პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სის ტკბილ-მწა­რე გე­მო - გზაპრესი

პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სის ტკბილ-მწა­რე გე­მო

ცოტა ხნის წინ, ზოგიერთი კომპანიის თანამშრომელთა მიერ ხელფასის ოდენობის გაპროტესტებას, ინტერნეტსივრცეში პირველი ხელფასების თემის აგორება მოჰყვა. პირველი სამსახური და მასში მიღებული გასამრჯელო ბევრმა ხალისით გაიხსენა, რადგან, როგორც წესი, ეს თანხა დიდ ციფრებს არ ასახავდა, ბევრისთვის კი, სამწუხაროდ, დიდად არც მას შემდეგ შეცვლილა შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი... ჩემი პირველი ჰონორარი, რომელიც სტუდენტობისას, "დილის გაზეთისთვის" მსახიობ ეკა ქუთათელაძესთან ჩაწერილი პირველი ინტერვიუსთვის ავიღე, თემაზე - "დარაბებს მიღმა გაზაფხულია", 35 ლარს შეადგენდა... გთავაზობთ, საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ადამიანის "პირველი ხელფასის" ამბავს.

ანდრო ბარნოვი:

- ჩემი პირველი ხელფასის შესახებ მოგახსენებთ. საშობაო ბარათების დარიგებაში ოთხ კაცს 20 დოლარის ეკვივალენტი გადაგვიხადეს ბერძნულ დრაქმებში. სტუდენტები ვიყავით, სტუდენტური რესტორანი გაიფიცა (საბერძნეთია, მოგეხსენებათ) და დავრჩით მშივრები. ერთხელ კარგად ვჭამეთ ამ ფულით (თითო ჰოთდოგი - ადგილობრივ დიალექტზე "ლუკანიკო" და კიდევ რაღაც გამოგვივიდა). ერთ კვირაში უკეთესი სამსახური ვიშოვეთ მოზაიკის ფილების საამქროში (სამსახურებს შორის შუალედში ბოთლებს ვაბარებდით), სადაც 2 კაცი დღემონაცვლეობით ვშრომობდით და დღეში 20 დოლარის ეკვივალენტს გვიხდიდნენ. ამ ფულით უკვე ჩვენც ვჭამდით და დანარჩენ ორსაც ვაჭმევდით: 4 მეგობარი ვიყავით და ერთმანეთს ვუვლიდით. ჩვენ (ბიჭები) ვმუშაობდით, ისინი (გოგოები) საჭმელს გვიკეთებდნენ და ტანსაცმელს გვირეცხავდნენ. ეს იყო ნამდვილად უტკბესი შემოსავალი და ყველაზე მშიერი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე ბედნიერი დრო ჩემს ცხოვრებაში.

ახლა პირველ ქართულ ხელფასზეც მოგახსენებთ. უნივერსიტეტში დამტოვეს კათედრაზე და ხელფასი 18 ლარი მქონდა. მერე ინსტიტუტმა გრანტი აიღო და 9 ლარი დამემატა, ანუ 27 ლარი გახდა. ძალიან ცოტა იყო, მაგრამ ასეთი ენთუზიაზმით მგონი მას შემდეგ არ მიმუშავია. დამატებითი სამუშაოს შესრულება სულ მიწევდა, ხან თარჯიმნად, ხან - მთარგმნელად. მახსოვს ერთხელ ფოთის პორტის შუქურის კომპიუტერული პროგრამის მანუალიც კი ვთარგმნე და მაგრად გავიჭედე სიტყვაზე "Iნტერფაცე" - დიდი ხანი ვარკვევდი მნიშვნელობას, რას ნიშნავდა არც ლექსიკონებში ეწერა და ვერც ვერავინ მეუბნებოდა. ბოლოს ასევე დავტოვე - "ინტერფეისი". ამის გარდა, აბიტურიენტებს ვამზადებდი და ა.შ. დიდი ჯაფის შედეგად 150-200 ლარს ვშოულობდი. ჩემთვის ნამდვილად დიდი ფული იყო მაშინ.

ერთხელ, უცხოურ დელეგაციას ვახლდი თარჯიმნად, 1998-ში. აქაურ სახელმწიფო ორგანიზაციას სისტემატურად სტუმრობდნენ და იმჯერად მე ამარჩიეს. წინასწარ შემითანხმდნენ, რომ ერთი კვირის სამუშაოში 1.000 დოლარს გადამიხდიდნენ, რაც ძალიან მიხაროდა. ვიზიტის ბოლოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მითხრა, წესით, ჩვენს მიმღებ ორგანიზაციას უნდა ვაძლევდეთ ფულს და ისინი გიხდიდნენ, მაგრამ წინა გამოცდილებით ვიცით, რომ მერე მშრალზე ტოვებენ თარჯიმნებს და ჩვენ გვაბრალებენ, ვითომ არ გადავიხადეთო. ამიტომ, ახლა პირადად გადმოგცემ ამ ფულსო და კონვერტით მომართვა. ქართული მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც მანამდე ძალიან მემეგობრებოდა, ამის შემდეგ გამარჯობასაც აღარ მეუბნებოდა.

გიგა ნასარიძე:

- "რადიო ასხუთში" რომ ვმუშაობდი, ხელფასი ასი ლარი მქონდა, ღამის თენებაც მიწევდა, სკამზე ძილიც და სიმღერის გამოცხადებიდან გამოცხადებამდე ორწუთიანი თვლემაც. მაშინდელი ათი თვის ხელფასი კი დღემდე არ ამიღია.

მერაბ მეტრეველი:

- ჩემი პირველი ხელფასი 14 თუ 15 წლის ასაკში ავიღე. ყოველ შემთხვევაში, სკოლის მოსწავლე ვიყავი. ზაფხულში ჩამოსასხმელ წვენებს ვყიდდი ბათუმის ავტობუსების სადგურში. ჩემი პირველი დამსაქმებელი ჩემი მეზობელი იყო.

თამთა დადეშელი