მე­თევ­ზი­სა და მო­ნა­დი­რის "ნა­ზა­ვი", ალ­პი­ნის­ტი, სპე­ლე­ო­ლო­გი - გზაპრესი

მე­თევ­ზი­სა და მო­ნა­დი­რის "ნა­ზა­ვი", ალ­პი­ნის­ტი, სპე­ლე­ო­ლო­გი

შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე გრინდაიზერი უნიკალური ადამიანია, რომელიც წყალში თავს თევზივით გრძნობს, კლდეზე - სპაიდერმენივით და მღვიმეში - უწონო სხეულივით. ის წყალქვეშა სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ და იმ სამყაროს, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის მიუწვდომელია, ძალიან კარგად იცნობს. შეუძლია, პოსეიდონთან სტუმრად წაგიყვანოთ და დელფინებთან იცუროს, როგორც თანასწორმა.

- წარმოშობით კახელი ვარ, დავიბადე მოსკოვში, ვიზრდებოდი როგორც საქართველოში, ასევე - რუსეთში. როგორც საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს, მაქვს სპორტული პროფესიონალური განათლება, ვსწავლობდი ცურვისა და სროლის ფაკულტეტზე. 5 წლიდან ვცურავდი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში, ვიყავი სპორტის ოსტატობის კანდიდატი, საბჭოთა რეჟიმის დაცემისას ვერ მოვასწარი სპორტის ოსტატის დაცვის ატესტაცია და მაშინ მივატოვე დიდი სპორტი, მაგრამ ჩემი სიყვარული წყლისა და სპორტის მიმართ არ დამიკარგავს და სხვადასხვა საქმით ვიყავი დაკავებული, მაგრამ დაივინგი და ალპინიზი ჩემი მუდმივი ინტერესის საგანი იყო. ბავშვობიდან დავიწყე აკვალანგით ყვინთვა. მაშინ 9-10 წლის ვიქნებოდი. ჩემი მასწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ელგუჯა ჯამრიშვილი იყო, მაშველი, დაივერი, სპელეოლოგი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ჩემთვის იგი ყოველთვის იყო და დარჩება საქართველოს ნომერ პირველ დაივერად, ადამიანად, რომელმაც საშუალება მომცა აღმომეჩინა წყალქვეშა სამყარო. დღეისთვის ჩემთვის, როგორც ფედერაციის თავმჯდომარისთვის, ძირითად ამოცანად რჩება ქართველ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, აღმოაჩინონ განსაკუთრებული სამყარო - უნიკალური, დაუვიწყარი, რომელიც სავსეა სიცოცხლითა და ენით აღუწერელი გრძნობებით.

- რატომ აირჩიეთ სრულიად განსხვავებული სფეროები - დაივინგი, სპელეოლოგია და ალპინიზმი? ან იქნებ საერთო აქვთ ბევრი რამ...

- სამედიცინო თვალსაზრისით, მთამსვლელსა და მყვინთავზე გარემო ერთნაირ გავლენას ახდენს, კერძოდ კი - არტერიულ სისხლს ჟანგბადით აჯერებს. ისე მოხდა, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი არა მარტო ზღვაზე, არამედ გამოქვაბულებებსა და მღვიმეებზე. GzaPress

- როგორ ჩამოაყალიბეთ საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაცია, ვინაა მასში გაწევრებული, რას საქმიანობთ და უცხოელი პარტნიორები თუ გყავთ?

- საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაცია 2015 წელს დაფუძნდა. ეს არის არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის შექმნის მიზანია საქართველოში წყალქვეშა სპორტის სახეობების განვითარება და პოპულარიზაცია. ორგანიზაცია ღიაა ყველა მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს სურვილი და მიზანი, დაკავდეს წყალქვეშა სპორტითა და დაივინგით. პირველი მცდელობა, შემექმნა მსგავსი ორგანიზაცია, ჯერ კიდევ 2003-2004 წლებში მქონდა, მაგრამ მაშინდელმა სპორტკომიტეტმა მხარი არ დაგვიჭირა და არც არის გასაკვირი, რადგან მაშინ ყველაფერი ორიენტირებული იყო "ბიზნესზე", ადამიანებს მხოლოდ ფულის მოხვეჭა აინტერესებდათ. მოკლედ, ვერ შევძელით არაკომერციული, ხალხზე ორიენტირებული სპორტული ორგანიზაციის შექმნა. დღევანდელ პირობებში მიგვაჩნია და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას, ვინაიდან ჩვენი მიზანი არის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებები, რაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სპორტული პრესტიჟის ძირითად ფაქტორს. რაც შეეხება პარტნიორებს, უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში შევძელით ურთიერთობა დაგვემყარებინა თურქეთთან, ბელორუსიასა და უკრაინასთან. ყირიმის ანექსიის გამო, უკრაინელ სპორტსმენებს არ დარჩათ მისაღები ადგილები საერთაშორისო საზღვაო ჩემპიონატების ჩატარებისთვის ფრიდაივინგსა და წყალქვეშა ნადირობაში. ამ თემაზე შეხვედრები მქონდა უკრაინის წყალქვეშა სპორტის ფედერაციის პრეზიდენტთან - სტანისლავ პრედკოსთან და უკრაინის ფრიდაივინგის ფედერაციის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ქართულ-უკრაინული ჩემპიონატების ჩატარების შესაძლებლობა ჩვენი შავი ზღვის სანაპიროზე. მსგავსი საერთაშორისო სპორტული პროექტები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც შემდგარი სახელმწიფოსთვის.

- რა დახმარებას ელოდებით სამინისტროდან?

- ჩვენს დასახმარებლად ყველაზე აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ წყალი! არა, არ მოგესმათ, ზუსტად წყალი გვაინტერესებს, აუზში სავარჯიშოდ. დღეისთვის, ყველა საწყალოსნო ვარჯიშებს ვატარებთ თბილისის წყალსაცავში, სადაც ახლა წყლის ტემპერატურა 4-5 გრადუსია. ყველას არ შეუძლია, ასეთი მკაცრი პირობების გადატანა და არც ყველას აქვს აუცილებელი საზამთრო ეკიპირება. ასე რომ, როგორც მოგახსენეთ, გვჭირდება აუზში მეთოდური ვარჯიშებისთვის - წყალი, რათა არ ვიყოთ დამოკიდებულები ამინდზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე სპორტსმენების მომზადება გაცილებით რთულდება. GzaPress

- წყალქვეშა ნადირობაზე მომიყევით, ყველაზე საინტერესო შემთხვევებზე, რომელი ნანადირევით ამაყობთ, გაქვთ თუ არა რომელიმე ნანადირევის ფიტული?

- ამ თემაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. კარგად მოგეხსენებათ, ვინც არის მეთევზე და ისიც კარგად იცით, ვინცაა მონადირე და ახლა წარმოიდგინეთ ამ ორის ნაზავი რა გამოვა - წყალქვეშა მონადირე. დიდი ხანია, ბავშვობიდან ვარ დაკავებული წყალქვეშა ნადირობით. როგორც ყველა ნადირობისას, ასევე აუცილებელია ნადირის დევნა, შეუმჩნევლად მასთან მიახლოება და შემდეგ ზუსტი სროლა და ნანადირევის მოპოვება. ყველაფერი ეს ერთი ჩასუნთქვა-ჩაყვინთვით უნდა მოხდეს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში აკვალანგით წყალქვეშა ნადირობა, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, კანონით მკაცრად იკრძალება და სამარცხვინო ბრაკონიერობად მიიჩნევა. თევზი, მინდა მოგახსენოთ, გაცილებით გონიერია, ვიდრე ადამიანებს ჰგონიათ და ძალიან ჩქარა სწავლობს. თევზის ყველა სახეობა ითხოვს ნადირობის განსაკუთრებულ ტაქტიკას, უნდა შევისწავლოთ თევზების ჩვევები და ამ მხრივ, წყალქვეშა მონადირე გარკვეულად ხდება ბიოლოგ-ნატურალისტი. დამიჯერეთ, რომ აქ უამრავი ნიუანსია და საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა. სხვათა შორის, ტარდება წყალქვეშა ნადირობაში მსოფლიო ჩემპიონატებიც. უკანასკნელი ჩატარდა გასული წლის სექტემბერში, საბერძნეთში და მასში მონაწილეობდა მსოფლიოს 24 ქვეყნის წარმომადგენელი. სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით სპონსორის მოძებნა და გამგზავრება, მაგრამ კიდევ მაქვს იმედი, რომ საქართველო არაერთგზის აღმართავს საკუთარ დროშას მსოფლიო ჩემპიონატებზე.

