ჩაჩვრეტილი ლოყების ეშხი... - გზაპრესი

ჩაჩვრეტილი ლოყების ეშხი...

მისი მამიდაშვილები გათხოვილები იყვნენ. ჰოდა, მამიდისა და ბიძის ნუგეშად ჯერ ბიძინა, მოგვიანებით კი მისი ცოლ-შვილიც გახდა...

მამიდისგან რა გასაკვირია ძმისშვილის ასეთი სიყვარული, მაგრამ ვაჟა ბიძიამ კიდევ მეტი სითბო დაამახსოვრა. არასოდეს უგრძნია მისგან, რომ ზედმეტად მიაჩნდა. პირიქით, დანანებით ჩაიქნევდა ხელს სამი ქალიშვილის მამა და ბიძინას იკრავდა გულში, - აბა, გოგო რა შვილია?! ნათელში იყვნენ შენი სულგანათლებული მშობლები, შენი თავი რომ მაჩუქესო...

სკოლა რომ დაამთავრა, მაშინვე აძალებდა ბიძა ცოლის შერთვას:

- სიკვდილის გარდა, ნაადრევი ყველაფერი კარგია. მომასწარი შენს შვილებს და ვიდრე შემიძლია, გამაზრდევინე...

კარგა ხანს ვერ ბედავდა გამხელას, რომ ძილშიც და ცხადშიც ბავშვობის დროინდელი სიყვარული ელანდებოდა და ედარდებოდა. ეკა მისი კლასელი იყო და სკოლაში ნახა პირველად, მანამდე არ იცნობდა, რადგან ის ზემო უბანში ცხოვრობდა, ბიძინა - ქვემოთ... მანამდე თუ ტირილით დაისივა ცხვირ-პირი და ბებიას ხელს არ უშვებდა - სკოლაში მარტო არ დავრჩებიო, ეკა მიუსკუპდა თუ არა გვერდით, დამშვიდდა. გაკნაჭულმა, კიკინებიანმა გოგომ, თმაში ჩითის ნაჭრების გადანახევები რომ ჰქონდა ჩაწნული, ისე გაუღიმა, ყველაფერი დაავიწყა. საოცარი სიცილი ჰქონდა ეკას, ლოყები ეჩვრიტებოდა, ტუჩს რომ ღიმილი გაუპობდა, ლამაზზე უფრო, ეშხიანი იყო ამ დროს...

იმ ჩაჩვრეტილი ლოყების ეშხით გარბოდა ყოველ დილით სკოლაში ბიძინა და გაკვეთილებსაც სხაპა-სხუპით ჩაარაკრაკებდა ხოლმე, ოღონდ კი ეკას მოწონების ნიშნად, გაეღიმა მისთვის...

არასოდეს უთქვამს მისთვის მიყვარხარო, მაგრამ უთქმელადაც ყველა ხვდებოდა, რომ ერთმანეთზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე...

მარო ბებია რომ მოკვდა, გულდამდუღრულმა იტირა პანაშვიდზე ეკამ, მერე კი ბიძინას ჩასჩურჩულა: "რა გვეშველება ახლა ჩვენ?!"

უკვე გაეგო, რომ მამიდას ქალაქში მიჰყავდა ბიჭი. დავბრუნდებიო, - დაჰპირდა...

წლები წლებს მიჰყვა, სკოლა დაამთავრა, სტუდენტი გახდა და როგორც იქნა, გაბედა გამხელა, - მე თუ ვინმეს ცოლად შევირთავ, მხოლოდ ეკა იქნებაო...

წავიდა სოფელში. მამიდა და ბიძაც იახლა, მაგრამ რაღა დროს, - ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მოეტაცებინა გაღმაუბნელ ჟორჟიკას და ოცი წლის გოგო სამი შვილის დედა იყო უკვე...

კარგა ხანს იარა ელდანაკრავმა, დაუგვიანდა კიდეც ცოლის შერთვა. 30 წლის იყო უკვე, მამიდის არჩეული გოგო რომ შეირთო. კარგი ქალი გამოდგა ნათელა და კარგი შვილებიც გაუზარდა, მაგრამ იმ "ჩაჩვრეტილი ლოყების" ეშხი მაინც ვერ შეუცვალა და დაავიწყა...

უკვე ორმოცდაათს იყო მიღწეული, შემთხვევით რომ შეხვდა ეკას ნათესავის დაკრძალვაზე: რომ არა მისი ღიმილი და ჩაჩვრეტილი ლოყები, შეიძლება, ვერც ეცნო. სოფლურ ყოფას თავისებური დაღი დაემჩნია ქალისთვის: აღარც თმა უბზინავდა ძველებურად, აღარც მიხვრა-მოხვრა ჰქონდა მსუბუქი და მზესაც სასტიკად მოეკიდებინა ჟანგი მისი ისედაც მუქი კანისთვის, მაგრამ გაუღიმა და ისევ თოთხმეტი წლის ბიჭივით შეუქანა გული მისმა ჩაჩვრეტილმა ლოყებმა:

- როგორ ბრძანდებით, ბატონო ბიძინა?!

