ფსი­ქი­კის გა­მო­ცა­ნე­ბი - უც­ნა­უ­რე­ბი და გე­ნი­ა­ლუ­რე­ბი - გზაპრესი

ფსი­ქი­კის გა­მო­ცა­ნე­ბი - უც­ნა­უ­რე­ბი და გე­ნი­ა­ლუ­რე­ბი

ისინი ჩვენ შორის ცხოვრობენ, თუმცა, გარშემო მყოფებთან კონტაქტში არ შედიან. მათი შინაგანი სამყარო გარეშე თვალისთვის დაფარულია. ასეთ ადამიანებს აუტისტებს უწოდებენ. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეასე ადამიანი პლანეტაზე მათ რიცხვს მიეკუთვნება. ისინი ხშირად უცნაურად გამოიყურებიან და საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმებით - არაადეკვატურად იქცევიან. ამასთან, შეუძლიათ ფენომენური უნარების გამოვლენა სრულიად განსხვავებულ სფეროებში. როგორები არიან ისინი სინამდვილეში: გონებრივი განვითარებით ჩამორჩენილნი თუ პირიქით - უზომოდ ნიჭიერნი?

ეს არ არის შიზოფრენია!

ტერმინი "აუტიზმი" (ბერძნულიდან - "თვითონ") შემოთავაზებული იყო შვეიცარიელი ფსიქიატრის - ეიგენ ბლეილერის მიერ, 1910 წელს. მეცნიერი ფსიქიკურ გადახრებს, მათ გადანაცვლებას საკუთარი ფანტაზიების სამყაროში და გარშემო მყოფი ადამიანების მხრიდან ზემოქმედების შიშს სწავლობდა.

1930-1940 წლებში, ავსტრიელმა მკვლევარმა, ჰანს ასპერგერმა და ამერიკელმა პროფესორმა, ლეო კანერმა განავითარეს ამ ტერმინის მნიშვნელობა და აუტიზმი განაცალკევეს გონებრივი ჩამორჩენილობის, შიზოფრენიისა და ფსიქიკის სხვა დარღვევებისგან. მათ დაამტკიცეს, რომ განმარტოებისკენ ავადმყოფური სწრაფვა დამოუკიდებელ სინდრომს წარმოადგენდა. საერთოდ, ამ დაავადების შესახებ, ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი. ის უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება. მისი დასაშვები მიზეზები შეიძლება იყოს: ფეხმძიმობისას დედის ორგანიზმზე რაიმე ტოქსიკური ზემოქმედება ან მძიმე დაავადებები მცირეწლოვან ასაკში. ამგვარი ადამიანის უმთავრეს პრობლემად ითვლება სხვა ადამიანებთან ადეკვატური ურთიერთობების არქონა.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი

ითვლება, რომ აუტიზმის სრულყოფილად განკურნება შეუძლებელია. თუმცა, ფსიქოლოგებთან რეგულარული მეცადინეობები ამ დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე ადამიანებს არა მხოლოდ საზოგადოებასთან ადაპტაციის საშუალებას აძლევს, არამედ პროფესიული კუთხით წარმატების მიღწევაშიც კი ეხმარება. ამის ყველაზე მკაფიო, თანამედროვე მაგალითად სახელოვანი არგენტინელი ფეხბურთელი - ლიონელ მესი გვევლინება. 13 წლისა, ის კლუბ "ბარსელონას" ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. თანამედროვენი იხსენებენ, რომ გუნდის დანარჩენ ბიჭებს ლიონელი დიდი ხნის მანძილზე მუნჯი ეგონათ. ის არავისთან საუბრობდა. აუტიზმის გარდა, მოზარდს სხვა პრობლემაც აღმოაჩნდა - ზრდის ჰორმონის ნაკლოვანება. კლუბის ხელმძღვანელობამ მესის ფიზიკური და ფსიქიკური მკურნალობა იკისრა, რადგან მასში განსაკუთრებული ტალანტი შენიშნა. ასევე, უზრუნველყო მისი მშობლების გადმოყვანა არგენტინიდან ევროპაში.

როცა მესი 18 წლის გახდა, ის არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. სხვა მოთამაშეებს თავდაპირველად უკვირდათ, რომ ახალი წევრი მათ ზედაც არ უყურებდა და არც ესალმებოდა.