თევზის ფიტულის გაკეთება ძალიან რთულია, აუცილებელია ტაქსოდერმიის სერიოზული სპეციალისტი. ვამაყობ მაშინ, როდესაც შეგნებულად არ ვესვრი თევზს, მხოლოდ ვტკბები ულამაზესი ეგზემპლარით, მის გვერდით მივცურავ, თვალებში ვუყურებ და მერე ვუშვებ. ახლა მხოლოდ გამოცდილი მონადირე თუ გამიგებს, რომელსაც არა მხოლოდ თოფი აქვს და მარჯვედ ისვრის, არამედ რომელსაც ნაღდად უყვარს ბუნება და თავისი საქმე. გასროლა გაცილებით იოლია, ვიდრე მიზანში ამოღებული მსხვერპლის შეგნებულად გაშვება.

- უცხოეთში ვიზიტების შესახებ მიამბეთ...

- აუცილებლად უნდა მოგიყვეთ სპორტულ ღონისძიებაში ჩვენი ფედერაციის სახელით ჩემი ბოლო მოგზაურობის შესახებ. გასული წლის შემოდგომაზე მოვახერხე, ევროპულ წყალქვეშა ნადირობის ჩემპიონატში მონაწილეობა, რომელიც ჩატარდა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ნორვეგიაში. მსგავსი დონის შეჯიბრებაში საქართველო პირველად მონაწილეობდა. შეჯიბრება ტარდებოდა ორი დღის განმავლობაში, ღია ოკეანეში, დღეში 5 საათის განმავლობაში. შეჯიბრების მიზანი იყო განსაზღვრული თევზის სახეობის დაჭერა და რაც შეიძლება მეტი წონის დაგროვება. ნანადირევის აწონა და ქულების დაგროვება განსაზღვრავდა გამარჯვებულის ვინაობას. შეჯიბრების შედეგების მიხედვით, შევძელი პირველ ხუთეულში მოხვედრა, გავუსწარი გერმანიის, პოლონეთისა და ნორვეგიის გამოცდილ სპორტსმენებს, რომლებიც ამ თასის გათამაშებაში ხშირად მონაწილეობდნენ. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ეს იყო ჩვენთვის პირველი ცდა და გარკვეულებიც კი არ ვიყავით ნადირობის პირობებში, შედეგით კმაყოფილი დავრჩი. წელს ვიმედოვნებთ პრიზიორთა სამეულში მოხვედრას. ჩვენთან ხშირად ჩამოდიან დაივინგის მოყვარული ტურისტები, მაგრამ ეს ხდება არაოფიციალურად და მხოლოდ მეგობრული ვიზიტების ფორმა გააჩნია.GzaPress

- რა სხვაობაა დაივინგსა და წყალქვეშა სპორტს შორის?

- დაივინგის ფორმულირების შედეგად (წყალქვეშა ცურვა აკვალანგით) ვხვდებით, რომ ეს ჩვენთვის სპორტის სახეობა კი არა, არამედ არის სამოყვარული, სარეკრეაციო, თუ გნებავთ - ტურიზმის ფორმა. წყალქვეშა სპორტი კი შეიცავს 10 დამოუკიდებელ სპორტულ დისციპლინას, როგორიცა: აპნოე (ფრიდაივინგი), დაივინგი, წყალქვეშა ნადირობა, ლასტებით ცურვა, ორიენტირება, აქვატლონი (წყალქვეშა ჭიდაობა), წყალქვეშა გადაღება, წყალქვეშა რაგბი, სპორტული წყალქვეშა სროლა და წყალქვეშა ჰოკეი.

მოცემულ სპორტულ სახეობებში ტარდება მსოფლიო დონის შეჯიბრებები, რომლებსაც ატარებს წყალქვეშა მოღვაწეობის მსოფლიო კონფედერაცია CMAS-სი, რომლის ცენტრალური ოფისი რომში მდებარეობს. აღნიშნული მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ცნობილი ფრანგი წყალქვეშა სამყაროს შემსწავლელი, ჟაკ ივ კუსტო, რომელიც იყო ამ ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ფედერაცია ერთადერთია, ქართულ სპორტულ ფედერაციებს შორის, რომელიც გაწევრდა ჩMAშ-ში, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს სპორტსმენებს, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო თასების გათამაშებაში, შეჯიბრებებში, მსოფლიო ჩემპიონატებში.

- საქართველოში, წყალქვეშ ყველაზე ლამაზი ადგილები სადაა?

