"ასეთი პროდუქცია საკმაოდ ბევრია ჩვენს დახლებზე" - როგორ მიიღება ხელოვნური კვერცხი, ხორცი, კიბორჩხალის ჩხირები და თაფლიც კი?! - გზაპრესი

"ასეთი პროდუქცია საკმაოდ ბევრია ჩვენს დახლებზე" - როგორ მიიღება ხელოვნური კვერცხი, ხორცი, კიბორჩხალის ჩხირები და თაფლიც კი?!

49 წლის ტაილანდელი ქალბატონის, ლეკ იაიკას ამბავმა სოციალური ქსელები მოიარა: ის აცხადებს, რომ ადგილობრივ მარკეტში ხელოვნური კვერცხი შეიძინა. ქალბატონის თქმით, გაოცებული დარჩა, როცა მოხარშვისას კვერცხმა პლასტმასის სუნი გამოუშვა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გახმაურდა, რომ კვერცხის გაყალბების "სამშობლო" ჩინეთია. ყალბი კვერცხის ნაჭუჭი დამზადებულია კალციუმის კარბონატისგან. მისი შიგთავსი ანუ გული და ცილა, შეიცავს ნატრიუმის ალგინატს, ალუმინს, საკვებ კალციუმის ქლორიდს, წყალსა და საღებავებს. უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია იმავე ჩინეთში, პლასტმასისგან წარმოებული ბრინჯის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რა სახის ხელოვნურ პროდუქტი იყიდება ჩვენს სავაჭრო ქსელში? - ჟურნალ "გზას"სურსათის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე, დალი წულაია ესაუბრა.

როგორ მიიღება ხელოვნური საკვები დალი წულაია:

- საქართველოში ხელოვნური კვერცხი ჯერ არა მგონია, რომ შემოტანილი იყოს, ხელოვნური საკვები კი აქაც არ წარმოადგენს სიახლეს. საერთოდ, ხელოვნური საკვების შექმნის იდეა იქიდან წამოვიდა, რომ დედამიწის მოსახლეობას შეიძლება არ ეყოს ჩვეულებრივი სურსათი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ამიტომ წარმოიშვა იდეა, რომ თუნდაც ნარჩენების გამოყენებით ან სხვადასხვა გზით მივიღოთ ხელოვნური საკვები, რომელიც ნატურალურისგან არაფრით განსხვავდება. ასეთი პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით არის ჩვენს დახლებზე. ეს არის საკვები, რომელიც მცენარეული და ცხოველური ნედლეულიდან გამოყოფილი ნივთიერებებისგან ან ბიომასისგან მიიღება. ხელოვნური პროდუქტები - ეს არის პროდუქტები, რომელიც მიიღება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების გამოყენებით, რომელიც გამოყოფილია სხვადასხვა ცხოველური და მცენარეული ნარჩენებისგან ან მიკრობული ბიომასისგან. ბოლოს მიღებულ მასას სხვადასხვა საკვები დანამატიც ემატება, რომელიც მას სათანადო გემოსა და არომატს აძლევს.

ხელოვნური ხორცი სოიისგანაც მიიღება

მარტო ხელოვნური კვერცხი კი არა, ხელოვნური ხორციც არსებობს. ჯერ კიდევ 1960-1970-იან წლებში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შესაძლებელია, მიკრობული ბიომასიდან გამოიყოს ცილა: ამისათვის ჯერ იღებენ ცილის ხსნარს, საიდანაც მიიღება ცილოვანი ბოჭკო, მისგან იღებენ კუნთოვან ქსოვილს და ბოლოს - ხორცს, რომელიც თეთრი ფერისაა, მაგრამ დღეს საკვებისთვის საჭირო ფერის, სუნისა და გემოს მიცემა პრობლემა არ არის - უკვე გითხარით, რომ ეს, თანამედროვე საკვები დანამატების წყალობით, შესაძლებელია. ხორცის დასამზადებლად თავდაპირველად გამოიყენეს პარაფინები ანუ ნავთობპროდუქტები, მათი გასუფთავების მიზნით. მერე კი, ტექნოლოგია თანდათან დაიხვეწა და უფრო რენტაბელურად და ეკონომიურად მიიჩნიეს, ბიომასის მისაღებად ცელულოზის შემცველი ნაერთები გამოიყენება - ეს არის ნარჩენები, რომელიც მარცვლეულის მოსავლის აღების შემდეგ რჩება. ცელულოზის შემცველ ნედლეულს სპეციალურად გადაამუშავებენ და იქ ახარებენ ისეთ მიკროორგანიზმებს, რომლებსაც უნარი აქვთ, ცელულოზაზე გაიზარდონ. ასე მიიღება ბიომასა და ეს უკეთესი გზაა: ბიომასიდან იღებენ ცილას, მისგან - ბოჭკოს, ბოჭკოდან კი - კუნთოვანი ქსოვილების მიღებაც შეიძლება. სწორედ ასეთი ცილები გამოიყენება ძეხვეულში. იგივე შეიძლება მიიღონ სოიის ან წყალმცენარეების ცილებიდანაც. კიდევ ერთი გზაც არსებობს: ღეროვანი უჯრედებიდან ჩვეულებრივი ხორცის მიღება, მაგრამ ეს ჯერ ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც არ დანერგილა. ხელოვნური ხორცი უფრო ნახევარფაბრიკატებშია. ზოგჯერ ხორცის ფარშსა და სოიის ფარშს ერთმანეთში ურევენ და როგორც ბუნებრივ ხორცს, ისე ყიდიან.

