ხიფათი, რომანტიკა, თავგადასავლები და რეცეპტები "მზარეულების" შეფ-მზარეულისგან - გზაპრესი

ხიფათი, რომანტიკა, თავგადასავლები და რეცეპტები "მზარეულების" შეფ-მზარეულისგან

პროფესიით გეოლოგია. ამ სისტემაში 10 წელი იმუშავა. იმ პერიოდში, ხიფათი და საინტერესო თავგადასავლები მისთვის ერთგვარი რომანტიკაც იყო. მიუხედავად ბუნების სიყვარულისა, სტუდენტობის წლებში ჩაყლაპული სცენის მტვერი მაინც არ ასვენებდა, გული თეატრისკენ მიუწევდა, სცენისა და კამერების წინ თამაშის ნოსტალგია ჰქონდა... ალეკო თეთრაშვილი ამჟამად "ჯიდიესის" კომედიაში - "მზარეულები" შეფ-მზარეულის როლს ასრულებს.

- შარშან "ჯიდიესიდან" დამიკავშირდნენ და შეფ-მზარეულის როლი შემომთავაზეს. სასინჯ გადაღებაზე მივედი და დამამტკიცეს. მოგეხსენებათ, ამ როლს ზუკა პაპუაშვილი ასრულებდა. ის თეატრში იმდენად დაკავებული იყო, იძულებული გახდა, როლზე უარი ეთქვა. ულვაში არასდროს მიტარებია, იქ კი გრიმი გამიკეთეს და თამაში დავიწყე. გავამართლე თუ არა მოლოდინი, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს.

- შეფ-მზარეულის როლში თავს როგორ გრძნობთ?

- საინტერესო სათამაშოა, განსხვავებული ტიპაჟია, დრამატული პიროვნებაა. სერიალში ჩნდება მისი ქალიშვილი, რომელიც სამზარეულოში მასთან იწყებს მუშაობას, რაც ჩემს გმირს არ სიამოვნებს. ამ ამბავს მხოლოდ რესტორნის მფლობელს უმხელს, თან სთხოვს, რომ არავინ უნდა გაიგოს, მაგრამ ბოლოს ისეთ სიტუაციაში ვარდება, იძულებულია, თავად გამოაცხადოს, რომ ის მისი ქალიშვილია. ბოლო სერიებში ჩემი გმირი ინტერვიუს აძლევს, სადაც ამბობს: მაშინ მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, სასიმამროსა და სასიდედროსთვის მზარეული არ იყო მისაღები სასიძო. მზარეულებს რა, სიყვარულის უფლება არ გვაქვს? ოჯახს ვერ შევინახავთ?" მოკლედ, ის გოგონა ფეხმძიმედ დარჩება და შეეძინება ქალიშვილი. შეყვარებულებს ერთმანეთისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, პარიზში უნდა წასულიყვნენ, მაგრამ გოგო მშობლებთან დარჩა, არ გაჰყვა. მას მარტო მოუხდა პარიზში მოგზაურობა და იქ პროფესიონალ შეფ-მზარეულად ჩამოყალიბდა. მთელი ცხოვრება დარდს სასმლით იკლავს.

- ალალი და უბოროტო ადამიანიც არის.

- დიახ. როცა პატარა დაწესებულების ხელმძღვანელი ხარ, იქ დისციპლინა თუ არ გამოავლინე, არაფერი გამოვა. უნდა იყო მკაცრი და სამართლიანი. ჩემს გმირს ბოროტ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ, ამდენად ჩემთვის ამ როლზე მუშაობა საინტერესოა.

- გადაღების პროცესი ძალიან შრომატევადი და დამღლელია, მაგრამ კადრს მიღმა ბევრი სახალისო ამბავიც ხდება, მით უმეტეს, როცა კომედიაზე მუშაობენ.

- მართლა ძალიან დაძაბული რეჟიმით ვიმუშავეთ. ობიექტური მიზეზების გამო, ჩამორჩენა მოხდა. ამიტომ დილიდან დილამდე ვმუშაობდით. ძალიან ვიღლებოდით. ჰოდა, ხომ თითქოსდა ჯოჯოხეთური სამუშაოა, დიდ ენერგიას გართმევს, მაგრამ ჩემთვის მაინც სასიამოვნო და საინტერესოა. სახალისო ამბები ჩვენი რეჟიმიდან გამომდინარე, არც მახსენდება. ძალიან შეკრულ და მობილიზებულ ჯგუფთან ერთად ვიმუშავე. ნიჭიერი გოგონები და ბიჭები არიან. ტექნიკური ჯგუფის წევრები ფუტკრებივით ფუსფუსებდნენ. რეჟისორის ერთი თქმა და ყველა თავის ადგილზე იყო - ეს მსახიობისთვის დიდი კომფორტია.

