რო­ბერ­ტო მა­ვა­ნი: "რო­ცა იუმო­რი ეს­მით, კარ­გი სი­უ­ჟე­ტი გა­მომ­დის, რო­ცა არ ეს­მით - უფ­რო კარ­გი" - გზაპრესი

რო­ბერ­ტო მა­ვა­ნი: "რო­ცა იუმო­რი ეს­მით, კარ­გი სი­უ­ჟე­ტი გა­მომ­დის, რო­ცა არ ეს­მით - უფ­რო კარ­გი"

ლევან კვარაცხელია უკვე წლებია, სხვადასხვა იუმორისტულ შოუზე მუშაობს. ამჟამად ის "ჯიდიესზე", "ბინა 18"-ისთვის სიუჟეტებს ამზადებს და თან, სცენარზე მუშაობს. ბოლო წლებში, უმეტესობა მას მეტსახელით რობერტო მავანი იცნობს. როგორ დაირქვა ეს სახელი, ამას ინტერვიუში გვიამბობს და დასძენს, რომ ის მავნებელი ადამიანი საერთოდ არ არის.

- იუმორისტულ სფეროში უნივერსიტეტიდან მოვხვდი. იქ ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მართალია, კარგად ვსწავლობდი და ყველა გამოცდა ჩავაბარე, მაგრამ დიპლომი დღემდე არ გამომიტანია. მას მერე, რაც სასწავლებელი დავამთავრე, სულ რადიო-ტელევიზიაში ვარ, დიპლომი არც დამჭირვებია. ამ სფეროში მუშაობა, ჩემთვის ძალიან კომფორტული და საინტერესოა, ბანკში ან სხვა საფინანსო დაწესებულებაში კი საკუთარი თავი ვერც წამომიდგენია. თუმცა, რა ვიცი, რა ხდება და დიპლომს აუცილებლად ავიღებ.

- უმეტესად, სცენარებზე მუშაობ, არა?

- დიახ, მე მსახიობი არ ვარ. პირველად 2005 წელს "იმედში" ვიყავი, იქ "ფორმულა კრეატივი" სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა, მერე "ღამის შოუს სტუდიაში" სერიალზე - "შუა ქალაქში" დავიწყე მუშაობა, შემდეგ "რუსთავი 2"-ზე, "კომედი შოუს" ბიჭებთან ვიყავი. ახლა "ჯიდიესზე" ვარ.

- შენი სიუჟეტები განსხვავებულია, არასტანდარტულია, ჩარჩოების გარეშე.

- მე ასეთი ფორმატის მომხრე ვარ, უფრო საინტერესო გამოდის. ტელევიზიაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილებამ თავისი როლი ითამაშა. მონტაჟსაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, მთლიანობაში კარგი პროდუქტი გამოგვდის.

- მეტსახელი რობერტო მავანი რატომ დაირქვი?

- ვინც ადრე არ მიცნობდა, ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არც იცის. ეს ცუდიც არის და კარგიც. ძველი ლევან კვარაცხელია აღარ ახსოვთ, მეტსახელი კი ყველას მარტივად დაამახსოვრდა. ეს არის პერსონაჟი. ერთ დღეს "ფეშენ ვიკზე" სიუჟეტის გასაკეთებლად წავედი. თავდაპირველად იყო ხუმრობა, რომ "ფეშენ" სახელი უნდა მრქმეოდა. რობერტო კავალისთან დავაკავშირეთ და მოკლედ, რობერტო მავანი დავირქვი. ამ მეტსახელს კიდევ ერთი ამბავი უკავშირდება, რომელიც ჩემს პირად ცხოვრებასთანაა დაკავშირებული და ვერ გიამბობ.

- მავნებლობდი?

- არა, ჩემზე ეგეთი რამ არ იფიქრო. უბრალოდ, თქმა არ შემიძლია. მოკლედ, რობერტო კავალის გაშარჟებული ვარიანტია.

- ამ მეტსახელით ვინმეს რამეზე მიანიშნე?

- არა. არც მავნებლობაა ჩემს ხასიათში და ვინც მიცნობს, დამეთანხმება... დღეს ხშირია შემთხვევა, როცა ძველი ნაცნობი ქუჩაში მხვდება, მოდის და მეუბნება: ვაა! რობერტო, როგორ ხარ? ის ლევანსაც მიცნობდა, მაგრამ თანმხლებთან მარიაჟობს, მე რობერტო მავანს ვიცნობო. ვინც ადრეც მიცნობდა, მათ ვთხოვ, სახელით მომმართონ, რობერტო მავანი კი უბრალოდ, პერსონაჟია.

- იუმორი ზოგიერთ შემთხვევაში სწორად არ ესმით. სიუჟეტების მომზადების დროს, რა სირთულეებს აწყდები?

- თუ იუმორი ესმით, კარგი სიუჟეტი გამოდის და თუ არ ესმით - უფრო კარგი. ერთი შემთხვევა მახსენდება, კონკრეტულ ღონისძიებაზე არ შეგვიშვეს, არადა, მოლაპარაკება იყო, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი უნდა დასწრებოდა. მე ამ შეთანხმებას ვახსენებდი და ისინი მაინც, ჯიუტად არ გვიშვებდნენ. ჰოდა, კარგი სიუჟეტი გამოგვივიდა.

- რობი უილიამსის კონცერტზეც არ შეგიშვეს, არა?