ხელოვნური თაფლი და კიბორჩხალის ჩხირები...

ჩვენს ბაზარზე ძალიან პოპულარულია და კარგად იყიდება კიბორჩხალის ჩხირები, რომელსაც კიბორჩხალასთან საერთო არაფერი აქვს - ესეც ხელოვნური პროდუქტია. მას ყველაზე იაფი თევზისგან - მოივასგან ამზადებენ. იყიდება ხელოვნური ბრინჯი, რომელზეც უკვე ბევრი რამ დაიწერა და მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - ასეთი ბრინჯი ბრინჯი არ არის. ავიღოთ თუნდაც ჩიფსები, რომელიც ასე პოპულარულია, მათი დიდი ნაწილი უჯრედული ნივთიერებებისგან არის მიღებული: სპეციალურ გენერატორებში მიმდინარეობს კარტოფილის ქსოვილის გამრავლება და მათი გადამუშავებით იღებენ ჩიფსებს. სულაც აღარ არის საჭირო კარტოფილის დათესვა და მოყვანა, ამას დრო სჭირდება, ხელოვნური გზით კი, დიდი რაოდენობით კარტოფილის მსგავსი მასა მიიღება. შეიძლება მკითხველმა არ იცოდეს, რომ არსებობს ღვინოები, რომლებსაც ღვინოსთან შეხება საერთოდ არა აქვს და ყავა, რომელსაც ყავასთან საერთო არაფერი აქვს, ასევე, თაფლი, რომელსაც ფუტკართან შეხება არასოდეს ჰქონია და ა.შ. როგორ გგონიათ, ყველა შოკოლადი, რომელიც ქსელში იყიდება, ნამდვილი შოკოლადია?

ხიზილალა, რომელიც სინამდვილეში ხიზილალა არ არის

აუცილებლად უნდა შევეხოთ ხელოვნურ ხიზილალას, რომელიც საქართველოში პოპულარულია, წარმატებით იყიდებოდა და იყიდება - ეს არის თევზის ქონის ან რომელიმე იაფი თევზის გამოწვლილვით მიღებული პროდუქტი, რომელსაც უმატებენ ვიტამინებს, გემოს მიმცემ ნივთიერებებს, ბოლოს ამ ყველაფრის კორექტირება ხდება, ემატება ე.წ. ალგინატები - ნახშირწყლოვანი ნივთიერებები და მიღებულ მასას ათავსებენ კალციუმის ქლორიდიან აბაზანაში, სადაც ის მრგვალი წვეთების ფორმას იღებს. სუნის, გემოსა და ფერის მიცემა კი, უბრალოდ ტექნოლოგიური საკითხია. აქვე უნდა ვახსენოთ ყველი, რომელიც სოიისგან არის დამზადებული და არა - რძისგან. არსებობს ქვეყნები, სადაც სოიისგან დამზადებული ყველი ძალიან პოპულარული საკვებია. მაგალითად: იაპონიაში ასეთი ყველი დიდი მოწონებით სარგებლობს. არადა, ნამდვილი ყველიდან ადამიანის ორგანიზმი კალციუმს 100%-ით ითვისებს, რაც სოიის ყველის მიღებისას გამორიცხულია. სოიის ცილისგან ქათმის მიღებაც კი შეიძლება. მაგალითად: `გალინა ბლანკა~ და სხვა ხელოვნური სუპები რომ იყიდება, მათ საერთო არაფერი აქვთ ხორცთან.

კვინკეს შეშუპება - გემრიელი სადილის ნაცვლად?!

რა უარყოფითი შედეგი მოაქვს ხელოვნურ პროდუქტებს? - ამ შეკითხვის საპასუხოდ მხოლოდ ერთ ფაქტს გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ მომხმარებელმა ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა ხორცი, რომელშიც სოია იყო შერეული. ამ კაცს სოიაზე ალერგია ჰქონდა და კვინკეს შეშუპება მიიღო - ეს არის ურთულესი მდგომარეობა, რომლის დროსაც სასუნთქი ორგანოები იმდენად შუპდება, რომ ადამიანი შეიძლება დაიხრჩოს. ამიტომ, ასეთ პროდუქტს უნდა ეწეროს, რომ ის ხელოვნურია. როდესაც მომხმარებელი ყიდულობს ძეხვს ან სოსისს, მასზე უნდა იყოს აღნიშნული, რომ ეს არის ძეხვი, რომელიც გაკეთებულია სუფთა ხორცისაგან ან ხელოვნური დანამატებისგან. მით უმეტეს, რომ ამ პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევა ლაბორატორიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ყველა სახის პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იყოს. კანონის მოთხოვნაა, რომ მომხმარებელი უნდა იყოს დაცული, როდესაც ის სურსათს ყიდულობს. ეტიკეტირების კანონი ყველა სასურსათო პროდუქტზე ვრცელდება და ყველას უნდა ეწეროს. რომ არ მოვტყუვდეთ, ეტიკეტი ყურადღებით უნდა წავიკითხოთ და დავათვალიეროთ. შემადგენლობა უნდა ვიცოდეთ და მერე უკვე ჩვენი ასარჩევია - ვიყიდით ხელოვნურ საკვებს ჩვენი ოჯახისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის, თუ ცოტა ძვირს გადავიხდით და არჩევანს ბუნებრივ პროდუქტებზე შევაჩერებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე