ნიკოლოზ გაბაონის ცხოვრება - 16 თებერვლიდან - "აივნიანი ქალაქი" ჟურნალ "გზაში" - გზაპრესი

ნიკოლოზ გაბაონის ცხოვრება - 16 თებერვლიდან - "აივნიანი ქალაქი" ჟურნალ "გზაში"

მისი ავტორი, ვალერიან გაბაშვილი, იგივე ნიკოლოზ გაბაონი ისტორიკოსი გახლდათ...

ვინ იყო ნიკოლოზ გაბაონი, რომლის შესახებაც "აივნიანი ქალაქის" შთაბეჭდილების ქვეშ მყოფებმაც კი ბევრი არაფერი იციან? - მის შესახებ ქალბატონი მანანა გაბაშვილი წერს:

"ნიკოლოზ გაბაონი ფსევდონიმია ქართველ აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვალერიან გაბაშვილის. იგი დაიბადა 1911 წლის 9 აპრილს, ციმბირში, მეფის რუსეთის მიერ გადასახლებული პოლიტპატიმრის ნიკოლოზ გაბაშვილის ოჯახში. რამდენიმე თვის იყო ვალერიანი, როდესაც ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლოზ გაბაშვილი 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი ხდება. საქართველოს ოკუპანტების წინააღმდეგ, 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო, იგი დააპატიმრეს...

1942 წელს ნიკოლოზ გაბაშვილი კვლავ დააპატიმრეს და შუა აზიაში გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. გავა სამოცდაათი წელი. 1991 წლის 9 აპრილს, ეროვნული ხელისუფლების მიერ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში მისი ორი შვილიშვილიც შეიტანს წვლილს...

მამის ცხოვრებამ, მისმა შეუპოვარმა ბრძოლამ ქვეყნის თავისუფლებისათვის, ღრმა კვალი დატოვა ვალერიან გაბაშვილის ცხოვრებაზე. მან მოგვიანებით ლიტერატურულ ფსევდონიმად მამის სახელი - ნიკოლოზი აიღო, გაბაონი კი გაბაშვილების გვარის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.

გაბაშვილს, როგორც რეპრესირებული ოჯახის შვილს, ხალხის მტრის შვილის მძიმე ხვედრი ერგო: დაკითხვები და დევნა, მუდმივი ზეწოლა და თვალთვალი. ერთხანს ასპირანტურიდანაც დაუთხოვიათ, მაგრამ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ძალისხმევით აღუდგენიათ. მიუხედავად დევნისა და ზეწოლისა, იგი თავისი პრინციპებისა და მამის ხსოვნის ერთგული დარჩა. იდგა ჩრდილში, ცხოვრების ამაოებისაგან შორს და ჭეშმარიტი მეცნიერისა და მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა. ვალერიანი იმ ქართველ მამულიშვილთა გზას აგრძელებდა, ვის წრეშიც პატარაობიდანვე იზრდებოდა და პიროვნებად ყალიბდებოდა. ესენი იყვნენ ოჯახის ნათესავები და ახლობლები: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, მოსე ჯანაშვილი, იროდიონ სონღულაშვილი, ვლასა მგელაძე, ვინც 1918 წლის 26 მაისს მთაწმინდაზე აიჭრა და ზარების გუგუნით ამცნო საქართველოს დამოუკიდებლობა; იოსებ გრიშაშვილი, ვისი ზედმეტი სახელი ფირუზა "აივნიანი ქალაქის" ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია. რას წარმოიდგენდა ძველი თბილისის პოეტი, რომ მაშინ პატარა, მასავით ლურჯთვალა ბიჭი, "აივნიანი ქალაქით" ძველ თბილისს პროზაში იმ ძეგლს დაუდგამდა, რაც მან პოეზიაში გააკეთა.

მოგვიანებით გაბაშვილმა თავისი ცხოვრება ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას ქალიშვილს - მედეას დაუკავშირა, რომლის ბიძებიც ვახტანგ და ლადო კოტეტიშვილები იყვნენ, მკვლევარნი და საზოგადო მოღვაწენი. ასე იკვრებოდა ქართულ ოჯახთა ის წრე, რომელიც საქართველოს ჭეშმარიტ ისტორიასთან ერთად, თაობიდან თაობას გადასცემდა ხსოვნას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ.