- კი, მაგრამ უფრო კარგი სიუჟეტი გამოგვივიდა, ვიდრე შეშვების შემთხვევაში შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. ამ შემთხვევაში, კრეატიულობა დიდ როლს თამაშობს. ასეთ პირობებში მუშაობას, ოპერატორებიც მიეჩვივნენ. სიტუაციის მიხედვით ვიგონებთ თემას, რაც ხშირ შემთხვევაში, დაგეგმილზე არანაკლებ საინტერესო გამოდის.

- გამორჩეულად, რომელი სიუჟეტი გახსოვს?

- თბილისობის დღესასწაულზე ვიყავით გასულები და ზურა შევარდნაძემ ყვავილები მირტყა. პატარა გაუგებრობა მოხდა, სიტუაცია გადავიღეთ. არადა, ეს ყველაფერი ერთ უწყინარ შეკითხვას მოჰყვა.

- ასეთი რა ჰკითხე?

- მთელი დღე ქუჩაში ვიყავით, ბევრი კადრი გადავიღეთ და ბოლოს, წამოსვლას რომ ვაპირებდით, შევნიშნეთ ყვავილების გამოფენა, რომელიც ზურა შევარდნაძეს ჰქონდა მოწყობილი. მივედით და ვკითხე, - "ქინძი ხომ არ გაქვთ?" ამ შეკითხვამ ძალიან გააბრაზა, შევლაპარაკდით. საბოლოო ჯამში, ამან ჩემზე ძალიან კარგად "იმუშავა". შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, უწყინარი ხუმრობა იყო. ისეთი პიროვნება არ არსებობს, გახუმრება რომ ვერ შეჰბედო. თან, მე შევარდნაძეს ვიცნობდი, როგორც ხუმარა ადამიანს, ერთი პერიოდი ხომ იუმორისტულ სფეროშიც მუშაობდა. მისი საქციელით გაკვირვებული დავრჩი. ეთერში სიუჟეტი რომ გავიდა, მაყურებელსაც იგივე განცდა გაუჩნდა.

- პერსონა, რომელზეც სიუჟეტის მომზადება გიყვარს, რომელია?

- კონკრეტულად ერთ პერსონას ან ადგილს ვერ დავასახელებ. სულ სხვადასხვა სიტუაციაში მიწევს ყოფნა. რესპონდენტებიც იშვიათად მეორდებიან. ბოლო დროს საყვარელ პერსონად იქცა სოსო კავკავაშვილი. წვეულებებზე, ღონისძიებებზე სულ ჩანდა, იქაური პუბლიკა კარგად იცნობდა, დავინტერესდი, ვინ იყო და ერთ სიუჟეტში ვკითხე, - ვინ ხარ? გაგვეცანი-მეთქი. მერე მეორე სიუჟეტშიც გადავიღე, მაყურებელს უფრო ახლოს გავაცანი. მერე გადაცემაშიც მოვიყვანეთ. ფართებზე ზოგჯერ, დილის 11 საათიდან ღამის 5-მდე გვიწევს ყოფნა, კარგი მომენტები რომ არ გამოგვეპაროს.

- პოლიტიკა ის თემაა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ეხებით, არა?

- არხის ფორმატიდან გამომდინარე, ასეა. ჩვენი მაყურებელი უმეტესად, ახალგაზრდობაა და ისინი პოლიტიკით ნაკლებად არიან დაინტერესებულები.

- "ბინა 18"-ის გარდა, კიდევ რომელ პროექტზე მუშაობ?

- ვუშაობ "შტანდუპერზე" - ეს შედარებით ახალი პროექტია, კარგი გამოხმაურება აქვს და იმედია, თანდათან უკეთესი გახდება. "ბინა 18"-ში "ძალით გაკეთებული" იუმორი არ არის. უმეტეს იუმორისტულ გადაცემაში, მუშაობის პროცესი ქარხნულ სისტემას ემსგავსება, რუტინაში გადადის. ჩვენ ვაკეთებთ არა იმას, რაც ხალხს მოსწონს, არამედ იმას, რაც მომავალში მოეწონებათ. ჩვენც უნდა მივიღოთ სიამოვნება საქმისგან, რომელსაც ვაკეთებთ.

- ამ მიდგომამ გაამართლა?

- ვფიქრობ, გაამართლა.

- ზოგადად, ხარისხიანი იუმორის კეთება რთულია.

- რა თქმა უნდა, რთულია. ჩვენ არ ვიმეორებთ ერთსა და იმავე ხუმრობებს, მუდამ სიახლეებს ვეძებთ. ახლა, ამ წუთებშიც შემდეგი გადაცემა იგეგმება, სტუმრების მოწვევის საკითხი ირკვევა. მომავალი გადაცემის თემად გვაქვს ამერიკა, ტრამპის პრეზიდენტობა. ყველანი ცალ-ცალკე მოვიფიქრებთ თემას, მერე ვწერთ სტუმრების ვინაობას, მერე ნააზრევს ერთმანეთს ვაცნობთ და ვთანხმდებით, ვინ შეიძლება მოვიწვიოთ.

- სტუმრის გამო გადაცემა ჩაგვარდნიათ?

- ერთხელ გვქონდა შემთხვევა, სტუმარმა ბოლო წუთებში ვერ მოახერხა მოსვლა, შეუძლოდ გახდა და შემცვლელი 10 წუთში ვიპოვეთ.

- წარმატებებს გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე