"არც ისე შორია იების აყვავებამდე" - ესპანეთიდან მონატრებული ჭიათურა - გზაპრესი

"არც ისე შორია იების აყვავებამდე" - ესპანეთიდან მონატრებული ჭიათურა

დაახლოებით 30 წლის წინ, ჭიათურის ერთ სოფელში, რომელსაც უსახელო ჰქვია, პაპიძეების უბანში, ბავშვებმა კონცერტი გამართეს. "ბენდი" თავგამეტებით უკრავდა. 11 წლის შავთმიანი გოგონა თითქმის უცნობ სიმღერას - "და მას შემდეგ შემიყვარდა ზამთარი" ასრულებდა. პატარა ვოკალისტს ეს სიმღერა პიონერთა ბანაკში ჰქონდა მოსმენილი. "ჯაზ-ბენდის" ინსტრუმენტული "არსენალი" ისეთი იყო, რომელსაც მხოლოდ "კიკინა" იმერელი თუ მოიფიქრებს: გიტარა ფიცრისგან იყო გამოთლილი, რომლის სიმებიც გაფუჭებული ტელევიზორის "შიგთავსიდან" ამოცლილი მავთულები გახლდათ. დასარტყმელ ინსტრუმენტებს წარმოადგენდა სარეცხი მანქანის ალუმინის ავზი და სამზარეულოს დიდი ქვაბის სახურავი, რომელიც არამყარად დაემაგრებინათ სახელდახელო ღერძზე - ხის წვრილ ბოძზე. დოლი და ფანდური კი ნამდვილი ჰქონდათ ბავშვებს... ჭიშკრის მობეტონებული შესასვლელი, რომელიც ტყიდან მოტანილი ხავსით დაეფარათ, სცენის როლს ითავსებდა. ბუნებრივი "ხავერდი", "ილიჩის" ნათურისმიერი განათება, ედიტ პიაფისა თუ მირეი მატიეს შესრულების სტილი იმ კონცერტის მაყურებლებს დღესაც ახსოვთ.

შავთმიანი გოგონა შორენა პაპიძე გახლდათ. მუსიკით მის გატაცებას ოჯახმა სათანადოდ უპასუხა: სოფელში, კულტურის სახლში, ფორტეპიანოს შემსწავლელი წრე იყო და შორენაც იქ მიაბარეს. სახლში ფორტეპიანო არ ჰქონდათ და ამიტომ, ფანჯრის რაფაზე თავად დახატა კლავიატურა. მართალია, ყველა ოქტავა ვერ დაატია, მაგრამ, რაც დაეტია, სრული სიზუსტით იყო დახაზული. "პიანინო" იმ ოთახის რაფაზე დახატა, სადაც ნაკლებად მოძრაობდნენ ოჯახის წევრები. აი, როგორია მაშინდელი დროის მოგონება:

"გადავწევდი ფარდას, წარმოსახვაში პიანინოს ავხდიდი თავს, მივიდგამდი სკამს (ამასაც წარმოსახვაში) და დავჯდებოდი "დასაკრავად". დაბეგვილი მქონდა თითები ცივ რაფაზე პარტყაპურტყით. ერთი წელი ვიარე ფორტეპიანოს შესასწავლად, "დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სიმ" არ მომხიბლა დიდად და თან, შორს დავდიოდი ფეხით, "ინსტრუმენტიც" არ მიწყობდა ხელს. გამოგიტყდებით და ყველაზე მეტად, ამის გამო კითხვისთვის მრჩებოდა ცოტა დრო და მივატოვე მუსიკა. სამოყვარულო დონეზე ისედაც ვუკრავ და ვირტუოზი არც იმით დავდგებოდი, სოფლის კულტურის სახლში მუსიკის გაკვეთილებზე რომ მევლო..."

