დეპ­რე­სი­ით გა­ტან­ჯუ­ლე­ბი - გზაპრესი

დეპ­რე­სი­ით გა­ტან­ჯუ­ლე­ბი

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ დეპრესია ძირითადად, ქალური დაავადებაა. დეპრესიის ნებისმიერი მიზეზი ორ ჯგუფად იყოფა: ენდოგენური (ანუ შინაგანი), რომლის მიზეზები თავის ტვინის ქიმიით არის განპირობებული; ეგზოგენურს (ანუ გარეგანს) კი სტრესი, ნერვული გადაღლა და ტრავმული სიტუაციები იწვევს. დეპრესიისკენ ქალებს შინაგანი მიზეზი უბიძგებს. მამაკაცურისგან განსხვავებით, ქალური დეპრესია უფრო სწრაფად ვითარდება და ხშირად, უფრო ღრმაცაა, რაშიც მნიშვნელოვან როლს რამდენიმე ფაქტორი ასრულებს. კერძოდ:

ნივთიერებათა ცვლის თავისებურებები: ჰორმონალური ფონი ქალებში მამაკაცებზე უფრო ხშირად და სწრაფადაც იცვლება, რაც მენსტრუალურ ციკლთანაა დაკავშირებული. ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, თავის მხრივ, ტვინში მიმდინარე პროცესებთანაა დაკავშირებული, ხოლო ჰორმონული ფონი წინამენსტრუალური სინდრომის დროს განწყობილების მკვეთრი ცვლილების ანდა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზი ხდება.

ინფორმაციის ქალური აღქმის თავისებურებანი: როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქიმიურ-ბიოლოგიური თვალსაზრისით, ქალის ტვინში შეღწეული სიგნალი, რომელიც საქმეში ტვინის სტრუქტურების მეტ რაოდენობას რთავს, უფრო გრძელ გზას გადის. რაც უფრო გრძელია გზა, მით მეტია გადაცდომების ალბათობაც, რაც როგორც მექანიკაში, ისე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოქმედი უნივერსალური პრინციპია.

ქალური ემოციური სფეროს თავისებურებანი: ეს პუნქტი ყველას არ ეხება, მაგრამ მაინც, საკმაოდ გავრცელებული ფაქტია. ბევრ ქალს მრისხანების გამოხატვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამაში ნაწილობრივ დამნაშავეა სოციალური ნორმები, რომელთა მიხედვითაც, ქალს ყველაზე მეტად, მრისხანება არ შეშვენის. ამიტომაცაა, რომ ხშირად ქალები მრისხანებას წყენით ცვლიან, რომელსაც თან დათრგუნვა, წუწუნი და საკუთარი თავის სიბრალული ერთვის.

აღსანიშნავია, რომ ქალები მამაკაცებზე უფრო მტკივნეულად რეაგირებენ ოჯახურ და შვილებთან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ პირად უსიამოვნებებზე. ქალური დეპრესიის პრობლემა ერთგვარ "ჩაკეტილ წრეზე" მოძრაობაცაა, ყველაფერი კი ჰორმონული ფონის ცვლილებებით იწყება, რომელსაც შეიძლება, ტრავმის გამომწვევი ცხოვრებისეული ეპიზოდიც დაერთოს.

როგორ აღმოვაჩინოთ დეპრესია?

ერთი შეხედვით, დეპრესიაში მაშინ ხარ, როცა გული იმდენად გაქვს დამძიმებული, რომ ამქვეყნად აღარაფერი გახარებს. თუმცა, ასე აშკარად გამოხატული დეპრესია მაინც სანახევრო უბედურებაა. არსებობს უფრო საშიში, შენიღბული დეპრესიაც, რომლის დროსაც წინა პლანზე განწყობილების დაქვეითება კი არა, ტკივილის შემცველი ფაქტორები გამოდის. თანაც, ტკივილები შეიძლება, ნებისმიერ ადგილზე იყოს: ზურგში, კიდურებში და ა.შ. არცთუ იშვიათია კუჭთან დაკავშირებული პრობლემებიც. შენიღბული დეპრესია ძირითადად, ქალების ხვედრია. ისინი მამაკაცებზე უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ამიტომაც "ორგანიზმში არსებული უწესრიგობის" გამოც უფრო მეტად შფოთავენ. სტატისტიკის მიხედვით, მათ შორის, ვინც ექიმს სომატური ავადმყოფობების სიმპტომებით მიმართავს, დაახლოებით 30%-ს შენიღბული დეპრესია აწუხებს. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი ძილის დარღვევაა. დაძინებასა და გამოღვიძებასთან დაკავშირებული სირთულეები, რეგულარული კოშმარული სიზმრები, განყენებული აზრები (რომლებიც ემოციურ რეაქციებს არ იძლევა, მაგრამ ადამიანი მათ მაინც მუდმივად განიცდის), უშლის ხელს დაძინებას ანდა შუაღამისას გამოღვიძებას იწვევს. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თუ თქვენ რამდენიმე დღე ერთმანეთის მიყოლებით ცუდად ან საერთოდ არ გძინავთ, მაშინვე ექიმთან ვიზიტი უნდა დაგეგმოთ. არსებობს სტრესული სიტუაციები, რომლებიც ნერვული სისტემის ზედმეტად დაძაბვასთანაა დაკავშირებული და მალევე განიმუხტება. მაგრამ თუ ასეთი სიტუაციები სისტემატური ხასიათისაა (მაგალითად, მთელი თვე გრძელდება) და სიცოცხლის ხარისხს აქვეითებს, მაშინ მათ ბევრად მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.

მეგაპოლისების იმ მცხოვრებლებს, რომლებიც ბევრს მუშაობენ, უფრო ხშირად ასტენოდეპრესიული სინდრომი ახასიათებთ. ეს დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ფორმაა, რომელიც ნერვული სისტემის მუდმივი დაძაბვისა და გადაღლის შედეგად წარმოიშობა. მაგრამ თუ მას ყურადღებას არ მიაქცევთ, დეპრესიული ეპიზოდები შეიძლება, გახანგრძლივდეს და გახშირდეს კიდეც. შრომას გადაყოლილი ადამიანისთვის თერაპიად შეიძლება, ის დღის რეჟიმი იქცეს, სადაც მუხლჩაუხრელი შრომის მიუხედავად, დასვენებისა და ფიზიკური აქტიურობის (თუნდაც, საღამოს გასეირნების სახით) და ვიტამინების მიღებისთვისაც მოინახება დრო.

ექიმები ანტიდეპრესანტებს აძლევენ პაციენტს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად არც ერთ დეპრესიას არ გაუვლია. ამიტომაც, დეპრესიის სიმპტომების ჩახშობასთან ერთად, მათზე სწორი რეაგირების სწავლაც აუცილებელია, რაშიც ფსიქოთერაპია დაგეხმარებათ.