ყელში მობჯენილმა გულმა სიტყვის თქმის უნარი წაართვა. ეკას ხელი ჩაბღუჯა და ეამბორა.

- რავა გეკადრება, ჩემო ბატონო! - იუხერხულა ქალმა და ხელი წაართვა, მერე გვერდით მდგომი კაცი გააცნო: - ეს ჩემი ქმარია, ჟორჟიკა, შეიძლება ქეც იცნობ?!

ჟორჟიკამაც მორცხვად გაიღიმა:

- ჩემნაირები რას ემახსოვრება, მე კი კარგად მახსოვს, სულ კუდში დაგდევდა და ლაწირაკი რომ არ ყოფილიყო ჩემთან შედარებით, შეიძლება, ქეც მიმებეგვა...

...აუ-უ, რა სიამოვნებით გაიგდებდა ფეხქვეშ და მართლა არ იტყოდა მის მიბეგვაზე უარს, მაგრამ ეკას არ აკადრა, არც - ნათელას...

ნაძალადევად გაიცინა და იქაურობას გაეცალა. ისევ განუახლდა სიზმრებში ეკას გაღიმება და ჩაჩვრეტილი ლოყები...

სოფელში კარგა ხანს აღარ ჩასულა. მერე წამოზრდილი შვილიშვილები შეუჩნდნენ: ხალხი ყიდულობს სოფელს, ჩვენ კი გვაქვს და მიგდებულია. ვუპატრონოთ, აგარაკად ვაქციოთ!

დაუჯერეს მამებმა შვილებს, მოინდომეს და ისე გაარემონტეს მარო ბებიას ძველი სახლი, ხალხი გაღმა უბნიდან მოდიოდა მისი რიკულებიანი აივნებისა და ცისფრად მოლივლივე აუზის სანახავად.

სოფელში გადასახლება გადაწყვიტეს ბიძინამ და ნათელამ. ასაკში შესულებისთვის იქაური სიმშვიდე სალბუნად ედებოდა სულს...

ბიძინას კი სხვა სადარდებელი გაუჩნდა - ეკა სულ ახლოში იყო და ყოველ წამს შეიძლებოდა, ქუჩაში შემთხვევით გადაყროდა ან მაღაზიაში და წყაროსთან, სადაც უამრავ ქალს ხვდებოდა ყოველდღიურად. რატომღაც, ყველანი მოწიწებით უთმობდნენ გზას და თავდახრილები ესალმებოდნენ. მათთვის ის ბატონი ბიძინა იყო, ე.ი. შორეული და თავისებურად უცხოც...

როგორ შეიძლებოდა, ეკაც არ შეხვედროდა ერთხელ მაინც?!

ახლა ისიც სამოცდაათს იქნებოდა მიღწეული და ბუნებრივია, შეიცვლებოდა, დაბერდებოდა, მაგრამ ღიმილს რა შეუცვლიდა?!

ერთ დღეს ცოლმა გამომცდელად ჩახედა თვალებში:

- ძილში ვიღაც ეკას ეძახდი და ამ სიბერეში ეჭვიანობა არ დამაწყებინო, არ გადამრიო!

- კოშმარები მესიზმრებოდა! - მოიშორა ნათელა თავიდან, არადა, რა კოშმარი?! ისევ პირველკლასელი ბიჭი იყო სიზმარში და გვერდით კიკინებიანი, ლოყებჩაჩვრეტილი გოგო ჰყავდა დასკუპებული, თმაში ჩაწნული ჩითის ქსოვილებით...

- იქნებ პირდაპირ ამიხდეს სიზმარი და სადმე მართლა ვნახო ეკა! - გაიფიქრა საღამო ხანს ორღობეში გამოსულმა. ბებერი კაკლების ჩრდილში ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ. ზურიკო გამოეყო მათ, მისი 17 წლის შვილიშვილი, თავისი ტოლი გოგო მოჰყავდა ხელჩაკიდებული:

- გაიცანი, ბაბუ, ეს გოგო სიცოცხლეს მირჩევნია! - უთხრა თამამად.

დამორცხვებულმა გოგომ კისკისი ატეხა და ისე ჩაეჩვრიტა ლოყები, რომ გული საგულედან ამოუხტა ბიძინას: ახალგაზრდა ეკა იდგა მის წინ და სულ არ გაჰკვირვებია, როცა გოგონამ თავისი სახელი უთხრა:

- ეკატერინე ვარ, შინაურები კატოს მეძახიან!

- ბებია ხომ კარგადაა?! - ჰკითხა ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა.

- ისიც სულ თქვენ გკითხულობთ, ბატონო, თანაკლასელები ყოფილხართ! - შეაგება პასუხი გოგონამ.

ბიძინამ შუბლზე აკოცა და შვილიშვილს ალალად შეეხვეწა:

- ხელი მაგრად ჩაჭიდე, არ გაუშვა!

მერე კი უცებ გაეცალა ახალგაზრდებს; შეეშინდა, მისი ცრემლი არ დაენახათ...

ინგა ჯაყელი