ესპანეთში წასვლამდე, შორენა გიტარას დაუმეგობრდა. შესაძლოა ითქვას, ესპანეთში გიტარა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მუსიკალური ინსტრუმენტი. საქართველოში აქვს რამდენიმე კარგი გიტარა, ერთიც ესპანეთში აჩუქა "სანტამ". იმიტაციის დიდი ნიჭი ჰქონდა ბავშვობიდან, მაგრამ მსახიობობაზე არ უფიქრია. თითქმის უშეცდომოდ იმეორებდა ოჯახის წევრების, მეზობლების, კლასელების, სკოლის ყველა თანამშრომლის საუბრის მანერას, მაგრამ დედას მისი ჟურნალისტობა უნდოდა:

"ბაზარში რომ წაიღებდა რამეს გასაყიდად, ისე არ დაბრუნდებოდა, წიგნი რომ არ მოეტანა სახლში. თვითონ არ ჰქონდა განათლება, მაგრამ ჩვენ, შვილებს წყლის მიტანასაც არ გვთხოვდა, ოღონდ გვესწავლა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოხვედრისათვის პუბლიკაციების გამოქვეყნებაც იყო ერთ-ერთი მოთხოვნა და ჭიათურის გაზეთში დამიბეჭდეს წერილი კულტურაზე. მერე ვაბარებდი უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, დამაკლდა ორი ქულა. ბიცოლამ მირჩია, სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტზეც შეიტანე საბუთებიო. მქონდა ატესტატის დუბლიკატები, რომლითაც ვაბარებდი "პუშკინში", იქაც ფილოლოგიურზე - იქ ერთი ქულა დამაკლდა. იმ წელს ჩავაბარე თერთმეტი მისაღები გამოცდა და გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავირიცხე. მეტყველებას მასწავლიდა ზინა კვერენჩხილაძე, რომელიც მეორე კურსიდან შემოვიდა ჩვენთან და ყოველი ლექცია იყო მინისპექტაკლი. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს ამ ადამიანთან... სტუდენტობისას ვმუშაობდი კერძო სკოლა-პანსიონატში, გახანგრძლივებულ ჯგუფთან. მერე დედა გახდა ცუდად, რამდენიმე კვირა სოფელში ვიყავი და ბოლოს დავტოვე სამსახური. შემდეგ თეატრში მუშაობის პარალელურად, ჩემს მშობლიურ სოფელში, საბავშვო ბაღში დამასაქმეს: ორი წელი აღმზრდელად, თითქმის ოთხი წელი - მენეჯერად. ძალიან მიყვარდა ეს საქმე და ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებდი, ზოგჯერ შეუძლებელსაც კი წამოვიწყებდი, მაგრამ სიყვარულით დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვანდი ბოლომდე. ერთ ზამთარს ჩაინგრა შენობის სახურავის ის ნაწილი, სადაც სოფლის ბიბლიოთეკის წიგნები ინახებოდა. იმ დღესვე, თანამშრომლებთან ერთად გადავზიდე უსაფრთხო ადგილას დაახლოებით ხუთი ათასი წიგნი. ჩვეულებრივ ვჩეხდი და ვეზიდებოდი შეშას, ავდიოდი სახურავზე, ვასწორებდი შიფერს, ჩემი ხელით არაერთხელ შევღებე ოთახებში იატაკი, ამოვწმინდე ბაღის ახლოს დაახლოებით 30 წლის გაუწმენდავი წყლის ავზი. ერთმა მშობელმა გვაჩუქა წყლის მილი, საკუთარი ხელით გავჭერი მიწა და მოვიყვანე წყალი ბაღის ეზოსა და შენობაშიც. თანამშრომლებმა შევაგროვეთ ფული, ვიყიდეთ კაბელი და გასული საუკუნის მერე გაუნათებელ შენობაში, შუქი ავანთეთ".

სოფელში ისიც ახსოვთ, როგორ სთხოვა საგზაო სამსახურს შორენამ "შებენი" და ცემენტი, რათა ბაღში ბეტონის საფარი გაეკეთებინა. ერთ დღეში 40 ურიკა ღორღი შეზიდა გზიდან შენობაში და თავადაც უკვირდა საღამოს ეს რეზულტატი! მერე უმადურობას გაექცა, თუმცა, თეატრს თავს ვერ ანებებდა: "თეატრი ჩემთვის ყველაფერია, ძალიან ემოციური მსახიობი ვარ, ყველა სპექტაკლს გულის გლეჯვამდე განვიცდი, წამლებიც ბევრჯერ დამილევია სპექტაკლის წინ. როცა მთავარი როლი მომცეს წარმოდგენაში - "ვინ არის დამნაშავე", ორი ღამე არც მიძინია..."

შესაძლოა, დიდი ტრაგედიის დროს მსახიობებისთვის სცენაზე ყოფნა ერთგვარი გამოცდაა. 2010 წლის 14 აპრილს, პრემიერა ითამაშა ჭიათურის თეატრმა. წინადღეს კი შორენას დედა გარდაეცვალა, თუმცა, პრემიერაზე მაყურებელმა მას ვერ შეამჩნია მგლოვიარობა! ახლა, როცა ევროპაშია, საქართველო მისთვის ნიშნავს დედის საფლავზე მიუტანელი იების სევდას, თეატრის სცენის მონატრებას და ჭიათურის ქუჩებში გავლის დაუოკებელ სურვილს.

"მე არა ვარ ემიგრანტი, მე ვარ პატიმრობაში, სამი წელი მაქვს მისჯილი, მოვიხდი და დავბრუნდები ჩემს საყვარელ მიწაზე. ვერასოდეს შევეგუები ვერც ერთ ქვეყანას სამუდამო საცხოვრებლად, ეს შეუძლებელია. ერთი ნაჭერი იმერული ყველი მირჩევნია მთელ აქაურ სამზარეულოს. ცოტა ხნის წინ სოფელში ვმუშაობდი, ბავშვის მომვლელად. იქ მინდვრიან სკვერთან მიწევდა გავლა, ხშირად გადახოტრილი ბავშვივით დამხვდებოდა ხოლმე მოლი, თვითონ ნათიბი ისეთი იყო, როგორიც შეიძლება იყოს ძროხის ფაშვში გადამუშავებული ბალახი. ერთხელ ახალი მოთიბული ავიღე ხელში, მურმან ლებანიძე გავიხსენე გულში და ქალის კი არა, ბალახის სუნიც არ ჰქონდა ნათიბს! ცივად გადავყარე ისევ, სხვა რამე ხომ არაა-მეთქი. მამა რომ ეზოს გათიბავდა, ორი დღე მაინც ტრიალებდა ბალახის სუნი. ერთხელ წავაწყდი ალაგს, სადაც ერთად ბიბინებდა: მოლოქი, ქათამნაცარა, ჯიჯილაყა და ტუხტი, თანაც, სულ რაღაც ათ კვადრატულ მიწაზე. ლამის გული წამივიდა, მინდვრის ფხალი წარმოვიდგინე და სირბილით გავერიდე იქაურობას, დავივიწყე მომენტალურად", - ამბობს შორენა და გულის სიღრმეში ახსენდება გაზაფხულის მინდვრის ბალახების ფხალი, იმერეთში სულ სხვა გემოთი რომ ამზადებენ დედები შვილებისთვის: გულდაგულ დარჩეულ იის ფოთლებს, ჭინჭარს, ხარიკბილას, თიკნიყურასა და დედაფუტკარას კარგად მოხარშავენ, მოკეპავენ და მერე, დაუმატებენ წინასწარ მომზადებულ, კერკეტი კაკლის ნაჭუჭიდან დანის წვერით გამოჩიჩქნილ ზეთიან ნიგოზს - როდინში (ფილთაში) დანაყულს; სულ ბოლოს, ნაკეპს დაჭრილ მწვანილსაც მოაყრიან...

ესპანელებს ყვავილები უყვართ ძალიან, მაგრამ შორენას იქაური ყვავილებიც ხელოვნური მოეჩვენა:

"ჩვენთან რომ პლასტმასის ყვავილებია, ხომ იცით, მიცვალებულის საფლავზე, წლისთავზეც რომ მხნედ გამოიყურება? ოდნავ გახუნებას თუ არ ჩავთვლით, ხომ ჰგავს ცოცხალს? აქ პირიქითაა, დახედავ ყვავილს, გეგონება პლასტმასია, შეეხები და, ცოცხალი ყოფილა - ამაზე ვგიჟდები, ასე როგორ ემსგავსებიან პლასტმასს?"

ესპანეთში არც საკვამურებში იკეთებენ ჩიტები ბუდეს, არც დიდი ამბით ემეზობლებიან გვერდიგვერდ მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს, საქართველოში კი ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია... მერე რა, რომ პატარა ხელფასია საქართველოს თეატრებში? მთავარია, რომ ბევრი კარგი მსახიობი ჩუმად ინახავს ქართული ხელოვნების ტრადიციებს ან კი როდის ულხინდათ თეატრალებს? მათ ხომ სცენის მტვერიც ჰყოფნით... შორენას კი აუცილებლად დააბრუნებს სამშობლოში ლეგენდარული თეატრის სცენა და დედის საფლავზე იების კონის მიტანის სურვილი. თან, არც ისე შორია ახლა იების აყვავებამდე!

როლანდ ხოჯანაშვილი