- მაყურებელმა ახალ როლში როგორ მიგიღოთ?

- კარგი შეფასებები მოვისმინე. ისიც კი მითხრეს, ულვაში მოგიხდაო. ეს გასართობი სერიალია, მაყურებელი არ იძაბება და აქედან გამომდინარე, ვიცი, ბევრს მოსწონს.

- რეალურ ცხოვრებაში როგორი მზარეული ხართ?

- ხორცეული მიყვარს. ხორცის დამუშავება ნაჯახით, დიდი დანით კარგად გამომდის, ეს მამაკაცის საქმეა. ქათმისა და კურდღლის ჩახოხბილს კარგად ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ ბატკნის ჩაქაფული, ჩაქინძული, ჯიგრის ყაურმა კაცმა უნდა მოამზადოს.

- მარტო რომ მოგიწიოთ ცხოვრებამ, თავს გაიტანთ?

- მე ხომ პროფესიით გეოლოგი ვარ. ექსპედიციებში დავდიოდი 10 წელი და მარტოც მიცხოვრია. ხან მთის წვერზე ვიყავი, ხან - ტყესა და მინდორში... მსახიობობა იყო ჩემი მოწოდება და სიხარულისგან გავგიჟდი, როცა "გეპეიში" სწავლის დროს გავიგე, რომ იქ თეატრი იყო. სასწრაფოდ მივაშურე და დასის წევრად ჩავირიცხე. ბევრი როლი ვითამაშე. მეხვეწებოდნენ, დავრჩენილიყავი, მაგრამ ვიუარე, - წარმოებაში უნდა წავიდე-მეთქი. გეოლოგის ცხოვრება თავგადასავლებითა და სირთულეებითაა სავსე. ამას თავისი რომანტიზმიც აქვს. მე კი ბუნებით რომანტიკოსი ვარ და გული მთებისკენ მიმიწევდა.ტყეში ცხოვრება ადვილი არ არის, სულ სირთულეების დაძლევა გიწევს. იმ ხნის განმავლობაში, როცა გეოლოგიურ საქმიანობაში ვიყავი ჩართული, თეატრისა და სცენის ნოსტალგია მქონდა, კამერის წინ მუშაობა მენატრებოდა. თეატრში დავბრუნდი და 1992 წელს "პა სეანსი" დაიბადა.

- გეოლოგის ცხოვრებაში, ხიფათიც ხშირია, არა?