2015 წელს, მთელი მსოფლიო მოიარა სპორტული ქრონიკის ამსახველმა კადრებმა, სადაც "ბარსელონამ" ევროპული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალში იტალიის კლუბ "იუვენტუსს" მოუგო. მატჩის შემდეგ, მინდორზე ემოციები დუღდა: ერთნი დარდისგან ტიროდნენ, მეორენი მძაფრად გამოხატავდნენ სიხარულს. მხოლოდ ლიონელ მესი იდგა თავისთვის და ერთ წერტილს გაჰყურებდა. არადა, გუნდში მისი როლი შეუფასებელი გახლდათ - სწორედ ის აღიარეს იმ წელს ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად, რომელმაც ლიგის ყველა მატჩში 10 გოლი გაიტანა.

მიუხედავად გუნდის წევრებთან უხალისო ურთიერთობისა, ლეო იმდენად მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, რომ ის უკვე რამდენჯერმე აღიარეს საუკეთესოდ მთელ მსოფლიოში და ეს ამტკიცებს ფაქტს, რომ აუტისტებსაც შეუძლიათ ვითარების შესაბამისად საკუთარი თავის რეალიზაცია შესანიშნავად მოახდინონ.

ცნობილი აუტისტები

კიდევ უფრო ხშირად, აუტისტ ადამიანთა ტალანტი კარგად წარმოჩნდება ხოლმე მეცნიერებასა და ხელოვნებაში. სწავლულთა აზრით, სწორედ ამგვარი ფსიქიკური გადახრა ჰქონდათ გამოჩენილ მეცნიერებს, ლიტერატორებსა და მუსიკოსებს: ისააკ ნიუტონს, ჩარლზ დარვინს, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს, მიქელანჯელო ბუონაროტის, ჰერბერტ უელსს და ბევრ სხვას.

ცნობილია, რომ ნიუტონს უჭირდა ლაპარაკი; ხოლო ლექციის წაკითხვა დიდი აუდიტორიის წინაშე შეიძლება მისთვის ნერვული შეტევით დასრულებულიყო.

მიქელანჯელო ერიდებოდა უცხო ადამიანებს და ბრაზის შემოტევები ჰქონდა, როცა ვინმე მისი სიმარტოვის დარღვევას ცდილობდა.

ალბერტ აინშტაინი ჩაკეტილი ბავშვი გახლდათ, რომელიც თანატოლებთან კონტაქტს გაურბოდა. ის ძალზე იოლად იძენდა ცოდნას, მაგრამ პედაგოგებთან ურთიერთობის პრობლემებმა იქამდე მიიყვანა, რომ მომავალმა ნობელის პრემიის ლაურეატმა გიმნაზიაც კი ვერ დაასრულა. მოგვიანებით, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა საიმისოდ, რომ ციურიხში, უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის კურსი გაევლო. ორი წელი ისეთ სამსახურს ეძებდა, სადაც რაც შეიძლება ნაკლებად ჰქონოდა შეხება სხვა ადამიანებთან. ბოლოს, ბერნში გამოგონებათა საპატენტო ბიუროში მოეწყო. აინშტაინი სიკვდილამდე სრულიად გულგრილი გახლდათ არა მარტო დიდების მიმართ, არამედ საკუთარი გარეგნობის მიმართაც (გავიხსენოთ მისი საყოველთაოდ ცნობილი ვარცხნილობა და მუდამ დაჭმუჭნილი ტანისამოსი).

ბილ გეიტსსაც თავიდან აუტიზმისკენ ჰქონია მიდრეკილება. ის დარწმუნებულია, რომ ამ დაავადების მსუბუქი ფორმა ნამდვილი პროგრამისტისთვის აუცილებელიც კია, რათა ყურადღება ნაკლებად გაეფანტოს. მისი ფირმის თანამშრომელთა 20%-იც აუტისტები ყოფილან.

ამასთანავე, ყველა ნიჭიერ აუტისტს, ურთიერთობის პრობლემის გარდა, კიდევ რამდენიმე მსგავსი თვისებაც აღმოაჩნდა: მათ არასდროს ჰყოლიათ თანაავტორები; არ ჰყოლიათ კონკრეტული მოწაფეები; მათი ოჯახური ცხოვრება იშვიათად ეწყობოდა. დაბოლოს, ყოველი მათგანი იმდენად იყო გატაცებული საკუთარი საქმით, რომ ავიწყდებოდა საკვების მიღება ან ძილი. მაგრამ შეიძლება თუ არა მტკიცება, რომ ყველა აუტისტს აუცილებლად გენიალური უნარები უნდა გააჩნდეს?