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ, განათლებულ ახალგაზრდას, პოლიგლოტს (სკოლაში უკვე რამდენიმე ევროპულ ენას ფლობდა, მოგვიანებით კი აღმოსავლური ენებიც შეისწავლა), არჩევანის გაკეთება თეატრს, მწერლობასა და მეცნიერებას შორის გაუჭირდა. 1930-1932 წლებში იგი თეატრის მსახიობი იყო. თამაშობდა კოტე მარჯანიშვილის გახმაურებულ სპექტაკლებში, რის შესახებაც საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა. პარალელურად, თბილისის უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. საბოლოოდ, მისი არჩევანი ივანე ჯავახიშვილთან შეხვედრამ განაპირობა, რომლის უკანასკნელი ასპირანტიც აღმოჩნდა.

ვალერიან გაბაშვილმა შექმნა საერთაშორისო რეზონანსის მქონე ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა. დატოვა დიდი სამეცნიერო მემკვიდრეობა შუა საუკუნეების საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის, სოციალურ-ეკონომიკის, დიპლომატიის, წყაროთმცოდნეობის, ურბანისტიკისა და კულტურის სფეროში. 1960 წლიდან გარდაცვალებამდე (1985წ), აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1945-1973 წწ. თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრას. მართალია, იგი წარსულს იკვლევდა, მაგრამ მისი შრომები საქართველოს მომავალზეც იყო გათვლილი, რაც თავისუფალ საქართველოს წაადგებოდა. ეს მის ერთადერთ რომანსაც ეხება, რომელშიც საქართველოსა და კავკასიის, თბილისის ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის, საქართველოს ორიენტაციის საკითხები და სხვა მრავალი პრობლემა მხატვრული ნაწარმოების კუთხით განიხილა.

"აივნიანი ქალაქი" გაბაშვილმა ახალგაზრდობაში დაწერა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას და პირველ ნაწერებს მასწავლებელს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, "აბესალომ და ეთერის" ლიბრეტოს ავტორს, პეტრე მირიანაშვილს აკითხებდა. თუ ვინ იდგა ამ რომანის ავტორის ფსევდონიმის უკან, დიდხანს მისმა კოლეგა ისტორიკოსებმაც არ იცოდნენ, რასაც გაბაშვილის განსაკუთრებული მოკრძალებითა და თავმდაბლობითაც ხსნიან.

"აივნიანმა ქალაქმა" XIX საუკუნის ძველი თბილისისათვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, მათ შორის ისტორიული პერსონაჟებით, როგორც უცხო ენებზე მთარგმნელთა, ისე რეჟისორებისა და მსახიობების (ეროსი მანჯგალაძე, გ.კახაბრიშვილი, ბუბა ხოტივარი, ლაშა კოტრიკაძე...) ყურადღება მიიპყრო. იდეა, "აივნიანი ქალაქის" საფუძველზე სატელევიზიო ფილმის გადაღებისა, ამ რომანის გამოჩენისთანავე გაჩნდა. ეს იდეა, ადრე თუ გვიან, ხორცშესხმას პოვებს და უკვე ეკრანზე გააცოცხლებს ძველ თბილისს, მის პერსონაჟებსა და თავგადასავლებს...

ცნობისათვის, ამ რომანში აღწერილია ის, თუ როგორ ვითარდებოდა თბილისში მეწარმეობა, ვაჭრობა, პროდუქციის გაცვლა-გამოცვლა, მოდა... მთავარი გმირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადის, მოგზაურობს და სიახლეებს თბილისში ამკვიდრებს. ნაწარმოები ემოციურია და თან, მასში ბევრი დოკუმენტური მასალაა. მთავარი გმირი თავისი ცხოვრების მშენებელი, მშრომელი ადამიანია, რომელსაც კარგი ხედვა აქვს და სახლსაც სრულიად ახალ უბანში - მთაწმინდაზე იშენებს, რომელიც შემდეგ ხდება პრესტიჟული. ვკითხულობთ, თუ როგორ ხდებოდა ამ უბნების გაშენება და ა.შ.

