს, მაგრამ ბესო არ ავლენდა იმ სიმპტომებს, რაც ნევროპათოლოგიის სფეროს განეკუთვნება. 40 კილომდე დაუვარდა წონა და ვერავინ მიხვდა მიზეზს.

ფიზიკურად ვერასდროს დაიტვირთებაო, - დაადგინეს ექიმებმა. მშობლებმა მოუმატეს ბესოზე ზრუნვას, კარგი განათლება უნდა მიიღოსო. სამრეწველო საქონლის რევიზიის თუ რაღაც ამდაგვარი ფაკულტეტი დაასრულებინეს. მშობლები არც ისე დიდი ხნისანი იყვნენ, როცა გარდაიცვალნენ. მამამ, გარდაცვალებამდე, უფროს შვილებს მოუხმო და ბესოს თავი ჩააბარა: უმცროსი, ნატანჯი შვილია და თუ საფლავში მეორედ არ მომკლავთ, კარგი იქნება. მიხედეთ, რამდენადაც შეგეძლებათო. მაინც იფრთხილა მამამ და წინაპრის დატოვებული სახლი ბესოს უანდერძა. ახლა მას და-ძმა მორიგეობით აქცევს ყურადღებას, სიძე და რძალიც უფრთხილდებიან. ძმისშვილებსა და დისშვილებს ერთმანეთზე მეტად უნდათ, რომ ბიძას ასიამოვნონ...

ბესო 44 წლისაა, სამსახურს არც ეძებს. ნებისმიერი გადაღლა მისთვის მომაკვდინებელია. ინვალიდობის პენსიასაც ვერ იღებს, - მკვეთრად გამოხატული არ არის უძლურებაო... "ფეისბუკზე" რჩეულ მეგობრებს ზოგჯერ აზრებს გაუცვლის, არც არავისთან დაიწუწუნებს, რომ ბედმა სხვისი ხელის შემყურედ აქცია და არც ვინმეს აწყენინებს. ეძებს ადამიანებს, რომლებიც ოდნავ მაინც აფერადებენ ინტერნეტსამყაროს და წარმოდგენაში ლანდშაფტის დიზაინს აწყობს. რომ შეეძლოს, თავისი ეზოს ლანდშაფტსაც შეცვლიდა: ეზოს მოსაწყენ ერთფეროვნებას ლამაზი წითელი ბილიკებით დაამარცხებდა, პატარა ფიგურებით ორიგინალურ კონფიგურაციას შექმნიდა, ლამაზ ვარდებს, ქრიზანთემებსა და იასამნის ბუჩქებს გააშენებდა... თუმცა, ამაზე უკვე იშვიათად ოცნებობს.

როცა ბესოს გაუსაძლისი ტკივილი შემოუტევს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოიძახებენ, საწოლზე მისვენებული, უფერული, ჩონჩხადქცეული კაცი ელოდება უკანასკნელ გამართლებას, - ეგებ იმ დღეს მერი იყოს მორიგე... წელიწადში რამდენჯერმე უმართლებს ბესოს და უნიფორმიან მედიკოსებს შორის მერი აღმოჩნდება ხოლმე. მართალია, საოცნებო ქალი ისე ჰაეროვანი აღარაა, მაგრამ ძველებურად აპრეხილცხვირიანი და ლამაზი ქალია და ისე უყვარს ბესოს მერი ექიმი, როგორც ბალახს - აპრილი...

როლანდ ხოჯანაშვილი