- სიკვდილისთვის თვალებში არაერთხელ ჩამიხედავს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ. 23-24 წლის ბიჭი ვიყავი, ბოლნისში იდგა ჩვენი ექსპედიცია და ობიექტი საყდრისის მხარეს გვქონდა. ექსპედიციიდან ობიექტამდე 20 კილომეტრი იყო დაშორება. ჭაბურღილი მთის წვერზე გვედგა. ყოველდღე მივდიოდით იმ ადგილას და საძიებო გაბურღვით სამუშაოებს ვაწარმოებდით. საბურღი ინსტრუმენტი დაგვიზიანდა. ისეთი მატერიალური ფასეულობა იყო, უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით, ამიტომ მორიგეობით მივდიოდით და ღამე თითო კაცი ვრჩებოდით. იქ გვედგა პატარა ფიცრული, რომელიც 3 მხრიდან იყო შემოსაზღვრული, კარი არ ჰქონდა. შიგნით ნახშირის დიდი ღუმელი იდგა, რომ არ შეგცივნოდა. გარეთ თოვდა. დილის 8 საათზე ვიცვლებოდით. უსაფრთხოებისთვის თოფიც გვქონდა. ჩემი მორიგეობის დრო რომ დადგა, გამაფრთხილეს, - ყურადღებით იყავი, წუხელ მგლები ყმუოდნენო. მუხლებამდე თოვლი იყო. დაღამდა, დავიძინე, თან ღუმელი მინთია. შუაღამისას მგლების ყმუილმა გამაღვიძა. გავიხედე და დაახლოებით 50 მეტრში 3-4 სილუეტი დავინახე. დავრწმუნდი, მგლები იყვნენ, თოფი ჩამოვიღე. სხვათა შორის, ნადირობის მოყვარული ვარ. 4 დიდ ჯოხზე ქსოვილები დავახვიე, "სალიარკაში" დავასველე და ავანთე. ოთხივე ფიცრულის შემოსასვლელთან ჩავარჭვე, საწვავის რესურსი ბევრი მქონდა. მგელს ცეცხლის ეშინია. როცა ტყეში მარტო ხარ, მათი ყმუილი საშინელი მოსასმენია. გარშემო ტრიალებდნენ, ახლოს მოსვლა ვერ გაბედეს, მაგრამ მაინც ცუდი შეგრძნება იყო. გათენება დაიწყო, მალე ჩვენი 2-ხიდიანი მანქანის ხმაც გაისმა, ჩემი შემცვლელი მოჰყავდათ. იმ მანქანის ღმუილი, როგორც "იავნანა", ისე ჩამესმა... ერთხელ გვირაბი ჩამოინგრა და მიწის სიღრმეში მოვყევით, ჩაკეტილ სივრცეში 4 ადამიანი დავრჩით. მალე გაწმინდეს და გაგვიყვანეს, მანამდე კი "კომპრესორის" მილიდან შოკოლადის კანფეტები შემოგვიყარეს.

- ხშირად ნადირობთ?

- ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ქალაქის ხმაურს რომ მოწყდები და ველურ ბუნებაში გადიხარ, სადღაც იხვი აფრინდება, სადღაც მელა, კურდღელი ან ტახი გაირბენს, იქ სიცოცხლე სხვაგვარი სიმძაფრით იგრძნობა. ტახის ხორცი გამორჩეულად გემრიელია. მე მაინც, ფრინველზე ნადირობა მიყვარს, მეტი აზარტი აქვს.

- რამდენიმე კერძი დაასახელეთ, რომელსაც კარგად ამზადებთ და ჩვენი მკითხველისთვის რეცეპტიც გვითხარით.

- ღორის ლორის დამზადების კახურ ვარიანტს გასწავლით. რაჭველები მთელი ზამთრის განმავლობაში ბოლავენ, კახური ლორი კი შებოლვის გარეშეა. ღორის ნაკლებად ცხიმიანი ბარკალი უნდა შეიძინოთ, კარგად გაასუფთაოთ და დასეროთ. დასერილ ადგილებში მარილი ჩავაყაროთ. მერე ქვაბში ჩავდოთ და 3-4 დღე სიცივეში (სასურველია აივანზე) გავდგათ. შემდეგ ამოვიღოთ, სითხე გადავღვაროთ, კარგად გავამშრალოთ და მოვამზადოთ მარილიანი ნაჯერი წყალი. ოდნავ თბილ წყალში უნდა ჩავყაროთ მარილი და ვურიოთ. წყალს მარილი მანამდე უნდა ვამატოთ, სანამ მასში ჩაგდებული კვერცხი ზემოთ არ ამოტივტივდება. მერე ხორცი ჩავდოთ წყალში და ისევ აივანზე გავდგათ. 7-10 დღის მერე ამოვიღოთ და ჩამოვკიდოთ. 2 კვირაში კახური ლორი მზად არის. მერე ჩამოვჭრათ რა რაოდენობაც გვენდომება, ჩავდოთ ცივ წყალში და ნელ ცეცხლზე მოვხარშოთ. 40 წუთში მზად არის.

- ჯიგრის ყაურმას როგორ ამზადებთ?

- ჯიგარი კარგად უნდა გავრეცხოთ და დავაქუცმაცოთ, შევდგათ ცეცხლზე და პერიოდულად, წყალი ვამატოთ. ამ კერძისთვის გვჭირდება მხოლოდ წვრილად დაჭრილი ხახვი, პილპილი და მარილი. ჯიგარი რომ მოიხარშება, 7-8 წუთი დაჭრილს ხახვთან ერთად მოვშუშოთ. შავ პილპილს ყველაფერი თავის გემოზე მიჰყავს და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს.

თამუნა კვინიკაძე