ბევრი ამგვარი ადამიანის ტალანტი მართლაც გაოცებას იწვევს. მაგალითად, რომელიღაც მათგანს შეუძლია ერთხელ წაკითხული წიგნის იდეალურად დამახსოვრება; მეორეს - გონებაში ურთულესი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა; მესამეს - რამდენიმე დღეში უცხო ენების შესწავლა... თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთებად ყველა აუტისტი არ გვევლინება. მათგან მხოლოდ 10%-ს თუ გააჩნია გენიალური უნარები. მაგრამ იგივე უნარები ჩვეულებრივი განვითარების ადამიანთა შორის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. ასე რომ, აუტიზმის კავშირი უმაღლესი შესაძლებლობების მიმართ ცხადია, თუმცა არა - უეჭველი.

მეცნიერები აუტისტთა ექსტრაორდინარულ უნარებს იმით ხსნიან, რომ ისინი ყოფითი პრობლემებისგან განდგომილნი არიან, ყურადღების კონცენტრაციას ახდენენ კონკრეტულად ერთ სფეროზე, ამიტომ საუკეთესო შედეგებს აღწევენ. ცნობილია შემთხვევები, როცა ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მუშაობენ რაიმე პროექტზე (ნაშრომზე, წიგნზე, სურათზე, სიმფონიაზე და სხვა) შეიძინეს აუტისტის თვისებები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინიც აუტისტები არიან.

უნიკუმი სოლტ-ლეიკ-სიტიდან

აუტიზმის პრობლემების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მკვეთრად მას შემდეგ გაიზარდა, რაც 1988 წელს, ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული მხატვრული ფილმი - "წვიმის კაცი", რომელმაც "ოსკარის" ოთხი პრემია დაიმსახურა. მთავარი გმირის პროტოტიპად იქცა ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტის მცხოვრები, აუტისტი - კიმ პიკი. კიმი 1951 წელს, ქალა-ტვინის თიაქრით დაიბადა. მას უზარმაზარი თავი ჰქონდა. სიარული მხოლოდ 4 წლისამ შეძლო და დღემდე დამოუკიდებლად ჩაცმა არ შეუძლია. 16 თვეში კიმმა კითხვა ისწავლა და მას შემდეგ, წაკითხულის დამახსოვრება დაიწყო (აქ შედიოდა საავტომობილო და სარკინიგზო გზების ატლასები და დიდი მუსიკალური ნაწარმოებების სანოტო ჩანაწერებიც). კიმ პიკი ბიბლიოთეკაში დიდ დროს ატარებდა. სქელ წიგნს ის 25 წუთში ათვალიერებდა და იმახსოვრებდა. ორ გვერდს ერთდროულად კითხულობდა: ერთს მარჯვენა თვალით, მეორეს - მარცხენით. მას მერე, რაც "წვიმის კაცი" გამოვიდა, კიმმა მთელ მსოფლიოში დაიწყო მოგზაურობა. ხვდებოდა ადამიანებს, რომლებსაც მისი ნახვა სურდათ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მაშინ კიმის ქცევა შეიცვალა - ის გაცილებით მეტად ურთიერთობდა გარშემო მყოფებთან.

მათ დახმარება სჭირდებათ

წინა საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, აუტიზმით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება. ამ ფაქტის ცალსახად ახსნა შეუძლებელია. თუმცა, ცალკეული მეცნიერები მას როგორც გენეტიკურ დაავადებას, ისე განიხილავენ. ასევე, საფუძველს მოკლებული არაა ვერსიები: კვების პროდუქტებში პესტიციდების გავლენაზე; ეკოლოგიის გაუარესებაზე; სტრესული სიტუაციების გახშირებაზე; მშობელთა შორის ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის შედეგებზე და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით - ბავშვებს, მუდმივი დახმარება ესაჭიროებათ. მათი ნაკლის სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ საზოგადოებასთან ნაწილობრივი ადაპტაცია შესაძლებელია. მთავარია, ისინი არ მართოთ, არ დაანგრიოთ მათი მსოფლაღქმა, შეუქმნათ ხელსაყრელი შემოქმედებითი ატმოსფერო, რომელიც მათი ინდივიდუალური ბუნებრივი ნიჭის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ირინა ჯანდიერი