- თუ წყალქვეშა სამყარო და სამშობლო უყვარს ადამიანს, ნამდვილად არ გაუჭირდება ლამაზი ადგილების მოძებნა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წყალქვეშა სამყარო ვერ შეედრება ტელევიზორების ეკრანებზე ნანახ სურათებს, სადაც ვხედავთ წყალქვეშა მარჯნის მეჩეჩებს, სხვადასხვა ფერის თევზებსა და ნიჟარებს. ფერების მსგავსი მრავალფეროვნება ჩვენთან არ არსებობს, მაგრამ წარმოიდგინეთ შავი ზღვის ჩვენს სანაპიროსთან დელფინთან შეხვედრა, მასთან ერთად ცურვა თანაბარ პირობებში, ვინაიდან დელფინები, ისევე როგორც ჩვენ, ძუძუმწოვრები არიან და ისევე ყვინთავენ, როგორც ჩვენ, როცა ფილტვებში ჰაერს ვაგროვებთ ხოლმე. სანაპიროს სარფი-კვარიათის მონაკვეთი მეტად ლამაზი და საინტერესოა ყვინთვისა და წყალქვეშა ნადირობისთვის. აქ არის კლდოვანი მასივები, წყალქვეშა კანიონები, გამოქვაბულები, აგრეთვე არსებობს ნახევრად წყალქვეშა გამოქვაბული, სადაც შესაძლებელია ყვინთვით მისვლა. ჩვენს არცთუ ისე ფერადოვან პირობებში, საქართველოს სანაპირო ზოლში მეტად საინტერესოა ჩაძირული ხომალდებისა და სხვა ობიექტების მონახულება. ქართველ ენთუზიასტთა ჯგუფი უკვე დიდი ხანია, მუშაობს ამ საკითხზე და ცდილობს, ჩაძირული ექსპონატების პარკის პროექტის განხორციელებას. ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო საქმეა საქართველოში რეკრეაციული ტურიზმისა და დაივინგის განვითარებისთვის. აქვე მინდა დავძინო, რომ ნებისმიერი მსგავსი ჩაძირული ობიექტი ცარიელი დიდხანს არ რჩება ხოლმე, ვინაიდან მათში სახლდება უამრავი თევზი და მოლუსკი, რაც ეკოსისტემის განვითარებისთვის დადებითი ეფექტია და ეხმარება თევზების პოპულაციას. რაც შეეხება შიდა წყლებს, ჩვენი მდინარეების უმრავლესობა დაივინგისთვის გამოუსადეგარია, მთის მდინარეები ძალიან ჩქარია, ხშირად ამღვრეული და არცთუ ისე ღრმა. სამაგიეროდ, არსებობს რიგი მთის ტბებისა და წყალსაცავებისა, სადაც მშვენივრად შეიძლება ყვინთვა და სიამოვნების მიღება.

- ალბათ ძვირი სიამოვნებაა წყალქვეშა სპორტი და რა აღჭურვილობა სჭირდება ადამიანს.

- როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს ექსტრემალური სპორტი არცთუ ისე იაფია და ელიტარულ სახეობად მიიჩნევა, ალპინიზმთან, იახტინგთან ან საპარაშუტო სპორტთან ერთად. დავიწყოთ იქიდან, რომ აუცილებელია პირველ რიგში ჰიდროკოსტიუმი, რომელიც არსებობს როგორც მშრალი, აგრეთვე სველიც. ძირითადად გამოიყენება სველი კოსტიუმი, რომელიც მზადდება ნეოპრენისგან და იცვამენ შიშველ სხეულზე. ნეოპრენი არის აქაფებული რეზინა, რომელიც შეიცავს ჰაერის მილიონობით ბუშტულას, რომლების მეშვეობითაც სითბოს შენარჩუნება ხდება. სველი ტიპის კოსტიუმში წყალი შედის ძალიან წვრილ ფენად და რჩება იქ და იღებს ჩვენი სხეულის ტემპერატურას, შემდგომში კი არ ცივდება და მცურავს უქმნის სათბურის მაგვარ ფენას. ასეთი კოსტიუმების ფასი დამოკიდებულია მასალის სისქეზე და იწყება 100 დოლარიდან და აღწევს 300-400 დოლარს. ჩვენი პირობებისთვის საკმარისია ორი კოსტიუმი - ზაფხულის და ზამთრის. აუცილებელი ატრიბუტებია ნიღაბი, ლასტები, სასუნთქი მილი, ქამარზე ცოტაოდენი ტვირთი და უკვე მზად ხართ პოსეიდონთან სტუმრობისთვის, ფრიდაივინგისთვის (თავისუფალი ყვინთვა აკვალანგის გარეშე).

მარი ჯაფარიძე