სო­ფი ლო­რე­ნის ქარ­თ­ვე­ლი ორე­უ­ლი - გზაპრესი

სო­ფი ლო­რე­ნის ქარ­თ­ვე­ლი ორე­უ­ლი

ძალზე სასიამოვნო იყო მისი გამოხედვა, თითქოს ახლობლურიც. ის ყველაფერი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ავტოგრაფი. სოფის პირადად შევხვდი, მან შემამჩნია და ჩემი ამდენი წლის ოცნება ასრულდა..." - ქრისტინა მჭედლიძე გვიამბობს, თუ რას ნიშნავს მისთვის, სოფი ლორენის ორეულს რომ უწოდებენ...

- პატარაობიდანვე გამსგავსებდნენ სოფი ლორენს?

- დაახლოებით 15 წლის მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი და იქ მითხრა პირველად ერთმა პედაგოგმა, შენ სოფი ლორენი ხარო... მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ შემდეგ იგივე სხვებისგანაც მოვისმინე. ბაზარშიც ამას მეუბნებოდნენ, ნათესავებიც, მეზობლებიც... ჩემი ნათლიაც მიმეორებდა, საოცრად ჰგავხარო. პატარაობისას ამ სიტყვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, მაგრამ როცა წამოვიზარდე, სოფი ლორენის მონაწილეობით ფილმებს კიდევ უფრო ჩავუღრმავდი და ბუნებრივია, ძალიან მომეწონა... შემდეგ, როცა ვინმე მეტყოდა, სოფი ლორენს ჰგავხარო, ეს შედარება კარგ განწყობაზე მაყენებდა. ძალიან ვაკვირდებოდი მის ფოტოებს და მივხვდი, რომ ნაკვთებით მართლა ვგავარ, თუმცა სოფი ლორენი რასაკვირველია, ჩემზე ბევრად ლამაზია... სოფი ლორენი შეუდარებელი და განუმეორებელია! ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია!

- თუ აგროვებდით მის ფოტოებს?

- რასაკვირველია! ახლაც ვაგროვებ. სულ ვკითხულობ სტატიებს მის შესახებ, ფილმიც ვნახე სოფი ლორენის ცხოვრების შესახებ, რომელმაც ძალიან დამაინტერესა... ყველაზე მეტად სოფი ლორენი ფილმში - "ქორწინება იტალიურად" მომწონს. ამ ფილმში სოფი ლორენის გმირის ხასიათი ჩემსას მივამსგავსე... ბავშვებთან საოცრად ალერსიანია, გაბრაზება და სიყვარული მეც ასეთი ვიცი და ძალიან მომწონს ეს როლი... ვიცი, რომ სოფი ლორენი რეალურ ცხოვრებაშიც ძალზე გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანია.

- სოფი ლორენი საქართველოში რომ იყო ჩამოსული, არ შეხვდით?

- ოპერის წინ შევხვდი... მოგეხსენებათ, ტელევიზიით გამოაცხადეს, მსურველებს შეეძლოთ მისი იქ ნახვა. ოპერის წინ უამრავი ადამიანი შეკრებილიყო და რომ გამოვჩნდი, შეძახილები მოვისმინე, - როგორ ჰგავსო. განსაკუთრებით, ასაკში შესული ქალბატონები ვერ მალავდნენ გაოცებას... რაც წამოვიზარდე, მას მერე სულ ვოცნებობდი, სოფი ლორენს ოდესმე თუ ვნახავ-მეთქი... ირგვლივ ხმაური იყო, დიდი აჟიოტაჟი და მეც ისეთი ემოციებით დავიმუხტე, თავი სიზმარში მეგონა. დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდი ავტოგრაფის გამორთმევას, მაგრამ არაფრით მოხერხდა, ძალიან განვიცადე... თუმცა უფრო სასიხარულო რამ მოხდა: სოფი რომ მოგვიახლოვდა, იტალიურად დავუძახე, - მიყვარხართ-მეთქი, გამომხედა, გამიღიმა და თვალებში ჩამხედა... ძალზე სასიამოვნო იყო მისი გამოხედვა და თითქოს, ახლობლურიც. უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ავტოგრაფი. სოფის პირადად შევხვდი, მან შემამჩნია და ჩემი ამდენი წლის ოცნება ასრულდა. უბედნიერესი ვიყავი იმ წუთებში და ნინო სურგულაძეს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი.

- ნინო სურგულაძე თავად ვერ მალავდა გაოცებას... მან საკუთარ "ფეისბუკის" გვერდზე განათავსა სოფი ლორენისა და თქვენი ფოტოები, სადაც თქვენს საოცარ მსგავსებაზე წერდა...

- დიახ, ნინომ მეც მითხრა, ძალიან ჰგავხარო...

- არ შეიძლება არ ვახსენოთ, სერგო ფარაჯანოვის ახლო ნათესავი რომ ხართ...

- დიახ... სერგო ფარაჯანოვის მამა და ბებიას მამა ძმები იყვნენ... მე სერგო ფარაჯანოვი არ მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი, როცა ბებიასთან, სახლში მოდიოდა. დედას ჰქონდა მასთან კავშირი. სამწუხაროდ, ბოლო წლებში სერგო თბილისში აღარ ცხოვრობდა და არც კონტაქტი გვქონდა... როცა ჩამოდიოდა, ბებიასთან ყოველთვის მოდიოდა. ბებიას ფარაჯანოვი სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა. არასდროს ვამბობდი, სერგო ფარაჯანოვის ახლობელი რომ ვიყავი. სრულიად შემთხვევით შეიტყო ჩემმა ლექტორმა და მისაყვედურა, რატომ არ თქვიო? იგი სერგოს ძალიან ახლო მეგობარი აღმოჩნდა. არც მე და არც დედაჩემი არსად ვტრაბახობდით, მისი ახლობლები რომ ვიყავით...

- საუბრის დასასრულ, გაგვაცანით თქვენი ოჯახი...

- მყავს მეუღლე - თემურ მჭედლიძე და სამი შვილი... უფროსი შვილი - გიორგი 17 წლისაა, სანდრო 9 წლის და ნატალი - 2 წლის. დღესდღეობით ბავშვების აღზრდით ვარ დაკავებული. ადრე მარკეტინგული კვლევის სამსახურში ვმუშაობდი. ჩემი მეუღლე პროფესიით იურისტი გახლავთ...

მანანა გაბრიჭიძე