ნაწყვეტი რომანიდან:

"იმ დროს ერევნის მოედანზე და სოლოლაკში სახლის ადგილები ჩალის ფასად იყიდებოდა. ქართველ თავადებს არაფრად უღირდათ ავანაანთ ხევის ღრანტეები და კოჯრის ძველ კართან გაშენებული მეფის ბაღები. ისინი ზამთრობით (ზაფხულსა და შემოდგომას სოფლებში ატარებდნენ) ორბელიანების უბანში, მადათოვის მოედანთან და ანჩისხატის უბნის მახლობლად ცხოვრობდნენ, ვაჭრებისა და ხელოსნებისგან განცალკევებით... არც გრიგოლ ზანდაროვს დასჯდომია ძვირად მიწის დიდი ნაკვეთის ყიდვა მეფის ყოფილ ბაღებში..."

"XIX საუკუნის 40-იან წლებში თბილისმა ევროპული იერი მიიღო. სოლოლაკმა და გარეთუბანმა უკან მოიტოვა ანჩისხატის უბანი, თათრის მოედანი, მეტეხი, აბანოების რიგები, ხარფუხის აღმართ-დაღმართები და ნარიყალა. ძველი ქალაქი, თავისი პატარა და აივნიანი სახლებით სადღაც ქვემოთ, მტკვარზე მიკრული აღმოჩნდა, ხოლო ახალი ქალაქი ახალ უბნებში ღონივრად შლიდა მხრებს, ფართოვდებოდა და მშვენდებოდა..."

ნაწარმოებში XIX საუკუნის შუა პერიოდზეა საუბარი, როცა ბატონყმობა მიდის და ახალი საზოგადოება ყალიბდება. ერთი კაცის ისტორიაა აღწერილი, რომელიც ერთ-ერთ ბატონთან მოჯამაგირედ იყო, მან მის საცოლესთან პირველი ღამის უფლებით ისარგებლა.

ნაწყვეტი რომანიდან:

"ცანგალაანთ ნათია და ფანდურაანთ იოსება აკვნებშივე იყვნენ დანიშნული და სულ ერთად იზრდებოდნენ, სანამ გოგოს სასახლეში ბატონის ასულის, მანანა გერმანოზიშვილის მოახლედ წაიყვანდნენ. ბიჭი დადარდიანდა. გულჩათხრობილი გახდა. თან იმასაც ამჩნევდნენ, რომ ბატონი ნათიას სულ თავს დასტრიალებდა, თვალს არ აშორებდა და "პირველი ღამის უფლების" აღსასრულებლად თადარიგს იჭერდა.

ჟამიანობის დროს დახოცილი მშობლების ბიჭი ყველას ებრალებოდა, განსაკუთრებით - მანანა გერმანოზიშვილის გამდელ გაიანეს, რომელიც ბიჭს არც მზრუნველობას აკლებდა, არც სიყვარულს, მაგრამ როცა გოგოს მამამ, სოფლის ნალბანდმა და თავკაცმა, ფარული ქორწინების განზრახვა მღვდელს და ორ მეზობელ გლეხს გაანდო, გაიანეს არაფერი უთხრა, რადგან ამ უქმროდ და უძეოდ გადაგებულ ქალს მზე და მთვარე მანანა გერმანოზიშვილზე ამოსდიოდა და ბატონების ძაღლივით ერთგული იყო..."

"ეს ნაცნობი, სადღაც გაგონილი ხმა გაბრუებულ იოსებს თანდათან აფხიზლებდა... თვალებიდან ბინდი გადაეყარა. ყველაფერი ცხადად გამოჩნდა. მის მხარზე ნებივრად მოკალათებული მანანა გერმანოზიშვილი კისკისებდა, ხოლო იქვე, სულ ახლოს, მხარმარცხნივ, დავით გერმანოზიშვილი მოსდევდა დეზების წკარუნით. "როგორ გადავურჩე ჩემს მდევნელებს, - ფიქრობდა გაოცებული იოსები, - რატომ არავითარ ყურადღებას არ მაქცევს დავითი? რატომ მანანა თავის კისკისს არ შეწყვეტს და კივილით არ ეტყვის თავის ძმას: "მე ჩვენი მამის მკვლელის მხარზე ვზივარო..."

დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ეს რომანი აუცილებლად, ძველი თბილისის ქუჩებში დაგაბრუნებთ.